„ონლაინ თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომა შესაძლოა, აიკრძალოს, საერთაშორისო სერვერებზე ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით 200 მილიონი ლარი გაედინება“, -ამის შესახებ ნათქვამია აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაში, რომელიც დეპუტატებს და არასამთავრობოებს ლევან გოგიჩაიშვილმა გააცნო.
აღნიშნულ სერვერებზე წვდომის აკრძალვას თეორიულად დასაშვებად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. თუმცა იქვე დასძენს, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში თეორიული აკრძალვა შესაძლოა, ეფექტური არც იყოს.
თავის მხრივ, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ კაზინოთა სივრცე და ყველაფერი მიწაზე გადმოვიდეს, სადაც კონტროლი შესაძლებელი იქნება. დეპუტატის თქმით, ჩვენ გვაქვს აზარტული თამაშების მზარდი ბიზნესი, სადაც, 2012 წელთან შედარებით, ბრუნვა ათჯერაა გაზრდილი და ამ სექტორში გაცილებით მეტი ბრუნვაა, ვიდრე ენერგეტიკაში.
„500 მილიონი დოლარის დაკარგვა არავის სურს, მაგრამ ორი კაცი შოულობს 500 მილიონს და დანარჩენი მოსახლეობა იღუპება“,-ასეთია დეპუტატის შეფასება.
პარალელურად, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზიც გაიზარდოს და მხოლოდ 18-20 წლის ახალგაზრდებს არ შეეხოთ ეს შეზღუდვა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის „აფბას“ ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვა „ონლაინით“ იწყება.
For.ge-სთან საუბრისას ზურაბ კუკულაძე განმარტავს, რომ საერთაშორისო სერვერებზე ყოველწლიურად საქართველოდან 200 მილიონი ლარის გადინება დიდ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს. ეს რესურსი შეიძლება სხვა ეკონომიკურ დარგებში წასულიყო და სულ სხვა დარგები განვითარებულიყო. შესაბამისად, აზარტული და ონლაინთამაშების მაქსიმალური შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკის მიერ ამ ფულის დაზოგვას გამოიწვევდა.
„ამ ფულს ჩვენი ეკონომიკა შედარებით სასარგებლო მიმართულებით მიმართავს, რაც გულისხმობს თუნდაც სამომხმარებლო სექტორში თანხის დახარჯვას. ნებისმიერი ფულის ეფექტი რამდენიმე სახისაა. ერთ-ერთი ეფექტია ის, რომ, სადაც არ უნდა დაიხარჯოს, ის ფული არ იკარგება და იმ დარგის განვითარებას ხმარდება, რა დარგშიც იხარჯება. თუმცა გამონაკლისია აზარტული თამაშების სისტემა, რომელსაც რეინვესტირება პრაქტიკულად არ სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმიანობა მინიმალურ დანახარჯებს და მაქსიმალურ მოგებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, თუ აზარტული თამაშები და, განსაკუთრებით, ონლაინთამაშები შეიზღუდება, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაზე სასარგებლო ეფექტს მოახდენს. ამით გამოთავისუფლდება ფული და გააძლიერებს სხვა სამომხმარებლო დარგებს“, - აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ და გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებას, თითქოს ტექნოლოგოების ეპოქაში საერთაშორისო სერვერებზე წვდომის შეზღუდვა ძალიან რთულია.
ზურაბ კუკულაძის სიტყვით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშია შესაძლებელი, გაკონტროლდეს ზემოხსენებული ტექნოლოგიები. ნების არსებობის შემთხვევაში, უცხოური სერვერების შეზღუდვა ძალიან მარტივად შეიძლება. თუმცა მარტო უცხოური კი არა, თავად ადგილობრივი სერვერებიც დიდ პრობლემას ქმნის. იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ამბობენ, რომ საერთაშორისო სერვერებზე გაედინება 200 მილიონი ლარი, საინტერესოა, შიდა სერვერებზე რამდენი მიედინება?!
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც 3-4 მილიარდს აღწევს აზარტული თამაშების ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია, რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს შიდა კომპანიების შეზღუდვას, განსაკუთრებით, ონლაინთამაშების ბაზარზე. ამიტომ ამ მიმართულებით თუ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება. მით უფრო, რომ ეკონომიკა კარგავს ამ თანხას და ეს თანხა გადადის ცალკეული ბიზნესმენების ხელში. ბიზნესმენებს კი არ ესაჭიროებათ საკუთარ ბიზნესში რაიმე რეინვესტირება. აქედან გამომდინარე, ეს ფული დაკარგულად შეიძლება ჩავთვალოთ, ეს ფული მიაქვთ და ინახავენ ჯიბეში“.
ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით კი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, წესით, აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი, რაც შეიძლება, მაღალი უნდა იყოს. თუმცა აზარტული თამაშების დღევანდელი სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ასაკობრივი ცენზი მთავარი პრობლემა არ არის. მართალია, დღესდღეობით ასაკობრივი ცენზი სადღაც 18-20 წელია, მაგრამ 14-15 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ნებისმიერი 11-ნიშნა ციფრის კომბინაციით შესაძლებელია პროფილის რეგისტრაცია აზარტული თამაშების ვებ-გვერდებზე. სრულიად უკონტროლოდ არის მიშვებული ეს სივრცე და არ ხდება მოთამაშის იდენტიფიცირება.
აქედან გამომდინარე, ასაკობრივი ცენზი როგორ უნდა დავადგინოთ და გავაკონტროლოთ, თუკი ზოგადად მოთამაშის იდენტიფიცირება არ ხდება და ინკოგნიტო რჩება მოთამაშე?! ასეთ პირობებში რა აზრი აქვს ასაკობრივი ცენზის გამკაცრებას?! -აინტერესებს ანალიტიკოსს.