ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული სამონასტრო კომპლექსი სომხეთის საზღვრებქვეშ მოექცა

ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული სამონასტრო კომპლექსი სომხეთის საზღვრებქვეშ მოექცა

ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ტერიტორიის საზღვრებქვეშ მოექცა ისევე, როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი. ასეთია საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის შედეგი. აღნიშნულმა კომისიამ, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული თბილისსა და ერევანში მართავდა შეხვედრებს, მუშაობა უკვე დაასრულა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. ტერიტორია საკამათო მას შემდეგ გახდა, რაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ სომხები მე-12-13 საუკუნეების ტაძარს თავის სახელმწიფო საზღვრებში მოიაზრებდნენ და საზღვრის „უკანონოდ“ გადამკვეთ ქართველებს სჯიდნენ. ეს გუმბათოვანი ეკლესია სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს, როგორიცაა ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი.

1935 წელს ხუჯაბის მონასტრიდან მონაზვნები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს. მათ თავი იქვე ახლოს სოფელს შეაფარეს და საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო. დღეს ხუჯაბის ეკლესია საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობას შეეწირა.

არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხუჯაბის ეკლესია მე-13 საუკუნის ქართული უძვირფასესი ძეგლია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აშენდა. ეს არის დიოფიზიტური მართლმადიდებლური ძეგლი და, თუ ქართულმა კომისიამ ხუჯაბი დათმო, მაშინ სხვა ძეგლებსაც იოლად დათმობენ. მათ შორის, ალბათ, შეელევიან დავით გარეჯსაც.

„მეცნიერ-მუშაკი კობა ხარაძე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ამტკიცებდა, რომ სომხებმა 500 მეტრით გადმოსწიეს საზღვარი, რათა ხუჯაბის ეკლესია მათ ტერიტორიაზე მოხვედრილიყო. მათ ხელოვნურად მოაქციეს ეს ეკლესია სომხეთის საზღვრებში. დღეს ამ ეკლესიის დათმობა არ შეიძლება“, - აცხადებს ბონდო არველაძე.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი გელა ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის შემადგენლობას.

მას აინტერესებს, ნუთუ ქართველებს არ ეუხერხულებათ, როდესაც დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად საოცარ პრინციპულობას იჩენენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? როდესაც სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც ცეცხლს გვიხსნიან და პრინციპულად გვეწინააღმდეგებიან სომეხი მესაზღვრეები?! ეს მაშინ, როცა სამართლებრივად ჰერეთის, ანუ ზაქათალის ოლქისა და ლორე-ტაშირის მონაკვეთების სომხეთ-აზერბაიჯანზე გადაცემის საკითხი არ არის გამყარებული.

„2000 წლამდე თურქეთი თავს იკავებდა საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებზე დელიმიტაციის ჩატარებისაგან და მხოლოდ პრეტენზიებს აყენებდა ბორჩალოს მაზრაზე, მაგრამ ახლა ურცხვად ჩატარდა ალაზნის მონაკვეთზე დელიმიტაცია. ახლა კი გვეუბნებიან, რომ დასასრულს მიუახლოვდა დელიმიტაციის პროცესი სომხეთის მონაკვეთზე. ეს მაშინ, როცა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია ანგარიშვალდებულია, ექვს თვეში ერთხელ წარდგეს პარლამენტის წინაშე და მოახსენოს, რა ვითარებაა. ოდესმე გსმენიათ, რომ რომელიმე ტერიტორიის დათმობის საკითხი საჯაროდ განხილულიყოს? არადა, ეს საჯარო ინფორმაციაა. ამ კომისიის შემადგენლობა ჩემთვის უცნობია. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად სადელიმიტაციო-სადემარკაციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ივერი მელაშვილია. ეს გონიერი კაცია, მიწათმოწყობის სამსახურში მუშაობდა, მაგრამ არავის არ მოუსმენია, სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი კომისიები როდის შეხვდნენ ერთმანეთს, ვინ შეხვდა ერთმანეთს? ლორე-ტაშირიც ასე უსამართლოდაა გადაცემული. დღემდე დასაზუსტებელია მისი სამართლებივი მდგომარეობა. რატომღაც მეზობლების მიმართ საოცარ გულისხმიერებას ვინარჩუნებთ. ლორე-ტაშირის გადაცემისას ამიერკავკასიის ფედერაცია მოიაზრებოდა, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და შიგნით ტერიტორიების გადაცემა-გადმოცემა კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ამიერკავკასიაში შემავალ ზოგიერთ სახელმწიფოში მიწის ფართობი იყო ნაკლები, ზოგან ტყე იყო ნაკლები“, - აღნიშნა გელა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ძალზე საშიშია 10-20 წლის წინანდელი რუკა, ე.წ. ბონერ-სახაროვ-პოპოვის რუკა, თუ როგორ არის დანაწევრებული საქართველო. გელა ხუციშვილი ეჭვობს, რომ ზუსტად ამ დანაწევრების სქემით მიდის ჩვენი ქვეყანა. ბევრი რამ ტაბუირებულია და ჩვენ ვერ ვიგებთ, დმანისში, ბოლნისში, მარნეულსა და ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტთა საბჭო მხოლოდ აბსტრაქტული წარმონაქმნია, თუ რეალური ორგანო. მით უფრო, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ სომხეთის მხარეში „ევრორეგიონ არმენიაა“ შექმნილი და მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული ჯერ კიდევ 2010 წლიდან. გამოყოფილია სოლიდური გრანტები, ხორციელდება ერთობლივი პროგრამები, არავინ იცის, ეს ყველაფერი რატომ ხდება და ამ დროს საქართველოში ყურადღება გადატანილია კონსტიტუციურ ცვლილებებზე.