„ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შორის შესაძლოა, შერწყმა მოხდეს. ასეთ ვერსიას ავითარებს ევროკავშირის კოორდინატორი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჟილ დე კერშოვი.
„ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდე „ალ-ქაიდას“ სახელი აზანზარებდა მსოფლიოს. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას უკავშირდება 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია ამერიკაში. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან „ალ-ქაიდას“ შეხედულებით აშშ ისლამის წმინდა ადგილების წამბილწველ ქვეყნად მიიჩნეოდა.
მართალია, „ალ-ქაიდას“ მიზანი დაახლოებით „ისლამური სახელმწიფოს“ ანალოგიური იყო და ის პან-ისლამური ხალიფატის დაარსებას გეგმავდა, თუმცა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ ალ-ქაიდა დაემხო. ზოგიერთი კი „ალ-ქაიდას“ უკან ჰიდრას ეფექტს პროგნოზირებდა, როცა ერთი მოჭრილი თავის ნაცვლად, ორი ახალი თავი ამოვიდოდა.
რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორ ჟილ დე კერშოვს, ბელგიურ გამოცემასთან საუბრისას კერშოვი აღნიშნავს, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობს თავის საქმიანობას ინტერნეტსივრცეში. ამდენად, ტერორიზმთან ბრძოლისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა აუცილებელი. პარალელურად, ამას უნდა მოჰყვეს ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდის შემცირება. საამისოდ ევროკავშირში შექმნილია გუნდი, რომელიც ინტერნეტის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. სწორედ ამ გუნდმა 30 ათასი არაკანონიერი საიტი გამოავლინა.
რამდენად დაამძიმებს მსოფლიოში ისედაც დამძიმებულ ვითარებას „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შერწყმა?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თეორიულად არაფერს გამორიცხავს. მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ისეთ ჩაკეტილ ორგანიზაციებთან, რომელთა შინაგან ანატომიაზეც ინფორმაცია ნაკლებია.
როგორც For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუკი ჩვენ მხოლოდ უკანასკნელი ათი წლის ისტორიულ გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, ასეთი ტერორისტული ორგანიზაციების გაერთიანებები ყოველთვის პრობლემური იყო, ვინაიდან მათ შიგნით ძალზე რთული დაპირიპირებები და წინააღმდეგობები ჰქონდათ ერთმანეთთან. თანაც, ამ ორ დაჯგუფებას შორის სისხლიც იყო დაღვრილი და ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. ამდენად, სოსო ცინცაძე რთულად ვარაუდობს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ გაერთიანებას.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორივე ორგანიზაცია დიდი ხანია, გასცდა თავისი არსებობის პიკს. დაღმართისკენ მიექანება მათი რესურსიც, შესაძლებლობაც და მიმზიდველობაც ისლამურ სახელმწიფოებში.
არა მგონია, ამან შეცვალოს თანაფარდობა, ვინაიდან დღეს მთავარი ვიოლინო ფულის, სამხედრო ძალის, პოლიტიკური ნების თვალსაზრისით, არის ამერიკის პრეზიდენტი-დონალდ ტრამპი. ის „დაციკლულია“ ისლამური ტერორის წინააღმდეგ. ამიტომ ამერიკა თავის რესურსებს კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. თუ აუცილებელი გახდება, სავარაუდოა ისიც, რომ ტრამპმა არა მხოლოდ სპეცნაზი და დაზვერვითი სამსახური, არამედ ჯარიც კი გაგზავნოს ისლამურ ტერორთან საბრძოლველად, საარმიო ოპერაციებიც განახორციელოს მათ წინააღმდეგ. ამდენად, გინდაც მოხდეს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ ძალზე ჰიპოთეტური გაერთიანება, არა მგონია, ამან მკვეთრად შეცვალოს ძალთა თანაფარდობა. მით უმეტეს, ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ „ალ ქაიდამ“ ძალა დაკარგა, ხოლო რაყას დღეები ამჟამად დათვლილია, მოსული კი პრაქტიკულად აღებულია.
რაც შეეხება ტერორისტულ აქტებს, ამ აქტების მთელი სიმძიმე გადავა ევროპაზე. რადიკალური ისლამური ტერორიზმი ასე ადვილად დასამარცხებელი არ არის, მაგრამ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი არმიით, ფულით, სამინისტროებით, თავისი დრო მოჭამა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდას“ შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე დაჯგუფებას წარმოადგენენ და ებრძვიან ერთმანეთს, ეს მათ ხელს არ უშლის სტრატეგიული ოპერაციების დაგეგმარებისას მჭიდრო კოორდინაციისთვის.
„ისლამური სახალიფოს პროექტი, ანუ კვაზი სახელმწიფოს შექმნა კრახით სრულდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ისლამური სახალიფო გადავა „ალ-ქაიდას“ ტაქტიკაზე. „ალ-ქაიდას“ არჩეული ჰქონდა ბრძოლა სამხედო ოპერაციების კუთხით, რასაც, ასე თუ ისე, წარმატებით ასრულებდა. ამდენად, მოსალოდნელია, რომ ისლამური სახალიფო ახალი ტიპის ტერიტორიებს შეარჩევს. დიდი ალბათობით, ისლამური სახალიფოს ტერიტორიები იქნება ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში. მოსალოდნელია, აქეთკენ გადაინაცვლოს დაპირისპირების გრავიტაციის ცენტრმა. ჩავთვალოთ, რომ ისლამური სახალიფოს კვაზი სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ თავისი როლი ითამაშა ჯიჰადისტური გლობალური პროექტის განხორციელების საქმეში. ამას პირველ ეტაპად თვლიან თავად ჯიჰადისტები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს პროექტი პროამერიკული და პრორუსული ანტიტერორისტული კოალიციების წყალობით წარუმატებლად დასრულდა. ამიტომ ამის ფონზე ისინი მოახდენენ კოორდინაციას და ერთმანეთთან თანამშრომლობას. შესაბამისად, მათი გაერთიანება გამორიცხული არ არის. ამ გაერთიანებას შეიძლება კიდევ შეუერთდეს თალიბანი ავღანეთში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ რადიკალი ისლამისტების ასეთი გაერთიანება სერიოზული საფრთხე იქნება მსოფლიოსთვის. მით უმეტეს, რომ ისინი იქნებიან კიდევ უფრო დაუნდობლები, აგრესიულები და გადავლენ ისეთი ტიპის საბრძოლო ოპერაციებზე, რომელმაც შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს საერთაშორისო საზოგადოებას. პრობლემაა ისიც, რომ ისლამური სახალიფოს გააქტიურება უკვე საქართველოშიც მიმდინარეობს.