ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებაც და დაცვაც ჩიხშია

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებაც და დაცვაც ჩიხშია

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა. სახელმწიფო ბრალდება დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას ოთხოვდა, რის საფუძვლადაც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა.

თავის მხრივ დაცვის მხარემ დეკანოზის 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. გირაოს უზრუნველყოფაში კი, დეკანოზი მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩადებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

ამის მიუხედავად, დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე მამა გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ. ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს სულ 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს დასაკითხი. თავად დაცვის მხარე კი, ერთი მოწმის, ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ამ საკნდალურ საქმეზე საერთო ჯამში 20-მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, ასევე აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. თუმცა, ამის მიუხედავად, საქმის გარშემო ახალი გარემოებები და კითხვები ჩნდება. ამჯერად, დაცვა ამტკიცებს, რომ დახურულ სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდი უპირველესად ოქრომჭედლობაში გამოიყენება.

დეკანოზის დახური პროცესსზე დაიკითხნენ ბალისტიკური და ფიზიკოტექნიკური ექსპერტები, რომლებმაც ისაუბრეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე. ასევე, დაიკითხენ ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტები, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს ბრალდებულ გიორგი მამალაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებზე.

სახელმიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ სასამართლო დაკითხვაზე ექსპერტებმა განმარტეს, რომ არ არსებობს არანაირი მონტაჟის ნიშნები, საუბარი მიმდინარეობს უწყვეტად და არანაირი ხელოვნური ჩარევები ამ ჩანაწერებში არ მომხდარა. გარდა ამისა, დაიკითხენ ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ბრალდებულის ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებაზე ჩაატარეს ექსპერტიზა.

ასევე დაიკითხნენ რევიზორები, რომლებმაც ბრალდებულსა და ერთ-ერთ შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლეს. ხელშეკრულება ეხება მამა გიორგი მამალაძის მიერ თითქოსდა აუდიტის ჩატარებას საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით.

განსხვავებულია დაცვის მხარის შეფასება. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერების შოვნა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა, პროკურატურას გამოძიების ეტაპზეც კი არ დაუსვამს ექსპერტებისთვის კითხვები ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენების თაობაზე.

„დაკითხულ ექსპერტებს შორის იყვნენ თსუ-ს პროფესორ-აკადემიკოსები, რომლებმაც ჩაატარეს ქიმიური კვლევები იმ ნივთიერებაზე, რომელიც ჩაუდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მოწმეებმა თქვეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება არის ოქროს გამოყვანა. დეკანოზმა გამოძიებას 60 ფურცელზე მეტი ჩვენება მისცა, იმიტომ, რომ მისი ჩვენების საფუძველზე პროკურატურას ჩაეტარებინა რეალური გამოძიება.

ჩვენებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა ციანიდის შოვნა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. პროკურატურას კი არც ერთი ექსპერტისთვის არ უკითხავს, გამოძიების პერიოდში გამოიყენება თუ არა ეს ნივთიერება ოქრომჭედლობისთვის.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება მხოლოდ ერთადერთ, წინასწარ დაკვეთილ ვერსიაზე მუშაობდა და ყველა სხვა დანარჩენი ვერსიის გარშემო, მათ შორის ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე გამოკვეთილ ვერსიაზე კითხვებსაც კი არ სვამდა“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

რაც შეეხება ვიდეოკადრებს, ადვოკატის თქმით, ექსპერტებმა ამ მიმართულებითაც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი დეტალები დაადასტურეს.

„როცა საუბარია ჩანაწერებში შორენას „მარილზე გაშვებაზე“ და იქ ეს წინადადება თავიდან ბოლომდე იკითხება ასე - „შორენა წავა მარილზე, ვინაიდან მამა გაბრიელს მასზე აქვს ნაწინასწარმეტყველება, რომ ის გაგიჟდება და საპატრიარქოში არ შეუშვებენ“, ჩვენ დავუსვით ექსპერტებს კითხვა, არის თუ არა ამ წინადადებაში წყვეტა, ან ხელოვნური მანიპულაცია, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს არის ერთი წინადადება და სიტყვა მარილი გამოყენებულია იმ წინადადებაში, სადაც საუბარია შორენა თეთრუაშვილისთვის მამა გაბრიელის წინასწარმეტყველების ახდენაზე“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, ექსპერტების დაკითხვის შემდეგ გამოვლინდა, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა დეკანოზს შეხება იარაღთან, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს. ბრალდებული დეკანოზის დაცვა ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე ექსპერტიზა მხოლოდ იარაღის ვარგისიანობაზეა ჩატარებული. რაც შეეხება დაქტილოსკოპიურ შემოწმებას, ადვოკატის თქმით, გამოძიებას არ დაუსვამს ექსპერტიზისთვის კითხვა, არის თუ არა იარაღზე დეკანოზის ანაბეჭდი.

„ცეცხლსასროლ იარაღს ორი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა. ერთმა ექსპერტმა ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. აქვე ჩატარდა მეორე ექსპერტიზაც, რომელსაც უნდა მოეძებნა იარაღზე ნომერი. ამის გამო ექსპერტმა მთლიანი იარაღი დაამუშავა სპეციალური ხსნარით და სპეციალური ტამპონებით. ამით იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა, მათ შორის გენეტიკური კვალიც.

რაიმე დნმ-ის კვალი რომ ყოფილიყო იარაღზე, ამის მერე უბრალოდ, შეუძლებელია კვალის აღმოჩენა. შესაბამისად, ამ იარაღის შემხებლობა ირაკლი მამალაძესთან ვეღარ აღმოჩნდებოდა, ისევე როგორც ვეღარ დადგინდებოდა ის პირი, თუ პირები, ვისაც შეიძლებოდა ამ იარაღთან კავშირი ჰქონოდა“, - აცხადებს დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.

თავის მხრივ, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არის კუსტარულად დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის.

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილი განცხადებით, იარაღი, რომელიც მამა გიორგის სახლიდან ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, მამალაძე აუცილებლად ვარგის იარაღს მიუტანდა მამა გიორგის და ჩადებული მომწამვლელი ნივთიერება ხარისხიანი იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, ირაკლი მამალაძე აუცილებლად ვარგის იარაღს მიუტანდა მამა გიორგის და ჩადებული მომწამვლელი ნივთიერება - ციანიდიც აუცილებლად ხარისხიანი და მოქმედი იქნებოდა. ეს არაფერ ეჭვს არ ბადებს, რადგან უხარისხოს არ ჩაუდებდნენ სამართალდამცველი ორგანოები“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თავის მხრივ საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური განმარტავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე დამატებითი ექსპერტიზა იმის გამო არ ჩატარებულა, რომ ბრალდებული თავად აღიარებს იარაღის უკანონო მოპოვება-შენახვას.

წიკლაურის განცხადებით, დახურულ პროცესზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მხრიდან დაისვა კითხვები, თუ რატომ არ ჩაუტარდა იარაღს დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა. რაც შეეხება რამიშვილის განცხადებას, რომ იარაღი გიორგი მამალაძე არ კუთვნის, წიკლაურის შეფასებით, სიცრუეა.

„ერთ-ერთმა ადვოკატმა ისიც განაცხადა საჯაროდ, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო ამ კონკრეტულ ადვოკატს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ეს იარაღი ამოღებულია მისი საძინებლიდან. იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის ქონას და რომ ეს იარაღი მას ეკუთვნის, არავითარი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება აღარ იყო.

უდაოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ბრალდებული, საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ამ უტყუარ ფაქტს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის განცხადებით, თავად ბრალდებულმა უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც იარაღის მოპოვებასა და ფლობის მიზანს ეხება.

„რაც შეეხება იმას, საიდან მოიძია ბრალდებულმა ეს იარაღი, რატომ ინახავდა და რა საჭირო იყო, რომ ეტარებინა ეს იარაღი, ამაზე ბრალდებულმა თავად უნდა გასცეს პასუხი და ამ კითხვებს დავუსვამთ ბრალდებულს, როდესაც დაიკითხება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.