რუსეთის მორიგი აგრესია - საქართველო საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს

რუსეთის მორიგი აგრესია - საქართველო საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს

რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება აისახება. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო.

რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ. როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში ასახვა.

„საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მცოცავ ოკუპაციაზე და ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრებს პრაღაში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. როგორც აბაშიძე ამბობს, ისუბრებს ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით.

„ეს ქმედება არის მიუღებელი, მაგრამ რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერ აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის. ყოვლად მიუღებელია ის, რაც ხდება კონფლიქტის ზონაში, ეს სერიოზულ რისკებს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

„რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი“, - ასე გამოეხმაურა სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. რუსმა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.

„მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელბა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს. ამიტომ, რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა ძალისხმევის გააქტიურება, რომ საზღვრის გადმოწევის პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.

„სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს. აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს. შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მცოცავ ოკუპაციას და ე.წ. საზღვრის კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის საკითხს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი, რომლის განცხადებით, ვითარების გაცნობის მიზნით, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

იან კელის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის დააფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე და არასდროს დასთანხმდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.

„ჩვენ მხოლოდ საქართველოს ერთ საზღვარს ვცნობთ, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში უფრო მეტად შემოსვლას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს, დღესაც უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მტკიცედ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ასეც ვიქცევით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ასევე ნატოს მოკავშირეებმა. ყოველთვის წამოვწევთ ამ თემას ორმხრივ შეხვედრებზეც და ჟენევის მოლაპარაკებებზეც. შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას“, - განაცხადა იან კელიმ.

საოკუპაციო ხაზზე ბანერის უკანონოდ აღმართვის ფაქტზე, 6 ივლისს გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყებამ მყისიერად განახორციელა ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით.

„ამასთან, 6 ივლისს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ შესაბამისი რეაგირებისაკენ. აღნიშნული საკითხი იყო და კვლავაც დარჩება ქართული მხარის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად“, - აცხადებს დავით ზალკანიანი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მორიგი აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ზუსტად ამგვარი განცხადებები არის საჩუქარი რუსეთის ფედერაციისთვის.

„რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესია განახორციელა ორი დღის წინ. ამგვარ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვებოდეს ერთიანი, მტკიცე, ეროვნული პოზიცია, რომელშიც შეუძლებელია დაყოფილი იყოს ქვეყანა მთავრობად, პოზიცია-ოპოზიციად. ერთადერთი პასუხი არის კონსოლიდირება.

ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს განცხადებას, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ან იმას ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს კომპეტენცია არ გააჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საკითხზე ისაუბროს.

ამგვარი განცხადებები არის ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჰიბრიდული ომის ავტორისთვის - რუსეთის ფედერაციისთვის - არის მისასალმებელი. ეს არის ზუსტად მათი მიზანი, რომ შეარყიონ ჩვენი ერთიანობა, სიმტკიცე. ამგვარი განცხადებები, ცხადია, პირველ რიგში, იწვევს ჩვენი ერთიანობის და სიმტკიცის ეროზიას. უნდა გავამყაროთ ჩვენი პოლიტიკა და შევიმუშავოთ ახალი სტრატეგია, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ბოროტებას, რომელსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზზე ბანერის უკანონოდ აღმართვის ფაქტზე საპარლამენტო უმცირესობა უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მცოცავი ოკუპაცია და კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები პიროვნულ კონფლიქტებს ეწირება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის, სახელმწიფო ინტერესები ეწირება პიროვნულ კონფლიქტებს, ეწირება იმ ინსტიტუციურ ბრძოლას, რომელიც თან მოსდევს ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას, ამა თუ იმ სახელმწიფო პირის მიმართ და ამის საფასურს იხდის ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღესაც შეიძლება ჩვენ მოვითხოვოთ, რომ სანქციების საკითხს დაემატოს საქართველოს საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს ამის გაკეთება“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ქვეყანამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უშიშროების საბჭო არ არის ის ადგილი, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.

„უშიშროების საბჭო არ არის ის ადგილი, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. ჩვენ ვხედავთ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ გაუპრავა რუსეთს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.