„პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იქნება მონანიება, რომ 2008 წელს არ იყო დროული და სათანადო რეაგირება“

„პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იქნება მონანიება, რომ 2008 წელს არ იყო დროული და სათანადო რეაგირება“

საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთი, რომელიც კონფლიქტის მთავარი მხარეა, განაგრძობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევას და აგრძელებს მცოცავ ანექსიას. რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან გუშინ ე.წ. საზღვარი გადმოწიეს და დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მოჰყვა, რუსეთი პერიოდულად ანახლებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

რუსმა ოკუპანტებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოები განაახლეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მოსახლეოაბს სახნავ-სათეს ფართობზე წვდომა შეეზღუდა.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვას ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იზღუდება არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტური უფლებები, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

ბერშუეთში იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილზე ჩავიდნენ სამართალდამცველები, ქართველი დეპუტატები და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენლები.

კირბალის თემის გამგებელი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით ეცდება, მოსახლეობამ საკუთარი მიწიდან მოსავლის აღება შეძლოს.

„ანალოგიური შემთხვევა გვქონდა შარშან. სოფელ ზემო სობისში, აქედან 500 მეტრშია დაახლოებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 6 ჰექტარი მოჰყვა იმათ მხარეს, მაგრამ შევძელით, რომ ნათესი აგვეღო და მეპატრონეს მიეღო მოსავალი. წელსაც ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს და ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობით, აღნიშნულ მოსავალს წელსაც ავიღებთ“, - აცხადებს დავით ცერცვაძე.

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულოვი აცხადებს, რომ საკითხი ძალიან მკაცრად დადგება 11 ივნისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე. ხუბულური პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მოლაპარაკებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით. ახლიდან კონფლიქტს ვერ გავაღვივებთ. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ხელისუფლების მიზანი და დღე და ღამე მიდის ამაზე შრომა“, - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გაააქტიურდება „ცხელი ხაზი“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით, მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლინებად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მიზანი ვერ იქნება საიდუმლო, მას შემდეგ, რაც სრულიად მკაფიოდ, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის სახელმწიფოებრივი განვითარება.

„ჯერჯერობით ბწკენები მიმდინარეობს, შეიარაღება ძალიან მარტივი იქნება იმისათვის, რომ უკვე გვიჩქმიტონ კიდეც. ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, ვიდრე რაიმე გაუგებრობა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი დამკვიდრება ევროატლანტიკურ სივრცეში.

აუცილებელია, გონს მოვიდეთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობის უმეცარი ნაწილი, რომ თუ არა ევროპაკავშირი, მაშინ გვაქვს ალტერნატივა საბჭოთა კავშირის სახით. რას ვაკეთებთ ჩვენ? - ავიტაცეთ მაჟორიტარების თემა და ამაზე ვართ გადართულები, ნურავინ გამიბრაზდება, მაგრამ თავში ქვა უხლიათ ჩვენ მაჟორიტარებს, როდესაც მიმდინარეობს ქვეყნის ტერიტორიების ანექსია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ დღეს, რუსეთის აგრესიის დამაკავებელი არის საერთაშორისო ზეწოლა.

„მყისიერად უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენი მიწის თითოეული მტკაველის ოკუპაციაზეა და ეს იქნება გარკვეული მონანიება, რასაც ახლა აღიარებენ, რომ 2008 წელს არ იყო დროული და სათანადო რეაგირება. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს საკუთარი კეთილდღეობა აფიქრებს და ერთიანი ეროვნული სულისკვეთება არ ჩანს. შეიძლება რუსეთის ამ ძალიან უსინდისო ქცევამ გააერთიანოს საქართველო“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.