„ვინ ვის მოატყუებს, ანუ რუსები რომ იტყვიან, „პერეხიტრიც“, ამის შანსი პუტინს უფრო აქვს, ვიდრე-ტრამპს“

„ვინ ვის მოატყუებს, ანუ რუსები რომ იტყვიან, „პერეხიტრიც“, ამის შანსი პუტინს უფრო აქვს, ვიდრე-ტრამპს“

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრის ძირითადი საკითხი სირია-უკრაინის თემა იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით CNN-ი იუწყება. შეხვედრა 7-8 ივლისს ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ფორმატში გაიმართება. თავდაპირველი ინფორმაციით, სწორედ „დიდი ოცეულის“ ფორმატში სურდა ტრამპს პუტინთან სრულფასოვანი შეხვედრის გამართვა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმთავითვე იუწყებოდა, რომ ეს შეხვედრა სრულფასოვანი კი არა, მხოლოდ ფორმალური და ხანმოკლე იქნებოდა.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ირწმუნებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა. თუმცა დღესდღეობით მოსკოვს ამის ნაკლებ იმედს უტოვებს ვაშინგტონის წამყვან წრეებში წამოწყებული მზარდი ანტირუსული ისტერია. რას მოუტანს მხარეებს პირველი შეხვედრა და ვის უფრო ძლიერი პოზიციები აქვს საწყის ეტაპზე-დონალდ ტრამპს თუ ვლადიმერ პუტინს? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ამერიკა-რუსეთს შორის მოთელვის პერიოდი დასრულდა. მართალია, ტრამპი გულს იმშვიდებს, რომრუსეთი ძლიერი ქვეყანაა, თუმცა აშშ კიდევ უფრო ძლიერია“, მაგრამ პირისპირ შეხვედრისას გაირკვევა, რომელ ქვეყანას უფრო ძლიერი ლიდერი წარმოადგენს. წინასწარი ინფორმაციით, მხარეები სირია-უკრაინის თემაზე ისაუბრებენ და შეხვედრისას არ განიხილავენ თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინის სტარტი ბევრად უფრო უკეთესია, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ აუცილებელი მოკავშირის, როგორი იქნება ტრამპის პირველი ნაბიჯები ისტორიულ მტერთან შეხვედრისას?

- ცხადია, ამ შეხვედრისას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხი არ განიხილება. მთავარი აქ ის არის, რომ თვითონ ამერიკაშიც არ არის ერთსულოვნება იმის თაობაზე, რა კურსი უნდა დაიკავოს ტრამპმა, კიდევ უნდა ეცადოს პუტინთან საერთო ენის გამოძებნას, თუ მკვეთრი პოზიციის დაკავებას?! რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ულტიმატუმის ენით საუბარს, მკვეთრი პოზიციის წინ წამოწევა სრულიად სხვა საკითხია. არც ის არის გამოსარიცხი, ტრამპმა ეძებოს მისასვლელი გზები პუტინთან, რადგან ამერიკელი მიმომხილველების საერთო აზრით, ტრამპი უფრო მოუმზადებელია ამ შეხვედრისთვის, ვიდრე თავად პუტინი.

რუსეთის ლიდერი ბევრად უფრო მომზადებულია და ამერიკელ ექსპერტთა უმრავლესობა შიშობს, რომ პუტინი შეძლებს ტრამპის მოტყუებას. ვინ ვის მოატყუებს, ანუ რუსები რომ იტყვიან, „პერეხიტრიც“, პუტინს ამის უფრო მეტი შანსი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ამერიკელების აზრი.

ობამა-პუტინის პირველი შეხვედრისას ობამამ გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა. მაშინდელი შეხვედრა რუსეთისთვის სასარგებლო იყო, რადგან ნულიდან იწყებოდა ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის. დღევანდელ ვითარებაში ამერიკელები გადატვირთვის გულუბრყვილო პოლიტიკას აღარ მიმართავენ, მაგრამ რომელი პოზიციის დაკავებაა უმჯობესი ტრამპისთვის, მოჩვენებითი გულუბრყვილობის თამაში პუტინთან თუ სიხისტე? მით უფრო, რომ ამერიკისადმი ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებში სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ აშშქვეყნიერების შერიფიარ არის.

- დღეს თვითონ ტრამპს აქვს არამყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით. ფონად რა მისდევს ამ შეხვედრას?! ფონად მისდევს კონგრესი, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეთანხმება დონალდ ტრამპს; სასამართლოები, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით აუქმებენ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებებს ქვეყნის შიგნით და საგანგებო პროკურორი - რობერტ მიულერი, რომლის შეცვლასაც ტრამპი ფიქრობს, ანუ მას არ მოსწონს საგანგებო პროკურორი. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთ დროს, რასაკვირველია, პუტინს უფრო მეტი კოზირის კარტები აქვს ხელში.

პუტინს მეტი კოზირი ექნება თუნდაც იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანები მას აფეტიშებენ. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ამბობს: „პუტინი ფენომენია, ტრამპი კი მულტფილმის გმირი. პუტინს შეუძლია ამ პლანეტაზე ბევრს მშვიდობა მოუტანოს, ის უმაღლეს ლიგას წარმოადგენს. ტრამპს კი რომ შეხედავ ტელევიზორში, სხვა არხზე უნდა გადართო“.

- დიახ, ეს მომენტი ნამდვილად არის. თუმცა ტრამპი მარტო არ გახლავთ. მარტო ამერიკასთან ჩვენ არ გვაქვს საქმე და არც მარტო რუსეთთან, ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან. გარდა ტრამპისა, ამერიკაში კიდევ ბევრს ეთქმის სიტყვა, გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი სიტყვა მაინც. საინტერესოა, როგორი იქნება ამერიკის საზოგადოებრივი აზრი. ასევე, საინტერესოა ჯეიმს მეტისის, თავდაცვის მდივნის პოზიცია, რომელთანაც პუტინს გაუჭირდება დიალოგი, თუ მიუშვებენ, მაგრამ მეტისი იქ არ იქნება. ანგარიშგასაწევია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - რექს ტილერსონის პოზიციაც, რომელიც უკვე ყველაფერში ბრმად აღარ ემხრობა ტრამპს. წინააღმდეგობები ნამდვილად არის.

ჩვენ სხვანაირად ვართ მიჩვეულნი. საქართველოსა და რუსეთში ერთი რასაც იტყვის, სხვა, მეორე აზრი აღარ არსებობს. ამერიკის სიძლიერე კი იმაშია, რომ იქ პრეზიდენტს ძალზე ბევრი უფლებები აქვს, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

დიდი ოცეულისფორმატში შეხვედრისას საუბარი შეეხება ბაშარ ასადის მხარდაჭერას რუსეთის მიერ. როგორ გგონიათ, ამ საკითხში ტრამპის პოზიციები ძლიერი არ იქნება? მაღალი ტრიბუნებიდან ამერიკელები ხომ ღიად ადანაშაულებენ რუსეთს ასადის დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერაში?

- ტრამპისთვის პრიორიტეტი დღეს არის ისლამური სახელმწიფო, რომელიც, მისი აზრით, უნდა განადგურდეს. ტრამპისთვის ბაშარ ასადი არ არის პრიორიტეტი, მისთვის არ დგას საკითხი ისე, რომ ასადი აუცილებლად უნდა წავიდეს. ცოტა რთულად არის აქ საქმე, რადგან ამერიკის მოკავშირეები არიან ქურთები. ქურთებს კი ასადიც ვერ იტანს და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც არ წყალობს. ამიტომ ძალზე რთული მოზაიკაა.

როგორც წესი, გლობალური მოთამაშეების შეხვედრისას საქართველოზე საუბრის დრო არასდროს რჩება. ალბათ, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი.

- საქართველოს ადგილი ასეთი შეხვედრების დროს არ არის. ერთადერთი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩამოვა და შესაძლოა, მან ჩვენს პრემიერს მეტი ინფორმაცია მისცეს. „დიდი ოცეულის“ ფორმატში კი ძირითადად უკრაინის და სირიის საკითხი განიხილება. პუტინი ყოველმხრივ შეეცდება, მთავარ განსახილველ პრობლემად აქციოს „ისლამური სახელმწიფო“, ტერორიზმი.

ცხადია, პუტინი შეეცდება გადაიტანოს ყურადღება იმ თემებზე, რაც მისთვის მომგებიანია და არა-საქართველოზე, ან უკრაინაზე. ამითაც ხომ არ ახსნით მოვლენების კიდევ უფრო დაჩქარებას ცხინვალის რეგიონში? მარატ კულახმეტოვი ოკუპირებულ ცხინვალსთანამედროვე სახელმწიფოდჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა. რუსებმაც გაუმაგრეს კულახმეტოვს ზურგი და კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს საზღვარი ჩვენს ტერიტორიაზე.

- რასაკვირველია, პუტინი შეეცდება, უკრაინა-საქართველოს თემებიდან გადაიტანოს ყურადღება. თუმცა ჰამბურგში საქართველოზე საუბარი არც იქნება. რაც შეეხება რუსებს, ისინი საზღვარს სწევენ აქეთა მიმართულებით, მაგრამ ცხივალის რეგიონიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება მაინც შეუძლებელია. ვერც ე.წ. თანამედროვე სახელმწიფოს ვერ ჩამოაყალიბებენ ცხინვალის რეგიონში და ვერც ძველმოდურს. ნუ იქნება თანამედროვე, იყოს თუნდაც შუა საუკუნეების, ან მე-19 საუკუნის, მაგრამ ამის რესურსი ცხინვალის რეგიონს არ აქვს, მოსახლეობა არ ჰყავს, მრეწველობა არ აქვს. ასე უბრალოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბება არ ხდება. ახლა რუსებმა 500 მეტრით გადმოსწიეს საზღვარი, მაგრამ ვისი ბრალია ეს? 2008 წელს ნუ წამოვეგებოდით იმ პროვოკაციაზე და კოდორიც ჩვენი იქნებოდა და ყოფილი ლენინგორიც, ანუ დღევანდელი ახალგორიც. მცოცავი ანექსიაც არ იქნებოდა. ჩვენ გვინდა, სისულელე გავაკეთოთ, დეგენერატულად მოვიქცეთ და მერე ვთქვათ, შეგვეშალა და ძველი სიტუაცია აღვადგინოთო?! ასე არ არის.

მაგრამ ახლა მიშა ხომ არ არის, წესით, ხომ უნდა დარეგულირებულიყო ურთიერთობა? თუმცა 500 მეტრით კიდევ გადმოსწიეს საზღვარი, ახლა რისთვის გვსჯის რუსეთი?

- ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხში ევროპა და ამერიკა ვერ გვეხმარება. ე.ი. უნდა ვეძებოთ რაღაც სხვა გზები და არა ისე, რომ ვიძახოთ ევროპა-ამერიკა და გინდა გორამდე მოვიდნენ დამპყრობლები. აქ ქვეყნის სუვერენიტეტის გაგონება არავის სურს, ამ დროს „სითი პარკის“ ქმედება ქვეყნის სუვერენიტეტს არ ხელყოფს? რომელიღაც თქვენს კოლეგას გაუვრცელებია, თითქოს მე ანტისემიტი ვიყო. რატომ არ სცემენ პასუხს მთავარ დამნაშავეს? მე მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს? რატომ არ ამბობს უგულავა, რა ვალდებულება იკისრა „სითი-პარკმა“ და, თუ დღეს „სითი პარკზე“ ხმა ამოიღე, თურმე ებრაელ ხალხს ებრძვი. რა, ებრაელი ხალხი გაიგივებულია ერთ კომპანიასთან? მაშინ უფლება აღარ გვქონია, „გაზპრომზე“ ვილაპარაკოთ, რადგან ამით მთელ რუს ხალხს ვებრძვით. არის ებრაელი ხალხი, არის ებრაული სახელმწიფო და არის ებრაული კომპანია, რომელთანაც ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს და არ ვიცით, ვინ მოაწერა ხელი თაღლითურ დოკუმენტებს. „სითი პარკს“ ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ უგულავამ აღიაროს მაინც, რას მოაწერა ხელი. ამ დროს იგი ჩუმად არის.