„ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩნდებოდა ვერსიები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე“

„ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩნდებოდა ვერსიები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე“

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი დახმარებასა და შეღავათებს პირდება. ამ დროისთვის ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მოვაჭრეების შეშვება მიმდინარეობს, რათა მოხდეს აღწერა და ზარალის დათვლა.

აღწერის შემდეგ მერიის წარმომადგენლობა მეპატრონეებთან შეხვედრს გეგმავს რათა მათთან ერთად დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები. როგორც მერიაში აცხადებენ, სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია დამწვარი საქონლის, იქამდე ციფრებზე საუბარი შეუძლებელია.

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, „ელიავას ბაზრობაზე“ საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ასევე, მზადაა დახმარება გაუწიოს ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით და ბაზრობის ადმინისტრაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ქეთევან ლოლაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, დაზარალებულთა ნაწილს საქონელი დაზღვეული არ ჰქონია. დაზარალებული ელექტროგაყვანილობის მიზეზით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის დროს ელექტროენერგია გათიშული იყო. სხვა დაზარალებულები გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

მართალია, დედაქალაქის მერია ყველას მოუწოდებს, მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ, მაგრამ როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის ეს არგუმენტი არ არის.

„სრულიად უზნეობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები, ასეთი ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას და ხდება პოლიტიკური მანიპულაცია“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. მისივე განმარტებით, ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებული ადამიანების დახმარება და ობიექტური გამოძიების სწრაფად ჩატარება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ერთადერთი, რაც გასაჭირში გაერთიანებულ ხალხს და ხელისუფლებას უცნაურ მომენტად დაამახსოვრდება, სწორედ ოპოზიციის ქცევა იყო“.

მერიის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, მერიის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები.

„ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქალაქის მთავრობა და შესაბამისი სამსახურები პირველივე წუთებიდანვე ადგილზე იყვნენ ხალხის და დაზარალებულების გვერდით და ასე იქნება მომავალშიც. ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩნდებოდა ვერსიები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე, თუმცა რამდენად აქვს ამ ვერსიებს არსებობის საფუძველი, ამას გამოძიება დაადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემაა ის, რომ სახანძრო უსაფრთხოების სფერო მთლიანად დაცლილია სახელმწიფო რეგულაციებისგან, რაც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს.

„საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ყველას ერთად მომხდართან დაკაშირებით სხვა შეკითხვებიც უნდა გვქონდეს. რატომ მოხდა, რომ 2004-2012 წლებში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სრულიად იგნორირებული იყო. სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის უამრავ საცხოვრებელ სახლში. ღმერთმა ნუ ქნას და სახანძრო მანქანები ვერც კი მიუახლოვდებიან საცხოვრებელ კორპუსს და ობიექტებს. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება, ვერსიებს - ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე - ის შეიძლებოდა გაჩენილიყო თბილისის განვითარების გენერალური გეგმიდან გამომდინარე, რომელიც ორიოდე დღის წინ შევიდა მერიაში.

გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების განცხადებით, დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს, თუმცა სამუშაო ჯგუფი მერიას სთავაზობს მხოლოდ გეგმას და დანარჩენი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.

ეს ჩანაწერი გულისმხობს მფლობელებთან მოლაპარაკებას და მათი პირობების დაცვას. პროცედურულად, მერიამ გეგმის განხილვა უნდა მოაწყოს 2-3 თვის განმავლობაში, სხვადასხვა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კი, ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინოს.

ასე რომ, საეჭვოა, ქალაქის განვითარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწროს. ამიტომ ვის ინტერესში შეიძლება იყოს ხანძარი თუ დადასტურდა, რომ ის მართლაც, ხელოვნურად მოეწყო, საკითხავია.

თუ ხელისუფლებას ტერიოტორიის ნაჩქარევად გათავისუფლება სურდა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასეთი სკანდალი არჩევნების წინ მის წისქვილზე წყალს არ დაასხამს და ასეთი თვითმკვლელი ნაბიჯის გადადგმა საღ გონებაში არ მოიხარშებოდა. ამიტომ ასევე წარმატებით შეიძლება სხვა ვერსიის განხილვა, რომ მაგალითად, ხელისუფლების დისკრედიტაცია ვიღაცის ინტერესში შეიძლება, შედიოდეს.