ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა, თუმცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას არ ჩქარობს

ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა, თუმცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას არ ჩქარობს

საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციას“ და მის 1967 წლის ოქმს საქართველო 1999 წელს შეუერთდა. კონვენციის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, პირი არის ლტოლვილი, თუ მას აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია, ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ასეთ შემთხვევაში, კონვენციის 33-ე მუხლით სახელმწიფოებს ეკრძალება გაასახლოს, ან იძულებით დააბრუნოს ლტოლვილი იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამნესტი ინტერნეშენალი შიშობს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში დემირელის სკოლის მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი პატიმრობისას წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად გახდომის რეალური რისკის წინაშე დადგება.

ამის მიუხედავად, დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

უწყების მიერ მიღებულ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ წარმოშობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციისა და ინდივიდუალური პროფილის შესწავლის საფუძველზე არ იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ ჩაბუქი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, დადგეს დევნის საფუძვლიანი რისკის ქვეშ.

„რადგანაც თქვენ ბრალი გედებათ ეროვნული კანონმდებლობით – თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებაში, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად პროპორციულია ის სასჯელის ზომა, რაც გათვალისწინებულია ამ დანაშაულისთვის. მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, დანაშაულისა და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სასჯელის გათვალისწინებით, ეს სასჯელი ვერ გაუტოლდება დევნას კონვენციური ნიშნით და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც არაპროპორციულად მკაცრი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ–ი მსგავსი დანაშაულისთვის ითვალისწინებს პატიმრობას 10-დან 12 წლამდე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ იკვეთება „საერთაშრისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან კავშირი – რომ დევნა შეიძლება გამოიხატოს სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, რომელიც არაპროპორციულია“, – აღნიშნულია დასაბუთებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრომ ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით.

„იმ შემთხვევაში, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება განხორციელდება, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა საშუალება, საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს. საქართველოში თურქეთის საელჩომ სამინისტროს ჩაბუქის უსაფრთხოებაზე დიპლომატიური გარანტიები მისცა. საელჩო წარმოადგენს სახელმწიფოს და როცა სახელმწიფო იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, ეს არ არის თამაში.

ისინი ვალდებული არიან დაიცვან ეს გარანტიები და ამის მონიტორინგი ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მუდმივ რეჟიმში განახორციელოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიცია განხორციელდება. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, თუმცა ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა ციხის მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა საშუალება, იმ შემთხვევაში თუ ექსტრადაცია გნხორციელდება, მონიტორინგი განახორციელოს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ თურქეთის ციხეებში ფაქტობრივად გამორიცხულია და არ არსებობს წამების ფაქტები.

„ჩვენ გავითვალისწინეთ და შევისწავლეთ ყველა ძირითდი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, რომლებმაც შეისწავლეს თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა. ეს არის 2015-2017 წლებში არსებული ვითარება. 2016 წლიდან ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თურქეთში ციხეების მდგომარეობა შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს და ფაქტობრივად, გამორიცხულია, არ არსებობს წამების ფაქტები“, – დასძინა შოთა რეხვიაშვილმა.

განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასმართლოში ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს, დემირელის კოლეჯის მენეჯერის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომლის განცხადებით, გუშინ დაცვის მხარეს მთავარი პროკურატურიდან გადაეცა გარკვეული მასალები, სადაც წერილობითი ფორმით არის დატანილი, რომ უკანასკნელ დღეებში იუსტიციის მინისტრმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 3 999-ზე მეტი წერილი მიიღეს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩაბუქის ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე.

„მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მინიჭებოდა ლტოლვილის სტატუსი და დაუშვებელია მისი ექსტრადირება, უნდა გაეთვალისწინებინა ეს ლტოლვილთა სამინისტროს და უნდა დაეკმაყოფილებინა თხოვნა ლტლოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

ეს საქმე იღებს საერთაშორისო მასშტაბებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება ექსტრადირების თაობაზე. იქამდე, სანამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვა არ დასრულდება, ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის „ამნესტი ინტერნეშენალის“ წერილს, აღნიშნულია, რომ ჩაბუქის ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ექსტრადაციის მოთხოვნაში მითითებულია, რომ მუსტაფა ჩაბუქმა სავარაუდოდ დახმარება გაუწია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ერთ-ერთ აქციონერს საკუთარი აქციების მეტროპოლიტენ ედიუქეიშენ ენდ კონსალტინგ სერვისიზ ელ-ელ-სისთვის“ (Metropolitan Education and Consulting Services LLC) მიყიდვაში, რომელიც აშშ–ში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და რომელსაც თურქეთის აზრით, კავშირები აქვს გიულენის მოძრაობასთან. გიულენის მოძრაობა (რომელსაც კომპანიებისა და სკოლების საერთაშორისო ქსელი აქვს) დაფუძნებულია ფეთულა გიულენის მიერ, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებს 2016 წლის ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში და მის ორგანიზაციას უწოდებს „ფეთულაისტების ტერორისტულ ორგანიზაციას“ – FETO.

წერილში აღნიშნულია, რომ ამნესტი ინტერნეშენალს შეუძლია დაადასტუროს, რომ მუსტაფა ჩაბუქის შიში იმისა, რომ ის თურქეთში სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდება, შეესაბამება თურქეთში, განსაკუთრებით 2016 წლის ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენს ინფორმაციას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მუსტაფა ჩაბუქის პროფილის მქონე პირი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების რისკის წინაშე დადგება, თუ მას თურქეთში იძულებით დააბრუნებენ და, რომ მას საერთაშორისო მფარველობა ესაჭიროება. „ამნესტი ინტერნეშენალის“ მკვლევარებმა დოკუმენტურად ასახეს თურქეთში, განსაკუთრებით 2016 წლის ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების ფაქტები.

„ფეთულაისტების ტერორისტულ ორგანიზაციას“ კავშირის ქონაში ბრალდებულები მთავარ სამიზნეებს წარმოადგენდნენ, თუმცა მიზანში ამოიღეს ისინიც, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნიეს. „ამნესტი ინტერნეშენალისა“ და სხვა ორგანიზაციების მიერ შეგროვებულია თურქეთში გიულენის მოძრაობასთან კავშირის ქონაში ეჭვმიტანილი პატიმრების თვითნებური დაპატიმრებისა და წამებისა და სხვა არასათანადო მოპრყობის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება.

წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგვე „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღწერილია თურქეთში პატიმრების ფართოდ გავრცელებული წამებისა და სხვა არასათანადო მოპრყობის, მათ შორის, გაუპატიურების, სასტიკად ცემის, საკვებზე, წყალზე და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე www.amnesty.org/en/latest/news/2016/07/turkeyindependent“, – აღნიშნულია ორგანიზაციის წერილში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განმარტებით, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, არ ნიშნავს სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას.

„გადაცემას მაღალი მტკიცებითი სტანდარტი აქვს და ცალკე პროცედურაა. რაც შეეხება მის ოჯახს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოჯახის წევრებზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ არსებობს და მათ ისედაც, უკვე აქვთ საქართველოში 2021 წლამდე ცხოვრების უფლება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საკითხს გამოეხმაურა აშშ–ის ელჩი იან კელი, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დემირელის სკოლის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის ექსტრადიციაზე არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები. რაც შეეხება ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, ელჩი აცხადებს, რომ ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

„რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მთავრობასთანაც, რომ უნდა არსებობდეს ძალიან ზედმიწევნითი შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან. ჩვენს ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები და ჩვენი როლიც მდგომარეობს იმაში, რომ გამოცდილება გავუზიაროთ. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები“, – აღნიშნა იან კელიმ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ როდესაც საქმე ეხება მგრძნობიარე თემებს, გათვალისწინებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული ჩვენებები და უკუჩვენებები, რადგან მათი შეჯამება იძლევა დასკვნის საშუალებას.

„ძალიან მგრძნობიარე თემაა, იმიტომ, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები არ არის ერთმნიშვნელოვანი. თუ ეს პროცესი უკავშირდება თურქეთში მიმდინარე პროცესებს, ასეთ შემთხვევაში აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. პროცესები იმდენად რთულია, რომ მარტივი გადაწყვეტილება უბრალოდ არ შეიძლება. თუ გადაწყვეტილების მიმღები ნებისმიერ სხვა საკითხზე ხუთჯერ დაფიქრდება, ამ შემთხვევაში 10-ჯერ უნდა დაფიქრდეს.

გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ნიუანსი და დეტალი უნდა იქნას გათვალისწინებული. რაც მთავარია, გათვალისწინებული უნდა იქნას ორი საკითხი, პირველი – ჩვენი შიდა კანონმდებლობა, რა შემთხვევაში უშვებს ასეთი გადაწყვეტილების ალბათობას და რა შემთხვევაში - არა; მეორე - ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ანუ ევროპული წესები და პრაქტიკა. ეს ორი საკითხი აუცილებად უნდა იქნას გათვალისწინებული“, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თავის მეზობლებთან და მათ შორის თურქეთთან, შეინარჩუნოს კეთილმეზობლური და კეთლგანწყობილი ურთიერთობა.

„თუკი ამ ურთიერთობებს არ ეწინააღმდეგება ის პირობები, რომელზედაც უკვე ვისაუბე, აქ პრობლემა, როგორც წესი, არც უნდა წარმოიშვას. მაგრამ ვპასუხობთ თუ არა, ან ეწინააღმდეგება თუ არა, ეს საკითხი კარგად არის გასათვალისწინებელი გადაწყვეტილების მიღების დროს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როდესაც თურქული მხარისგან მოვიდა მოთხოვნა ექსტრადაციაზე და ამ შემთხვევაში შენ – საქართველო მას ლტოლვილის სტატუსს აძლევ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თურქულ მხარეს არ ეთანხმები.

„მე ისიც გამიკვირდა როდესაც დაიწყო პროცესი მაგ მიმართულებით, მაგრამ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ვიზიტზე, რომელსაც შემოდგომისთვის ელის საქართველო, ვგულისხმობ ერდოღანის ვიზიტს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესის სასამართლოსკენ გადატანა, არც თუ ისე ცუდი გაგრძელება იყოს, რადგან სასამართლოები მიმდინარეობს თვეობით და წლობით, პირველი ინსტანცია, შემდეგ მეორე და ა.შ. ასე რომ, შეიძლება პროცესის სასამართლოში გადანაცვლება სულაც არ იყოს ცუდი. იმ მხრივაც, რომ საქართველოს მხრიდან ამ პიროვნების ბედ-იღბალზე გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას მაშინ, როდესაც ერდოღანი უკვე გასული იქნება საქართველოდან“, - განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.