„ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან“

„ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან“

სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში, თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს გარანტირებულად მიუხურავენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს.

აღნიშნული განცხადება ჟან-კლოდ იუნკერმა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტჩის მოვლენებისას დაღუპული 250 ადამიანის გამო ხელისუფლება შურს იძიებს. პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.

„თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა. პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია - ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სიკვდილით დასჯა, რომ თურქეთის კანონმდებლობით ოფიციალურად აღსდგება, ამასვე ადასტურებს 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით, თურქეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავიდა, რაც პრეზიდენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას აძლევს.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ სიკვდილით დასჯის შემოღების შემთხვევაში სამიზნე სწორედ ფეთჰულა გიულენის მომხრეები გახდებიან, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით არიან დაკავებული. მათ შორის არის, დემირელის სკოლის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

თურქეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროპარლამენტარი, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსი არ ფიქრობს, რომ გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში მასწავლებლობა კრიმინალია. საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ მასწავლებელს, რომელსაც თურქეთში ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობისთვის დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს, პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიენიჭოს საქართველოში, ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში.

„თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება კოლეჯის ერთ-ერთი მფლობელის მიერ, საკუთარი წილის გასხვისების მცდელობაში დახმარება, ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს და არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა ჰქონდეს თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი. ელჩის განცხადებით, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც თურქეთში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

„ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების, ვინც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, ან წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითებს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხსენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან.

თუ არ ჩავთვლით ასეთ მოხსენებებს, არ არსებობს კონკრეტული ფაქტი საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ დასახელებული, რომელიც თურქეთში მომხდარ მსგავს ფაქტებს აღწერდა. ვერ მიიღებენ ვერანაირ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ან ვინმე არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი პირის სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. ელჩის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

„უდანაშულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, თამამად შეუძლია წარსდგეს თურქეთის სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და აქ არ არის რაიმე საფრთხე. თურქეთის სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის ყოველთვის ღია იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარი.

თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში არის მოყვანილი ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, რომ ეს ადამიანი წარსდგეს სასამართლოს წინაშე თურქეთში და იქ ისაუბროს მის წინაშე წაყენებული ბრალეულობა არის თუ არა სამართლიანი და მართებული“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩმა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჩაბუქის საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ რაიმე სახის გადაცდომა ასეთ საკითხში, რასაკვირველია, ცუდად მოუბრუნდება საქართველოს.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, არაერთი ფაქტია რომლის შეფასებები უარყოფითია როგორც აშშ-ის, ასევე ევროპის მაღალი თანამდებობის პირებისგან. ფაქტი, ფაქტად რჩება და ძალაუნებურად პარალელს ვავლებ ჩვენს დევნილთა მინისტრსა და თურქეთის ელჩის განცხადებებზე.

ჩემთვის მტკივნეული იყო, როდესაც ერთ დროს წარმატებულ ომბუდსმენი, რომელიც უკვე მინისტრია და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თურქეთის ციხეში არა თუ რაიმე სახის საფრთხეს უნდა ელოდოს ვინმე, არამედ, იქ პრაქტიკულად სანატორიუმია.

ანალოგიურად, სხვა გამონათქვამი აუცილებლად იქნებოდა თურქეთის ელჩის შეცვლის მიზეზი. შევდივარ ბატონი ელჩის მდგომარეობაში, ის ნამდვილად გულწრფელი პატრიოტია თავისი ქვეყნის, კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ, რასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, საკითხის დასრულება ჯერ ნაადრევია და იმ შემთხვევაში, თუკი, ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო ბრალდებულ ჩაბუქს და მის ოჯახს მიანიჭებს პოლიტიკურ თავშესაფარს, ეს იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სირცხვილი.

„არის გამოსავალი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი არა მხოლოდ უარყოფითად აფასებს ქართული ხელისუფლების ნაბიჯს, არამედ პრაქტიკულად, ეპატიჟება ამ ოჯახს პოლიტიკური დევნილის სტატუსით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავშესაფარის მინიჭებით.

ამის შემდეგ სირცხვილია საქართველოსთვის, ამ ადამიანის ჯოჯოხეთისკენ ექსტრადიცია, განსაკუთრებით თურქეთის პრეზიდენტის საჯარო განაცხადებების შემდეგ, როდესაც ის პარლამენტარებს ურჩევს დათანხმდეს სიკვდილით დასჯის აღდგენას თურქულ მართლმსაჯულებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.