„საქართველში მკვლელების ჯგუფი უნდა გაიგზავნოს და ისინი უნდა დაიხვრიტონ“ –  ჩაბუქის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

„საქართველში მკვლელების ჯგუფი უნდა გაიგზავნოს და ისინი უნდა დაიხვრიტონ“ – ჩაბუქის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

საქართველოში რთული დრო დაუდგათ გიულენის მოღალატეებს, რომლებიც განაგრძობენ მოღალატეობრივ საქმიანობას“; „ქართული მასმედიის წარმომადგენლებს ფულს უხდიან, სტატიებს და რეპორტაჟებს აკეთებინებენ“; „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გამართულ პრესკონფერენციაზე მოღალატე გიულენისტებმა თურქეთის მიმართულებით მუქარით სავსე განცხადებები გაავცელეს“, – ასეთ შეფასებას აძლევს თურქული მედია, თბილისში დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე  ჩაბუქის მხარდასაჭერად გამართულ აქციას.

ცაკლე განხილვის თემაა სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის განცხადებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავებულის მეუღლის მიმართ. ტუბა  ჩაბუქზე სოციალური ქსელის საშუალებით ხორციელდება მუქარა, ძირითადად თურქეთიდან. მუქარის ტექსტი ასეთია:

საქართველში მკვლელების ჯგუფი უნდა გაიგზავნოს და ისინი უნდა დაიხვრიტონ“; (საუბარია ტუბა  ჩაბუქზე) „ძაღლის შვილი გულენი და მისი მომხრეები უნდა ჩამოახჩო, სამშობლოს მოღალატეების ადგილი საფლავია“; „სამშობლოს მოღალატეები და ძაღლის შვილები უსაფრთხოდ დაცული არ იქნებიან“; „სამშობლოს მოღალატე და მისი შვილების ადგილი საფლავია, თუ მაგრები ხართ მოდით თურქეთში და თქვით თქვენი სათქმელი“; „ჩვენ აქ თქვენს საგვარეულოს და სანათესაოს ჩამოვახრჩობთ, ამაზე ნუ ინერვიულებთ“; „რატომ არ მივდივართ იქ და არ ვანადგურებთ“; „ამდენი უუნარობა წარმოუდგენელია, თურქეთი რატომ არ აგზავნის იქ ჯგუფს და ამ მოღალატეებს რატომ არ აკვლევინებს, ისრაელის დონეზეც არ ვართ, მკვლელების ჯგუფი გავაგზავნოთ და ამ ნაბიჭვრების მკვლელობა სავალდებულო გახდეს?!“ – ეს გახლავთ მოკლე ჩამონათვალი მუქარის შემცველი შეტყობინების, რომელსაც დაკავებულის მეუღლე და მისი მცირეწლოვანი შვილები ღებულობენ.

for.ge–სთან საუბრისას ადვოკატრი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადებები ქმნის სრულიად საფუძვლიან ეჭვს, რომ პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე  ჩაბუქის ოჯახი არის საფრთხის ქვეშ და არ არიან დაცული არც საქართველოში.

ადვოკატის განცხადებით, დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოხდება ტუბა  ჩაბუქისგან სპეციალური ინტერვიუს აღება და ამის შემდეგ დაცვის მხარე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან ოფიციალურად მოითხოვს სახელმწიფო დაცვის გამოყოფას და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას.

„გაგაცანით მუქარის ტექსტის მხოლოდ მცირე ნაწილი, არსებობს სხვა უფრო მძიმე ტექსტი, სადაც პირდაპირ შეურაცხმყოფელი ფორმით ხდება მუქარა. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მოხდეს ოჯახის ლიკვიდაცია. ეს უკვე ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია გამოყოს დაცვა.

თუ ადამიანის სოცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის ადამიანი. ეს მუქარის წერილები და სტატიები ამძაფრებს ეჭვს, რომ დაუშვებელია ბატონი ემრეს ექსტრადირება თურქეთში და, რა თქმა უნდა, ამაზე საუბრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაიდან „Amnesty international“–ი, წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველომ არ უნდა გადასცეს მუსტაფა ემრე  ჩაბუქი თურქეთს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.

სახელმწიფო დაცვას ითხოვს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომ მასზე სოციალური ქსელების მეშვეობით ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.

„სოციალური ქსელებით ხორციელდება მუქარა, ძირითადად თურქეთიდან. ისმის მოწოდებები, რომ ჩამოვიდნენ თბილისში ჯგუფები, გვიპოვონ და დაგვხვრიტონ. ადვოკატს მივმართე, რომ მეშინია და ის მიმართავს შესაბამის უწყებებს დაცვის გამოყოფის მოთხოვნით“, – განაცხადა ტუბა ჩაბუქმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ლტოლვილთა სამინისტრო ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს.

სოსო ბარათაშვილმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მუსტაფა ემრე  ჩაბუქის საქმის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა. დოკუმენტაცია მოიცავს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს და განცხადებებს, თუ როგორი საფრთხე ემუქრება თურქეთში საპატიმროში მოხვედრილ ადამიანს.

„ასევე თურქეთის მედიის მხრიდან ბატონი მუსტაფა, მისი ოჯახი და დემირელის კოლეჯის პედაგოგები მოხსენიებული არიან მოღალატეებად. ასევე ქართული მედია ხსენებულია, თითქოს საქმეზე შეკვეთილ სტატიებს ავრცელებს. ვთხოვთ ბატონ მინისტრს, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი 24 მაისს ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე, ტერორიზმში ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. თურქული მხარე პატიმრის სამშობლოში ექსტრადირებას ითხოვს. თავად ბრალდებულმა და მისმა ოჯახმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა. მისცემენ თუ არა მუსტაფა ემრე  ჩაბუქს და მის ოჯხს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, საქართველოს მთავრობამ 7 ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს.

for.ge–სთან საუბისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლომიძემ განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია შესწავლის პროცესშია და მას ის დოკუმენტაციაც დაემატება, რომელიც ოჯახის ადვოკატმა დღეს წარადგინა.

„საბოლოო გადაწყვეტილება 7 ივლისს იქნება მიღებული. კვლევა მიმდინარეობს, ყველანაირი დოკუმენტაციის შეჯერების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი ლომიძემ.