მუსტაფა ემრე ჩაბუკი იმედოვნებს, რომ ცარიელ საქმეზე დაყრდნობით, რომელიც მის წინააღმდეგ შეიქმნა, ქართული სასამართლო და ხელისუფლება არ დაუშვებს მის ექსტრადირებას თურქეთში. დემირელის სკოლის მენეჯერი for.ge–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფეთჰულლაჰ გულენს პირადად არ იცნობს, მაგრამ ამბობს, რომ შეუძლებელია არ გაიზიარო გულენის აზრები და ფრაზა, რომ ჭეშმარიტი მუსლიმანი ტერორისტი არ გახდება და ტერორისტი ჭეშმარიტი მუსლიმანი ვერ იქნება.
for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მუსტაფა ემრე ჩაბუკთან.
ბატონო მუსტაფა, ჩვენი ინტერვიუ მინდა დავიწყო ფეთჰულლაჰ გულენით, ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც დაკავებული ხართ, სწორედ გულენია. შეხვედრიხართ მას როდესმე და რამდენად იზიარებთ მის იდეოლოგიას?
მუსტაფა ემრე ჩაბუკი: ფეთჰულლაჰ გულენს პირადად არ ვიცნობ და არც არასოდეს შევხვედრივარ მას. არც სატელეფონო საუბარი მქონია, არასოდეს ვყოფილვარ აშშ-ში, მაგრამ, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კითხულობს და ინტერესდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, ვიცნობ გულენის იდეოლოგიასა და შეხედულებებს.
შეუძლებელია არ გაიზიარო ბატონი გულენის აზრები მშვიდობის, დიალოგის, განათლების, ურთიერთდახმარების, ურთიერთგაცნობის, სიყვარულის, მშვიდობიანი თანაცხოვრების საჭიროების შესახებ, ან მისი ფრაზა, რომ „ჭეშმარიტი მუსლიმანი ტერორისტი არ გახდება და ტერორისტი ჭეშმარიტი მუსლიმანი ვერ იქნება“.
შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით მოხდა თქვენი დაკავება. რატომ დაუკავშირდა თქვენი სახელი ფეთჰულა გულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული?
– უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც თქვენთვისაც ცნობილია, ფეთჰულლაჰ გულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა მხოლოდ თურქეთში, გარკვეული პოლიტიკური წრის მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კი, არც ამერიკაში, არც ევროპაში, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის კვალიფიცირებული ტერორისტულ ორგანიზაციად.
ჩემი დაპატიმრების მიზეზია და ბრალად მედება გერმანიაში მცხოვრები დამფუძნებლების მიერ საქართველოში მოქმედ სკოლებში მათი წილების ნაწილის ამერიკაში რეგისტრირებულ საგანმანათლებლო ფირმისათვის გადაცემის ხელშეწყობა. ჯერ ერთი, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ წილების გადაცემის პროცედურაზე განაცხადი საქართველოში გაკეთდა და, ქართულ მხარეს ჩემს წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. წილის გადამცემი მხარე გერმანიაში ცხოვრობს და მათ მიმართ არანირი გამოძიება არ მიმდინარეობს.
მესამე მხარეს წარმოადგენს აშშ-ში რეგისტრირებული საგანმანათლებლო ფირმა, რომელიც ტერორისტული ან ტერორისტების მარდამჭერი ორგანიზაციების სიაში არ არის შეყვანილი. გასაკვირია, როგორ შეიძლება წილების გადაცემის მცდელობას, რომელშიც სამი ქვეყნის სახელი ფიგურირებს – საქართველო, გერმანია და აშშ, საბრალდებო დასკვნაში მიეცეს თურქეთში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია და დემოკრატიის გზაზე მტკიცე ნაბიჯებით მიმავალ საქართველოში ეს ბრალდება სერიოზულად იქნას აღქმული! მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ქართული სასამართლო გაითვალისწინებს ქართველი ხალხის პოზიციას და ჩემს შესახებ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბატონო მუსტაფა, წილის შემსყიდველს რა კავშირი აქვს ფეთჰულა გულენთან და FETO-სთან?
– მე აღნიშნული სკოლების წილის მფლობელების მინდობილი პირი ვარ საქართველოში და მევალება დამფუძნებლების გადაწყვეტილების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე. პარტნიორებმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება მათი კუთვნილი წილების ერთი ნაწილის აშშ-ში რეგისტრირებულ ფირმაზე გადაცემის შესახებ. მე დამავალეს ამ პროცედურის განხორციელება.
მე, მივმართე იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ წილების გადაცემის პროცედურა არ შესრულდა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზის – არასრული დოკუმენტაციის გამო. ამ პროცედურების შემდეგ, მაისის თვეში თურქეთიდან მოწოდებული სასამართლო გადაწყეტილების საფუძველზე, დამაპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული პროცედურების მითითება ჩემში მთელ რიგ ეჭვებს იწვევს.
მე არ ვიცნობდი აშშ-ში რეგისტრირებულ ფირმას, მათთან მოლაპარაკებებს დამფუძნებლები წარმართავდნენ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ აღნიშნული ფირმაც და ფეთჰულლაჰ გულენიც რაიმე ტერორისტული მოძრაობის წევრები რომ ყოფილიყვნენ, ტერორიზმთან ისეთი აქტიურად მებრძოლი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, არ მისცემდა მათ საკუთარ ტერიტორიაზე საქმიანობის საშუალებას.
რამდენადაც ცნობილია და როგორც თქვენ ამბობთ, დემირელის სკოლის დამფუძნებელი ოფიციალურად გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმენია, ამ სკოლას და საერთოდ საქართველოში მოქმედ თურქულ სასწავლებლებს რა კავშირი აქვთ გულენთან? გულენი ფინანსურად, ან თუნდაც, ლიტერატურით ეხმარებოდა სკოლებს?
– თქვენს ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლებიც თავისუფლად შეძლებდნენ პასუხის გაცემას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭიროა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისაგან ავტორიზაციის მიღება. ავტორიზაცია სერიოზული პროცესია და ამ პროცესში ცენტრი დაწესებულების საქმიანობას გულდასმით შეისწავლის, ამის შემდეგ კი, გარკვეული პერიოდულობით, მონიტორინგებს ატარებს.
ჩვენი სკოლები ქართულია და ისინი მთლიანად ექვემდებარებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოსწავლეებისა და მასწავლებლების 95% ქართველია. სახელმძღვანელოები, სასწავლო პროგრამები სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული. სკოლის დირექტორები ქართველები არიან. საქართველოს განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე სკოლაში რაიმე სახელმძღვანელოს, ან სხვა მასალის შეტანა გამორიცხულია.
რაც შეეხება ჩვენი სკოლების მიერ დახმარების მიღების საკითხს, 2016 წლის აგვისტოში, ჩვენს სკოლებში საგადასახადო სამსახურმა ჩაატარა შემოწმება. შემოწმების შედეგად არ დაფიქსირებულა რაიმე უკანონო შემოსავალი ფინანსური დახმარების სახით, ან პირიქით სკოლიდან ფინანსური რესურსის გადინება. ჯარიმის დაკისრება მოხდა მხოლოდ ბუღალტრულ პროცედურებში დაშვებული შეცდომების მიზეზით და ამ დასკვნის სადაო ნაწილი ჩვენს მიერ გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროში.
საგადასახადო სამსახურის გარდა, ფინანსურმა პოლიციამაც ჩაატარა ინსპექცია, შედეგად არანაირი კანონდარღევევა არ დაფიქსირებულა. ყოველივე ეს ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს სკოლებს ფეთჰულლაჰ გულენთან რაიმე სახის კავშირი არ აქვთ და არც დახმარება მიუღიათ მისგან სახელმძღვანელოების, ან ფინანსების სახით.
ყველას გვახსოვს კონსულის განცხადება, რომ ეს სასწავლებლები დაკავშირებული არიან ტერორიზმთან, რასაც მალევე მოჰყვა შაჰინის სკოლის დახურვა. დემირელის კოლეჯის გარშემო არსებული პრობლემა, ანუ თქვენი დაკავება რამე კავშირში არის შაჰინის სკოლის დახურვასთან?
– რა თქმა უნდა, დაკავშირებულია. ეს მოვლენები ჩვენი სკოლების წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ნაწილია და მიზნად ისახავს სკოლების ქონებისა და ჩვენი საყვარელი მოსწავლეების მითვისებას. მოკლედ გავაკეთებ რეზიუმეს, რა პროცესების წინაშე აღმოჩნდნენ ჩვენი სკოლები აღნიშნული განცხადების შემდეგ.
კერძოდ, თურქეთის მოქალაქე ყველა მშობელი აიძულეს გაეყვანათ მათი შვილები სკოლიდან; ერთ–ერთი ძლიერი ჰოლდინგის შეთავაზებები სკოლების შესყიდვასთან დაკავშირებით; ერთდროული შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ; ფინანსთა პოლიციის ჩხრეკა სწავლის დაწყების პირველ დღეს; ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმება; წილების გასხვისების დახარვეზება; მთელ უძრავ-მოძრავ ქონების დაყადაღება; პარტნიორების ქვეყანაში არ შემოშვება; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხშირი და უსაფუძვლო მონიტორინგები და სამინისტროს დუმილი და სხვა.
თქვენს დაკავებამდე დააკავეს საქართველოში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი, სინან სარაჩი, მასაც ბრალად შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ედება. სარაჩის დაკავებასა და თქვენს დაკავებას შორის არის რაიმე კავშირი?
– დიახ, ვხედავ კავშირს. ბატონი სინან სარაჩი ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელია. მასმედიის საშუალებებიდან ვიცი, რომ იგი თურქეთში პატივცემული ბიზნესმენი იყო და ტრაბზონში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს ეხმარებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლებში თურქეთში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის დევნა მიმდინარეობს. ცხადია, რომ სინან სარაჩსაც ეს პროცესი შეეხო.
თურქეთმა ბოლო დროს გადაუხვია დემოკრატიის იმ გზიდან, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა. განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამიზნე გახდა ყველა დემოკრატიული დაწესებულება და ორგანიზაცია. ეს არ ეხება მხოლოდ სასწავლო დაწესებულებს, სამიზნედ იქცნენ აგრეთვე ფონდები, სატელევიზიო არხები, მედია საშუალებები, ელექტონული მედია, უმაღლესი სასწავლებლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, სამხედრო პირები, სხვა ორგანიცაზიები და პირები.
მიზანი შემდეგია – ერთნაირად მოაზროვნე საზოგადოებისა და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბება. როგორც მე მახსოვს, თურქეთში ბოლო დროს განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებულთა სტატისტიკა ასეთია: სამსახურიდან გათავისუფლდა 138 000–ზე მეტი ადამიანი, 105 000–ზე მეტი პატიმრობაში იმყოფება. სხვა მონაცემებიც მინდა მოგახსენოთ, დაახლოებით 52 000 მსჯავრდებულია, 8 300–მა პროფესორ–მასწავლებელმა დაკარგა სამსახური, 4 500 მოსამართლე და პროკურორი გათავისუფლდა სამსახურიდან. დაპატიმრებულია 200–ზე მეტი ჟურნალისტი.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა თურექთის ხელისუფლების სამიზნე საგანმანათლებო სისტემა?
– თურქეთში ამჟამად არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები, არამედ ნებისმიერი კერძო სექტორი არის დახურვის, ან დიდი ოდენობით დაჯარიმების დაწესების საფრთხის წინაშე. დახურულია 2 000 სკოლა, საერთო საცხოვრებელი და უნივერსიტეტი. ასევე დაიხურა 150 მედია ორგანიზაცია, მათ შორის ძალიან ბევრი სერიოზული ჰოლდინგები, მათ შორის მსხვილი ბიზნესი, რომელთა რაოდენობა ნამდვილად არ მახსენდება.
განსაკუთრებული ინტერესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ იქიდან გამომდინარეობს, რომ ახალშექმნილი საგანმანათლებლო ფონდი „მაარიფ“, რომელიც ძველ თურქულში განათლებას ნიშნავს, მოკლე დროში, ნაკლები ხარჯით ცდილობს მთელს მსოფლიოში საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბებას.
ამ ეტაპზე ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება. გაქვთ იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება მოგანიჭებთ ლტოლვილის სტატუსს? და იმ შემთხვევაში, თუ არ მოგენიჭათ ლტოლვილის სტატუსი, მოხდება ექსტრადირება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს?
– 15 წელია საქართველოში ვცხოვრობ. საქართველო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ქართველებსაც ძალიან ვუყვარვარ. მჯერა, რომ ქართული სასამართლო და ხელისუფლება არ გადასცემს ჩემს თავს თურქეთს, იმ, ფაქტობრივად, ცარიელ საქმეზე დაყრდნობით, რომელიც ჩემ წინააღმდეგ შეიქმნა. ბუნებრივია, რომ მინდა ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს და მომეცეს ჩემს საყვარელ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრების უფლება.
რაც შეეხება თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, ამის შესახებ საკმარისი ცნობები მივაწოდე დევნილთა სამინისტროს ჩემი ადვოკატის მეშვეობით. კონკრეტული ფაქტები თურქეთში ადამიანების წამებისა და წამების შედეგად ადამიანების გარდაცვალების თაობაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიისა და ეუთოს მეთვალყურეების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში არის აღნიშნული.
ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იქნა გატაცებული, წამების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 50–ს აღემატება. სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს და ახლადნამშობიარებ ქალებსაც კი არ ეძლევათ ელემენტარული სამედიცინო დახმარებით სარგებლობის საშუალება. შევხვდი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს და თავშესაფარი ვითხოვე საქართველოს სახელმწიფოსგან, რადგანაც ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.
ამჟამად თქვენ ხართ საპატიმროში, როგორია თქვენი პირობები ქართულ ციხეში და შეგიძლიათ აგვიღწეროთ რა პირობებში იმყოფებით?
– აქ ნორმალური პირობებია. ცუდად არ მექცევიან და აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილია, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ უსამართლოდ მოხდა ჩემი დაპატიმრება და თავისუფლების შეზღუდვა, ფსიქოლოგიურად დამთრგუნა. იმ დროს, როდესაც ჩემ ოჯახსა და შვილებს განსაკუთრებულად ვჭირდები, მე უსამართლო პატიმრობაში ვიმყოფები. მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მინდა ყოფნა, რაც შეიძლება მალე. მოუთმენლად ველი 7 ივლისს. ჩემი ოჯახი, შვილები, თანამშრომლები და ჩემი მოსწავლეები ძალიან მენატრებიან.