დემირელის სკოლის მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუკის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ვიდრე საქართველოს სასამართლო ინსტანციებში არ ამოიწურება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი, პროკურატურას ექსტრადირების საკითხის განახლების შესაძლებლობა არ აქვს. ბრალდებულის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუკის ოჯახი საქართველოს სასამართლოებში სიმართლეს ვერ მიაღწევს, უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.
for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა მუსტაფა ემრე ჩაბუკს ლტოლოვილის სტატუსის მინიჭებაზე, პროკურატურა აიღებს ვალდებულებას ბრალდებულის ოჯახის უსაფრთხოებაზე და გამოუყოფს სახელმწიფო დაცვას?
სოსო ბარათაშვილი: წინასწარ ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი პროკურატურა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს ოჯახი არის რეალური საფრთხის წინაშე. ისინი თურქეთის რესპუბლიკიდან იღებენ მუქარის შემცველ წერილებს და ეს გრძელდება დღემდე. მუქარის ავტორები მოითხოვენ ამ ოჯახის სიკვდილით დასჯას. რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა შეაფასოს ამ მუქარის რეალობა, მაგრამ თვითონ ოჯახის წევრები არიან ძალიან დიდი შიშის ქვეშ.
ერთია მუქარის წერილები, რომელსაც ოჯახი იღებს, მაგრამ მეორეა რამდენად რეალურია ეს მუქარა და იდენტიფიცირებული არიან მუქარის ადრესატები, იკვეთება მათი კავშირი თურქეთის ხელისუფლებასთან?
- ადგილობრივი მედია, რომელიც თურქეთის ხელისუფლებასთან არის დაახლოებული და ფაქტობრივად ოფიცილური მხარეა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ თუბა ჩაბუკი, ისევე როგორც მისი მეუღლე, არიან სამშობლოს მოღალატეები, რომ ისინი იმსახურებენ დასჯას და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად აღვივებენ იმის განწყობას, რომ ეს ადამიანები სიკვდილით უნდა დაისაჯონ. ამას აქვს გამოხმაურება თურქეთის სათანადო წრეებში.
სახელისუფლებო წრეებიდან მოჰყვა გამოხმაურება?
- საუბარია სახელისუფლებო მედიაზე. სწორედ რომ, მედიაში გავცელებული მუქარა არის ასახვა იმისა, რასაც ადგილი აქვს თურქეთის სოციალურ ქსელებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამაინები თავისუფლად გადაადგილდებიან თურქეთიდან საქართველოში და საქართველოდან თურქეთში, რადგან არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობს, მიგვაჩნია, რომ მათ აქვთ სრული შესაძლებლობა აღასრულონ მუქარა.
ის ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ბრალდებულის ოჯახს, გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორაზე?
- ჩვენ გვიჭირს ამ ადამიანების იდენტიფიცირება, მაგრამ საქართველოში გადაადგილების კუთხით მათ არანაირი შეზღუდვა არ გააჩნიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოჯახი არის დაუცველი, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ სისრულეში მოიყვანონ მუქარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას საზღვარგარეთ მცხოვრები 3900-ზე მეტი ადამიანი თხოვნით მიმართავს, რომ არ მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადირება, ვინ არიან ეს ადამიანები?
- ესენი არ არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ესენი არიან იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები. აქ საუბარია არა მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებზე, არამედ ესენი არიან: ამერიკელები, კანადელები, გერმანელები, ფრანგები, ესპანელები, შვეიცარიელები და ა.შ. ეს ინფორმაცია იმდენად გავცელებულია მთელს მსოფლიოში, რომ ეს ადამიანები მიმართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე იუსტიციის მინისტრს, რომ არ მოხდეს ექსტრადირება. ეს მასალა ჩვენ გადმოგვცა პროკურატურამ.
ჩაბუკს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რა მტკიცებულებები წარუდგინა დაცვის მხარემ ლტოლვითა სამინისტროს იმის დასადასტურებლად, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევში ბრალდებული გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი?
- ჩვენ წარვუდგინეთ 260-გვერდიანი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტ ინტერნეშენალის“ - ევროპისა და ცენტარული აზიის დირექტორის ვრცელი წერილი, სადაც დასაბუთებულია ექსტრადირების შემთხვევაში რა პირობებში მოხვდება ბატონი ჩაბუკი და მისი ოჯახი, რომ თურქეთის საპატიმროებში ადგილი აქვს მასობრივი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომელიც დამოწმებულია მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით.
ასევე წარვუდგინეთ გაეროს ლტოლვილთა პროგრამების დირექტორის დასაბუთება და რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აუცილებლად უნდა მინიჭებოდა ამ ადამიანს ლტოლვილის სტატუსი. მათ შორის Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიში. პასუხად მივიღეთ წერილი, რომ თურქეთში არავითარი წამება არ ხდება, პატიმრებს აქვთ შესანიშნავი პირობები.
ამ შემხთხვევაში ლტოლვილთა სამინისტროს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს გაეროს სპეციალური მომხსენებლის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში...
- როდესაც ჩვენ ამ ორ დოკუმენტს გავეცანით, დავინახეთ, რომ იმ ანგარიშებში აბსოლუტურად სხვა რამე წერია. საერთოდ წერია, რომ თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებში ადგილი არ აქვს არავითარი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. პირიქით, თივთონ „ამნესტ ინტერნეშენალი“ თავის წერილში პირდაპირ იმოწმებს გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშს და თუ გადახედავთ ამ ანგარიშს, რომელიც საჯაროა, ანგარიში მთავრდება შემდეგი წინადადებით: „დროა, თურქეთმა დაიწყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ მოქმედება“.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, კიდევ უფრო მკაცრია შეფასება თურქეთის საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების თაობაზე. რამდენიმე დღის წინ ანკარასა და სტამბოლში თურქეთის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია მალთეფეში გაიმართა. ორ მილიონამდე მოქალაქე გამოვითა მოთხოვნით - „უფლება, სამართალი და სამართლიანობა“.
ამ ყველაფრის შემდეგ ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცება, რომ თურქეთის საპატრიმროებში ყველაფერი კარგად არის და არანაირი წამება არ ხდება, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისათვის, თვითონ ჩაბუკისთვის და ამ ადამიანების გაწირვა. ეს არის ჩვენება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს არ აქვს ძალა იმისა, რომ სამართლებრივად სწორად გადაწყვიტოს ეს საკითხი. ანუ, ის ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლებას.
თქვენთვის არგუმენტი არ არის დევნილთა სამინისტროს განცხადება, რომ თუქრეთის საელჩომ და უშუალოდ ელჩმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ექსპტრადირების შემთხვევაში ბატონი მუსტაფა განთავსებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ციხეში, მისი უფლებები იქნება დაცული, არ დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპრობას და ცხადია, საქართველოს ექნება მონიტორინგის უფლება?
- საქართველოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ათეულობით ადამიანს აქვს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. ყველა შემთხვევაში, ყველა ხელისუფლება და საელჩო იძლევა იმის ფორმალურ გარანტიას, რომ ეს ადამიანები ექსტრადირების შემთხვევაში არ დაექვემდებარებიან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნები და მათ შორის საქართველო, მაინც ანიჭებენ ადამიანებს ლტოლვილის სტატუსს. ამიტომ, ეს არ არის მყარი არგუმენტი.
მყარი არგუმენტია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მხრივ, ასევე სამართლიანი სასამართლოს განხორციელების თვალსაზრისით, ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არგუმენტებს უნდა დაყრდნობოდა ლტოლვილთა სამინისტრო.
გარდა ამისა, ლტოლვილთა სამინისტროს წარვუდგინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა თურქეთის სსკ-ის 314 მუხლთან დაკავშირებით - ეს არის ტერორისტური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და ტერორიზმის მხარდაჭერა. ვენეციის კომისია 2016 წლის დასკვნაში წერს, რომ ეს მუხლი მასიურად გამოიყენება ადამიანების უკანონო დაკავებისა და წამებისათვის. მაგრამ არც ერთი ჩვენი მტკიცებულება შეფასებული არ არის ლტოლვილთა სამინისტროს პასუხში.
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, თემა იმდენად რთულია, რომ სცილდება სამართალებრივ მხარეს და ეს უკვე არის პოლიტიკური საკითხი. ადამიანის უფლებები არის უპირველესი, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ურთულესი გადაწყვეტილების წინაშეა - ჩაბუკის ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლოა, დაირღვეს ბრალდებულის უფლებები, უარის შემთხვევაში, შესაძლებელია, ამას მოყვეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გართულება და მით უფრო სტრატეგიულ პარტნიორთან. როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი ადამიანის მოტივით შეიძლება სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ურთიერთობის გართულება?
- აბსოლუტურად სწორი და მნიშვნელოვანი შეკითხვაა, მაგრამ მოდით, შეკიხთვა ასე დავსვათ - შეიძლება თუ არა სახელმწიფოთაშორის ინტერესების შენარჩუნებისთვის გაიწირონ უდანაშაულო ადამიანები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები? თუ ეს მისაღებია, მაშინ, კი ბატონო, არავითარი პრობლემა არ არის. დიახ, თქვენ მართალი ხართ, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხია, ადამიანის უფლებების დაცვა.
ღირსეული ქვეყანა და ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს სცემს პატივს, მეზობელ სახელმწიფოს აუხსნის იმას, რომ დიახ, თქვენს მოთხოვნას ყურადღებით ვსწავლობთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტანდარტები, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენ უნდა მოვიქცეთ ღირსეულად, საერთაშორისო სამართლის სტანდარტით, თუ უნდა შევასრულოთ მეზობელი ძლიერი სახელმწიფოს უკანონო მოთხოვნა? - სწორად ასე დგას საკითხი. როგორც ვხედავ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის ამისთვის. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება დაშვებული მუსტაფა ემრე ჩაბუკის და მისი ოჯახის ექსტრადირება თურქეთში.
ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა ექსტრადირება, რა მოლოდინი გაქვთ?
- ექსტრადირების პროცესი არ არის განახლებული, რადგან ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში იქნება გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა დაცვის შუამდგომლობა, შემდეგ უკვე, მეორე ინსტანციას მივმართავთ და ამით ამოიწურება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი, რის შემდეგაც უკვე განახლდება ექსტრადირების პროცესი.
პროკურატურას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, რომ სასამართლომ ნებართვა მისცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს გამოსცეს განკარგულება მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადიციის თაობაზე. ესეც საჩივრდება ერთ ინსტანციაში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო დართავს უფლებას იუსტიციის მინისტრს ექსტრადირების თაობაზე, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს განკარგულება პირის ექსტრადიციის შესახებ.
ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვა, ექსტრადირების შეჩერების თაობაზე, რომელსაც საჭირობის შემთხვევაში გამოვიყენებთ.
ქართულმა მხარემ და შესაბამისად, როგორც დაცვამ, თურქეთის პროკურატურისგან მიიღეთ დამატებითი მტკიცებულება, რითაც დასტურდება ჩაბუკის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი?
- რაც არ არსებობს, იმას ცხადია, ვერ წარმოადგენდნენ. საქართველოს პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი მტიცებულება, მაგრამ მათ მიიღეს მხოლდ წერილი, სადაც თურქული მხარე სთავაზობს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ბატონი ჩაბუკი იქნება საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ციხეში მოთავსებული, მაგრამ არავითარი დამატასტურებელი ფაქტი ამ ადამიანის ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ან დახმარებაზე, დამატებითი მტკიცებულება წარდეგნილი არ არის. რაც წარდგენილია ისიც ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტებს.