მოკრძალებული „ღწვა“ ძირითადად საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისთვის ბრძოლით შემოიფარგლება, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ განათლება არის მომავლის საფუძველი. ჩემი პუბლიკაციები, სოციალური თუ რეალური აქტივობები განადგურებული განათლების რეანიმაციისთვის ბრძოლაა. მაგრამ, პედაგოგი ვერ იქნება ჩაკეტილი, როდესაც გარშემო ნგრევაა, როდესაც სისტემა მთლიანად დამყაყებულია და ავანსცენაზე მყოფი „მარადმწვანე ტიპები“ არათუ წასვლას, არამედ „ჩაჩოჩებასაც“ არ აპირებენ.
ვისაც არ ეზარება ქვეყანას დიაგნოზს უსვამს, მაგრამ მკურნალობას იშვიათად თუ გვთავაზობენ. თუმცა დიაგნოზიც ისე ისმება, თითქოს დიგნოსტიკს არ ეხებოდეს და ქვეყნის საერთოს სნეულების თანამონაწილე არ იყოს.
ერთი მხრივ იმის გამო, რომ პედაგოგს შეუძლია ყოველმხრივ რჩევა და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ეს სათქმელი აქამდე არავინ თქვა, მინდა დღეს ასევე მოკრძალებულად, გარეთაც გავიხედო და სწორედ პედაგოგობა მავალდებულებს ამას. ისტორიკოსის პროფესია კი კიდევ უფრო მაკადნიერებს ზოგად პრობლემებზე ვისაუბრო.
სოციალური ქსელები - ძალაუფლების იარაღი
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სოციალური ქსელების საყოველთაოობის პირობებში აზრი და უკმაყოფილება არ დაიმალება. ეს ასეცაა, მაგრამ როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ სოციალური ქსელია საზოგადოების რეალური აქტივობის მუხრუჭი, სოციალური ქსელები უზნეო ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სოციალური ქსელები გარედან, ქუჩიდან ისრუტავს ყველა სახის უკმაყოფილებას, აგრესიას, ავანტურას, და ის რაც შეიძლება დიდ აქციებში, სერიოზულ ეგზალტირებულ სახალხო მღელვარებაში გამოხატულიყო, ახლა გადატანილია ვირტუალურ სივრცეში. ამიტომაცაა ის მიშვებული და უკონტროლო, რომ ხალხმა გული მოიფხანოს და ქმედებაზე არ გადავიდეს. სოციალური ქსელები არის ბოღმის განმუხტვის საუკეთესო გზა. ეს არის იარაღი ხელისუფლებისთვის, რომ მოთუხთუხე ხალხმა ორთქლი გამოუშვას და გარეთ არ გამოცვივდეს. გულმოფხანულ საზოგადოებას ქუჩა აღარ უნდა და არც ამის ენერგია აქვს. ენერგიას ინტერნეტ სივრცეში ხარჯავს. ხელისუფლება თვალს ხუჭავს გულის მოფხანაზე, ფხანით ამ უმაქნისთა ხროვის კომფორტს საფრთხე არ ექმნება და თუ ვინმე ფეისბუქზე გინებას დაიწყებს, ამით პრობლემა არ ექნება. მაგრამ, ფხანა, როგორც ილია მართალი შეგვახსენებდა, ქეცმა იცის.
ჩვენი ქეცი ჩვენი გათითოკაცებაა
ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არაა მთლინობა, და სამწუხაროდ, ეს არაა მხოლოდ ქართული და მხოლოდ თანამედროვეობის სინამდვილე. თუ ორგანიზმის მთლიანობაში რამე ხარვეზია, ესე იგი ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებაც ასეა. რას შვრება მთლიანობას გამოყოფილი თითოეული ინდივიდი? - ცდილობს დააგროვოს, ცოტათი მდიდარი თუ მილიარდერიც ამას ცდილობს. ისინი საზოგადოებისგან თავისი ნებით არიან გამოყოფილები და იგროვებენ თავისთვის. ვეთანხმები მოაზროვნე მოღვაწეებს, რომ ყოველი მატება ამ დაგროვებაში მეტი უსუსურობის მომტანია, რადგან მარტო თავისი თავის იმედი აქვს ასეთ ინდივიდს. და ამის გამო, სამყარო მისთვის მხოლოდ მოსახმარია. ის მხოლოდ იმაზე ზრუნავს, მოპოვებული ქონება და უფლებები არ გაქრეს. ასეთი ადამიანები მოჩვენებით თუ მოახერხებენ საზოგადოებაზე ზრუნვას. სინამდვილეში ეს ფლიდური „ზრუნვაც“, საზოგადოებისადმი ფლიდური მხარდაჭერაც თავისი მონაპოვრის დაცვას ემსახურება.
„არასოდეს არაფერი ყოფილა ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოებისთვის უფრო აუტანელი, ვიდრე თავისუფლება. სწორედ უბრალო პურისთვის მიწიერისთვის აღდგა უფლის წინააღმდეგ. მიწიერისთვის გაყვა მას და როდესაც თავისი შესთავაზა, განუდგა“ (დოსტოევსკი).
რადგან რელიგიურობით კეკლუცობა გვიყვარს, ამიტომ მსჯელობას რელიგიური არგუმენტებითაც გავყვები:
ჩვენ პურისთვის გავყევით ჯერ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს და მერე მსხვილ მდიდარ ინდივიდს - ივანიშვილს. ჩვენ, ის ხალხი ვართ, რომელიც ქრისტიანობის ლამის ერთადერთ მცველებად მოვიაზრებთ თავს, მსოფლიოს მასშტაბით, სულიერებით ვტრაბახობთ, არადა პური და ფული - აი ესაა ჩვენი ფასადის მიღმა არსებული ნამდვილი ლოზუნგი და დღესაც ვინც ხალხს დაარწმუნებს, რომ ეს უხვად ექნება, ისევ მათ გაყვება ხალხი, ისევ ბრმად. უბრალოდ, წინა პოლიტიკოსებისგან უფრო მიმზიდველი სატყუარა ვერავინ გამოიგონა. როგორც ჩანს, სწორედ პურია მთავარი ღირებულება, რომელსაც, საბოლოოდ, არც ერთი ხელისუფალი არ იძლევა.
არადა მორწმუნემ და ქრისტეს რწმენის მცველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი? რომ კაცის კი არა ღვთის იმედად უნდა იყოს? ეს ვიცით და ესეც ფასადურად, ცოდნისთვის, ტრაბახისთვის, კაი კაცობის დასამტკიცებლად ვიცით. მაგრამ უკანასკნელ ოცწლეულში კი არა, უკანასკნელ საუკუნეში რა არჩევანს ვაკეთებთ? ვის მივყვებით? - ვინც დემაგოგიურად დაგვარწმუნებს მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობაში.
საერთოდ კაცზე მინდობა, ეს მორწმუნეობაში თვიდდაჯერებული ერის სიღრმისეული შეცდომაა, რადგან ხუთი პურის გამრავლება მხოლოდ ღმერთს შეეძლო და ამის საფასურად მას სულაც არ სურდა ხელისუფლება.
ავანგარდი სრულად უნდა შეიცვალოს
რას შვრებიან „მარადმწვანე“ პოლიტიკოსები და მათი მემკვიდრეები? - ნადირობენ „აქტუალურ თემებზე“ იმიტომ, რომ გამოკვეთილად გამოჩნდნენ. ხელისუფლებაში თუ ხარ, გინდა მეტი და მეტი სიმდიდრის თქვლეფა მოასწრო, ხელისუფლების მიღმა თუ ხარ, - გირჩევნია ცა და ქვეყანა დაიქცეს, რომ მერე მოთქმა-გოდებას მოყვე და საზოგადოება შენ კაიკაცობაში დაარწმუნო. სინამდვილეში სიღრმისეული პრობლემები პოლიტიკანებს არ აინტერესებთ.
ამიტომაც, ავანგარდზე მყოფები (არა მარტო პოლიტიკოსები) მთლიანად გადასახაზია! მთლიანად! მაგრამ არა დასასჯელად, არა დევნისთვის. არა! ამით რას მივიღებთ? აგრესია და სისხლი იგივეს მოიტანს. გადახაზულებს, ყველას ხელი უნდა გავუწოდოთ. საზოგადოებიდან არ უნდა გავრიყოთ, ოღონდ კეთილი უნდა ინებონ და მხოლოდ საარსებო საშუალება დაიტოვონ, დანარჩენი, რაც მამა-პაპებთან ერთად მიითვისეს, რაც ქვეყანას წაართვეს, უნდა დათმონ! უნდა დაუთმონ ხალხს, რადგან ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში მიწის ქვეშ, მიწის ზემოთ, წყალში თუ ჰაერშია - ყველაფერი ყველას ეკუთვნის.
ეს არ არის არც სოციალიზმი და არც რაიმე სახის პოლიტიკური მოძღვრება. „მარადმწვანე ელიტამ“ უშრომელად, თაღლითურად დაიკანონა ძალაუფლებაც, „ელიტურობაც“, ქონებაც, რესურსებიც და ა.შ. საჭიროა სასტარტო პირობების შექმნა და მერე კი ბატონო, ვისაც უნდა მთები იყიდოს, და ვისაც უნდა თავისი გაყიდოს.
დღემდე ჩვენ სადარბაზოებთან და არა მხოლო აქ ისევ არის გამოკრული გამარჯვებული „პოლიტიკური ტიპების“ წინასაარჩევნო ფოტოები. ისინი ახლა ხელისუფლებაში არიან. რომც არ ვთქვა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რომ ისინი არაფერს აკეთებენ. აღარც კარდაკარ დახეტიალობენ და აღარც ეკლესიაში იტყავებენ მუხლებს. რატომ? წმინდანობის ხარისხში რომ არ არიან, კი ვიცით. სინამდვილეში ისინიც განკერძოებული, ეგოისტი, მომხმარებლური საზოგადოების წევრები არიან. ჩვენგანის უმეტესეობა, მათ ადგილზე ასე მოიქცეოდა. ეს ვაღიაროთ.
როდის ვიყავით ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერი?
ან ახლა რა ღირებულებებს ემუქრება საფრთხე? ვინ გვიკიჟინებს ამ საშიშროებაზე? ეს ღირებულებები ზოგი ფსევდოა, ზოგი მართლაც ღირებულება, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობისთვის ის მხოლოდ ფასადია და არა შინაგანი მრწამსი. ყოველწლიურად ათობით ათას ადამიანს არწმუნებენ, რომ მაგალითად, დავით აღმაშენებელი დიადია, მაგრამ მცირემ თუ იცის რატომ. ვინც ეს გააზრებულად იცის, მას ნეგატივის დანახვაც შეუძლია აღმაშენებლის ფენომენში, ოღონდ თუ ამას გაბედავს, მას ის უმრავლესი ფასადური ღირებულების ხალხი ისე დაკორტნის და ისე ჩაქოლავს, შეიძლება ფეხზე ვეღარ წამოდგეს. არადა საკითხავია, ამ ორიდან, ვინ უფრო ჩრდილავს მეფის დიდებულებას?
წინაპრებს პატივი უნდა მივაგოთო და იქნებ გადაგვეხედა, რაც გვჭირს, ბევრი რამ ხომ სწორედ მათგან გვჭირს. სახარება ხომ მამებსაც არიგებს, შვილებს ნუ განარისხებთო. სულ ახლახანს იყვენენ მამები, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ, როგორც ფრანგი აბსოლუტისტი მეფეები - ჩემს მერე ქვა ქვაზე ნუ იქნებაო.
ამ დამოკიდებულების მერე კი, ნგრევა თავისით მოვიდა და გრძელდება. ურთიერთობა თავისით არის კრიზისული, რადგან ღმერთის იდეა ან მოისპო, ან გაუკუღმართდა. ღმერთი აერთიანებს, თუ იდეა სწორად არის გაგებული, თუ არადა ერთიანობა ირღვევა. ამიტომაცაა, რომ ქრისტეს სხეულის მოზიარენიც კი, რომლებიც ერთობით უნდა იყვნენ, ხშირად ტაძარში გვერდი-გვერდ წლობით დგანან და ერთმანეთს არ იცნობენ. არადა, ქრისტიანი სხვის ცოდვებზეც უნდა გლოვობდეს, მაგრამ, უმეტესად, „იმნაირობისთვის“, როგორებიც თავად ვართ, ჩვენ ხომ ვქოლავთ ადამიანებს, ან ამის სურვილი გვაქვს!
სწორედ ამიტომ, ნათელია, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობის ის მასშტაბი, რაც ჩვენ ქვეყანაშია, წარმოუდგენელია. დღეს აზრს სახელმწიფო პირდაპირ არ ებრძვის, მაგრამ საზოგადოებას რომ ნება მისცე, უდიდესი ნაწილი „ქვას დაკრებს“. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი - სიყვარული არ გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც მცირე. ძალიან მცირე და გვინდა, რომ ჩვენ ვმართოთ.
შეთავაზება ყველას
ქრისტე მარტო საშინელი ჯვარცმისთვის არ მოსულა. ის ხომ ღარიბი, უწიგნური უბრალო ადამიანების სიხარულითაც ხარობდა და თავმოდრეკილ მოხელეებსაც წყალობდა. აუცილებელია სიხარულის აღსრულებისთვის ყველა ჩვენგანმა მცირე მაინც გააკეთოს, ყოველი წუთი ურთიერთობისთვის გვაქვს მოცემული, ოღონდ კეთილი ურთიერთობისთვის. ყველამ უნდა მოსინჯოს თავში, რა იცის, რა ტალანტი უბოძა განგებამ და კი არ დამალოს, უნდა გაამრავლოს. სახელისუფლებო ძალა ინელექტს არ იკარებს. ინტელექტი უნდა მობილიზდეს საზოგადოებაში. ამიტომ, დასაძლევია მშიშრული კითხვები: ვინ მომისმენს? ვის აინტერებს? ღირებულ იდეებს ყავლგასული პოლიტიკოსები და მართვადი მედია არ აიტაცებს.
ვისგან ველოდებით მოსმენას? თუკი რამე წინადადება, აზრი გვაქვს ქვეყნის ცალკეული სეგმენტის გადასარჩენად, თუკი ვიცით, რა რესურსებს ფლობს ჩვენი ქვეყანა და ვიცით, როგორ შეიძლება მათი გამოყენება... ამისთვის უნდა შევიკრიბოთ, ერთად მოვიყაროთ თავი, თუნდაც რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდეს და ყველამ ჩვენი ხედვა წარმოვაჩინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ და ა.შ. კატეგორიას მივეკუთვნებით. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. აშშ-ს სახელმწიფო სწორედ ასე წარმოიქმნა. წუწუნსა და ხალხის გარეთ გამოსვლის უტოპიურ იმედს (რომლისკენაც ისევ გაქნილი პოლიტიკანები მოგვიწოდებენ) დავანებოთ თავი და თუ ხართ რომელიმე დარგის სპეციალისტი, თუ ხართ კომპრომისული და შემრიგებლური, თუ არ განეკუთვნებით ე.წ. პოლიტიკურ ან სხვა სახის „მარადმწვანე“ ელიტას, ერთად შევიკრიბოთ შემდეგი სფეროს მცოდნეები ან ამ პრობლემებზე დაფიქრებული ადამიანები.
განათლების სისტემა;
ეკოლოგია და ჯანდაცვა;
ეკონომიკური განვითარების სტრატეგია;
თავდაცვის მექანიზმები;
საკანონმდებლო ცვლილებები სადაც ადამიანი თანაბრად იქნება დაცული;
საგარეო პოლიტიკა და მეზობელი სახელმწიფოების ინტერესების შესწავლა-ანალიზი;
რა ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ;
როგორ დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, მისი განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტები;
საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება და მათში ისეთი ადამიანების მოკვლევა, რომელთაც გააჩნიათ რაიმე ხედვები ქვეყნის განვითარების განხრით...
შევიკრიბოთ ამ პრობლემებზე მსჯელობისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ შეთავაზებაზე კრიტიკა გაქვთ? იმ შეკრებაზე გამოვთქვათ, თორემ აქური კომენტარები ვერაფერს შეცვლის. ამით გამოჩნდება გვსურს თუ არა სინამდვილეში წინსვლა და განვითარება, გვინდა თუ არა - გავცეთ.
P.S.
შევეხმიანოთ ერთმანეთს ყველა გზით: ტელეფონი, სოციალური ქსელები... ეს იქნება სრულიად ახლებური მშვიდობიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქმედება. შეხვედრის ადგილს და დროს პირადად დაკავშირებისას გაცნობებთ.