ქრთამი მოპედისთვის და ტორტი არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის

ქრთამი მოპედისთვის და ტორტი არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის

მოსამართლემ, რომან ხორავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებულია.

რაც შეეხება პროკურორის შუამდგომლობას და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია აცხადებს, რომ საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა ვის - ამაზე მარშანია ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. საქმის პროკურორი მხოლოდ იმას ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად.

პროკურორის განმარტებით, საქმეზე შეასაძლებელია მერიის სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა თბილისის მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, რადგან საქმეში არსებობს ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, სადაც ბრალდებული აბესაძე სწორედ მათ სახელებს ახსენებს.

თავად ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება, ვინაიდან ამბობს, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან არ იყო საჯარო მოხელე, ამ საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს. ბრალდებული აოთარ აბესაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის და ფიქრობს, რომ არ არის ცუდი ადამიანი.

„დუმილის უფლება, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. მინდა მაქსიმალურად მჭიდროდ, ნებისმიერი გამოძახების შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირობებში ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან მომხდარის გამო საზოგადოება და ჩემი ოჯახი შოკირებულია.

აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდეს და ჩემი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იქნება, მაქსიმალურად დავდგები გვერდით. მე არ წარმოვადგენ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი ხელი შევუშალო.

28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას, რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე“, - აღნიშნა ოთარ აბესაძემ.

აბესაძეს მიმართვას არ დაეთხანხმა საქმის პროკურორი, რომლის განცხადებით, არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. მისივე თქმით, საქმეში არის როგორც სატელეფონო საუბრის, ისე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

ამ განცხადებას სასამართლო სხდომაზე პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადვოკატი ირმა ჭკადუა დაინტერესდა გამოძიების ხელთ არსებულ აუდიო ჩანაწერში (რომელიც ამ საქმეში მთავარი მტკიცებულებაა), არის თუ არა ოთარ აბესაძის მხრიდან 3 ათასი დოლარის მოთხოვნა როგორც ზვიად ჩიხლაძის, ასევე ნიკოლოზ ჯავახიშვილისგან, რომელთა ჩვენების საფუძველზეც მოხდა აბესაძის დაკავება. ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ ზვიად ჩიხლაძე აგენტ-პროვოკატორია.

ადვოკატრის საპასუხოდ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განმარტა, რომ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ზვიად ჩიხლაძეს ფულს სთხოვს უშუალოდ ოთარ აბესაძე. მისი თქმით, ჩიხლაძე აბესაძეს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 1000 დოლარი აქვს, მაგრამ აბესაძე ეუბნება, რომ 1000 დოლარი საკმარისი არ არის და დანარჩენი თანხაც უნდა მოიძიოს.

„ჩიხლაძე და ოთარ აბესაძე საუბრობენ შემდეგს:

ოთარ აბესაძე: „კაროჩე, ახლა რა თემა არის, დღეს საღამოს ეგ აცილებს ხალხს და კაროჩე, საღამოს როგორც კი გააცილებს, ეგრევე დამირეკავს და მნახავს“.

ზვიად ჩიხლაძე: „როგორ მითხარი ძმაო სამი ათასი დოლარი?“, - ამაზე დასტურს აძლევს აბესაძე და ეუბნება: „კაროჩე, როგორც გითხარი ძმაო, სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა, ქონების მართვაშიც ჩავა ის, არ თანხმდება 1000 დოლარზე და 2000-ს ითხოვს“, - ეს არის ამონარიდი საქმიდან.

აბესაძე არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დახმარება გაუწეს, პატივისცემის სანაცვლოდ ტორტს ჰპირდება.

გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას, საბოლოო ნებართვების მიღებამდე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

ირაკლი მარშანიას განცხადებით, დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. მისი თქმით, აბესაძის საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა დამატებით ვერაფერს ამბობს, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება.

„შესაძლოა, დანაშაულში არის მასთან ერთად სხვა პირებიც, რაც დასადგენია. აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა და ეს დადგენილია ფარული აუდიო-ვიდეო მასალებით.

ამ ჩანაწერებში პირდაპირაა მითითებული როგორ სთხოვს ოთარ აბესაძე მოქალაქეს 3000 დოლარს. მეტიც, არსებობს ჩანაწერები, რომ მოქალაქე ეუბნება - მხოლოდ 1000 დოლარი მაქვს და ოთარ აბესაძე თავის მხრივ ეუბნება, რომ 1000 დოლარი საკმარისი არაა და მოიძიოს დანარჩენი თანხა.

რაც შეეხება მერიის მაღალჩინოსნებს, მათთან დაკავშირებით სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და მას ხელს ვერ შევუშლი. აბესაძე სახელებსა და გვარებს, ასევე კონკრეტულ თანამდებობის პირებს ახსენებს. მერიის თანამშრომლების ნაწილი დაკითხულია, ნაწილი - დაიკითხება. გამოძიება ამჟამად ბევრ ვერსიაზე მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ საქმეზე სხვა პირების, მათ შორის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - აცხადებს ირაკლი მარშანია.

დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. აბესაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში და არც საქმეში იმის მტკიცებულება, რომ ოთარ აბესაძე თვითონ ითხოვდეს რაიმე თანხას და ამ თანხას აკონკრეტებდეს, არ არის.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პრეტენზიები ბრალის ფორმულირებასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს პრეტენზიები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მტკიცებულებებთან დაკავშირებით გამოძიების მანძილზე იქნება ჩვენს მიერ დასაბუთებული პრეტენზიები.

საუბარია იმაზე, მოპოვებული მტკიცებულებები რამდენად არის საკმარისი ბრალის წარდგენისთვის და რაც მთავარია, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალი დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, იყო თუ არა ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე იმ ქმედების ჩადენის დროს, რასაც ედავებიან“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

საქმის კიდევ ერთი ადვოკატი, ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ დაკავება გააპიარეს, ხმაურიანი განცხადებები აკეთეს და შემდეგ გაირკვა, რომ ის არ ყოფილა ისეთი რანგის მოხელე, როგორიც ეგონათ. ჭკადუა ამბობს, რომ საქმეზე კვალიფიკაცია შესაცვლელია და თავად გამოძიებისთვისაც ცნობილია, რომ ოთარ აბესაძე 1 ივლისიდან საჯარო მოხელე აღარ იყო.

„ამხელა პიარისა და გაკეთებული განცხადებების შემდეგ, აღარ უნდათ კვალიფიკაციის შეცვლა. აღმოაჩინეს, რომ არ არის ოთარ აბესაძე ისეთი რანგის ჩინოვნიკი, როგორიც ეგონათ. იქიდან გამომდინარე, რომ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენ ვერ დავარღვევთ დაცვის უფლებას და სტრატეგიას“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

პროკურორი ირაკლი მარშანია ამტკიცებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ არის. შესაბამისად, მისთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება.

„ოთარ აბესაძე დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. საჯარო მოხელის შესახებ კანონის 125 მუხლის თანახმად, რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ცალსახად დგინდება, რომ ის არის საჯარო მოხელე“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.