მოიშორებს თუ არა პოროშენკო სააკაშვილს და რატომ გახდა ყოფილი პრეზიდენტი პოპულარული რუსულ არხებზე?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი ერთ ბედს ქვეშ მყოფი ხალხის ერთობის დაგვიანებულ მცდელობად უნდა განვიხილოთ?
- გეთანხმებით, უკრაინა ხედავს, რომ მას სჭირდება მოკავშირეთა ძებნა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიების სიახლოვეს. ეს არის ე.წ. 1997 წლის გუამის მოდელი, რომლიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა, მოგვიანებით იუშჩენკოს ინიციატივით შეიქმნა დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, რასაც საქართველომ დაუჭირა მხარი. ეს იყო საქართველოსა და უკრაინის თანამეგობრობის კიდევ ახალი გამოვლენა. როგორც ჩანს, ამ ორი ინიციატივის რეანიმაციაზეა საუბარი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს რუსეთის შეკავება.
პოროშენკომ, ასევე, გააჟღერა კიდევ ერთი ინიციატივა, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა მოახდინონ ერთობლივი ინიცირების შეთავაზება ევროკავშირისთვის. საქართველოში პოროშენკოს ვიზიტს წინ უსწრებდა უკრაინისა და მოლდოვის ურთიერთობების გააქტიურება. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა და პოროშენკომ დნესტრისპირეთის ირგვლივ არსებული მდგომარეობის დარეგულირებისკენ ნაბიჯები გადადგეს. მათ დაიწყეს ერთობლივი საკონტროლო პუნქტების შექმნა დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის ირგვლივ, რათა დნესტრისპირეთი მოაქციონ ბლოკადაში, ალყაში. ადრე უკრაინა ამას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პოროშენკომ ეს პოზიცია რადიკალურად შეცვალა. ის წავიდა მოლდოვასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისკენ. თუ უკრაინამ მოახერხა იმ გზების ბლოკირება, რომლითაც დნესტრისპირეთი უკავშირდება რუსეთის ფედერაციას, მაშინ, ბუნებრივია, მას არ ექნება გასაქანი, რომ გასასვლელი ჰქონდეს თავის პატრონთან. ეს მომენტები საინტერესოდ დაემთხვა ერთმანეთს.
მაგრამ აქამდე ვერ აცნობიერებდა პოროშენკო, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო საჭირო იყო? ასე დიდი იყო სააკაშვილის ფაქტორი?
- ახლა გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. „მინსკი 2“-ის შეთანხმება უკვე აღარ მოქმედებს, დონბასში განახლდა სამხედრო ოპერაციები, კიდევ უფრო თავხედური და ცინიკური გახდა რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ. მალოროსიის პროექტიც ამის დადასტურებაა. ამიტომ უკრაინა მიხვდა, რომ მთლად დასავლეთის იმედად დაყრდნობა არ იქნება წარმატებული გამოსავალი. როგორც ჩანს, უკრაინა ცდილობს, აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის დროზე წარმატებული ფორმატი რუსული ჰეგემონიის შეკავების თვალსაზრისით, რასაც საქართველო, მოლდოვა და აზერბაიჯანი წარმატებით ახორციელებდნენ.
თუმცა ამჯერად გამოუვათ თუ არა რუსეთის ძალმომრეობის შეკავება, არავინ იცის.
- ბუნებრივია, მოლდოვაში არის წინააღმდეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა. დღეს მოლდოვაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რომ სექტემბერში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი შანსია, პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვოს და ეს იდეა დაასამაროს.
მეორე გამოწვევაა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და ამას წინათ სწორად აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მან თქვა, რომ ჩვენ არ დავუშვით, განახლებულიყო საქართველო- რუსეთის ომი. 2012 წლის ოქტომბერში სააკაშვილის რეჟიმს რომ გაემარჯვა, ჩვენ მივიღებდით ომს რუსეთის ფედერაციასთან. საქართველო უკვე აღარ ატარებს კონფრონტაციულ მოდელს რუსეთთან მიმართებით, ყველანაირად ვცდილობთ კონფრონტაციის არიდებას. უკრაინელები კი ამას ახორციელებენ უფრო ხისტი ურთერთობით. რუსეთ-უკრაინას შორის არავითარი დანდობის და ცერემონიალის პოლიტიკა არ არსებობს. ამიტომ განსხვავებული მიდგომები აქვს საქართველოსა და უკრაინას რუსეთის ფაქტორის მიმართ.
რას იტყვით იმ გზავნილის შესახებ, რაც პოროშენკომ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, რომლის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ თურმე არაფერი იცოდა, მაგრამ მოგვიანებით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ექსტრადირების საკითხი ქართულ მხარეს ორჯერ დაუსვამს, მაგრამ არ განხორციელებულა უკრაინაში დამატებითი მტკიცებულებების გაგზავნამდე.
- როგორც ჩანს, სააკაშვილი არის ცუდი ვაჭრობის საგანი. თავის დროზე სააკაშვილის ფაქტორს უკრაინელები იყენებდნენ, როგორც ანტურაჟს, რადგან მათ არ მოსწონდათ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და სურდათ, საქართველოს უფრო მეტი რადიკალური ურთიერთობა გამოევლინა რუსეთთან. გარდა, ამისა, მაშინ უკრაინელებს ეგონათ, რომ სააკაშვილს მართლაც ჰქონდა ჯადოსნური ჯოხი, რომლის მეშვეობითაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილი განახორციელებდა რეფორმებს, რომელიც ხელს შეუწყობდა უკრაინის ტრანსფორმირებას ახალი ტიპის სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.
ახლა კი, უკრაინელებმა დაინახეს, რომ სააკაშვილი პოპულისტი არარაობაა და ბარონ მიუნჰაუზენის ფენომენია. ამიტომ მას გადმოსცემენ ქართულ მხარეს, მით უფრო, რომ სააკაშვილი ახლა რუსულ თამაშს თამაშობს და კრემლის რუპორი და კრემლის გავლენის აგენტია უკრაინაში. სააკაშვილი დღეს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ვიდრე უშუალოდ დონბასის სეპარატისტები. ის არის ტროას ცხენი, მეტსაც გეტყვით, პროპუტინის სატელევიზიო არხები და მასმედია დღეს დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ სააკაშვილს. სხვათა შორის, სააკაშვილი რუსეთის ცენტრალურ ტელევიაზიაშიც გამოიყვანეს პოზიტიურ კონტექსტში. ამიტომ ერთი სული აქვს პოროშენკოს, მოიშოროს სააკაშვილი, არა როგორც მისი მეტოქე და კონკურენტი, სააკაშვილი ვერასდროს გახდება პოროშენკოს კონკურენტი, უბრალოდ, ის მართლაც უქმნის უსაფრთხოების პრობლემას უკრაინას რუსული ჰიბრიდული ომის ფორმატში. ასე რომ, სააკაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის და მისი მატროსოვის ციხეში განთავსება საქართველო-უკრაინის მიერ ერთობლივი ნაბიჯის გადადგმა იქნება რუსული აგრესიის შესაკავებლად.
ე.წ. მალოროსიის თემასაც შევეხოთ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, ამ ტერმინის შერჩევა, რადგან ისტორიულ კონტექსტს რუსეთი ტყუილად არ წამოწევდა წინა პლანზე.
- მალოროსია დაკავშირებულია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან. რაკი არ მოქმედებს და, ფაქტობრივად, ჩავარდა „მინსკი 2“-ის მოლაპარაკებები და, სამწუხაროდ, ნორმანდიული ფორმატიც აღარ იკრიბება, ამის ფონზე, როგორც ჩანს, კრემლი ცდილობს ახალი დინამიური პროცესების განვითარებას უკრაინასთან მიმართებით. კრემლი გადავიდა ახალი ტიპის სტრატეგიაზე, რათა შემდგომში ჰქონდეს უფრო ძლიერი ბერკეტები უკრაინაზე გავლენის მოსახდენად. მალორისია ნიშნავს იმას, რომ ორი სეპარატისტული რეგიონი, როგორიცაა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ერთიანდებიან ერთ პოლიტიკურ ერთობაში და მათ დაერქმევათ მალოროსია. ეს იქნება ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცე. კრემლი ამით ცდილობს, არ დახარჯოს ზედმეტი თანხები და არ გააბნიოს რესურსები, რასაც ის პოსტსეპარატისტულ რეგიონებს აწვდის და, მეორე, კრემლს გააჩნია ახალი იდეა, ეს კონკრეტული სცენარი გაავრცელოს არა მხოლოდ ამ ორ რეგიონზე, არამედ მთლიანად უკრაინაზე.
ეს არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის სახელწოდების ერთგვარი საპირწონე. მალოროსიის ეგიდით რუსეთი გააფართოებს თავის აგრესიულ პოლიტიკას, როგორც ჩვენთან ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, რომლის მთავარი იდეაა, საქართველოს ტერიტორიები შევიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში და ამით ეჭვქვეშ დასვას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საკითხი. როგორც ჩანს, მცოცავი ოკუპაციის მხრივ ქართული გამოცდილება კრემლმა უკვე გაავრცელა უკრაინაზეც. მალორისიამ შეიძლება მოიცვას ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, სამხრეთის მიწები, რომლებიც ყირიმთან ახლოს მდებარეობს, თუნდაც მარიოპოლი, ალბათ, ოდესაც. ალბათ, მხოლოდ უკრაინის ცენტრალური ტერიტორიები დარჩება უკრაინას და გამიჯნავენ არადასავლური უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში.
უკრაინის გაყოფა ახალი არ არის. ასეთი რამ ძველადაც მოხდა, როცა უკრაინის ნაწილი პოლონელების ხელში დარჩა.
- დიახ, ასეთი რამ ადრეც მოხდა. ამით რუსეთს სურს, უკრაინის ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმურობა შეამციროს და უკრაინამ თავისი არსებობა, როგორც სახელმწიფომ, დაასრულოს.
ამის საპირწონედ დასავლეთს რა ბერკეტები რჩება, გარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციისა, რომ შეშფოთებულნი არიან სეპარატისტების მიერ ახალი სახელმწიფოს შექმნის სურვილით?
- დასავლეთი პირობითად მოიცავს ორ ელემენტს-ევროკავშირი და აშშ. პლუს ამას, დიდი შვიდეული. თუ ადრე დასავლეთი ერთიანი იყო, დღეს შეიმჩნევა, რომ დასავლეთი განცალკევებულია. ევროკავშირს გაუჩნდა ახალი მიზნები და ამოცანები, რაც ბრექსიტმაც აჩვენა, ამერიკა ტრამპის მერე წავიდა თავისუფალ ცურვაში. ამდენად, ევროკავშირისა და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მომავალში კიდევ ურთიერთსაწინააღმდეგო დონეზე მოექცეს. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა უკრაინის მიმართ, ალბათ, განსხვავებული იქნება. ევროკავშირი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ უერთდება იმ ეკონომიკურ სანქციებს და პოლიტიკას, რომელიც ვაშინგტონმა განახორციელა რუსეთის წინაღმდეგ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო. ევროპელებსა და ამერიკელებს შორის არის განსხვავება, ამერიკელები ძალიან ხისტები არიან კრემლის წინააღმდეგ, ევროპელები-ნაკლებად. ეს კარგად წარმოჩინდა „მინსკი 2“-ისა და ნორმანდიულ ფორმატებზეც. „მინსკი 2“-ის ფორმატი ისევე მოქმედებს, როგორც ჩვენთან სარკოზი-სააკაშვილისა და მედვედევის მიერ დადებული შეთანხმება.