ბუკიკიოს ეფექტი

ბუკიკიოს ეფექტი

არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა შერეულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობას საკუთარ ვარიანტს სთავაზობს. 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას იმ პირობით დაუჭერენ მხარს, თუკი მაჟორატარული მანდატების რაოდენობა შემცირდება და პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება. ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან უკან დაბრუნდეს და მიღებული იყოს იმ ცვლილებით და შეთანხებით, რომ ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების შეცვლილი პროპორციებით.

„კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ განცხადებას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ზოგადად, მზად ვართ დისკუსიისთვის, კონსულტაციებისთვის და ამ კონსულტაციების საფუძველზე შესაძლოა, შედგეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასე რომ, შედგება თუ არა სანატრელი კონსენსუსი კვლავ გაურკვეველია, რადგან როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ ერთი პარტიის წინადადებაა. რას ფიქრობენ საპარლამენტო უმცირესობის სხვა პარტიები და პრეზიდენტი გამოცანად რჩება, ისე როგორც მთელი საკონსტიტუციო ბატალიები. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

კონსტიტუციასთან დაკავშირებით კვლავ ქაოსური სიტუაციაა - ახალი ვერსია ვრცელდება, თითქოს უმცირესობა ცვლილებების საკუთარ ვარიანტს სთავაზობს ხელისუფლებას და იმ შემთხვევაში დათანხმდება ცვლილებებს თუ მაჟორიტარების კვოტა შემცირდება. თუმცა, თავად უმცირესობა ამ ფაქტს უარყოფს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაცაზე მიდის ვაჭრობა, მაგრამ კონკრეტულად ვის რისი მიღება სურს, ძნელი გასარკვევია. როგორ ფიქრობთ რა პროცესს ვადევნებთ თვალს?

- მგონია, რომ ბუკიკიოს ეფექტთან გვაქვს საქმე. ოპოზიციამ ნახა, რომ ბუკიკიომ და ვენეციის კომისიამ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა, ცდილობენ ამ კრიტიკული შენიშვნების გამოყენებით ნახონ მოგება - ამის საფუძველზე წამოაყენონ მოთხოვნები. ოპოზიციას გაუჩნდა შანსი და ბუნებრივია, შეეცდება, ამ შანსის ბოლომდე გამოყენებას.

თუმცა კონკრეტულად რას ითხოვს ოპოზიცია გაუგებარია. პირველად ახლა გაისმა, რომ მაჟორიტარების კვოტის შემცირება სდომებიათ. თქვენთვის მაინც თუ არის ცხადი, სინამდვილეში რა შეიძლება უნდოდეს ოპოზიციას?

- კონკრეტიკა არ ვიცი. რასაც აცხადებენ არის ის, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნება, თუ შემდეგი არჩევნებისთვის არ გადავალთ სხვა საარჩევნო სისტემაზეო - ეს არის ერთ-ერთი პუნქტი.

დავუშვათ, ეს მათი პოზიციაა, მაგრამ რისთვის უნდათ, ეს არის გაუგებარი, რადგან ამ საარჩევნო სისტემით უკეთესი შედეგის მიღების შანსი აქვთ - წარმოიდგინეთ, მთელი მაჟორიტარული კვოტა ოპოზიციამ რომ აიღოს, ეს უკვე ნახევარი პარლამენტია.

ამ გზით ის არ წავიდა, ამ დროს ითხოვს საარჩევნო სისტემას, რომლითაც ვერც ერთ ადგილს ვერ აიღებს. ანუ ოპოზიციურ პარტიები, გარდა „ნაციონალებისა“, რომელთაც შეიძლება კიდევ აიღონ გარკვეული რაოდენობა, პროპორციული საარჩევნო სისტემით სერიოზულ შედეგს ვერ მიიღებენ.

ამიტომ, ეს ჭირვეულობას უფრო მაგონებს, ვიდრე პოლიტიკურ ბრძოლას - მათ სურთ გაიტანონ ეს საკითხი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში საერთოდ მოისპობა მათთვის შანსი.

პრეზიდენტის პოზიციაც დაახლოებით მსგავსია, ხან რას ითხოვს, ხან - რას. გამოდის, რომ ყველანი მხოლოდ პრინციპებისთვის იბრძვიან და არა უკეთესი კონსტიტუციისთვის?

- თქვენს კითხვას ბოლოში კითხვის ნიშნის ნაცვლად ძახილის ნიშანს დავუსვამდი და ასე გიპასუხებდით.

ამით რეიტინგს შეიქმნიან? რაში სჭირდებათ ძალების მოსინჯვა?

- ხედავენ, რომ რეიტინგს კარგავენ და სარგებლობენ იმ მეთოდებით, რითაც 25 წლის განმავლობაში ოპოზიცია სარგებლობდა - დაპირისპირება ხელისუფლებასთან მათთვის მომგებიანია, იმდენად, რამდენადაც, პასიურები რომ იყვნენ და ხმა არ ამოიღონ, სულ დაიკარგებიან, ეთერშიც ვერ გამოვლენ - სარგებლობენ ჟურნალისტური არხებით, ჩანან სხვადასხვა ტელევიზიებში, გაზეთებში. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას მთლად დაავიწყდება მათი არსებობა.

დავუშვათ, კონსტიტუცია არის ის ხავსი, რომელსაც ამჟამად ეკიდებიან, მაგრამ თუ საერთოდ ჩაიშალა საკონსტიტუციო პროცესი მერე სად მიდიან? რას აკეთებენ?

- ასეთი მაგალითი რამდენჯერმე გვქონდა. როდესაც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა პოლიტიკური აქტიურობა, ის დაიკარგა პოლიტიკური ველიდან. სხვა შემთხვევებიც გვახსოვს, როდესაც საკმაოდ ძლიერი პარტიები დაიკარგნენ. პოლიტიკურ ცხოვრებას აქვს თავისი კანონები და თუ სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდი, საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრები.

დღესაც საკმაოდ ბევრი პარტიაა ამისი კანდიდატი და რაც შეუძლიათ, ხმამაღლა ყვირიან. და, რაც უფრო ხმამაღლა ყვირიან, მით უფრო ეცემა მათი რეიტინგი, რადგან მოსახლეობა ვერ ხედავს ლოგიკას მათ ქმედებაში, მოთხოვნებში. ეს ალოგიკურობა ქცევაში კი, ხიბლს არ მატებს პოლიტიკოსებს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც არ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, მაინც მის წისქვილზე ესხმება წყალი, რადგან მეორე მხარეს სრული გაურკვევლობაა. როგორ ფიქრობთ ოპოზიცია სათანადოდ რატომ არ აფასებს ამ სიტუაციას?

- ვფიქრობ, რომ ოპოზიცია მართლაც დიდ სამსახურს უწევს ხელისუფლებას თავისი გაუგებარი ქმედებებით. ხელისუფლებას ასეთ სიტუაციაში შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს თავისი რეიტინგი - რაკი წინასაარჩევნო პერიოდია და რეიტინგებია აქტუალური.

რა პრეტენზიაც დღეს ხელისუფლების მიმართ ისმის, არის ზედმეტი სირბილე, უხერხემლობა, დამთმობლობა. ამიტომ ეს პროცესი ასე რომ გაგრძელდეს, როგორც მიდის, ბევრს არაფერს დაკარგავს ხელისუფლება, მაგრამ თუ ჭკვიანურად მოიქცევა, დამატებითი ქულების მიღებაც შეუძლია. თუ ანახა საზოგადოებას, რომ მას ოპოზიციასთან არგუმენტირებული პოლიტიკური ბრძოლა შეუძლია, ეს საზოგადოების სიმპათიებს უთუოდ მოუტანს.

შეუძლია ხელისუფლებას არგუმენტირებული ბრძოლა?

- ამ უნარს დებატები ავლენს ხოლმე. ჯერჯერობით რა დებატებიც იყო, მთლად გამართულად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ის აგრძელებს ბრძოლას. მაგალითად, მერობის კანდიდატად მან ძლიერი ფიგურა წამოაყენა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ იბრძვის საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის.

ეს კარგია თუ ცუდი?

- დავუშვათ, გაიმარჯვა ერთმა პარტიამ რას მივიღებთ ამით? - ეს წამგებიანი იქნება თვითონ პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

სწორედ ამიტომ ხომ არ ცდილობენ საკონსტიტუიციო პროცესის ჩაშლას, რომ ამას დაწეული ბარიერიც თუ მიჰყვება როგორმე, მერე უფრო მეტი იქნება სალაპარაკო, თუნდაც ერთპარტიულობაზე?

- ბარიერის დაწევის საკითხი უკვე მიღებულია, მაგრამ ესეც ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ოპოზიციური პარტიები ამ ბარიერს თუ გადალახავენ, პარლამენტში მოხვდებიან 2-2 კაცით. „პატრიოტთა ალიანსიც“ არის 6 კაცით შესული, მაგრამ ეს ცვლის კლიმატს? იგივე მოხდება სხვა პარტიების შემთხვევაშიც. ბარიერი კი არ უნდა დაეწიათ, არამედ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოეხდინათ, რომ 5%-იანი ბარიერი გადაელახათ მეტი ხმებით.

ოპოზიცია ყველაფერზე ზრუნავს გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ხმები აიღოს - კანონის მანიპულაციით მიიღოს ხმები და არა მოსახლეობის მხარდაჭერით.

ანუ როგორც არიან მიჩვეულები?

- როგორ გითხრათ, „ნაციონალების“ გარდა გამარჯვება არავის უნახავს და ნაციონალებმაც, როდესაც გაიმარჯვეს, სულ სხვა შემადგენლობა ჰქონდათ, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.