„რა ბილიკები უნდათ, როცა გენიალური ქუჩა გვაქვს რუსთაველის სახით, რომელიც ავტომაგისტრალად გადაუქცევიათ?!“

„რა ბილიკები უნდათ, როცა გენიალური ქუჩა გვაქვს რუსთაველის სახით, რომელიც ავტომაგისტრალად გადაუქცევიათ?!“

თბილისში შესაძლოა, ფეხით მოსიარულეთა ხიდები და ბილიკები მოეწყოს. ამ მხრივ რამდენიმე ლოკაციაზეა საუბარი-ოპერა-ქორწინების სახლი, სპორტის სასახლე-მუშთაიდი, ივერია-მარჯანიშვილი, დარსიჭალა და ავჭალა.

თბილისის განვითარების გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ ჯგუფის რეკომენდაციაა, ამ არეალში ფეხით მოსიარულეთა ხიდები და ბილიკები განთავსდეს.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დასახელებული რამდენიმე ლოკაცია (ოპერა-ქორწინების სახლი, სპორტის სასახლე-მუშთაიდი, ივერია-მარჯანიშვილი) მტკვრის ორ სხვადასხვა მხარეს მყოფ ობიექტებს გულისხმობს და, როგორც ჩანს, სწორედ მტკვარზე აპირებენ ხიდების გადებას და არა მხოლოდ მტკვრის ერთ სანაპიროზე, როგორც ეს გიგი უგულავას დროს გაკეთდა.

სპეციალისტის თქმით, აქ საუბარია ოპერა-ქორწინების სახლზე, თუმცა საინტერესოა, რომელ ქორწინების სახლს გულისხმობენ? ადრე რომ იყო ქორწინების სახლი გრიბოედოვის ძეგლთან? თუ ეს ქორწინების სახლი ისევ შენარჩუნებულია, მაშინ გასაგებია მტკვარზე საქვეითო ხიდის გადადება. თანაც, თუ ეს ხიდი მიბმული იქნება საქვეითო ინფრასტრუქტურასთან, საქვეითო მოძრაობის ქუჩებთან, კარგი იქნება.

„თორემ თავის დროზე მიშიკომაც გადადო კალადან რიყეზე ხიდი, მაგრამ მის მიერ გადადებულ ხიდს აზრი არ აქვს, რადგან კალას მხარეს არავითარ ქუჩას არ უმიზნებს, არ ემთხვევა, არამედ ეჯახება საცხოვრებელი სახლის კუთხეებს. რაც შეეხება სპორტის სასახლე-მუშთაიდის მონაკვეთს, გამოდის, რომ ჯერ უნდა გავიაროთ ის ჯუნგლი, სპორტის სასახლის უკან რაც არის, მერე იქიდან ძალიან დიდი კლდეა და შეიძლება მოვხვდეთ კიდეც გადაღმა მარცხენა მხარეს. თუ ასეთი რამის გაკეთება უნდათ და იქ ასასვლელს გააკეთებენ, არც ეს არის დასაწუნი იდეა. მთავარია, საქვეითო მოძრაობას მიაქციონ ყურადღება ქალაქში. ერთიცაა, რაღა ხიდებით იწყებენ, როცა ხიდის აშენება მილიონობით ჯდება. ჯერ ტროტუარი გაათავისუფლონ, ისეთი ქუჩები შექმნან, სადაც ფეხმავალს საარსებო არეალი ექნება, ტროტუარიდან მანქანები მოშორდება, მანქანის სავალ ნაწილზე გადასასვლელები მოეწყობა შუქნიშნებით, რათა მანქანამ არ გაჭყლიტოს ხალხი და ამ ხალხმა მიწისქვეშა გადასასვლელებში არ იძრომიალოს უბედურად, არც საშინელ რკინის ოჩოფეხებზე ავიდეს მეორე მხარეს გადასასვლელად. მოკლედ, გაუბედურებულია ფეხმავალი. იმ ხიდებში კიდევ ფული კეთდება, შეიძლება იმიტომაც ლაპარაკობენ ხიდების აშენებაზე“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე, რომელიც ხიდებისა და ბილიკების აშენებაში უფრო პოპულისტურ ზრახვებს ხედავს და ეს სიტუაცია რუსულ გამოთქმას აგონებს, „სლიშიტ ზვონ, ნე ზნაეტ ატკუდა ონ“. ანუ, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გაიგო რაღაც ახალი და ახლა იდეოლოგიურად „უბერავენ“, თითქოს ფეხმავლების მდგომარეობის გამოსასწორებლად ზრუნავენ.

მისივე თქმით, ხიდებისა და ბილიკების გაკეთებამდე იმაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ, რა როლი ექნება რუსთაველის პროსპექტს ქალაქში?! ამაზე კი ხმას არ იღებს მამუკა სალუქვაძე. ეს მაშინ, როცა მხოლოდ თბილისის კი არა, მთელი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ქუჩაა რუსთაველი, რომელიც, სამწუხაროდ, ავტობანად აქვთ გადაქცეული.

ამდენად, საჭიროა, ქალაქში ისეთი ქუჩები მოეწყოს, სადაც საზოგადოებრივ ტრანპორტსა და ფეხმავალს უპირატესობა მიენიჭებათ და, სადაც ქუჩები ავტობანივით არ იქნება გაჭრილი ისე, როგორც რუსთაველის გამზირია.

„რა ბილიკები უნდათ, როცა გენიალური ქუჩა გვაქვს რუსთაველის სახით, რომელიც ავტომაგისტრალად გადაუქცევიათ. ფეხით მოსიარულეთათვის რაიმე გააკეთონ რუსთაველზე, რათა ხალხმა გზის გადაკვეთა-გადმოკვეთა შეძლოს და რუსთაველი ნამდვილი ქუჩა გახდეს. ამ დროს რუსთაველის გამზირი შუაში გაჭრეს, ქვეითად მოსიარულეებს მიწისქვეშა გადასასვლელები მოუწყეს, კაცი ვაკიდან რომ „დაგაზავს“, გავა ავლაბარში ისე, რომ ერთი შუქნიშანი არ ხვდება. მეორე ასეთი უმნიშვნელოვანესი ქუჩაა აღმაშენებლის გამზირი. რა მდგომარეობაშია იქ ფეხმავალი? ამაზე რას ფიქრობს სალუქვაძე, ეგ თქვას. რად უნდა ამას ახალი ბილიკებისა და ხიდების მოგონება?“

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია იზიარებს მოსაზრებას, რომ ჩვენს დედაქალაქში აუცილებელია ფეხით მოსიარულეთა სივრცეების შექმნა, მაგრამ, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, სასიამოვნო იყოს ამ ქალაქში სიარული. ამ დროს კი ჰაერის დაბინძურების პრობლემა იმდენად გრანდიოზულია, რომ მოქალაქეებს ერთი სული აქვთ, თავი შეაფარონ დახშულ სივრცეს რათა გადაურჩნენ იმას, რაც ქალაქში ხდება. განსაკუთრებით, ეს პრობლემა ზაფხულშია აქტუალური.

„კომპლექსურად თუ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ მოხდება დაბალანსება რეკრეაციულ და სატრანსპორტო ზონებს შორის, მაშინ მხოლოდ ბილიკებისა და ხიდების მოწყობა მიმზიდველს ვერ გახდის ჩვენს დედაქალაქს. საერთოდ, გენერალურ გეგმას ის ხიბლი აქვს, რომ საკუთარ თავში გულისხმობს კომპლექსურ ხედვას. მოქალაქეებს გვჭირდება როგორც საფეხმავლო ზონები, ასევე, ჟანგბადის შემცველი ადგილები. ამასთან, მნიშვნელოვანია, საფეხმავლო გზები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და სრულფასოვან მარშრუტზე გავლა და გასეირნება შესაძლებელი იყოს“,-აცხადებს სოფო კილასონია For.ge-სთან საუბარში და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

მაგალითისთვის, ჭავჭავაძეზე რომ გაისეირნოთ და ჩახვიდეთ ვარაზისხევში, იქ უკვე შეფერხდებით და ვერსად გადაადგილდებით. ასეთივე ბარიერის წინაშე აღმოჩნდებით, თუკი კოსტავადან გახვალთ ვარაზისხევის მიმართულებით. სამწუხაროდ, საფეხმავლო გზას ჩვენთან ყოველთვის აქვს ბარიერი, რადგან უაზრო ადგილას წყდება. სხვადასხვა ადგილებში თითქოს რაღაც ხიდებია, გადასასვლელებია, მაგრამ მერე წყდება ეს დამაკავშირებელი საშუალებები და დგახარ უზარმაზარი ბარიერის წინაშე, როგორ გადაკვეთო ტრასა. თბილისისთვის ეს პრობლემაა, რადგან ალოგიკური ინიციატივები ძალიან ხშირია.