სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბესაძეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
გარდა ამისა, აბესაძემ მათ განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, რომ არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ამას აბესაძე საკუთარ თავზე იღებდა - ყოველ შემთხვევაში პირობას დებდა.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. სწორედ ამ დროს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო, თუმცა დედაქალაქის მთავრობა არ აპირებს რეაგირების გარეშე დატოვოს დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მაქსიმალურად თანამშრომლობას აპირებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში. ფაქტს სამწუხაროს უწოდებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელიც. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და საბოლოო სიტყვას, ალბათ, გამოძიება იტყვის. მთლიანობაში, თბილისის მერის მიდგომა არის ძალიან მარტივი - ნებისმიერი ფაქტზე, რომელიც უკავშირდება რაიმე გადაცდომას კანონთან მიმართებაში, შესაბამისი რეაგირება იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელი იქნება, კანონის მიმართ, ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
„როდესაც ადამიანი დააშავებს, მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ არასოდეს ვყოფდით, არ ვყოფთ და არ დავყოფთ საზოგადოებას მხარდამჭერებად და ოპონენტებად. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აბესაძე გარკვეული დროით იყო დანიშნული და თუ არ ვცდები, ეს ვადა 6 ივნისს შეუჩერდა, ასე რომ, ჩვენ მასთან პირადი კონტაქტები ნაკლებად გვქონდა“, - აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომლის დაკავებას თბილისის საკრებულოს წევრები აფასებენ და მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რომელმაც უმცირესობის შეფასებით, მერია კორუფციის წყაროდ აქცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა დათუკიშვილი ამბობს, რომ აბესაძის კორუფციული საქმიანობა თბილისის მერიაში გამონაკლისი არ არის.
„ჩვენ გვახსოვს გამგებლის მოადგილეები, რომლებმაც 50 ათასი ლარის სახით აიღეს ქრთამი თბილისის მერიასა და თბილისის გამგეობებში და დღეს უკვე ვხედავთ ჩვენ ოთარ აბესაძეს. აბესაძე არ გახლავთ რიგითი წევრი, ის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა „ქართული ოცნების“ და მერიის წარმომადგენელი ქალაქ თბილისის საკრებულოში. დღეს აბესაძე „ქართული ოცნების“ მავნებლური მმართველობის პირობებში ბედავს და ქრთამის სახით იღებს გარკვეული გარიგების სანაცვლოდ თანხას, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, - ამბობს მარიკა დათუკიშვილი.
საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა ამბობს, რომ დედაქალაქის მერიაში ქრთამის აღება ხდება იმ თანამშრომლების მიერ, რომელთაც ხელთ არ ეწიფებათ ამა თუ იმ საქმის კეთება.
„ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვეუბნებოდით დედაქალაქის მერს, რომ უნდა მომხდარიყო სისტემური ცვლილებები, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ვერ განხორციელდა და საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დარჩება მომავალ მერს. 3 წელია ვიძახით, რომ დედაქალაქის მერიაში ქრთამის აღება ხდება იმ თანამშრომლების მიერ, რომელთაც ხელთ არ ეწიფებათ ამა თუ იმ საქმის კეთება. ანუ, ამაში ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურები, მაგრამ ჩვენი განცხადება ყურად არავინ იღო“, - ამბობს ზაზა ვეკუა.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც არის დანაშაულებრივი და რომელიც უკავშირდება საჯარო სამსახურს, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქმეს დეტალურად არ იცნობს, შესაბამისად, სამართლებრივი საკითხების შეფასებისგან თავს შეიკავებს.
„ნებისმიერი ქმედება, რომელიც არის დანაშაულებრივი და რომელიც უკავშირდება საჯარო სამსახურს, მიუღებელია და ამას სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ალბათ, ესეც ამის გამოძახილია. ამიტომ ნებისმიერ ადამიანი უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობს და კონკრეტული სამართლებრივი საკითხებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან დეტალურად არ ვიცნობ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როდესაც ხელისუფლების საშუალო და მაღალი რანგის ჩინოსნებს აკავებენ, რა შეიძლება მოიგოს ან წააგოს ხელისუფლებამ იმიჯის თვალსაზრისით, მით უფრო მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას შეფასებით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შეიფუთება მოვლენა.
როგორც გამზარდია ამბობს, თანამედროვე ეპოქაში მოვლენები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც მოვლენის შეფუთვა, წარდგენა და აღქმა. მისი თქმით, ამ მოვლენის სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობა აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.
„პროპაგანდაში არსებობს მეთოდი, რომელსაც პირობითად აღრევას უწოდებენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში პრინციპი არის ასეთი და ეს ხელისუფლებითვის განკუთვნილი მეთოდია - სანამ სხვები დაასწრებენ, თვითონვე ცდილობენ გამოხატონ მოსაზრება იმ კუთხით, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის წევრებსაც არ ვზოგავთ, იმდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის პატიოსანი მუშაობა.
ამიტომ, გააჩნია როგორ შეიფუთება. თუ ხელისუფლება მოახერხებს იმას, რომ ეს მოვლენა გამოიყენოს სათავისოდ, მიუხედავად იმისა, მისთვის რამდენად ძვირფას ადამიანს ეხება. ამითი შეიძლება ხელისუფლების იმიჯი ამომრჩევლის თვალში უფრო გაიზარდოს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დაასწრებს ოპოზიცია და შეფუთავს ისე, რომ აი, ასეთები არიან ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, ფაქტი ხელისუფლების იმიჯისთვის წამგებიანია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ ოთარ აბესაძე, ხელისუფლების არა მარტო მხარდამჭერი იყო, არამედ სპიკერადაც ხშირად გვინახავს და მისი დაკავება ხელისუფლების რეიტინგზე იმოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის დადებითად უნდა იმოქმედოს იმ ფაქტმა, რომ მისი აშკარა მხარდამჭერი დააკავა ქრთამის აღების ბრალდებით.
„როგორც თვითონ აბესაძე ამბობდა და როგორც გამიგონია, ბერას მეგობარი იყო. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ აი, ბერამ მხარი დაუჭირა რეპერებს და იმიტომ გაანთავისუფლესო. აგერ, ბატონო, დააკავეს ოთარ აბესაძე. თუ დადასტურდება ბრალდება მიდის ციხეშე და მიდის დიდი ხნით. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითი სამართლით არ მოქმედებს, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც არღვევს კანონს, ეს ძალიან დადებითად აისახება ხელისუფლების რეიტინგზე“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აბესაძის დაკავება ადასტურებს, რომ მერიაში ადგილი აქვს კორუფციას და მით უმეტეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა.
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი დააზიანებს ხელისუფლების იმიჯს, დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს. თუმცა ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ ჩვენ არ ვარჩევთ ჩვენიანებს და სხვისიანებს, ერთნაირად ვებრძვით კორუფციას და პირიქით, შეუძლია მისთვის სასარგებლი ფაქტად წარმოაჩინოს, რომ ის ებრძვის კორუფციას. ასე რომ, ამ მხრივ შეიძლება ამ იმიჯური და რეპუტაციული ზიანის კომპენსაცია მოხდეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.