რუსეთმა საქართველოს საზღვრთან კაზაკთა რაზმი განათავსა

რუსეთმა საქართველოს საზღვრთან კაზაკთა რაზმი განათავსა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებული არასტაბილური მდგომარეობა პროვოცირებულია საქართველოს მიერ, რომელსაც სურს, გაიმყაროს პოზიციები ნატო-ში, უკვე მოჰყვა რეაგირება კრემლის მიერ. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას კაზაკთა რაზმი მიიღებს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და „თერგის კაზაკთა“ დანაყოფს შორის 2013 წელს შეთანხმება დაიდო, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე“.

კაზაკთა დანაყოფს დაევალება სასაზღვრო ზონაში მყოფი პირებისთვის საბუთების შემოწმება, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვისა და სტუმრებისთვის, რათა მათ სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი დაიცვან.

ამის პარალეურად, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმები გაჩნდეს, თუმცა რუსი დიპლომატი დეტალებზე არ საუბრობს.

„ჩვენ მზად ვართ სხვა დონის კონტაქტებისთვისაც. უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მეზობლები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულადაც და დღესაც. ასე რომ, მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი თვლის, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის.  ელჩი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა“, - აცხადებს იან კელი.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი საქართველოს სტაბილურობას ემუქრება, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმების შექმნას გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საქართველო არ შეცვლის ტაქტიკას და პრინციპებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი თემა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი თემა, რომელსაც არ დავთმობთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს, ალბათ, არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ მართლაც სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ და თანმიმდევრულად მივდივართ. ძალიან სამწუხაროა მისი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვერ შევიცვლით ტაქტიკას და პრინციპებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით,  რუსეთთან უფრო მაღალი დონის კონტაქტებზე ვერ იქნება საუბარი. იზორიას განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამორიცხულია, რადგან დეოკუპაციისკენ მიმართულ კონკრეტულ ქმედებებს ვერ ვხედავთ. მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ. საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება და იმ კონკრეტული შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა მშვიდობიან გზას გამოვიყენებთ, რომ მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ“, - ასე პასუხი მიიღო რუსმა დიპლომატმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისგან, რომლის განცხადებით, მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.

პერნამენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებით თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

რუსული ოკუპაცია იყო საქართველოს პრეზიდენტის, მმართველი გუნდის და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარების შეხვედრის მთავარი თემა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონიოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

„ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში. პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერაც.

„ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება ჩვენგან - როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სახით, ჩვენ გვაქვს სწორედაც რომ ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებსა და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ „საზღვრებსა“ და კედლებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევებში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპულები და მოველით თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში“, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული ქვეყნის ლიდერებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და უფრო აგრესიული ხდება. დეპუტატი ამბობს, რომ ოკუპაციის შესაჩერებლად ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

„ჩვენთვის უსაფრთხოების კუთხით გამომწვევი პერიოდია. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია, ერთი მხრივ, გრძელდება და მეორე მხრივ, კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ იწევს საოკუპაციო ხაზი და არავითარი რეაგირება არ არის საქართველოს მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ რეალურად არაფერი ხდება. ამით რუსეთის ფედერაციას ხელ-ფეხი კიდევ უფრო ეხსნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, ევროპელი კოლეგები ბევრად უფრო მწვავედ საუბრობენ ოკუპაციის საკითხზე, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთს არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიური კონტაქტები სათანადოდ ვერ მუშაობს.

„საბედნიეროდ, საქართველოს ევროპაში ჰყავს ბევრი მეგობარი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მათგან ძალიან სწორი შეფასებები იმის, რაც ხდება საქართველოში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სანქციების კონტექსტში უკრაინასთან ერთად მოიაზრებოდეს საქართველოში მიმდინარე ანექსიის და ოკუპაციის პროცესი. ამას უნდა მივაღწიოთ სწორედ დიპლომატიური გააქტიურების გზით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს. მისი თქმით, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპამ რუსეთისგან დამატებით გაზი არ უნდა იყიდოს და რუსეთის ბიუჯეტი ევროპული ფულით არ უნდა შეივსოს, რადგან იგი აღნიშნული ფულით სამხედრო ძალას აძლიერებს და ევროპის წინააღმდეგ იყენებს.

„შეხვედრაზე რუსეთის როლთან, სიძლირესთან დაკავშირებით იყო საუბარი. რამდენად ეფექტურია მისი გავლენა და რამდენად შესაძლებელია ამ გავლენას წინ აღვუდგეთ. ყველაფერი საინტერესოა იმისათვის, რომ შემდგომ გადაწყვეტილებების მიღება გაადვილდეს. ანალიტიკოსებისთვის ეს არის დიდი მასალა, იდეები, შეხედულებები და ანალიზი, რომელსაც ჩვენ შემდგომში გამოვიყენებთ.

ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საინტერესო იყო გერმანიიდან ევროპარლამენტის წევრის განცხადება, რომ ევროპამ დამატებით აღარ უნდა იყიდოს რუსული გაზი, არავითარ შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტის შევსებას ხელი ევროპული ფულით არ უნდა შეუწყოს, რის შემდგომაც ამ ფულით რუსეთი იარაღს ყიდულობს, აძლიერებს სამხედრო ძალას და ემუქრება ისევ ევროპას და მის მეგობრებს.

საჭიროა მაქსიმალურად შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას აძლიერებს სამხედრო თვალსაზრისით. გამოიკვეთა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული პროპაგანდა აშკარად ტყუილების პროპაგანდაა. ევროპას და მის მეგობრებს სათანადო საშუალებები არ გააჩნია, რომ წინ აღუდგეს ტყუილების დამსხვრევას. ეს მიმართულება - ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთის აწარმოებს, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.