რუსეთ-საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სავაჭრო დერეფნის გაშვების საკითხს სომხური მედია აქტიურად ეხმაურება. სავაჭრო დერეფანის გაშვების საკითხზე განცხადება სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა გააკეთა, რომლის განცხადებით, აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანი სომხეთს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ზემო ლარსის ალტერნატივა, რაც შეამსუბუქებს სატვირთო გადაზიდვებს ჩრდილოეთით, წარმოშობს კონკურენციას და დადებითად აისახება საფასო პოლიტიკაზე.
გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო დერეფნის შესახებ „ყოფილი ქართული ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით“.
სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემაზე მოლაპარაკებას და მით უფრო შეთხანხმებას, არ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და საუბარი არ არის არავითარ დამატებით წინაპირობებზე, რომელიც სომხეთს აფხაზეთის გავლით სავაჭრო დერეფნის გახსნის იმედს მისცემდა.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსეთის მხარესთან იმის თაობაზე, რომ ამოქმედდეს 2011 წლის შეთანხმება. ამისთვის საჭიროა კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან (SGS) როგორც ჩვენი, ისე რუსეთის მხრიდან. ამ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები. უნდა დასრულდეს ხსენებულ კონტრაქტებზე მუშაობის მოსამზადებელი ეტაპი და მოხდეს მათი გაფორმება. ამის შემდეგ შეიქმნება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმების იმპლემენტაციას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ანალიტიოკოსების შეფასებით, სომხეთისთვის პრობლემას წარმოადგენს სომხეთისა და რუსეთის სატრანზიტო ტვირთების შეფერხება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული.
„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სავაჭრო დერეფნის გაშვების საკითხზე სომხური მხარე პერიოდულად აკეთებს განცხადებებს, თუმცა ამას არ მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯი.
„ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი სურვილის გაჟღერებაა მათი მხრიდან, მათ უნდათ ამ სატრანსპორტო დერეფნის გახსნა. გავყოთ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები - პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, სომხეთი თურქეთის მოსაზღვრეა, იმის გამო, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტი აქვს, ამიტომ, ერთადერთი სასიცოცხლო გზა მისთვის არის საქართველო. რაც უფრო მეტი დივერსიფიკაცია იქნება, მისთვის კარგია.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს - ამ თემეზე მომიწია ეკონომიკური გათვლების გაკეთება. ეს საკითხი იმედად არ შედის სომხეთის ინტერესებში, რამდენადაც რუსების ინტერესებში. ეკონომიკურად ის გზა მომგებიანი არ არის. მთელი აფახაზეთის ტერიტორაზე ინფრასტრუქტურის მხოლოდ ნაწილი აღადგინეს, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი აღსადგენია, რაც საკმაოდ დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
თუ გავითვალისწინებთ სომხეთის ტვირთბრუნვას, აგლაძის განცხადებით, უბრალოდ ამ ფულს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოიღებს სომხეთი. შესაბამისად, სომხეთისთვის ეს პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნება.
„რა რაოდენობის ტვირთი უნდა გაიტანოს სომხეთმა ექსპორტზე რუსეთში, ან იმპორტზე რა უნდა შემოიტანოს, იმ პირობებში, როდესაც საქართველო საპორტო ქვეყანაა და პორტებიდან ხდება ტვირთების შეტანა საქართველოს გავლით რუსეთში, რომელიც უფრო იაფი ჯდება? და მეორეც, უმოკლესი სამანქანო გზა არის ლარსი. ამიტომ, გაუგებარია რაზეა საერთოდ საუბარი, ეს უფრო პოლიტიკური მხარეა, ვიდრე ეკონომიკური. რუსეთის ინტერესებშია აფხაზეთის იზოლაციიდან გამოყვანა და არა სომხეთისთვის გზის გახსნა. კრემლის მიზანია უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში - საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ თუ გამოვალთან სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობოდან, რომელიც დღეს ჩაკეტილია, ძალიან დიდი სურვილი აქვს სავაჭრო დერეფნის გაშვების. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყო მოლაპარაკება გზის გახსნაზე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ქართულმა მხარემ თავისი ინტერესი ჩადოს.
„რა შეიძლება ამას მოჰყვეს და ჩვენ გვაწყობს თუ არა გზის გახნა? გააჩნია რა პირობებით გაიხსენება გზა. მით უმეტეს, რომ სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისი ინტერესი არის ძალიან დიდი. ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ წინა პლანზე უნდა დააყენოს ქართული ინტერესი. ასე უპირობოდ ამ გზის გახსნა, სწორი არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ამ რეგიონების ინტეგრაციას.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხური მხარე ლაპარაკობს ამ კორიდორის გახსნაზე და ქართული მხარე ყოველთვის უარყოფს ამ საკითხზე რაიმე სახის მოლაპარაკებას. როგორც ჩანს, ამ კორიდორის გახსნის ძალიან დიდი სურვილი აქვს სომხეთს. სამწუხაროდ, მიდის რაღაცა ესკალაცია, მეშინია არ მოხდეს ისეთი პროვოკაციები, რაც შეიძლება არც თუ ისე კარაგად დამთავრდეს საქართველოსთვის. ალბათ, ხელისუფლება ფლობს ამ მიმართულებით გარკვეულ ინფორმაციას. ამიტომ ახლა ძალიან ფრთხილი და ჭკვიანური ქმედებებია საჭირო“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.