სიურპრიზი პუტინისთვის

სიურპრიზი პუტინისთვის

რუსული მედია აღტაცებულია, რომ დაგეგმილი 30-წუთიანი შეხვედრის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა მთელი 2 საათი და 16 წუთი დაუთმო ვლადიმერ პუტინს. „სიხარულს“ ვერც ტრამპი მალავს და „დიდი ოცეულის“ პირველ დღეს შესანიშნავს უწოდებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ამერიკის ლიდერთან პირველი შეხვედრა ხაფანგი აღმოჩნდეს პუტინისთვის.

საქმე ის არის, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტამდე დონალდ ტრამპმა სიურპრიზი მოუწყო რუსეთის ლიდერს და სპეციალური შეთავაზებით მიმართა ცეტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს - რუსული გაზი ამერიკულით ჩაანაცვლონ. ამერიკული გაზის უპირატესობა ის არის, რომ ის რუსული „გაზპრომის“ მსგავსად, პუტინის დაქვემდებარებაში არ არის და ბუნებრივი აირის თემას აშშ პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ იყენებს.

ამდენად, რუსეთის ეკონომიკას ძლიერი დარტყმა ელის, თუკი ტრამპის იდეის ხორცშესხმა მოხდება. მით უმეტეს, რომ ფიქალის გაზის მარაგი აშშ-ში 24 ტრილიონი კუბური მეტრია, რაც მსოფლიო გაზის 10%-ია.

გაზის მოპოვების მოცულობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ყატარის გაზი კი აშშ-ს უკვე აღარ სჭირდება, რადგან აშშ-მა არ იცის, საკუთარი გაზი სად წაიღოს. ამისთვის საუკეთესო ბაზარი ევროპულია. ამდენად, აშშ არა მარტო მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა რუსეთისთვის, არამედ-ეკონომიკურიც.

რა პერსპექტივა აქვს ამერიკულ გაზს ევროპაში და ტრამპის ხელისუფლების პირობებში რეალურად დაკარგავს თუ არა ევროპაზე ენერგეტიკულ გავლენას რუსეთი?! ამის შესახებ For.ge-ს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე ესაუბრა.

აშშ-ში მოპოვებული ფიქალის გაზის ევროპაში ექსპორტი იაფი არ დაჯდება. სულ მცირე, საჭირო გახდება ფიქალის გაზის გათხევადება და ამ სახით მისი ტრანსპორტირება ევროპაში. ამის მიუხედავად, ევროპელებს უღირთ კი პოლიტიკური სარგებლის გაღება აშშ-ის სასარგებლოდ და რუსეთის ჩამოსაშორებლად?

- ცხადია, ფიქალის გაზი არ არის იაფი, როგორც ამას ამბობენ. თითქმის ათი წელიწადია, ამერიკამ სერიოზულად დაიწყო ფიქალის გაზის მოპოვება, დიდ მასშტაბზეც გავიდა და უკვე სამი წელია, პირველ ადგილზეც გადაინაცვლა ამ სახის გაზის მოპოვების თვალსაზრისით. მართლაც ასეა, როდესაც გაზის ტრანსპორტირებას ახდენ, მისი გათხევადება უნდა მოხდეს და ტანკერებით წავიდეს ევროპაში. თავის მხრივ, ევროპასაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ქარხანა, რომ გათხევადებული გაზი ისევ გაზისებრში გადაიყვანოს. თავისთავად ცხადია, ეს საკმაოდ სერიოზულ ინფრასტრუქტურას ნიშნავს, თუმცა ამერიკას უკვე გააჩნია ასეთი გათხევადების რამდენიმე ქარხანა.

მოგეხსენებათ, ადრე ამერიკა თვითონ აწარმოებდა თხევადი გაზის იმპორტს, ახლა კი ფიქალის გაზის ექსპორტიორი ხდება. თუმცა ერთი რამეც უნდა ითქვას, ამ რამდენიმე წლის წინ, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდეც ისმოდა ასეთი წინადადება ამერიკიდან, რომ აშშ-ს შეეძლო ფიქალის გაზის გატანა ევროპაში. იმთავითვე, როდესაც ეს წინადადება წამოვიდა, გერმანიაში ჩაატარეს გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ გერმანიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ იმის მისაღწევად, რუსული გაზი ჩავანაცვლოთო, უფრო მეტი საფასურის გადახდის მზადყოფნა გამოხატა გაზის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მიიღებენ თუ არა ტრამპის შეთავაზებას, თვითონ ევროპულ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ჩვენთვის, საქართველოსთვის ცუდი არ იქნება, რადგან გაზის ფასი ჩვენს ზონაში დაიწევს. აქ მაინც მთლიანი ფასი რუსულ გაზზეა დამოკიდებული.

თუკი ევროპა აღარ შეიძენს რუსულ გაზს, ამით რუსეთის ეკონომიკას ბევრი დააკლდება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ რუსეთმა შესაძლოა, გადაინაცვლოს ჩინეთისკენ, ან აითვისოს თურქეთის სივრცე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთსაც გააჩნია ფიქალის გაზი, რომ არაფერი ვთქვათ, ჩინეთის მიერ ტრადიციული წყაროებიდან გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე. რეალურად, ევროპის ენერგოსივრცის დაკარგვით რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგება?

- დღესდღეობით რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად არის დამოკიდებული ნახშირწყალბადების ექსპორტზე. ეს არ გახლავთ მარტო ბუნებრივი გაზი, უფრო მეტწილად ეს ნავთობიცაა. როგორც ამბობენ, რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი სწორედ ნავთობზე მოდის. აქედან გამომდინარე, ცხადია, რუსეთის ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. რაც შეეხება ჩინეთისკენ რუსეთის გადანაცვლებას, დაახლოებით ორიოდე წლის წინ ჩინეთმა უარი თქვა რუსეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი გაზსადენის დაფინანსებაზე. არადა, მოლაპარაკებულნი იყვნენ, რომ წილობრივად უნდა დაეფინანსებინათ, ნაწილი რუსებს, ნაწილი-ჩინელებს, მაგრამ რუსეთმა ეს საქმე თავის თავზე აიღო და აგრძელებს კიდეც. ცხადია, ჩინეთი გაზის დიდი მომხმარებელია, მაგრამ რამდენად ჩაანაცვლებს ევროპას და რა მასშტაბით, რა მოცულობით, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.

დღესდღეობით ევროპას წლიურად მიაქვს რუსული გაზის დაახლოებით 150 მილიარდი კუბური მეტრი. ახლა ამერიკა ამდენს, ალბათ, ვერ მიაწვდის ევროპას. რუსეთისთვის არის კიდევ პროექტები ინდოეთისკენ, მაგრამ ეს ძალზე შორეული პერსპექტივაა.

ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკულ ფიქალის გაზზე. ასევე, ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროები არის ნორვეგიასა და ნიდერლანდებშიც, მაგრამ ამ ქვეყნების მარაგი ევროპისთვის საკმარისი არ არის. რა უშლის ხელს ალჟირის, ყატარის ბუნებრივი აირის სრულყოფილად ათვისებას ევროპელების მიერ? შესაძლებელია, რომ ამერიკულ გაზთან ერთად ეს რესურსებიც სრულად გამოიყენოს ევროპამ?

- ნორვეგიას რა მარაგიც აქვს, ეს არის დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში და ეს მიდის ევროპისკენ. ასევე, ინგლისს რაც აქვს, ესეც არასაკმარისია ევროპისთვის. ეს ქვეყნები ვერ გაზრდიან ბუნებრივი აირის მოცულობას, რადგან მეტი რესურსი არ აქვთ. რაც შეეხება ყატარს, მას უზარმაზარი რესურსები აქვს. არსებობს კიდეც პროექტები მოსაზრებების დონეზე, თუ როგორ წავიდეს ყატარიდან ევროპისკენ გაზი. იმდენად დიდი მარაგი აქვს ყატარს, სრულად შეუძლია ჩაანაცვლოს რუსული გაზი.

რა ართულებს ამ იდეის განხორციელებას?

- რუსეთი ყველაფერს ბლოკავს, რაც მისი საწინააღმდეგო იქნება. ბლოკავს იმდენად, რამდენადაც შეუძლია. თუ გამოჩნდა ისეთი ინვესტიციები, რომ ყატარიდან ევროპისკენ ხმელთაშუა ზღვის კუნძულების გავლით გაზი წავიდეს, ამას ძალზე სერიოზული უარყოფითი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. ეს უფრო მეტი უარყოფითი გავლენა იქნება, ვიდრე ამერიკის ფიქალის გაზი. ამ გზის გაყვანა რთულია, რადგან ნაწილი კონტინენტზე, ხმელეთზე მიდის, ხოლო ნაწილი - ზღვაზე. ზღვაზე მილსადენების გაყვანის პრაქტიკა საკმაოდ კარგია და დიდ სირთულესაც არ წამოადგენს, მაგრამ დიდი სახსრები სჭირდება. ამდენად, ტრამპის შეთავაზება ევროპელი ლიდერების მიმართ მნიშვნელოვანია. ის არ არის ისეთი პიროვნება, ქიმერულ, არარეალურ შეთავაზებებზე ილაპარაკოს.