„რაც უფრო მეტი და ფართო გზები კეთდება, მით უფრო მეტ ავტომობილს იზიდავს დედაქალაქი და გადატვირთულობაც იზრდება. ხოლო, რაც უფრო იზრდება ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასაადგილებელი ტერიტორია, გაცილებით ვიწრო გზები რჩება კერძო ავტომობილებისთვის“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია.
თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარებზე განთავსებულმა ველობილიკებმა უნდა მოიცვას მარშრუტი დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და ეს იქნება წრიული მიმართულება. რამდენად თანმიმდევრულად ხორციელდება ეს საპილოტე პროექტი?
- თავიდან ქალაქ თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ ველობილიკები დედაენის ბაღიდან დაიწყებოდა მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე და შემდგომ ისევ უკანა მიმართულებით დაბრუნდებოდა. სინამდვილეში, ეს უნდა ყოფილიყო უსაფრთხო ველომარშრუტი, სადაც როგორც ფეხით მოსიარულეები, ისე ველოსიპედით მოსარგეებლები შეძლებდნენ გადაადგილებას. უსაფრთხო ველომარშრუტი ნიშნავს, რომ მტკვრის სანაპიროებზე დარჩენილი ბევრი თავღია ჭა და დაზიანებული გზის საფარი მოწესრიგდა, რაც ველოსიპედით გადაადგილებას აფერხებდა. აგრეთვე, პრობლემას ქმნიდა ბორდიურები, საიდანაც ველოსიპედით მოსარგებლე კომფორტულად ვერ ჩადიოდა. ამიტომ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მოაწესრიგა გზის საფარი, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ველომიმანიშნებლებიც განსაზღვრა. თავიდან ითქვა, თითქოს ამისთვის რესურსები დაიხარჯა. ჩვენი ინფორმაციით კი, დაახლოებით 750 ლარამდე დაიხარჯა მიმანიშნებლებისთვის გაღებული საღებავის თანხა. ეს არის საპილოტე ველომარშრუტი და, თუ გაამართლებს, ბიუჯეტშიც იქნება საამისო თანხა და მოსახლეობის სურვილიც დაემთხვევა, მაშინ შესაძლებელია, ჩვეულებრივი ველობილიკის მოწყობა, რაც გულისხმობს ველოხალიჩის დაგებას.
რამდენკილომეტრიანია ველომარშრუტის ეს ზოლი და სამომავლოდ შეიძლება თუ არა მთელი ქალაქი მოიცვას?
- ჯერჯერობით რვაკილომეტრიანი მონაკვეთია, თუმცა ველოსიპედის მოყვარულებს სანაპიროებზე მარშრუტის გაგრძელებაც შეეძლებათ. პარალელურად, წესრიგდება ველომარშრუტის გაგრძელებული მონაკვეთებიც, გზის საფარი. ორი შუქნიშანი დაემატა სანაპიროებზე, რათა ველოსიპედისტმა გზის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უსაფრთხოდ შეძლოს.
რა აფერხებს ველობილიკების განვითარებას დედაქალაქში? ის ხომ არა, რომ ავტომობილები პარკირების ადგილად სწორედ ველოგზებს უმიზნებენ?
- ბევრ ქვეყანაში, ტრადიციული გაგებით, ველობილიკები არც არის. მაგალითად, ლონდონში გზის მონაწილე არის როგორც ავტომობილი, ისე ველოსიპედისტი. ანუ ინგლისელები ავტომობილებთან ერთად უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.
ასეთი რამ ჩვენს გზებზე წარმოუდგენელია და ველოსიპედისტებს ჩაფხუტის დაფარებაც არ შველით.
- ჩვენს რეალობაში ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან მძღოლების მხრიდან ხშირად ხდება საგზაო წესების დარღვევა. სხვათა შორის, ველოსიპედით მოსარგებლეები გამოვკითხეთ და შევიტყვეთ, რომ უჭირთ გადაადგილება თბილისის ქუჩებში, რადგან ეშინიათ, არ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილისა და ველოსიპედის მონაწილეობით. ამიტომ ურჩევნიათ, გადაადგილდნენ ფეხით მოსიარულეთა ტროტუარებზე ან ცალკე გაკეთებულ ბილიკებზე. ჩაფხუტები აუცილებელია ველოსიპედისტისთვის, განსხვავებით, უცხოეთისგან, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა მოწესრიგებულია. უცხოელები ბევრად კანონმორჩილნი არიან და იცავენ საგზაო წესებს. წესით, არანაირი ველობილიკი არ სჭირდება ველოსიპედის მოყვარულს, მას უფლება აქვს, ჩვეულებრივ ტრასაზეც გადაადგილდეს. თუმცა შიშის ფაქტორი მოქმედებს და ზუსტად ამ შიშის გამო მერიასთან ერთად დაიგეგმა ველომარშრუტი.
რაც შეეხება პარკინგის პრობლემას, ბათუმის მაგალითზე დავრწმუნდით, რომ კეთილმოწყობილი ველოხალიჩები გაკეთდა, თუმცა მოსახლეობა უჩივის, რომ ამ ველოხალიჩებზე ე.წ. ავტომობილებია დაპარკინგებული. ველომოყვარულები ვერ გადაადგილდებიან ამ ველოხალიჩებით, რამაც დიდი პრობლემები შექმნა. შესაბამისად, თბილისშიც დაკვირვების პროცესში ვიქნებით. ველომარშრუტის დასრულების შემდეგ თუკი თავისუფლად გადაადგილდებიან ველომოყვარულები და არ შეექმნებათ პრობლემები არალეგალურად დაპარკინგებული ავტომობილების გამო, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ ველობილიკების განვითარებაზე.
რაც შეეხება პეკინის გამზირს, ველობილიკის მოწყობას აქ მართლაც აპირებენ?
- ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ეს გამზირი დარჩება ცალმხრივად, თუ აღდგება ორმხრივი მოძრაობა. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან, გაკეთდეს თუ არა პეკინის გამზირზე ველობილიკი და ეს ველობილიკი იყოს ორმხრივი, ან ცალმხრივი. არასამთავრობოებმა რეკომენდაციით მერიას უკვე მივმართეთ, რომ ველობილიკის კომპონენტი აუცილებლად გაითვალისწინონ, ვინაიდან პეკინის გამზირი განიერი ქუჩაა.
ველოსიპედისტების და ფეხით მოსიარულეების ერთ სივრცეში გადაადგილება ერთმანეთს ხელს არ შეუშლის?
- არ შეუშლის. შესაძლოა, ცალკე ზოლი გაკეთდეს, რომ განცალკევებულად მოხდეს ველოსიპედის გადაადგილება და ისეთი დატვირთული არ იყოს, ორივეს ხელი შეეშალოს. თანამედროვე ქალაქები ისწაფვიან იქითკენ, რომ ავტომობილების რაოდენობა შეზღუდონ და უფრო მეტი სივრცე მისცენ ფეხით მოსიარულეებსა და ველომოყვარულებს. ახლად დაარსებულ ქალაქებში უფრო ვიწრო გზები რჩება კერძო ავტომობილებისთვის. რაც უფრო მეტი და ფართო გზები კეთდება, მით მეტ ავტომობილს იზიდავს ქალაქის ხარჯზე და გადატვირთულობა იზრდება. ამიტომ ჩვენ თუ შევამცირებთ ავტომობოლების რაოდენობას და დედაქალაქს მოვარგებთ ფეხით მოსიარულეებსა და ველომოყვარულებს, ძალიან კარგი იქნება. მითია, თითქოს თბილისის რელიეფი არ შეესაბამება ველომოყვარულთა გადაადგილებას. პირიქით, თუკი პეკინის გამზირზე გაკეთდება ასეთი ველობილიკი, ეს საწყისი ეტაპი იქნება, რომ შემდეგ ველობილიკის მთლიანი ქსელი მოეწყოს ქალაქში. პროფესიონალი ველოსიპედისტები ჩვეულებრივ ტრასებზე გადაადგილებას არ ერიდებიან, თუმცა ველომოყვარულები, რომლებიც ველოსიპედით ხშირად არ გადაადგილდებიან, ტრასებზე მოძრაობისგან თავს იკავებენ. ზუსტად ამიტომ არის ველობილიკები და ველომარშრუტები უსაფრთხო, რომ იმ ველომოყვარულებმაც ისარგებლონ, ვისაც შიში აქვთ ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. თუკი უსაფრთხო ინფრასტრუქტურას შევქმნით, ველომოყვარულთა რიცხვიც გაიზრდება.
ველოსიპედისტებსა და ავტომობილის მძღოლებს შორის საგზაო ინციდენტები ხშირია?
- საგზაო შემთხვევების დროს ამის დაფიქსირება არ ხდება, რადგან ველოსიპედისტიც ქვეითში გადის. სტატისტიკის მიხედვით, ნათქვამია, რომ ამდენი ქვეითი დაშავდა ან დაიღუპა, მაგრამ ველოსიპედისტთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.