თბილისში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თემურ ფხალაძე ამბობს, რომ საამისოდ 7 სპეციალური ადგილი შეირჩა, მაგრამ შერჩევის პროცესი კვლავაც გრძელდება.
ამ ეტაპზე საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე: ვერის ბაღი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, მზიური, წითელი ბაღი საბურთალოზე, დედაენის ბაღი, პეტრიაშვილის ქუჩასა და ვარკეთილში მდებარე ბაღები.
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი ეჭვობს, რომ შერჩეული ადგილები არ გააუმჯობესებს ცხოველებისა და მათი მეპატრონეების მდგომარეობას. მართალია, წინათ ამ მიზნით მხოლოდ დედაენის ბაღი იყო გამოყოფილი და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილება ძაღლების მეპატრონეებს უჭირდათ, მაგრამ არც ასე შეზღუდულად შვიდი ადგილის გამოყოფაა პანაცეა. მით უმეტეს, დიდი ქალაქია თბილისი და გასასეირნებელ ადგილამდე მისვლას და უკან დაბრუნებას ნახევარი საათი შეიძლება დასჭირდეს.
პირიქით, ამ ტერიტორიების დაკონკრეტება ნიშნავს, რომ ძაღლების მეპატრონეებს ავტომატურად უზღუდავენ სხვა ტერიტორიაზე საკუთარი ცხოველების გასეირნებას. ამდენად, შვიდი ადგილის დაწესება არ უნდა ნიშნავდეს, რომ სხვა ტერიტორიაზე გასეირნება აკრძალულია. მართალია, კერძო ტერიტორიის მეპატრონეს სრული უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვას ძაღლი, მაგრამ, თუკი ცხოველის პატრონი წესების დაცვით სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეირნებს ძაღლს, მაშინ მისთვის შეზღუდვა არ უნდა წესდებოდეს.
„მით უმეტეს, რომ არსებობს სპეციალური სამაგრი, იგივე პამპერსი, რომლითაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეირნებენ ოთხფეხა მეგობრებს იმ ადგილებში, სადაც გარემოს დაბინძურება აკრძალულია. ცხოველთა მუნიციპალურმა სამსახურმა ისიც კი არ იცის, რომ ამ პამპერსების გამოყენების შემთხვევაში, ძაღლის მეპატრონეს ვერ აუკრძალავ ცხოველის გადაადგილებას. ამ დროს კი ეს სამსახური შინაური ცხოველისთვის კონკრეტული სასეირნო ადგილების დაწესებას ძაღლების ფეკალიების მომიზეზებით იშველიებს. მარტო თბილისში მსგავსი სასეირნო ადგილების მოწყობა არფერს ნიშნავს. ცენტრალური ხელისუფლებისგან უნდა გამოიყოს თანხა, რომ არ მოხდეს სხვა მუნიციპალიტეტების უგულებელყოფა. რა დააშავეს საქართველოს რეგიონების სხვა მუნიციპალიტეტებმა? გამომდინარე იქიდან, რომ თანხები არ არის გამოყოფილი რეგიონებში, ჩნდება ეჭვი, რომ თბილისში ამ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპირებენ“, - აცხადებს თემურ ლაჭყეპიანი For.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, გასასეირნებელი ადგილების მოწყობის პრინციპები ევროპულ ქვეყნებში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან არის შეთანხმებული. თბილისში კი პარადოქსია, რომ ამ ფუნქციას კისრულობს ცხოველთა დამჭერი უწყება, კერძოდ, ცხოველთა მუნიციპალური სამსახური. ამდენად, დამჭერების კომპეტენცია არ არის გასასეირნებელი ტერიტორიების მოწყობა.
უფრო მეტიც, თემურ ლაჭყეპიანი ცხოველთა მუნიციპალურ სამსახურს კიდევ სხვა საერთაშორისო ნორმის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ უწყებამ შინაურ ცხოველთა რეგისტრაციაც შეითავსა, რაც მათი ფუნქცია არ არის. ეს ნიშნავს მეპატრონეებისგან ძაღლების მიღებას, ანუ ჩაბარებას, რაც ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. რეალურად, მეპატრონისგან ძაღლის მიღება ცხოველების მუნიციპალურ სამსახურს არ უნდა შეეძლოს, რადგან საკრებულოს წლიურ ბიუჯეტში პირდაპირაა მითითებული, რომ თანხა გამოყოფილია უსახლკარო ცხოველებისთვის.
„დღემდე არაერთი ძაღლი მიუღიათ მეპატრონეებისგან. წინა წლებში საჯარო ინფორმაციაშიც არ მალავდნენ, რომ ცხოველების ევთანაზია ხდებოდა მეპატრონის განცხადების საფუძველზე. ანუ, ერთ შემთხვევაში, მეპატრონეს აწერინებდნენ განცხადებას ჯანმრთელი ცხოველების დაძინებაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, რატომღაც მეპატრონეებისგან მიღებული ცხოველები ინფიცირდებოდნენ ჭირით და ისე იხოცებოდნენ. არავინ იცის, ცხოველთა მუნიციპალური სამსახურის შენობაში რეალურად რამდენი ცხოველი შედის და გამოდის. ამ შენობაში ცხოველთა დიდი ნაწილის ინფიცირება ხდება, შედიან ჯანმრთელი ძაღლები და შემდეგ ავადდებიან, დასკვნაში კი იწერება, თითქოს ცხოველი დაავადებული იყო და მას აძინებენ. უბრალოდ, ვეტერინარულ-სანიტარულ ნორმებს არ იცავენ.
ერთსა და იმავე ადამიანს, ანუ ძაღლების მომვლელს არ შეიძლება კონტაქტი ერთდროულად ჰქონდეს ზრდასრულ ძაღლთანაც და ლეკვთანაც. დიდ ძაღლს შეიძლება არაფერი დაემართოს, მაგრამ დიდი ძაღლებისგან დაავადება გადადის ლეკვებზე და იმუნიტეტის არარსებობის გამო ისინი იხოცებიან. გარდა ამისა, ერთი და იმავე ფეხსაცმლით არ შეიძლება შევიდეს მომვლელი. ასევე, არ შეიძლება ვოლიერში ჯანმრთელ ძაღლთან ინფიცირებული ძაღლის ყოფნა. კარგია, რომ ცხოველთა გარკვეული რაოდენობის გაჩუქება ხდება, მაგრამ უმჯობესია, გასაჩუქებელი ცხოველები სრულად შემოწმდნენ, არიან თუ არა დაინფიცირებულნი. თორემ ისინი სხვა ჯანმრთელ ძაღლებს დააავადებენ“, - აღნიშნავს თემურ ლაჭყეპიანი.