ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებს თავსატეხი გაუჩინა შს სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ 1-ლი ივლისიდან ჯარიმები გამოიწერებოდა მათთვის, ვისაც არ ექნებოდა ე.წ. გაზის აპარატების ტექდათვალიერების საბუთი. პარალელურად, ეს ავტომფლობელებისთვის დაწესებული ქულების შემცირებასაც გამოიწვევდა.
ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების მძღოლები ამბობდნენ, რომ ასეთი შეზღუდვის დაწესება, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ცივილიზებული მიდგომა არ არის. მით უმეტეს, როცა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მხოლოდ ორი აკრედიტირებული კომპანია უამრავი მანქანის შემოწმებას ვერ გასწვდებოდა. მართლაც, მეორე დღეს, დილიდან დაუსრულებელი რიგში ჩამდგარი მძღოლები ამაოდ ელოდნენ თავიანთი მანქანების შემოწმებას და, რადგან საშველი არ ჩანდა, რიგების ყიდვასაც დასთანხმდნენ.
მოგვიანებით შს უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და დაამშვიდა ბუნებრივ აირზე მომუშავე მძღოლები, რომ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით ისარგებლებდნენ, როგორც 2017 წლის 1-ელ ივლისამდე სარგებლობდნენ. მათ არც ქულები დააკლდებოდათ და ასეთი რეჟიმი გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ტექდათვალიერების სისტემა არ ამოქმედდებოდა და არ დადგინდებოდა სტანდარტები ამ სფეროში.
კომპანია „ტაქსი ლიდერის“ დამფუძნებელი მამუკა გრძელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შს სამინისტროს მიერ გაკეთებული მომდევნო განცხადება შეღავათია ბუნებრივ აირზე მომუშავე მძღოლებისთვის, მაგრამ დაუშვებელია, მხოლოდ ორმა კომპანიამ აკეთოს მანქანების აკრედიტაცია.
მამუკა გრძელიძე: დღესდღეობით რიგები უკვე დაკავებულია, რიგები იყიდება. ბუნებრივ აირზე მომუშავე უამრავი მანქანა დადის ქალაქში და ამ დროს მხოლოდ ორმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს ამდენი მანქანა? რამდენი დღე ან თვე უნდა იდგეს მძღოლი რიგში? ეს ხომ აკრედიტაციის მისაკუთრებაა? რატომ აძლევენ ამის უფლებას მხოლოდ ორ კომპანიას და რატომ არ აძლევენ ყველას, ვისაც სერვისი აქვს და, ვისაც შეუძლია მანქანების შემოწმება? ამის შეზღუდვა შეიძლება? ვინც ლიცენზირებულია, ვისაც აქვს შესაბამისი დანადგარები და საშუალება, გასცეს აკრედიტაციის საბუთი, ყველას უნდა ჰქონდეს ამის უფლება. როგორ შეიძლება ამაზე რიგები იყოს? განა არ ფუნქციონირებს ავტოსერვისები, რომელთაც აქვთ დანადგარები? სწორედ ისინი შეამოწმებენ მანქანებში დამონტაჟებულ გაზის აპარატებს. თანაც, ასეთი ავტოსერვისები ძალზე ბევრია.
ამ ორი აკრედიტირებული კომპანიის უკან მონოპოლიას ხედავთ? ვიღაც მფარველობს ამ ბიზნესს და სხვა მოთამაშეებს არ უშვებს ავტობაზარზე?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მონოპოლიზირებულია ორი კომპანიის მიერ.
როგორც ვიცი, ამ კომპანიებიდან ერთი თბილისშია, მეორე-რუსთავში. როგორ უნდა მოიცვას ამან მთელი საქართველო?
- დიახ, ერთი რუსთავშია, მეორე კი - ძველი ქარხანის ტერიტორიაზე, ნაძალადევში. დანარჩენებს არ აქვთ მსგავსი კომპანიების შექმნის უფლება. რატომ, პირობები აქვთ სხვაზე უარესი, თუ ამ ორ აკრედიტირებულ კომპანიას სხვაზე უკეთესი სერვისი აქვს? სინამდვილეში, არანაირი სერვისი მათ არ აქვთ. მხოლოდ საშინელი რიგებია. მე ვფლობ ტაქსის კომპანიას და ვიცი, რომ რიგები იყიდებოდა მანამ, სანამ შს სამინისტრომ მომდევნო განცხადება არ გააკეთა. ფაქტობრივად, დღეს მთავრობამ ამ ორ კომპანიას რიგების გაყიდვის საშუალება მისცა.
რა ფასად იყიდებოდა რიგები?
- ჩემმა მძღოლებმა მითხრეს, რიგების გაყიდვა ხდება, როგორ მოვიქცეთო? მეც გავუშვი მძღოლები და, როგორც მოიტანეს ამბავი, მხოლოდ ნახევარი საათი რომ მდგარიყვნენ რიგში, 50 ლარის გადახდას ითხოვდნენ მათგან.
ვინც ადგილის ყიდვას ვერ შეძლებდა, რამდენ დღეს მოუწევდა რიგში ყოფნა?
- რამდენიმე დღეში ამხელა ავტოპარკს ვერავინ შეამოწმებს. 10 მანქანიდან 8 ბუნებრივ აირზე მუშაობს და ამდენი მანქანა როგორ უნდა გაატარონ? თუ უბრალოდ ამოწმებენ და მარტივად უწერენ საბუთს, ეს არ ვიცი. რეალურად, ხომ უნდა შეუმოწმონ მანქანებს ბალონები, ასევე, შლანგების მდგომარეობა? ფაქტობრივად, ყველაფერი შესამოწმებელია, რათა ბუნებრივ აირზე მომუშავე მძღოლებმა მგზავრები ისე გადაიყვანონ, რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. არ დაიწვას, არ აფეთქდეს მანქანა. ასე რომ, შესაძლოა, ამ მანქანების შემოწმებას ერთი-ორი კვირა ან უფრო მეტიც მოუნდნენ. ხოლო, თუ მაგათ უცბად დაწერეს საბუთები, მაშინ რეალურად არც ამოწმებენ და ეს ფორმალური ფულის მანქანა ყოფილა. ეს ნიშნავს, გადაიხადე თანხა, მე დაგიწერ დასტურს და წადი. ალბათ, ასე ხდებოდა კომუნისტების დროს. სხვათა შორის, ასობით მანქანის სია უდევთ გვარების, ნომრების მიხედვით. ყოველ შემთხვევაში, დილიდან ეს სია ედოთ და მერე ყველა დამშვიდდა, როცა გავრცელდა შსს-ს ინფორმაცია, რომ მანქანების შემოწმება წლის ბოლომდე გადაიდო. ეს ინფორმაცია რომ არ გაევრცელებინა სამინისტროს, ხალხს უკვე მანქანები გაჩერებული ჰყავდა, ბალონებს იღებდნენ, რადგან რიგს ვერ ყიდულობდნენ. გამოდის, ერთი თვე მძღოლები უმუშევად უნდა ყოფილიყვნენ და დალოდებოდნენ, როდის მოუწევდათ რიგი? ადრე ეს პროცედურა ათი ლარი ღირდა, დაუმატებდი კიდევ ათ ლარს და მოგცემდნენ საბუთს, ჩაარტყამდნენ ბეჭედს და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყავი.
დღეს აკრედიტაციის გავლა რა უჯდებათ მძღოლებს?
- 120-დან 150 ლარამდე იძახდნენ, მაგრამ, ვინც ადგილზე მივიდა და ჩაეწერა, მათ უთხრეს, 150-დან 200 ლარამდეო. კარგი ფული კეთდება ამ საქმეში. ნუთუ მთავრობამ არ იცის, გაზის აპარატს რომ დააყენებ, როგორ შეიძლება, წელიწადის განმავლობაში მანქანას მისცე გარანტია? იქ ხომ იმხელა სიმხურვალეა, რომ შლანგები, მილები სკდება. ამიტომ მძღოლები სამ-ოთხ თვეში ერთხელ ნაწილებს ცვლიან. ამ დროს კი ერთი წლით აძლევენ გარანტიას მანქანას, რომელიც ზოგჯერ დღეში 350 კილომეტრს გადის. არასწორად აქვთ ყველაფერი გათვლილი. ბენზინთან შედარებით, გაზზე მანქანის ამუშავება უკეთესია მძღოლის ჯიბისთვის. თორემ პირადად მე მანქანა გაზზე არ მყავს, რადგან საშიშროებას წარმოადგენს. მე ავტოსერვისი მაქვს და ამ ავტოსერვისში ბუნებივ აირზე მომუშავე დამტვრეული მანქანები მოჰყავთ. იცით, რამდენი ადამიანია დაზიანებული გაზის ბალონებით, რომელიც დაყენებული აქვთ ისეთ მანქანებზე, რომელთანც არ აქვთ ე.წ. პერეგაროდკა?! ავარიის შედეგად ამსიმძიმე ბალონი ადგილიდან წყდება, მიფრინავს, სავარძლებს ამტვრევს, ადამიანსაც ხერხემალს უმტვრევს და კლავს. შევიდნენ თავიანთ „შტრაფნოებზე“ და ნახონ, რამდენი ბალონი ულაგიათ ტორპედოზე.
მაშინ ბუნებრივ აირზე მომუშავე ტაქსში ჩაჯდომაც სახიფათოა?
- რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, მანქანაში ორი სალტეთი დამაგრებული ბალონი, რომელსაც არანაირი ტიხარი არ აქვს. ჯიპის მარკის მანქანას ტიხარი არ აქვს, ცხვირით დარტყმისას ამ სიმძიმის ბალონი წყვეტს და გლეჯს ყველაფერს, მოდის შიგნით, ღუნავს მთელ სალონს. ადამიანს რას უზამს? ეს არის ფულის მანქანა, ეს ხალხისთვის არ არის. კარგით, ბალონი არ გასკდა, მაგრამ, თუ დაიმტვრა, მაშინ რას აკეთებენ? მთავრობას ჩემი აზრი არ აინტერესებს, თორემ აირზე მომუშავე მანქანები ასაკრძალია.