„ქართული მარში“ რუსული მოტივებით

„ქართული მარში“ რუსული მოტივებით

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება შს სამინისტრომ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

გამოძიება შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დაიწყო. თათია დოლიძემ მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიებას ჩვენება მისცა. დოლიძემ ე.წ. „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე ფეისბუქში შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

კერძოდ, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეზეს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს:

კონსტანტინე მორგოშია: „ამ პატარა ლაწირაკ გოგოს, ეს რო გაუტაროთ .... 4-5 წელიწადში მივიღებთ მეორე ბოკერიას კაბაში“.

გია კორკოტაშვილი: „მე გრუპაში ვერ ვივარგებ და აბა თქვენ იცით“

მიხეილ ამისუალშვილი: „ამას დედას მ......ვ, რახან ასეთი ნაგლიჩკაა. კოკაა ამის ბორტავოი ნომერი გამიგეთ“

გია კორკოტაშვილი: „კონსტანტინე მორგოშია მ........ა“

რამაზ გაგნიძე: „გია კორკოტაშვილი დედა ჰყოლია 45 წლის J“

გიორგი ონიანი: „გოგო მე და დედიკო თქვენ J“

მიხეილ ამისულაშვილი: თან მაზოხისტურად ჩობჯენში და სულ თავი უნდა არტყმევინო ყოველ ტალჩოკზე კედელზე, ამის ნაგლი დედიკოს შეუპამპალე ალაზნის ზაგრიანი“

კონსტანტინე მორგოშია: გია კორკოტაშვილი - ააა მაშინ შენ მიდი და ჩვენ მერე დაგირეკავთ“.

ეს არის მხოლოდ მოკლე ამონარიდი „ქართველთა მარშის“ წევრების მხრიდან გაკეთებული მუქარის შემცველი კომენტარები, რომელიც საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სოციალური გვერდიდან წაშალეს და წერენ, რომ ეს განცხადებები სინამდვილეში ყალბი გვერდების მეშვეობით გაკეთდა.

სწორედ ამ ჯგუფმა გამართა აქცია გასულ კვირას უცხოელი არალეგალების წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით ე.წ. „ქართველთა მარში“ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებული იყო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრია.

აქციის ორგანიზატორები მოთხოვდნენ სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შს სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას.

„ქართული მარშის“ ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ აპროტესტებს უცხოელი მოქალაქეებისაგან ქართველ მოსახლეობაზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე ძალადობის და ქართული კულტურის ძეგლების შეურაცყოფის მომრავლებულ ფაქტებს.

თუმცა, ასეთი ფაქტები შსს-ს სტატისტიკაში არ იძებნება და მით უმეტეს კულტურული ძებლების შეურაცხყოფის ფაქტები. სტატისტიკა ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულში მხილებული უცხო ქვეყნის 661 მოქალაქიდან 106 რუსეთის, 33 კი ირანის მოქალაქეა. რაც შეეხება ე.წ. ბორდელებს, როგორც ჩანს, „ქართული მარშისთვის“ მისაღებია ქართული ბორდელები, რადგან მათი სამიზნე მხოლოდ უცხოელების მიერ გახსნილი არალეგალური ბორდელებია.

თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორებისთვის საინტერესო არ არის, რას ამბობს სტატისტიკა, რაც ადასტურებს, რომ „ქართველთა მარში“ ამ შემთხვევაში პრობლემას არ ებრძვის, რადგან იციან, რომ პროსტიტუციას ვერ შეებრძოლებიან ვერასდროს, თემა კი, გამოყენებული იქნა აქციის შესფუთად, რომელიც როგორც პოლიტიკოსები და ექსპეტრები აცხადებენ, დაფინანსებული იყო რუსეთიდან.

როგორც ჩანს, აქციის მიზანი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ქართველების ადგილი არც ნატოშია და არც ევროკავშირიში.

„ქართული მარშის“ ორგანიზატორების განცხადებებს ემიჯნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა.

„წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.

განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში“, - აცხადებს კახა კალაძე.

„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს გმობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, ქალის მიმართ სიძულვილის გამოხატვის ფორმები ყველანაირ წითელ ხაზს სცდება. იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ, სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველანაირ წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე, როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება. ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გუგული მაღაძე ღიად აცხადებს, რომ ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები რუსეთიდან ფინანსდებიან.

„რუსეთის ინტერესია, ასეთი მარშებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეულახოს და მის სასარგებლოდ ნიადაგი მოიმზადოს, თუმცა მსგავსი აქტივობები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ვერ შეცვლის“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.

ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

„ყველგან, დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ, ადგენენ მის ადგილსამყოფელს, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან მმართველი გუნდის სატელიტები, მოკავშირეები, და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თემა, რომელიც გამოიყენა ე.წ. „ქართული მარშის“ ფუძემდებელმა და მისმა თანამოაზრეებმა, რასაკვირველია, განსახილველია, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში, მაგრამ მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულ ფარგლებში.

„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რაზეც თქვენ საუბრობთ, აჩენს ეჭვს, რომ ასეთი სვლა საინტერესოა ვიღაცისთვის. ისეთი დასაწყისი აქვს ამ საქმეს, ის დიდი დაპირისპირება, რომელიც ახლა ჩვენს საზოგადოებაშია, შეიძლება ძალიან ნეგატიური ფინიშით დასრულდეს, რაც ისევ და ისევ დიდი საჩუქარი იქნება მოსკოვის კრემლისთვის.

ვიმეორებ, საკითხი, რომელიც გაჟღერდა ამ მარშის ფუძემდებლებისგან, უნდა იყოს განხილული, ოღონდ არა ქუჩაში, არამედ მაგიდასთან და როდესაც საღ აზრს ჩამოაყალიბენენ, მისი შეფასება უნდა მოხდეს საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც ცდილობს, რომ საქართველომ იაროს წინ და არა უკან.

ისეთი ქართველები და მით უმეტეს მამრები, რომლებიც წარმატებულ ახალგაზრდა მანდილოსანს ასეთი ფრაზეულოგიით ამკობენ, სულ რომ დაიცალოს თბილისი უცხოელებისგან, ისინი მაინც არ დაკმაყოფილდებიან, რადგან, როგორც ჩანს, მათ აქვთ სერიოზული გეგმა. ვის ინტერესშია კიდევ ერთი დავიდარობა ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე მოგახსენეთ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ კრიმინალს და პროსტიტუციას არ აქვს ეროვნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საფუძველი და არგუმენტი იყო კონკრეტული პასაჟები, მაგრამ განზოგადოებული იყო ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ.

„ჩაკეტილი ქვეყნის გარდა, მაგალითად კორეა, რომელიც ბოლომდე არ არის ჩაკეტილი, კორეული ნაწარმი შედის მთელს მსოფლიოში, არავის ინტერესში არ შედის ასეთი ფაქტები. ორი ძირითადი არგუმენტი მაქვს ამგვარი მიდგომის წინააღმდეგ: ერთი - ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ, მათ შორის ნაწილი ლეგალურად და ნაწილი არალეგალურად. თუკი ამ ქვეყნებში ამ აქციამ ასახვა ჰპოვა, თუნდაც ირანში, შეიძლება უფრო უარსეს დღეში ჩააგდონ ქართველები, ვიდრე ჩვენ შეიძლება დამოკიდებულება გამოვხატოთ უცხოელების მიმართ.

მეორე - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვს მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და არაღიარების პოლიტიკას, ასე ეთნიკურ ნიშანზე განზოგადებით, რომ გაგრძელებულიყო ეს აქცია, შეიძლება ბევრად უფრო მძიმე შედეგი მიგვეღო“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.