პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნისთვის პოლიტიკური ნიადაგის შექმნას ცდილობს

პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნისთვის პოლიტიკური ნიადაგის შექმნას ცდილობს

რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართვას. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რამდენად შესაძლებელია საქართველოში რეფერენდუმის დანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუკი საინიციატივო ჯგუფი შეძლებს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, ხელმოწერების შესწავლის შემდეგ, ცესკო საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას უკვე საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად საინიციატივო ჯგუფს აქვს არაუმეტეს 3 თვისა. ამის შემდეგ ისინი მასალებს ცესკო-ს წარუდგენენ და საარჩევნო კომისიის სპეციალური სტრუქტურული ერთეული კანონმდებლობის თანახმად ამოწმებს შემოსულ მასალებს.

„ამის შემდეგ, თუკი შემოსული მასალები არის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში, აღნიშნული მასალები, ცესკო-ს დასკვნა და ასევე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაეცემა, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს არაუმეტეს 30 დღისა, გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს ანა მიქელაძე.

სწორედ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნას საკითხზე - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?“

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი დააკმაყოფილებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას. ამ მოსაზრებას ამყარებს პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში ხალხის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„საზოგადოების ჩართულობისთვის ყველა მექანიზმის გამოყენება აუცილებელია. ზოგადად ხალხის ჩართულობის ყველა მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი. ეს პლებისციტი იქნება, რეფერენდუმი იქნება თუ ასე შემდეგ.

თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში, აბსოლუტურად აზრი ეკარგება ყველაფერს, იმიტომ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე თავიდან დაბრუნება სახალხო გამოკითხვების ფორმით შედეგს არ მოიტანს“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველა მხარეს ურჩევს, რომ სპეკულირებისგან თავი შეიკავონ და უკეთ აუხსნან საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმის სისტემის შინაარსი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

„ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. მოსახლეობის 81% მხარს უჭერს პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით, ასევე მოსახლეობის 75% მხარს უჭერს პრემიერის არჩევას პირდაპირი წესით. ეს მარტივი ექსპერიმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ხალხს არ შეუქმნი წარმოდგენას სისტემის არსის თაობაზე, მარტივად შეიძლება ის შეიყვანო შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ მანიპულირებისგან და სპეკულირებისგან თავი შეიკავოს და უკეთ აუხსნას საზოგადოებას იმ სისტემის შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ არასწორია საკითხის ასე დასმა, მით უმეტეს, როცა მოქმედი კონსტიტუცია არ გულისხმობს რეფერენდუმის გამოყენებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას. ძაბირაძე მხარს არ უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს. კონსტიტუციონალისტს პრეზიდენტის არჩევის საკუთარი მოდელი აქვს - პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს არაპირადაპირი არჩევით, მაგრამ მის არჩევას უნდა სჭირდებოდეს როგორც ოპოზიციის უმრავლესობის, ასევე უმრავლესობის უმრავლესობის მხარადჭერა.

„ეს არის ჩემი მოდელი, თუ გვინდა, რომ პრეზიდენტი იყოს მართლაც პოლიტიკურად ნეიტრალური და მართლაც იყოს გამაერთიანებელი. სხვა შემთვევაში ის იქნება მმართველი გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატი, რომელსაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციურად განწყობილი არც საზოგადოება აღიარებს და არც პოლიტიკური ოპოზიცია“, - ამბობს ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესზე ლაპარაკი არ არის სწორი. კონსტიტუციაში მთლიაობაში არის ეს თავი განსახილველი.

„ყოველ შემთხვევაში იმ მოდელს, რომელიც დღეს არის და რომელიც უპირობოდ ნიშნავს, რომ ეს იქნება მმართველი გუნდის პრეზიდენტი, ალბათ, ისევ ჯობია პირდაპირი წესით მოხდეს არჩევა, თუმცა ხიფათის შემცველია. მაგრამ გამომდინარე გიორგი მარგველაშვილის ხასიათიდან და პოზიციიდან, მან წესით, უნდა დანიშნოს რეფერენდუმი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რეფერენდუმის დანიშვანას შეუძლებლად მიიჩნევს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, კანონმდებლობით რეფერნდუმი ტარდება მთელს ტერიტორიაზე, არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელ ტეროტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება, შეუძლებელია.

„ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. თუ რეფერენდუმი დაინიშნება, რეალურად იქმნება საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ირიბად ვაღიარებთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენს შემადგენლობაში არ არის. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდეგ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს რეფერენდუმის ჩატარებისგან.

კი ბატონო, პლებისცისტი კიდევ შეიძლება, მოსახლეობის გამოკითხვაა. მაგრამ რეფერენდუმის ჩატარება და მისი მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ ვითარებაში, თუნდაც ამ მიზეზიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. რომც ჩაატარონ ეს რეფერენდუმი მერე რა, მეტი პოლიტიკური რისკები იქნება იმისა, რომ შეთანხმებისკენ არ წავიდნენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.