საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში.
ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსი საქართველოში მისი აშშ-ში ვიზიტის დროს დაპატიჟა. ამერიკელმა დიპლომატმა მოწვევაც მიიღო - ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისიდან - 2 აგვისტომდე პერიოდში ეწვევა.
მაიკ პენსი 2001-2013 წლებში იყო წამომადგენელთა პალატის წევრი; 2013-2017 წლებში ინდიანას 50-ე გუბერნატორი; 2017 წლიდან არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. თავდაცვის მდივნის, რექს ტილერსონის შემდეგ, 58 წლის მაიკ პენსი თავისი გავლენით აშშ-ის პრეზიდენტის კართან მესამე პირად ითვლება. ტრამპისგან განსხვავებით, გაწონასწორებულ და შედარებით კონსერვატული ღირებულებების მქონე ადამიანად ითვლება. ის არ არის იძულებითი ვიცე-პრეზიდენტი, ისეთი, როგორიც რუზველტის ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი და კენედის ვიცე-პრეზიდენტი ჯონსონი.
ამერიკელი ერთ-ერთი გავლენიანი მაღალი რანგის პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი არის საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულება.
„სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მე მოვიწვიე ბატონი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შედგება ვიზიტი. ეს, რა თქმა უნდა, არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ.
ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან პირველივე დღიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, არის საქართველოც, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ოფიციალური თბილისი მაქსიმალურად შეეცდება, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ქვეყნისთვის.
„ჩვენ პირველივე ეტაპზე დავამყარეთ ძალიან ახლო და კარგი კონტაქტი უმაღლეს დონეზე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე გვქონდა ძალიან სიღრმისეული განხილვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ასეთ მოკლე პერიოდში არის დასტური, რომ საქართველო და აშშ ერთად გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტისას საუბარი იქნება სერიოზულ საკითხებზე, რომელსაც სტრატეგიული შეთანხმება მოიცავს.
„აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ჩამოსვლა არ არის მხოლოდ სიმბოლური დადასტურება იმის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ეს არის სერიოზულ საკითხებზე სამსჯელო, რომელსაც მოიცავს ის სტრატეგიული შეთანხმება, რაც გაგვაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან ბევრი მიმართულებით. ასე რომ, მაიკ პენსის ვიზიტს საგანგებო მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს „ევრპული საქართველო“. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესდაც მეგობარი ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ვიზიტი, ჩვენ შევხვდებით და აუცილებლად დავაყენებთ ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და დემოკრატიული განვითარების საკითხებს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გააქტიურების პარალელურად, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის გზავნილს უწოდებენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკა ლიდერი ქვეყანაა, შესაბამისად, ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში.
„აშშ-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. საკამოდ დიდი კონტიგენტით მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში. ამიტომ, ასეთი პარტნიორის წახალისება არის მნიშვნელოვანი გზავნილი. საქართველო, რომელიც სტარტეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს, მისი პოლიტიკა პრორუსული იქნება, თუ პროამერიკული ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ პენსის ჩამოდის საქართველოში. მით უმეტეს, რომ გავრცელდა კარასინის ინტერვიუ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ საქართველო გადაიქცა რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად ნატოსთან თანამშრომლობის გამო. ანუ, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ არ გავხდეთ ამ ორ დიდ ქვეყანას შორის განხეთქილების ვაშლი. ამ მხრივ პენსის ჩამოსვლა და მისი გზავნილები, საქართველოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ახალი ადამინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსავლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთისგან აშკარა მუქარის შემცველ განცხადებებს ვისმენთ. როგორც ექპსერტი ამბობს, ამ თვალსაზრისით საკმარისია კარასინის ბოლო განცხადების გაანალიზებაც, რომ ეს არის სერიოზული ფარი საქართველოსთვის.
„დღემდე უამრავი კითხვის ნიშანი ისმის ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პენსის ვიზიტი ყველა ამ კითხვას სცემს პასუხს. პასუხი ასეთია: ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის საქართველო რეგიონში რჩება ძირეულ და უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რა მოვლენებიც ვითარდება თურქეთში. ფაქტობრივად, ეს ვიზიტი საქართველოსთვის არის ამოსუნთქვის საშუალება. ამით ხაზი ესმევა რეგიონში საქართველოს ღერძულ მნიშვნელობას. რუსეთის ასეთი აგრესიული რიტორიკის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება პენსის ვიზიტს“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
რაც შეეხება მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორც ლაგაზიძე ამბობს, ეს ეხება საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე პრეზიდენტის რანგშიც არაბეთში ვიზიტისას დააფიქსირა, რომ მისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს მისი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებს და, რომ მთავარია მის პარტნიორ ქვეყნებთან ინტერესთა თანხვედრა, პენსის ვიზიტისას ძალიან მკაცრად იქნება საუბარი საქართველოს ახალ კონსტიტუციაში მიღებულ ღია და არადემოკრატიულ ტენდენციებზე, როგორიც არის 2024 წლამდე პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა, ასევე, როცა გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.
„ამერიკისთვის შეიძლება ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს არაბეთის, ან შუა აზიის სახელმწიფოებში დემოკრატიული სისტემა შენარჩუნდება თუ არა, მაგრამ საქართველოში დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებას ამერიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ექნება, იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ამ უმძიმეს რეგიონში, ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და ა.შ. მხოლოდ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა და ასევე, შენარჩუნებულია ინსტიტუტები“, - აცხადებს ლაგაზიძე.
მისივე თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ამ დემოკრატიული განვითარების გზას არ გადაუხვიოს.
„პენსის ვიზიტი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ეს იქნება საკამოდ რთული ვიზიტი ხელისუფლებისთვის და სწორედაც რომ, ამ კონსტიტუციის მიღების გამო, რომელიც ფაქტობრივად, ხელოვნური გზით უნარჩუნებს ხელისუფლებაში ყოფნის საფუძველს „ქართულ ოცნებას“, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზღვიოს არადემოკრატიული გადაცდომებისგან. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც აუცილებლად გაესმება ხაზი პენსის ვიზიტისას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ პოლიტიკური თავალსაზრისით მნიშვნელოვანი ვიზიტია, მაგრამ მისი თქმით, ეს არის მხოლოდ დემონსტრაცია, რადგან რუსეთში მშვენივრად ესმით ასეთი ვიზიტის ფასი. პოლიტოლოგის განმარტებით, მისთვის, როგორც ამ სფეროს სპეციალისტისთვის, მნიშვნელოვანია დოკუმენტები.
„საგარეო პოლიტიკა გათვლილი უნდა იყოს შედეგზე. ტრამპი იყო ახლო აღმოსავლეთში, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგები, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეთანხმებები. შეთანხმებები ისრაელის მიმართულებით, უფრო მეტი არაოფიციალური, მაგრამ შედეგიანი იყო.
პენსი ჩამოვა, გვეტყვის, რომ კარგი ბიჭები ვართ, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ამერიკის ჯიბეში არ დევს ნატოს გასაღები. უკვე ჩერნოგორიასაც კი შეუძლია გადაგვიკეტოს ნატოს კარები. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამ ვიზიტს, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, ეიფორიაში ჩავვარდეთ და ვთქვთ, რომ მორჩა, ტრამპი უკვე ჩვენი ძმა და მეგობარია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოსთან საქართველოს არ აქვს ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულება.
„გვაქვს სტარტეგიული თანამშრომლობის ქარტია, მაგრამ რა? 2008 წელს დაიწყო ომი და რა? – ბუშმა გემით პამპერსები და სასმელი წყალი გამოგვიგზავნა. სამხედრო ხომალდის გაგზავნა მე-19 საუკუნეში ჭრიდა, საკმარისი იყო ინგლისს თავისი სამხედრო ფლოტი გაეგზავნა ბოსფორში, რომ რუსეთი უკვე ჩერდებოდა და თითს ვეღარ ანძრევდა თურქეთის მიმართულებით. მაგრამ 21-ე საუკუნეში ძალის დემონსტრირება, ფლოტის გაგზავნა და ვიზიტი აღარ ჭრის.
დღეს მეტი პრაგმატიზმი და რეალიზმია საჭირო. კი ჩამოვიდა პენსი საქართველოში, მაგრამ თვითკრიტიკოსი იტყვის, შედეგი რა არის? პუტინმა თუ დააპირა რამის გაკეთება, პენსის ჩამოსვლა შეაჩერებს მაგას? 2008 წელს პრეზიდენტ ბუშის ვიზიტმა ვერ შეაჩერა.
მით უმეტეს დღეს, როცა ტრამპის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში არის ხისტი. პენსის ვიზიტს გამოიყენებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი. დამატებით ფულს მოითხოვოს არმიის გასაძლიერებად, რომ აი, ხომ ხედავთ, საქართველოში ამერიკელები ჩადიან, ამიტომ ჩვენ გვჭირდება თავდაცვის მიმართულებით თანხის გაზრდაო“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.