თურქეთი ევროკავშირს ალტერნატიული გეგმების ინიცირებით ემუქრება

თურქეთი ევროკავშირს ალტერნატიული გეგმების ინიცირებით ემუქრება

რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოთმინების ფიალა ეწურება. თურქი ხალხის სახელით ის აცხადებს, რომ თურქების უმრავლესობას უკვე აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან თურქები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მიდგომა არაგულწრფელია.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერდოღანი არ მალავს, რომ თურქებისთვის სანუგეშო იქნება, თუ ევროკავშირი გულწრფელად იტყვის, რომ მას არ შეუძლია თურქეთის ევროკავშირში მიღება. მისივე თქმით, თუკი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდება, თურქეთი ალტერნატიული გეგმების ინიცირებას მოახდენს.

მართალია, თურქეთის ლიდერი არ აკონკრეტებს, რა იქნება ალტერნატიული გეგმები და სად გაწევრიანდება თურქეთი, მაგრამ იგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თურქეთისთვის სულაც არ არის შეუცვლელი.

„ადრე, როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ევროკავშირმა თურქეთი დაახასიათა, როგორც ქვეყანა, რომელმაც ჩუმი რევოლუცია განახორციელა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, მაგრამ ახლა იგივე ევროკავშირი არა მხოლოდ არ გვპატიჟებს ლიდერების სამიტზე, არამედ ტყუილად ხარჯავს ჩვენს დროს“, - განმარტა ერდოღანმა.

უფრო ადრე კი, ერდოღანმა ევროპას შემდეგი სიტყვებით პირდაპირი მუქარა შეუთვალა: „თურქეთი ევროპას პასუხს მოსთხოვს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა“. ერდოღანის გათვლებით, ეს პასუხისგება ევროპას უნდა ეწვნია 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ. მეტიც, თურქეთის ლიდერი იმთავითვე იმუქრებოდა, რომ სწორედ რეფერენდუმის შემდეგ გადახედავდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

რომელ ალტერნატიულ გზას დაადგება თურქეთი, თუკი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდება?!

ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას უჭირს იმის დაკონკრეტება, როგორი იქნება ერდოღანის ალტერნატიული გეგმები, რადგან თურქეთის ლიდერს იმდენი იდეა აწუხებს, ვერავინ განჭვრეტს მის იდეებს. თუმცა ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, თურქეთის ლიდერმა აირჩიოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გააქტიურება და ამ ორგანიზაციის წევრობა. ასევე, ექსპერტი არ გამორიცხავს ერდოღანის გააქტიურებას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართულებითაც, რადგან თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა ასეთი უცნაური მოსაზრებები.

არის მესამე გზაც, შესაძლოა, ერდოღანმა შეიმუშაოს ცალკე ფორმატი-ნეოისლამიზმის დოქტრინა, თურანული, ანუ თურქული სოლიდარობის ეგიდით რაღაც ახალი გაერთიანების შექმნა.

„ამ ალტერნატიული გეგმების პარალელურად, ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის წინაააღმდეგ შვედმა პარლამენტარებმა შეიტანეს სარჩელი, რათა შვედეთის სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ერდოღანის მიერ ქურთების მიმართ განხორციელებული გენოციდის თაობაზე. ამდენად, შესაძლოა, ერდოღანი სასამართლო დავის სუბიექტად იქცეს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ფეთჰულა გიულენი უკვე მერამდენედ ითხოვს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას ერდოღანის წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება უკვე კომიკურ ხასიათს იღებს ერდოღანის მხრიდან, რადგან გიულენი არ არის დადანაშაულებული და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მას არ აღიარებს ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობის დამგეგმავად. ამ ფაქტს თვით თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეებიც არ ცნობენ. ერთადერთი გამონაკლისია მხოლოდ თურქეთი, რომლის ურთიერთობაც ევროკავშირთან დაძაბულია. ევროკავშირმა მკაცრი მითითებები მისცა თურქეთის ხელისუფალს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ ევროკავშირმა შეაჩერა თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ევროკავშირის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ გაწევრიანების საკითხი ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში, ერდოღანი ცდილობს, საპასუხო განცხადებები გააკეთოს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რეალურად თურქეთის მხრიდან არანაირი ალტერნატიული გზების მოძებნა არ მოხდება. უბრალოდ, ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი პიარის თემა, რადგან ერდოღანს არ სურს, თურქეთის მოსახლეობამ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება სწორედ იმ პოლიტიკურ ცვლილებებს დაუკავშიროს, რაც თურქეთში მიმდინარეობს.

ამდენად, თუკი ევროკავშირში მიღებაზე თურქებს საბოლოო უარს ეტყვიან, მაშინ ერდოღანსაც ექნება სათქმელი, რომ თურმე თვით თურქ ხალხსაც უკვე აღარ სურდა ევროკავშირში გაწევრიანება.

„ერდოღანი ახლა ცდილობს, თურქეთში მიმდინარე პროცესები მოწყვიტოს იმ პროცესებს, რაც ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობას უკავშირდება. თუკი ევროკავშირი ასე კატეგორიულად წინააღმდეგია თურქეთის, მაშინ მარტო გერმანიაში 3 მილიონამდე თურქი რატომ ცხოვრობს? რაღაც ერთმანეთს არ ემთხვევა ეს ამბები. ცხადია, ევროკავშირი თურქეთისგან ბევრ რამეს მოითხოვს ისევე, როგორც ჩვენგან ან სხვებისგან, მაგრამ ალტერნატიული გზები ერდოღანს არ აქვს და ცდილობს, თემები გადაფაროს. მით უმეტეს, რომ თურქეთის ოპოზიცია ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობას სწორედ იმ პოლიტიკას უკავშირებს, რასაც თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ატარებს, თუნდაც იმავე გადატრიალებასთან დაკავშირებით, ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. სწორედ ამის ჩახსნას ცდილობს ერდოღანი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, რომელ ალტერნატიულ გზებზეა საუბარი, როცა არც რუსეთთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობა თურქეთს. ასე მარტივად არ არის საქმე, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა აეწყოს. მართალია, რუსეთ-თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვთ სავაჭრო თვალსაზრით, მაგრამ მათი სამხედრო ალიანსი ძნელად წარმოსადგენად მიაჩნია ექსპერტს.