„საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობისთვის“

„საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობისთვის“

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საქართველოს ახალი პოლიტიკა თურქეთის მიმართ, ძალიან მჭიდრო თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის და ევროკავშირის ხედვებთან. ამბობს, რომ დღეს, თურქეთი უხერხული პარტნიორი გახდა ნატოსთვის, შებასაბამისად, თურქეთი, როგორც უშუალო მეზობელი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი გახდეს საქართველოსთვის.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

როგორ ხსნით თურქეთის მხრიდან, მეზობელი ქვეყნის ტერიტორაზე, საკუთარი სპეცსამსახურების, წმინდა ოპერატიული საქმიანობის ჩასატარებლად გაგზავნას?

ხათუნა ლაგაზიძე: თურქეთში გამძაფრებული ავტორიტარული მართვის ტენდენციები რომ მხოლოდ თურქეთის ფარგლებში არ დარჩებოდა, ეს თურქეთში დაწყებული მასობრივი დაკავებების ფონზეც გამოჩნდა. გამომდინარე იქედან, როგორ გამწვავდა თურქეთის ურთიერთობა მისსავე პარტნიორ ქვეყნებთან ნატოში, სავარაუდო იყო, რომ თურქეთი თავის აქტივობას, მათ შორის არასამოკავშირეო და არაპარტნიორული მეთოდებით გაააქტიურებდა საქართველოში. დღეს ჩვენ ამის მოწმენი ვართ.

შესაძლოა ეს იყოს საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური მრწამსის კონტროლი? თურქეთში პრემიერის თანამდებობის გაუქმებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას საქართველოში მცხოვრებმა თურქმა ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს.

- დიახ, თურქეთის ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს თურქული წარმოშობის მოქალაქეები, როგორც ახლო სამეზობლოში, ასევე ევროპაში. ეს პოლიტიკა, რამაც ფაქტობრივად დასამარებამდე მიიყვანა ათათურქის სეკულარული თურქეთი, ხორციელდება ძალიან ბევრ ქვეყანაში თურქეთის მხრიდან. როდესაც თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები წინასარეფერენდუმო სააგიტაციო შეხვედრებისთვის არ შეუშვეს გერმანიასა და ჰოლანდიაში, მაშინ ერდოღანმა მოუწოდა თურქეთს - გამრავლდით, რომ ამით ევროპა დავიპყროთო.

რაც შეეხება ერდოღანი-გიულენის დაპირისირებას და ამ მოტივით თურქული სასწავლებლებისთვის შექმნილ პრობლემებს და დაკავებებს, როგორ ფიქრობთ, თურქეთი ცდილობს გულენთან დაპირისპირება მეზობელ სახელმწიფოში გადაიტანოს?

- ეს არის გულენისტების დევნის ოპერაცია, ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური მეთოდებით. რა თქმა უნდა, ის, რასაც თურქეთი აკეთებს, სიახლეს არ წარმოადგენს. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქეყნის სპეცსამსახური ატარებდა ასეთი ტიპის ღონისძიებებს სხვა ქვეყნებში - არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურს სხვა ქვეყანაში დევნილის სტატუსით მყოფი საკუთარი მოქალაქე მოუტაცებია - იგივე ნატოს ერთი წევრი ქვეყნის სპეცსამსახურს - ნატოს წევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ თავისთავად ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთი მხრივ, თურქეთი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანი ცდილობენ გარკვეულ ზეწოლას საქართველოზე, ეს რეალურად დამაფიქრებელი ტენდენციაა.

დღეს, იგივე ნატოს წევრი თურქეთის შეკავებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ნატოს სახელმწიფოები. თურქეთი სიდიდით მეორე სამხედრო ქვეყანაა ნატოში და შესაბამისად, ნატოს ყველა ოპერაციაშია წარმოდგენილი. ბოლო პერიოდში, ბალკანეთში სულ უფრო და უფრო იზრდება ერთი მხრივ თურქეთის და მეორე მხრივ რუსეთის გავლენა და ამის პარალელურად სულ უფრო მცირდება ევროკავშირისა და ნატოს გავლენები.

დღეს ნატოს სარდლობა ფიქრობს იმაზე, რომ როგორმე ბალკანეთში თუ ვერ შეამცირებს ნატოს დანაყოფების ფარგლებში თურქი სამხედროების რაოდენობას, ის მაინც მოახერხონ, რომ მათი რიცხვი აღარ გაზარდონ - იმდენად არაკომფორტულ პარტნიორად იქცა თურქეთი ნატოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენც აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თურქეთის მხრიდან სულ უფრო მეტ არაკომფორტული ნაბიჯები. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს თურქეთთან ურთიერთობის ახალი ტაქტიკა, უპირატესად აშშ-ის, რომელიც ინტერესს არა თუ კარგავს საქართველოს მიმართ, არამედ გამძაფრებული ინტერესი აქვს და ამას ადასტურებს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტიც. საქართველოს ახალი პოლიტიკა თურქეთის მიმართ, დიდწილად თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის და ევროკავშირის მიდგომებთან. თურქეთი ნატოსთვის გახდა უხერხული პარტნიორი, მით უმეტეს, ჩვენი ზომებიდან და თურქეთთან უშუალო მეზობლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, იგი კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი გახდეს საქართველოსთვის.

ახალი ტაქტიკა, ალბათ, საქართველოს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების პარალელურად უნდა შემუშავდეს?

- რასაკვირველია. გასათვალისწინებელია დაძაბულობაც თურქეთ-ამერიკის ურთიერთობაში, რის მიზეზადაც თურქეთი აშშ-ის მხრიდან ქურთული შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერას მიიჩნევს. კერძოდ, ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში ქურთული ფორმირებები, რომლებიც ძირითად სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობენ დღესაც, მათ შორის, შეიარაღებითაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ქურთული მოსახლეობის გამო, თურქეთს თავად აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და ეკიდება ქურთების აქტივობას ნებისმიერი მიმართულებით.

ერდოღანს ეკუთვნის ფრაზა - „ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, შურს ვიძიებთ“...

- თურქეთის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ სექტემბრისთვის ერაყში ქურთული ავტონომიის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, რასაც თურქეთი ახლო აღმოსავლეთში დიდი ქურთული სახელმწიფოს წინაპირობად მიიჩნევს. ერაყსა და სირიაში, რამდენიმე მსხვილ პროვინციაში ქურთებს, ფაქტობრივად, აქვთ ავტონომია, გარდა ამისა, თურქეთში რამდენიმე მილიონი ქურთი ცხოვრებს. თურქეთისთვის კოშმარულ სიზმარს ჰგავს ის რეალობა, რომელშიც შეიძლება ახლო აღმოსავლეთში დადგეს ერთიანი ქურთული სახელმწიფოს ფორმირების შემთხვევაში, რომელიც ერაყის, სირიისა და თურეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებისგან შედგება.

ერდოღანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კოშმარი მისთვის რეალობად არ იქცეს. ყველაფერი ერთად ქვეყნის შიგნით ერდოღანის რეჟიმის მაქსიმალურ გაძლიერებას ემსახურება, ხოლო ქვეყნის გარეთ თურქეთის პოზიციების გაძლიერებას და გაფართოებას.

მთლიანობაში, ჩვენ ვიღებთ თანამედროვე თურქეთის ახალ სახეს, რომელთანაც ახალი ტიპის ურთიერთობების დამყარება უწევს, სამწუხაროდ, როგორც აშშ-ს, ასევე თურქეთის სხვა პარტნიორებს ნატოს ფარგლებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმ რეალობას, რომ საქართველოსაც მოუწევს ახალი ტიპის თურქეთთან ურთიერთობის დაწყება, ოღონდ იმ დაშვებით, რომ თურქეთი რჩება ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს მეზობლად და სტრატეგიულ პარტნიორად. მით უმეტეს, რომ ერთადერთი სახელმწიფოა ნატოსი, რომელიც საქართველოს ესაზღვრება.

თურქეთთან უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური კეთილმეზობლური და სტარეტგიული პარტნიორობის ურთიერთობები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების იგნორირების ხარჯზე...

- რა თქმა უნდა. ჩვენ თურქეთთან არ უნდა დავიყენოთ თავი დაქვემდებარებული პარტნიორის როლში. ჩვენ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ გვიდგას. თურქეთს ძალიან ბევრი მიმართულებით სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა. შეუძლებელია, რომ საქართველო აჰყვეს თურქეთის ხელისუფლებას ყველა მის წამოწყებაში, რომელიც საქართველოში მცხოვრები თურქი მოქალაქეების დევნას ითვალისწინებს.

ნებისმიერ ფასად, საქართველოს უნდა დარჩეს რეგიონში დემოკრატიის ერთადერთი საყრდენად, რაც მისი ხიბლია დღეს დასავლეთისთვის, მაგრამ არც ის უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ოპოზიციის საბუდარად ვიქცეთ. იმიტომ, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, და მეორეც, საქართველო არ არის ისეთი მასშტაბის ქვეყანა, რომლისთვისაც სულ ერთია გაღიზიანდება თუ არა მისი მეზობელი და სტარეტგიული პარტნიორი.

ამ შემთხვევაში საქართევლოს რა ალტერნატივა აქვს?

- თურქეთს ორი ალტერნატივა აქვს: ერთი - დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და ეს უნდა იყოს მისი პრიორიტეტი მეზობლებთან ურთიერთობაში, უარი არ უთხრას მეზობელი ქვეყნების ოპოზიციას თავშესაფარზე, რაც საქართველოს შეუნარჩუნებს რეგიონში დემოკრატიის საყრდენის იმიჯს, მაგრამ სერიოზული გამოწვევაა მისი უსაფრთხოებისთვის.

მეორე - საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ცალსახად უარი თქვას თურქეთიდან თუ აზერბაიჯანიდან დევნილი ადამიანების შეფარებაზე.

არც ერთი და არც მეორე ხაზი საქართველოსთვის იდეალური არჩევანი არ არის...

- როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, საქართველოს უსაფრთხოებისთვის არა მარტო თურქეთთან და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობებია მნიშვნელოვანი, არამედ უმნიშვნელოვანესია დასავლეთის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. ჩვენს უსაფრთხოების ჩარჩოს სწორედ დასავლეთის მხარდაჭერა და კეთილგანწყობა შეადგენს. თუ ჩვენ უარს ვიტყვით საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების აღიარებაზე, ჩვენ გავხდებით ძალიან სერიოზული არა მარტო ზეწოლის, არამედ დარტყმის ობიექტი დასავლეთისგან, რითიც საბოლოოდ მოვშლით იმ ფარს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას იცავს.

გასაგებია, რომ თურქეთის შიდა პოლიტიკა არის გულენთან ბრძოლა, მაგრამ საქართველომ რა უნდა ქნას, როდესაც მის ქვეყანაში მოქმედებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები?

- ის, რომ საქართველო არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი, ამაში განსაკუთრებული და ახალი არაფერია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო არის ხელსაყრელი ლოკაციის ადგილი ამერიკის, რუსეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისთვის.

გამოდინარე აქედან, თურქეთთან ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკა ერთობლივად უნდა მუშავდებოდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, იმიტომ, რომ მარტო ამ გამოწვევებთან გამკლავებამ შეიძლება შეცდომა დაგვაშვებინოს. შეცდომების გარდა, შეიძლება უბრალოდ რესურსი არ გვეყოს თურქეთის ხელისუფლების ზოგიერთი გამომწვევი ქმედების გასანეიტრალებლად. თურქეთი არის ჩვენი უდიდესი მეზობელი და პარტნიორი, მაგრამ დაზღვეული უნდა ვიყოთ პარტნიორთან ურთიერთობაში უხერხული მომენტისგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენ არაფერი შეგვეშალოს, ჩვენი პოლიტიკა იყოს შესაბამისობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომებთან.

გაზეთისაბაჰარომელიც პრეზიდენტ ერდოღანის სიძის ეკუთვნის, აქვეყნებს სტატიას, რომლითაც ქართულ მედიას და ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს, თითქოს გულენისტები ქართული მედიის წარმომადგენლებს ფულს უხდიან და რეპორტაჟებს აკეთებინებენ. რაზე მეტყველებს ასეთი ცილისმწამებლური კამპანია ქართული მედიის მიმართ?

- აბსოლუტურად გაუმართლებელი და გაუგებარი შეფასებაა. საქართველოს ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე, საგარეო პოლიტიკური საკითხების გაშუქებისა და შეფასებისას ეყრდნობა დემოკრატიულობის პრიმატს - მისთვის მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, რამდენად არის დაცული დემოკრატიული პრინციპები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

საქართველოს ჟურნალისტებს არავისგან მოსყიდვა არ სჭირდებათ იმისათვის, რომ რეალურად დაინახაონ თურქეთში მიმდინარე პროცესები. ჩვენთვის ისეთივე მტკივნეულია დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა თურქეთში, როგორც ევროპის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

შეშფოთება, რასაც ჩვენი ჟურნალისტები გამოხატავენ, განპირობებულია იმ სურვილით, რომ ნებისმიერ ქვეყანას სურს მეზობლად ჰყავდეს რაც შეიძლება დემოკრატიული და საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისმცემელი სახელმწიფო და - ეს სრულიად ბუნებრივია.