ე.წ. დსპ-ს, მდფ-ისა და ე.წ. შპონის მასალებისგან დამზადებულ ავეჯს საქართველოში ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ, ვიდრე ბუნებრივი ხისგან დამზადებულს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი შედარებით ხელმისაწვდომი ფასებია, მეორე მხრივ - ლამაზი დიზაინი. თუმცა არავის აინტერესებს, რომ ლამაზი დიზაინის მიღმა კანცეროგენური ნივთიერებები იმალება.
კერძოდ, დსპ ჯანმრთელობისთვის მავნე ერთ-ერთი იაფფასიანი მასალაა. ლამინირებული დსპ ნაკლებად მავნეა, ვიდრე-არალამინირებული. დსპ-ს დამზადებისას გამოიყენება კანცეროგენური წებო, რომელიც გამოიყოფა არალამინირებული ადგილებიდან, ანუ გვერდითი წიბოებიდან. ამიტომ აუცილებელია ამ წიბოების დაფარვა ლამინატის ლენტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაერში ფორმალდეჰიდის გაფრქვევა მოხდება.
მდფ-ი მიიღება თერმომექანიკის მეშვეობით შეშის ან სხვა ცელულოზის ნედლეულისგან მიღებული ბოჭკოების გამოშრობის შედეგად. ზოგჯერ მდფ-ი დაპრესილი თხილის ნაჭუჭისგანაც მიიღება. მდფ-ი, ასევე, ლამინირებულია, ღებავენ მანქანის საღებავებით, მაგრამ, რადგან მანქანის საღებავები ძალზე ძვირია, ამიტომ უხარისხო საღებავებს იყენებენ მის შესაღებად.
რაც შეეხება ხის შპონს, იგი გარეგნულად ხეს მოგაგონებთ, რადგან ეს არის ხის ფირფიტა, რომელსაც მდფ-ზე აწებებენ.
მთლიანობაში, ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი მასალა არ არის ჯანმრთელობისთვის იდეალური და ისინი ვერასდროს ჩაანაცვლებენ ბუნებრივ ხის მასალას.
ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბრისას იზიარებს მოსაზრებას, რომ დასახელებული მასალები ხელოვნურია და ძირითადად ისინი დამზადებულია ორგანულ შემკვრელებზე. ორგანული შემკვრელები კი უფრო მეტად წარმოიქმნება ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობიდან.
ანზორ საკანდელიძე: ნახერხისგან მზადდება დსპ და შემდეგ მას კრავს ორგანული შემკვრელი. ამდენად, ნახერხი კი არ არის საშიში, არამედ სახიფათოა თავად ეს ორგანული შემკვრელი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ორგანული შემკვრელი დამზადებულია ორგანული შემკვრელების დამამზადებელი ქარხნის ნარჩენებზე. ორგანულ შემკვრელებს როცა ამზადებენ, მასში იმდენი ტოქსინი და მომწამვლავი ნივთიერებაა, რომ კანალიზაციაში, საქალაქო ქსელებშიც ვერ გაუშვებთ, რადგან მოწამლავს ირგვლივ ყველაფერს. ამიტომ ის ადგილზევე უნდა გაანეიტრალონ. ამ დროს კი ამ ტოქსიკურ ნარჩენებს პირდაპირ ორგანულ შემკვრელებად იყენებენ.
საიდან შემოდის დსპ-სა და მდფ-ის მასალები?
- თურქეთში ამზადებენ ამ მასალებს და ხელოვნური მასალები ძირითადად იქიდან შემოდის. შემოწმება სჭირდება ყველაფერს და არაფერი რომ არ მოწმდება ამ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი უბედურება. ვერც საბაჟოსა და ვერც მაღაზიებში შესული მასალების შემოწმებას ვერ მივაღწიე. ამდენი წელია, ვამბობ, რომ ყველა საშენი მასალის ეკოლოგიური შემოწმება უნდა მოხდეს, გინდ ავეჯში გამოიყენონ ეს მასალა, გინდ შენობების ასაშენებლად. მთავარი უბედურებაა, რომ ამ მასალებს ადამიანთან აქვთ შეხება. განსაკუთრებით, უბედურებაა, რომ ამ მასალებს ბავშვის საწოლების ასაწყობად იყენებენ. თანაც, მასობრივად ხდება მათი გამოყენება საბავშვო საძინებლებში. პირადად მე შვილიშვილები მყავს და ყველა მათგანს ბუნებრივი ხის მასალის ავეჯი გავუკეთე. არავითარი გადაკრული მასალა არ გამომიყენებია.
ბუნებრივი ხის მასალის გამოყენება არაფერს ნიშნავს, თუკი მისი დამცავი ლაქი კანცენოგენურია. რუსულისა და გერმანულის გარდა, სხვა ლაქებს ენდობით?
- არაფერს არ უნდა ენდოთ. ლაქ-საღებავების და სხვა მასალების შემოწმება არ ხდება, ფალსიფიცირებაში ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. როგორი უვარგისი პროდუქციაც არ უნდა შემოიტანო, ოღონდ დაბალი ფასი დააწერო, ტაციაობა დაიწყება. მერე იძახიან, ევრორემონტი გავაკეთეო. ევრორემონტი კი არა, მე ამას დავარქვი ევროსიკვდილი. რემონტების დროს ჩვენ თვითონ შეგვაქვს ნელი სიკვდილი სახლებში. გაყალბებაში ისე დაოსტატდნენ და ისე ავიდა ეს საქმე მსოფლიო დონეზე, რომ შეიძლება იყიდო რუსულდამღიანი მასალა, მაგრამ, სინამდვილეში, თურქეთსა ან ჩინეთში იყოს დამზადებული. შტრიხკოდებსაც აყალბებენ. მით უმეტეს, ეს ყველაფერი შემოდის საქართველოში თავისივე სერთიფიკატით და ყველა საბუთით, რაც ვითომც აუცილებელია. ყველაზე სანდოდ წინათ რუსეთისა და გერმანიის საღებავები ითვლებოდა. ცხადია, ეს ყველა ლაქ-საღებავს არ ეხება. რაც შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა, ყველაფერი ძვირი ღირს. ჩვენი ხალხი ხშირად იაფფასიან ლამინატს აგებს ბინაში, რომელსაც 10, 12 და 15 ლარად ყიდულობს. ამით ასპროცენტიანი საწამლავი შეაქვთ სახლებში, რადგან კარგი რაც არის, ანუ ბელგიური, ფრანგული, გერმანული ლამინატები, ნახონ, რა ღირს. კვადრატული მეტრი 100$-ია. ამ დროს კი ათ ლარად რომ ყიდულობენ, კარგი იქნება?
ისევ დსპ-სა და მდფ-ს დავუბრუნდეთ. ორგანული შემკვრელი როცა ახსენეთ, ალბათ, იგულისხმეთ ის წებო, რომელიც შეიცავს ეპოქსიდსა და ფორმალდეჰიდს, რომელთა აორთქლებაც საშიშია. რამდენად რეალურია, რომ ლამინატგადაკრული დსპ დაცულია მავნე ნივთიერებისგან?
- ლამინატის გადაკვრა ოდნავ დაიცავს დსპ-ს, რომ იქიდან არ ამოიფრქვას მავნე ნივთიერება. სხვათა შორის, დსპ-ზე მოსაპირკეთებელი საშუალებების გადაკვრისას აუცილებლად სიფრთხილე უნდა დავიცვათ. მექანიკურად არ უნდა დაზიანდეს ეს ფენა, ხოლო, თუ დაზიანდა, უკვე ტოქსიკური ნივთიერებები ამოდის. ამას ხომ სჯობს, სულ არ შევიტანოთ სახლში დსპ-ს მასალები? მით უმეტეს, საბავშვო ავეჯს არ უნდა გავაკაროთ. თანაც, ლამინატსაც გააჩნია, დსპ-ზე დასაკრავად მაღალი ხარისხის ლამინატი უნდა გამოიყენებოდეს.
ფიქრობთ, რომ მდფ-ი ბევრად უკეთესია დსპ-ს მასალებთან შედარებით, რადგან მომწამვლავ წებოს მაინც არ შეიცავს?
- შეიძლება, მდფ-ი დსპ-სთან შედარებით ოდნავ უკეთესი იყოს, რადგან ნახერხის ნაცვლად თხილის ნაჭუჭით მზადდება. თუ ცხელ რეჟიმს გამოიყენებენ, შეიძლება, უფრო ნაკლები ორგანული შემკვრელიც გამოიყენონ, ვიდრე ამას დსპ-სთან მიმართებით აკეთებენ. თუმცა გამორიცხულია, ორგანული შემკვრელი დსპ-ში საერთოდ არ გამოიყენონ. ზოგადად, ერთ კუბურ მეტრ მასალაში რაც უფრო ნაკლებ ორგანულ შემკვრელს გამოიყენებენ, მით უფრო ნაკლებად ტოქსიკური იქნება.
ბუნებრივი ხის ავეჯი ძვირია. როგორ გესახებათ მდფ-ისა და დსპ-სგან დამზადებული ავეჯის ჩანაცვლება?
- ქართველებს ბუნებრივი მასალის გამოყენების საშუალება გვაქვს. უცხოელები გაგიჟებულნი არიან იმით, რაც ჩვენთან ხდება. საზღვარგარეთ ნატურალური ხის კარ-ფანჯრები ბრენდად ითვლება. ჩვენ კი ბუნებრივ ხის კარ-ფანჯრებს ვხსნით და ხელოვნურით ვანაცვლებთ.