„სითი პარკის“ ალაგმვა თვითმმართველობის არჩევნების წინ ლამაზ დაპირებად იქცევა ხოლმე. ამჯერად „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთ პირველ საკითხად სწორედ „სითი პარკის“ ქალაქიდან მოშორებას დააყენებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო 2025 წლამდე „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულების გაფორმება.
ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, აღნიშნული კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც თბილისის მერიამ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა შეწყვიტოს. თუმცა ნარმანიამ არ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და დედაქალაქის მთავრობა ისევე კომფორტულად აგრძელებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობას, როგორც მათი წინამორბედნი.
ამის გამო ყოველდღიურად ათეულობით თბილისელის მანქანა გადაჰყავთ „სითი პარკის“ საჯარიმოზე არასწორი პარკირებისთვის. თუმცა არავინ სცემს მოსახლეობას პასუხს, როგორ უნდა „დაპარკინგდე“ ქალაქში, როცა არც ერთი პარკირება არ არსებობს. თავის მხრივ, არც „სითი პარკს“ შეუსრულებია ცალკეული ვალდებულება და საპარკინგე ინფრასტრუქტურა არ მოუწყია.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტი დაიდო სწორედ „ნაციონალების“ დროს. ზაალ უდუმაშვილი კი ზუსტად იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, რომლის დროსაც დაიდო ეს კაბალური ხელშეკრულება.
„არ ვარ ჩახედული „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებაში, თუმცა გარკვეული ზომები რომ მიგვეღო, რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევდა ჩვენს ბიუჯეტს კაბალური კონტრაქტის დარღვევის გამო. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დედაქალაქის მთავრობამ, უღირს თუ არა ამ კონტრაქტის ჩაშლა. თუკი „სითი პარკს“ ვალდებულება არ შეუსრულებია და საპარკინგე ინფრასტრუქტურა არ მოუწყია, მაშინ ძლიერი ხელისუფლების როლი იმაში გამოიხატება, რომ ასეთი არგუმენტები წამოსწიოს და გააცნოს ხალხს. უნდა შეფასდეს, უღირს თუ არა ქალაქს „სითი პარკთან“ დადებული კონტრაქტის ჩაშლა და ჯარიმის გადახდა იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებს „სითი პარკი“ და თავისი ქმედებით საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ევროკავშირის ტრასეკას პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ავტომანქანების პარკინგი ყველაზე მწვავე პრობლემაა ტრანსპორტის სფეროში და პარკინგის მოწესრიგება და ერთიანი საპარკინგო პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, პარკინგის სფეროს დედაქალაქი მართავს, თუ კერძო კომპანია.
„გარდა ამისა, მთავარია, ზონირება მოხდეს. ეს არის თავისებური პროდუქტი, რომელსაც ქალაქი სთავაზობს მძღოლებს, თუმცა აქედან მიღებული შემოსავლით შეიძლება უამრავი პროექტი დაფინანსდეს. ეს პოლიტიკა არ მუშაობს, პრობლემები მატულობს, საცობების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზიც საპარკინგე სისტემის გაუმართაობაა. ამიტომ „სითი პარკი“ იქნება, თუ მერიის მიერ შექმნილი საპარკინგე კომპანია, მთავარია, ერთიანი საპარკინგე პოლიტიკა განავითაროს, სადაც პრიორიტეტი იქნება ზონირება. იმ ადგილებში, სადაც მაღალი მოთხოვნილებაა და მეტი მანქანა შედის, შემოსულ მანქანებზე გარკვეული საათობრივი შეზღუდვა უნდა დაწესდეს. აქ არ ვგულისხმობ იქაურ მაცხოვრებელთა მანქანებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასი ათასით მოიმატა კერძო ავტომანქანების რაოდენობამ. ამიტომ პარკინგის მოწესრიგება მომავალი მერის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს“, - აცხადებს გელა კვაშილავა.
ამასთან, მიიჩნევს, რომ „სითი პარკთან“ უნდა შედგეს სერიოზული მოლაპარაკებები. თუ ისინი მზად არიან ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, თანამედროვე პარკინგის მოსაწყობად, მაშინ შეიძლება მათთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს, მაგრამ, თუ ისინი მზად არ არიან, მაშინ სხვა კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტია აიტაცებს ამ თემას, რადგან ეს საკითხი ყველას აწუხებს. უბრალოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ხედვა, როგორ ფიქრობენ ამ საკითხის გადაწყვეტას.