„მოსკოვმა სააკაშვილი აფრიკაში გადაისროლა, რადგან კრემლი დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით“

„მოსკოვმა სააკაშვილი აფრიკაში გადაისროლა, რადგან კრემლი დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით“

რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში და ვის ფარულ ზრახვებს ახორციელებს ტანზანიაში?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

პოროშენკოს მისამართით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებები არ წყდება. ეს მაშინ, როცა საუბარია საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე. როდემდე აპირებს სააკაშვილი პოროშენკოს ნერვების გამოცდას და უკრაინასთან მიმართებითაც რატომ ემთხვევა მისი ზრახვები რუსეთისას?

- პოროშენკო პროდასავლური პოლიტიკოსია და ამ მხრივ შემდგარი ფიგურაა. ვისაც დღეს ნერვებს უშლის პეტრო პოროშენკოს, როგორც პოლიტიკოსის მოღვაწეობა, ეს სწორედ კრემლი და პუტინია. რეალურად, პუტინი და პოროშენკო ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. პუტინმა პირდაპირ გამოთქვა თავისი ღვარძლი პოროშენკოს მიმართ, არც უკრაინის პრეზიდენტი რჩება ვალში კრემლის ლიდერს. სხვათა შორის, ეს თვითონ პუტინმაც აღიარა რუსული საზოგადოების წინაშე ყოველწლიური პირდაპირი ეთერის დროს და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსირა აზრი უკრაინის ლიდერის მიმართ. პოროშენკოს უპირისპირდებიან იანუკოვიჩის მომხრეები, ე.წ. დონბასის რუსული სეპარატისტული პოლიტიკური ძალები და, აგრევე, პოროშენკოს უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის კომუნისტური პარტიის წევრებზე. ამერიკელებთან პოროშენკომ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ამერიკის წინა ადმინისტრაციის დროს. ტრამპის პრეზიდენტობისას უკრაინა მიიღებს თავდაცვით შეიარაღებას და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება მაშინ, როცა თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უშუალოდ ჩავა კიევში და გააფორმებს ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, ვინ უფრო არის ანტიამერიკელი პოლიტიკოსი - პოროშენკო, რომელსაც კონგრესთან და ვაშინგტონთან ბრწყინვალე ვიზიტი ჰქონდა თუ ავანტიურისტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჰყავს ბიძა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალი რანგის ოფიცერი?!

არ დაგვავიწყდეს, თვითონაც სააკაშვილი იყო სუკის ოფიცერი. ე.წ. ვარდების რევოლუციის კრიტიკულ მომენტში ვინ მოევლინა მიხეილ სააკაშვილს გადამრჩენლად? - იგორ ივანოვი, რომლიც მივიდა სააკაშვილთან და პარლამენტის წინ უშუალოდ აღუთქვა დახმარება. იგორ ივანოვთან მოლაპარაკების მერე კი ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. ვის შეხვდა და ვის გადაეხვია იგორ ივანოვი პირველად? - ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სააკაშვილმაპუტინს ჩახედა კეთილ თვალებშიდა მიხვდა, რომ ამ კაცის ნდობა შეიძლებოდა?!“

- დიახ, გვახსოვს როგორ ფლირტაობდა სააკაშვილი 2004-2006 წლებში პუტინთან.

ამ რამდენიმე ხნის წინ უკრაინელებმა კვერცხები დაუშინეს სააკაშვილს. ნელ-ნელა ეს ადამიანი იშიფრება და, საქართველოსთან შედარებით, უკრაინაში უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა სააკაშვილის გაშიფვრის პროცესი. რატომ ვერ იშორებს პოროშენკო სააკაშვილს? ნუთუ ისეთი ძლიერია, რადგან რუსეთისგან აქვს მინიჭებული სიმყარე, თუ ორმაგი აგენტის როლს ასრულებს და ამერიკელებსაც არ ეთმობათ?

- საინტერესო კითხვაა. არა მგონია, დღეს სააკაშვილი ამერიკელების გავლენის აგენტი იყოს, როგორც ის თამაშობდა და კარგად ასრულებდა ამ როლს საქართველოში, როცა ხან აქეთ იყო და ხან იქით. აკაკი წერეთლის არ იყოს, პირობითად რომ ვთქვათ, ხან მიწის იყო, ხან ცისა, თუმცა არც ერთი გაიშვას მაგისი და არც მეორე. დღეს აშკარაა, რომ სააკაშვილი პირდაპირ კავშირშია კრემლის პოლიტიკურ მმართველთან.

თავის დროზე მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო რუსული პროექტი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი პოლიტიკური მტერია და მას იმას ვუსურვებ, რასაც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრები უსურვებდნენ ჰიტლერსა და მის მოდგმას. ჩინური ანდაზისა არ იყოს, იმედია, მის ცხედარსაც ვიპოვით მდინარის მიერ ჩამოტარებულს. თუმცა ის, რომ სააკაშვილი არის რუსული პროექტი უკრაინაში, ეს შემიძლია ასპროცენტიანი დარწმუნებით გითხრათ. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სააკაშვილი კარგად ასრულებდა კრემლის დავალებას საქართველოშიც.

ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ფინეთის პრეზიდენტი ურჰო კეკონენი და სხვები, რომლებიც მერე აღმოჩნდნენ, რომ მოსკოვთან უფრო იყვნენ ჩახუტებულნი, ვიდრე დასავლეთთან და ასრულებდნენ კრემლის დავალებას. ასევე, შეგვიძლია მოვიყვანოთ უნგრეთის შს მინისტრ იანოშ კადარის ფაქტი. იგი თავის დროზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ იმრე ნადთან დაახლოებული პიროვნება იყო, გვერდში ედგა იმრე ნადის, როცა მან გამოაცხადა 1956 წელს უნგრეთის გამოსვლა ვარშავის პაქტის შემადგენლობიდან და უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა. იანოშ კადარი ავლენდა ანტისაბჭოთა სულისკვეთებას, მაგრამ 1956 წლის 4 ნოემბერს პირველი ჩაერთო კრემლის მიერ გამოცხადებულ ანტი იმრე ნადის კამპანიაში, პრომოსკოვური მთავრობის ხელმძღვანელი გახდა და, ფაქტობრივად, აღმოჩნდა კრემლის მიერ დასმული ბუდაპეშტში, სადაც შევიდა საბჭოთა არმიასთან ერთად.

ამით ის მინდა ვთქვა, რამდენად ძლიერი სპეცსამსახურები გააჩნდა საბჭოთა კავშირს და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ეს აჩვენა ამერიკაში ჩატარებულმა არჩევნებმაც, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმატებით განხორციელება შეძლეს. რუსეთს მაღალი დონის სპეცსამსახურები ჰყავს და მათი სპეცსამსახურები ითვლის 500-წლიან ტრადიციას. ეს ძალზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მათ არ გაუჭირდებათ სააკაშვილისნაირი ვაიპოლიტიკოსების თუ სუბიექტების გამოყენება პირადი მიზნებისთვის. დღეს სააკაშვილი მოსკოვის პროექტია უკრაინაში. ამიტომაც ვერაფერს უხერხებს პოროშენკო.

სხვათა შორის, დიდი ვარაუდით, მოსკოვის სპეცსამსახურებმა ამას წინათ მოახდინეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკის დემონსტრაციული ლიკვიდაცია კიევის ცენტრში. ეს ის ოფიცერი იყო, რომელმაც განახორციელა დონეცკის აეროპორტის დაკავება და ეს იყო საკმაოდ მძიმე დარტყმა დონბასელი სეპარატისტების მიმართ. სავარაუდოდ, მოსკოვმაც ღიად განახორციელა შურისძიება ამ მაღალჩინოსნის მიმართ. ასევე, კიევში დემონსტრაციულად მოკლეს რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი. ეჭვია, რომ ესეც უკავშირდება რუსულ სპეცსამსახურებს. სულ ახლახანს ვორონენკოვის მეუღლემ პირდაპირ განაცხადა, ჩემი მეუღლე ფსბ-ს მიერ არის მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების დავალებითო. ეს სატელევიზიო ოპოზიციური ტელევიზია „დოჟდის“ ინფორმაციაა. წარმოიდგინეთ, ასე ძლიერად არიან რუსული სპეცსამსახურები წარმოდგენილნი უკრაინაში.

თუ ასეა, ხომ შეიძლება, სააკაშვილს საქმე შეასრულებინონ და, როგორც ხდება ხოლმე, იმავე მოსკოვმა მოიშოროს?

- იმედია, ეს ასეც იქნება. მან ეს დაიმსახურა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოსკოვი თავის გავლენის აგენტებს კარგად უფრთხილდება. ეს ჩანდა ერიხ ხონეკერის და სხვათა მაგალითებზე. კრემლს სჭირდება ასეთი ადამიანები, რომლებიც, პუტინის თქმისა არ იყოს, კარგად ასრულებენ საშინაო დავალებებს. საინტერესოა, რომ მოსკოვმა დღეს მიხეილ სააკაშვილი აფრიკაში გადაისროლა, რადგან მოსკოვი ძალზე აქტიურად ახორციელებს თავის პოლიტიკას და დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით. სააკაშვილის გადასროლა ტანზანიაში შემთხვევითი არ არის, ის ძალიან ახლოს არის აფრიკის იმ არეალებთან, სადაც რუსეთის პოლიტიკური გავლენა თანდათან ძლიერდება.

უფრო მეტიც, რუსეთმა დაიწყო თავისი გავლენის გაძლიერება მაღრიბის ქვეყნებში. ეს არის ლიბია, ეგვიპტე და ალჟირი. ლიბიაში მას ჰყავს ახალი „მიხეილ სააკაშვილი“, როგორიცაა გენერალი ხაფტარი. რუსეთი ცდილობს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ეგვიპტის პრეზიდენტ გენერალ ელ-სისისთან, ხოლო ალჟირში კიდევ უფრო აძლიერებს თავის ენერგეტიკულ გეოპოლიტიკას. რუსეთის ინტერესები თანდათანობით უკვე გადადის აფრიკის ცენტრალურ რეგიონებზეც. ამიტომ ამ ფონზე ტანზანიაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა შემთხვევითი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება უკრაინას, უნდა ვივარაუდოთ, რომ პეტრო პოროშენკოზე თავდასხმას სააკაშვილი კიდევ უფრო გააძლიერებს?

- რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, კრემლში მიღებულია გადაწყვეტილება, პოროშენკო ყველანაირი საშუალებით გადააყენონ ხელისუფლებიდან და პოლიტიკური კუთხით მისი განადგურება მოახდინონ. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში სააკაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ერთია კრემლის სურვილი, მეორეა უკრაინელი ხალხის ნება. უკრაინულ საზოგადოებაში თუ არ არის პოროშენკოს მოშორების მზაობა, მისი ხელოვნურად მოცილება რთულია.

- სწორედ ამას ემსახურება სააკაშვილის მიერ დაწყებული ეს კამპანია. სააკაშვილი ახლა ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს. სააკაშვილი ისევე არის რუსეთის პროექტი უკრაინაში, როგორც „რუსთავი 2“-ის საქციელი კითხვებს იწვევს. ამას წინათ „პოსტსკრიპტუმმა“ ვითომც გააჟღერა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია, ანტიამერიკული ინფორმაცია, რომ თურმე საქართველომ მიჰყიდა ამერიკას იარაღი, რომელიც ამერიკელებმა გადასცეს სირიის ოპოზიციას. ჯერ ერთი, თუ დავიჯერებთ, რომ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ „რუსთავი 2“-მა გაახმიანა სახელმწიფო საიდუმლოება. მათ პირდაპირ ეთერში გამოიყვანეს ადამიანი და ამ თემებზე მისი ლაპარაკით დაირღვა კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. მან გაახმიანა საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ხარისხი და, ასევე, ტყვია-წამლის არსებობის საიდუმლოება. ანუ „რუსთავი 2“-მა უკვე ორჯერ მოახდინა სახელმწიფო საიდუმლოების გამომზიურება. ანტიამერიკული ინფორმაციის გახმიანებით კი შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა საქართველო-ამერიკასა და, განსაკუთრებით, საქართველო-თურქეთს შორის.

იმავე დღეს სწორედ რუსულმა სააგენტოებმა ატეხეს ერთი ამბავი, რომ ერდოღანი თურმე დასჯის იმ ქვეყანას, რომელზეც დაფიქსირდება, რომ ეს ქვეყანა მონაწილეობდა სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდების საქმეში. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი „რუსთავი 2“-მა, ვის აწყობდა ასეთი ინფორმაციის გამომზიურება?! ეს ანტირუსული ქმედება იყო, თუ ანტიამერიკული? ამით ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დაჯგუფება უკვე პირდაპირ გადავიდა მოსკოვის შეკვეთების შესრულებაზე. ამდენად, მიხეილ სააკაშვილი ანტიპოროშენკოსეულ განცხადებებს რომ აკეთებდეს, რა გასაკვირია?!