საქართველოდან საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელების მივლენა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან განხორციელდება. ამ ინიაციტივის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ქართველ დიპლომატებს მიაწვდის ინფორმაციას. კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე დაწყებულია.
„რამდენიმე ქვეყანას აქვს დაინტერესება ჩვენი მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერით სარგებლობის თაობაზე. საჭიროა ტრენინგი და ამ ხალხის მომზადება. იმედი მაქვს, მომავალი წლიდან შესაძლებლობა გვექნება, იმ ქვეყნებში, სადაც მეტი საჭიროებაა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით პრობლემებია, „ფარული პოლიციელები“ მივავლინოთ“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფარული თანამშრომლები, ფაქტობრივად, აგენტები არიან, რომლებსაც ჩანერგავენ საზღვარგარეთ მოქმედ კრიმინალურ „სტრუქტურებსა“ და სინდიკატურ ჯგუფებში.
„სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ქართული წარმოშობის კრიმინალურ დაჯგუფებებში ქართველი სამართალდამცავების ჩანერგვა და ამ ჯგუფის შემადგენელი წევრების სახით მათი მოქმედება. უბრალოდ, აქ განსხვავება ის იქნება, რომ, თუ ამ ჯგუფების დაპატიმრება განხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში, მაშინ აგენტებს იმუნიტეტი ექნებათ, რომ არ დასაჯონ იმ ქვეყნების კანონებით, სადაც დააკავებენ. ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის დანაშაულის სასჯელისგან. „ფარული პოლიციელების“ ამოქმედება საჭირო გახდა კრიმინალური ჯგუფების მოქმედების გამო. თუმცა გლობალიზებული სამყაროს დანაშაულზე როცა საუბრობენ, იქ ვერ გაარჩევ, რომელია ქართველი კრიმინალური ჯგუფი და რომელი - უცხო ქვეყნის ჯგუფი. არც კანონიერი ქურდების ფენომენს გააჩნია ეროვნული წარმომავლობა და გეოგრაფიული არსი. ასეთი სოციალური ინსტუტიტები, როგორიცაა კანონიერი ქურდები, მოქმედებენ მხოლოდ პოსტსაბჭოთა და ევრაზიულ სივრცეში. სხვა სივრცეში ასეთი ფენომენი არ არსებობს“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ „ფარულ პოლიციელებს“, ალბათ, გადასხამენ იმ ქვეყნებში, სადაც ქართველი კრიმინალები „პოპულარულები“ არიან.
მისივე თქმით, რთულია ჩვენი მდგომარეობა კრიმინალთა მიერ საკუთარი ქვეყნისთვის სახელის გატეხვის გამო. საუბარია საბერძნეთზე, ამერიკაზე, სადაც აღნიშნული ჯგუფები დააკავეს. ექსპერტის განმარტებით, ეს არის ოპერატიული მუშაობის ცნობილი სახეობა, რომელიც საპოლიციო ქმედებების ფორმატში ხორციელდება.
ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა „ფარული პოლიციელების“ უცხოეთში მივლენას კარგ ინიციატივად მოიხსენიებს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ამით უცხოეთში კრიმინალური ფაქტების აღკვეთა მოხდება, რადგან ჩვენებმა უკეთ იციან ჩვენი თანამემამულე კრიმინალების უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, საზღვარგარეთ დიდი გამოცდილება აქვთ ახალ ტექნოლოგებთან მიმართებით, რასაც ჩვენგან წარგზავნილი „ფარული პოლიციელები“ აითვისებენ.
„ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს საბერძნეთში. სირცხვილია, რაც ხდება საზღვარგარეთ, ეს არის სახელის გატეხვა. საბერძნეთში ამბობენ, უთო რომ ჩართო, ისიც კი იტყვის, რომ საქართველოდან ჩასულებმა დანაშაული ჩაიდინეს. საბერძნეთს გარდა, „ფარული პოლიციელების“ წარგზავნა აუცილებელია უკრაინაში, გერმანიაში. გარდა ამისა, ორგანიზებული კრიმინალი ჯგუფები უფრო რუსეთში არიან, მაგრამ ვფიქრობ, რუსებთან მოლაპარაკება არ შედგება. ესპანეთშიც არის ჩვენი კრიმინალური სამყარო წარმოდგენილი, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან დიდი ნაწილი მაინც საბერძნეთში „მოღვაწეობს“. პოლიციელების წარგზავნა სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და იმ ქვეყნისთვისაც, სადაც ჩვენები ჩავლენ. უცხოეთში ჩანაწერებიც არსებობს და ქართველი ოპერმუშაკი სჭირდებათ, რომ ქართულ ენაზე კრიმინალთა საუბარი მოისმინონ“.