მაღალი სარგებელი მაღალ რისკსაც გულისხმობს

მაღალი სარგებელი მაღალ რისკსაც გულისხმობს

„პირამიდა ბიზნესი“, როგორც კრიმინალური საქმიანობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალული და დასჯადია. საქართველოში კი იმის სტატისტიკაც არ არსებობს, რამდენი მომხმარებელი გააკოტრეს ამ კომპანიებმა მომაჯადოებელი დაპირებით, რაც მხოლოდ ორ სიტყვაში გამოიხატება - „მაღალი სარგებელი“.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ე.წ. ფინანსური პირამიდის შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის ასაცილებად განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ეროვნული ბანკი, ასევე, შეახსენებს მოსახლეობას, რომ ე.წ. მაღალი სარგებელი მაღალ რისკსაც გულისხმობს და მცდარია „პირამიდა ბიზნესის“ საქმიანობაში ჩართული კომპანიების ინფორმაცია, თითქოს ისინი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არიან ლიცენზირებულნი. სინამდვილეში, ამ კომპანიების საქმიანობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას არ ექვემდებარება.

ფინანსური პირამიდის მავნე საქმიანობის შესახებ For.ge არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანა ალიბეგაშვილს ესაუბრა.

ოქროს თასისადააჩისშემდეგ ჩვენმა მოსახლეობამ დასკვნა ვერ გამოიტანა და მაღალი სარგებლის იმედად თანხებს საეჭვო კომპანიებში აბანდებენ. ფინანსური პირამიდის სქემა 90-იან წლებში ხომ არ გვაბრუნებს?

- ამ თვალსაზრისით, 90-იანი წლების განმეორება მართლაც ხდება. საფრთხის შემცველია პირამიდის ტიპის ბიზნესი. ესენი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც მომხმარებელს საკმაოდ მაღალ სარგებელს ჰპირდებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს თანხა ჩადებულ იქნება ეროვნულ ვალუტაში თუ უცხოურ ვალუტაში, ისინი მაინც 25-30%-ზე მეტ სარგებელს სთავაზობენ მომხმარებელს. პირამიდის ტიპის ბიზნესის დადგენა შესაძლებელია იმით, რომ, როგორც წესი, მათ აქვთ ქსელური მარკეტინგი. ისინი ცდილობენ, თითოეულმა მომხმარებელმა მაქსიმალურად გაზარდოს ქსელი და მიუყვანოს 3-5 ან მეტი მომხმარებელი, რომლებიც თავიანთი ახალი შენატანებით მოემსახურებიან პირველადი წევრების სარგებლის გაცემას. შესაბამისად, როდესაც პირამიდა სრულდება, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც იმ დღის მდგომარეობით სარგებლობს ამ კომპანიის მომსახურებით, არაფრის გარეშე რჩება. ამის მაგალითი იყო ფინანსური კომპანია „საქართველო“. შემდეგ უკვე, დაახლოებით თვენახევარში ჩამოიშალა კომპანია „ემეფიქს ბროკერ ჯორჯია“. ამით ჯამში დაახლოებით 4 ათას ადამიანამდე დაზარალდა. ერთ შემთხვევაში, ზარალი თითქმის 70 მილიონს უტოლდებოდა, თუმცა ეს არაოფიციალური მონაცემებია. ასევე, „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას“ ე.წ. მეანაბრეებმაც საკმაოდ მაღალი დანაკარგი ნახეს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის კომპანიები აგრესიული მარკეტინგით გამოირჩევიან მაშინ, როდესაც მათ დამატებითი თანხების მოზიდვა სჭირდებათ. ისინი მარკეტინგულ ხარჯებს არ გასწევენ, თუკი მათი კომპანიის საქმიანობა კარგად მიდის. როდესაც თანხების შედინება უმცირდებათ, მომენტალურად იწყებენ აგრესიულ რეკლამირებას სხვადასხვა საშუალებით, იქნება ეს რადიო, თუ სოციალური ქსელი. სატელევიზიო რეკლამებს არ ვხვდებით ხოლმე.

მეანაბრეების მოტყუებისთვის ვინმემ პასუხი აგო, ან დააბრუნა წართმეული თანხა?

- კომპანია „საქართველოს“ შემთხვევაში, დამფუძნებელი და დირექტორი დაჭერილი არიან, საქმე აღძრულია მათ წინააღმდეგ და ფინანსური პოლიცია სწავლობს ამ საქმეს. თანხის ანაზღაურებას რაც შეეხება, ამ კომპანიებს ფინანსური ზედამხედველობის სამსახური არ ჰყავთ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ესენი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და მათი საქმიანობა არ კონტროლდება. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გარიგება, რომელიც შეიძლება დაიდოს თუნდაც ორ ფიზიკურ პირს შორის და ამ გარიგების შეუსრულებლობა, ჩივილის შემთხვევაში, ისჯება კანონით, მაგრამ თანხის ამნაზღაურებელი მეორე მხარე არ არსებობს. ე.ი. თანხა დაკარგულია. ხოლო, თუ რაღაც აქტივებს ფლობს ესა თუ ის კომპანია და მისი აქტივების გაყიდვა მოხდება (უძრავი ქონება იქნება ეს, თუ სხვა რომელიღაც ბიზნესი), შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდეს თანხის ანაზღაურება. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ბიზნესის ჩანაფიქრი ის არის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

ამდენად, მსოფლიო პრაქტიკიდან და, ასევე, 90-იანი წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს კომპანიები ძირითადად არაფრის გარეშე ტოვებენ მომხმარებლებს.

90-იანი წლების გამოცდილების მიუხედავად, რატომ რისკავს მოსახლეობა? მათ ნაწილს დიდი ფული დაუგროვდა და არ იცის, სად წაიღოს?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური განათლების ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ეს არის ამ პრობლემის სათავე. განვითარებად ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ ხშირად ვხვდებით მსგავსი კომპანიების ოპერირებას. მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩვენმა ორგანიზაციამ. ივნისის თვეში ჩავატარეთ კვლევა და მოსახლეობას ვურჩიეთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ თანხების დაბანდებისას. ყველაზე მთავარია, მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლება.

მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რა სარგებელს სთავაზობს კონკრეტული კომპანია და შეადაროს ბაზარზე არსებული კომერციული ბანკების პროცენტებს, რადგან პროცენტი არ არის რეალური. თუ კომერციული ბანკი წლიურ 3%-იან სარგებელს გვთავაზობს უცხოურ ვალუტაში თანხის განთავსების შემთხვევაში, მაშინ რიგითმა კომპანიამ, რომლის საქმიანობაც და ბიზნესმოდელიც აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ უნდა შემოგვთავაზოს წლიური 30%? მით უმეტეს, ამის გამოცდილება გვაქვს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იმ პერიოდში იზარალა. სავარაუდოდ, მსგავსი ტიპის კომპანიები კიდევ არიან, თუმცა კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან შესაძლებელია, ამ დროს ჩვენ შევეხოთ, ასევე, ისეთ ბიზნესს, რომელსაც არანაირი შეხება ამ ტიპის საქმიანობასთან არ აქვს.

ფინანსური პირამიდის კომპანიების რეკლამირება რომ აიკრძალოს და ბერკეტები რეალური იყოს, პრობლემა არ მოგვარდებოდა?

- 2017 წლიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ შეუძლია 100 ათას ლარამდე თანხა ისესხოს ფიზიკური პირისგან, თუ ამ ფიზიკური პირების რაოდენობა ოცს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ შპს-ს შეუძლია მაქსიმუმ 20 ფიზიკური პირისგან ისესხოს თანხა 100 ათას ლარამდე შეტანის შემთხვევაში. ანუ ნებისმიერ კომპანიას ეკრძალება ოცზე მეტ ფიზიკური პირისგან თანხის მიღება, რაც დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.