საქართველოს ღიად გაცხადებული პოლიტიკა, რომ გახდეს ნატოს წევრი, რუსეთის აღშფოთებას იწვევს. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აღშფოთებულნი არიან ამიერკავკასიაში არასტაბილური სიტუაციით, რომლის პროვოცირება ხდება მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით, ნატო-ს რეგიონში პოზიციების განმტკიცება სურს.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა რუსეთის მოკავშირეებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმება. რუსეთი მომავალშიც იმუშავებს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეების ნეიტრალიზების კუთხით. მივიჩნევთ, რომ ამ ძალისხმევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჟენევის დისკუსიებია, რომლის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ მთავარ ამოცანაზე - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ლავროვისგან განსხვავებით, ჟენევის ფორმატისგან, სადაც უსაფრთხოების თემები განიხილება, განსაკუთრებულ შედეგებს ელოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე.
„ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს დგამს, როგორც დეოკუპაციასთან, ისევე რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში. ამის გამოვლინებაა ისეთი დესტრუქციული განცხადებები, რომელსაც აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თუ სხვა უმაღლესი დონის წარმომადგენელი, ასევე არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზოგიერთი ოპოზიციონერი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.
ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, შედეგზე ორიენტირებულები და გადავდგათ სწორი, გონივრული ნაბიჯები იმისათვის, რომ ნაკლები ზიანი მიდგეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს წინ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით არასამართლიანია. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში, ოკუპაციის წინააღმდეგ არასდროს მომხდარა ისეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ახალი ხელისუფლების პირობებში.
„არ ვგულისხმობ მხოლოდ 2008 წელს, არ მომხდარა ისეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოხდა ახალი ხელისუფლების პირობებში. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა. ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებული. ვდგამთ ნაბიჯებს, რომელსაც შედეგები მოყვება. ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, ვინც საქმე მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭა“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
სწორედ იმ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, რომელმაც დოლიძის განცხადებით, საქმე გააფუჭა, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, სიმბოლურად, 400-მეტრიანი თოკი გააბეს.
„ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ ეს უწყებები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ მცოცავი ოკუპაცია შეწყდეს. აქცია მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყო, 400-მეტრიანი თოკი 10-10 მეტრად იყო დაყოფილი და ყოველ 10 მეტრში აქციის თითო მონაწილე იდგა.
„სად არის რეაგირება? არ გაინტერესებთ სად არის საგარეო საქმეთა მინისტრი? სად არის პრემიერ-მინისტრი? ტელევიზიასაც კი ემალებიან, არამც თუ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
„უმაღლესი კომისრის მორიგი ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში გამოვა და მასში იქნება ასახული მიმდინარე უხეში დარღვევები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მავთულხლართებისა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონო დამონტაჟების ფაქტები.
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, ერთობლივი განცხადებები და საბჭოს ფარგლებში გამართული განხილვები ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება რჩება გაერო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საკითხი განსაკუთრებით აქტიური იყო რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტზე. ქართველი დეპუტატებთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრაზე სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, განსაზღვრეს თავიანთი სტატუსი, რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს.
„სოხუმმა და ცხინვალმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და მათი საკითხი განსახილველი აღარ არის. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ერთი გზა არსებობს - ეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებია. ვთვლი, რომ ეს არასწორია. რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრების საკითხი, არა მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.
სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, განსაზღვრეს თავიანთი სტატუსი. რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს“, - აცხადებს ლეონიდ კალაშნიკოვი.
„პარტიოტთა ალიანსის“ წევრებისა და დსთ-ის კომიტეტის წევრებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებაა, რომელიც, მათივე შეფასებით, თბილისთან ერთად მისაღები იქნება მოსკოვისთვისაც. „პარტიოტთა ალიანსის“ წევრი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ძალიან დიდი მიღწევა იქნება, თუ დაფიქსირდება პოზიცია, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები.
„რას წარადგენს ჩვენი ფრაქცია ამ შეხვედრაზე? ეს არის ცხინვალის თემა, სოხუმის თემა, საზღვრის გადმოწევის შეჩერება. ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი ინიციატივა ნატოსთან მიმართებაში და ამ ინიციატივაზე იქნება რუსეთის სათათბიროს წევრებთან საუბარი. ძალიან საინტერესო იქნება ნატოსთვისაც, პირველ რიგში, საინტერესო იქნება რუსეთისთვისაც და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა „რუსთავი2“-თან საუბრისას.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები უშუალოდ არის დაკავშირებული თითქმის ყველა ქვეყანასთან და მათ შორის საქართველოსთან. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და რეგიონში მიმდინარე მოვლენების განხილვა, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ძალიან საყურადღებო იყო ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი ნატოს სამიტზე და რაც მან გააკეთა.
„ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ნატო ჩვენი თავდაცვისთვის აღარ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დახმარება გაგიწიოთ თქვენ, თქვენს თავდაცვაშიო. შემდეგ საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა განცხადა, რომ ევროპას თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ განცხადებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ საქართველოს ამ პროცესში, რასაც ჰქვია ნატოში ინტეგრაცია, დასავლეთის იმედი აქვს და განსაკუთრებით ევროპის მხარდაჭერის. ამ ვითარებაში კი, უფრო თამამია რუსეთის მოქმედება.
ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ვითარება რთულდება სასაზღვრო ტერიტორებზე. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამიტომ, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაზე. მთელი რიგი პროტესტებია, ახალგაზრდები ჩადიან ადგილზე, მეშინია რაღაცა პროვოკაცია არ მოჰყვეს ყოველივე ამას. ვნახეთ, რომ ტრაპმა მოაწერა ხელი არაღიარების შესახებ დოკუმენტს, მაგრამ რუსეთს ეს ნაკლებად ადარდებს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, რუსეთს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ არ დაუშვას ნატოს კავკასიაში შემოსვლა. საქართველოზე, რომელსაც თავისი პროდასავლური კურსი ღიად აქვს გაცადებული, მიმდინარეობს ზეწოლა და ამ ზეწოლის მექანიზმია აფხაზეთი და სამაჩაბლო.
„ჩვენ, ჩვენი პრიორიტეტები უნდა დავსახოთ. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ჯორჯ ბუშის ადმინსიტრაციის მრჩეველთან, ტომ გრენთან, რომელმაც მითხრა - „ჩვენ არ განვიხილავდით მიხეილ სააკაშვილისთვის სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ მას ყოველთვის ვურჩევდით, რომ უზრუნველეყო ეკონომიკური და სოციალური აყვავება იმ ტერიტორიის, რომელსაც ის აკონტროლებდა, რათა გამხდარიყო მიმზიდველი ამ ორი რეგიონისთვის - სამაჩაბლოსთვის და აფხაზეთისთვისო“ - ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ და რეალურად უნდა შევხედოთ ამ პრობლემას, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება და აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრაზე.
იგივე ტომ გრენმა მითხრა, რომ თქვენ ხართ ევროპული წარმომავლობის, თქვენი ადგილი არის ევროპაში, მაგრამ ეს თქვენს დიპლომატიაზეა დამოკიდებული, როგორი წარმატებით განახორციელებთ პოლიტიკას თქვენს ჩრდილოელ მეზობელთანო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ მიმართულებით რაღაცა ნაბიჯი გადავდგათ. რუსეთი პირდაპირ გეუნება, რომ შენს ნატოში გაწევრიანებას მე აღვიქვამ როგორც ჩემს ეროვნულ საფრთეს. თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, რამდენიც გვინდა ვიძახოთ, რომ გვინდა ნატოში გაწევრიანება, ამითი იცვლება რამე? - არა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.