„ფაქტობრივად, საქართველოში ურჩ მძღოლთა კონტროლი პირველად დაიწყება“

„ფაქტობრივად, საქართველოში ურჩ მძღოლთა კონტროლი პირველად დაიწყება“

მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას სპეციალური პროგრამის www.sagensy-ის

მეშვეობით მიიღებენ. ამავე შინაარსის ინფორმაცია მძღოლებს შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტროს ვერ-გვერდიდანაც: www.sa.gov.ge სულ მალე განახლებული ვებ-გვერდით ყრუ და სმენადაქვეითებულნიც ისარგებლებენ.

საავტომობილო სფეროს ექსპერტები ასქულიან სისტემას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ მთავარია აღსრულება და არა კანონების მიღება. გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რაც მკვლელი მძღოლებისა და მკვლელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის ფონზე დამატებითი ნაბიჯები იქნება.

ევროკავშირის ტრასეკას პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო სამ წელზე მეტია, არასამთავრობოები და ექსპერტები საგზაო უსაფრთხოების საკითხის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ძალიან კარგია, რომ საბოლოოდ მოხდა ახალი კანონპროექტის ინიცირება. ფაქტობრივად, საქართველოში პირველად დაიწყება ურჩ მძღოლთა კონტროლი.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ავტოავარიების რაოდენობა ყოველწლიურად 8-10%-ით მატულობს, ცხადია, პატრული ფიზიკურად ვერ განახორციელებდა გზებზე წესრიგის დაცვას, თუ არ მოხდებოდა ასეთი ცვლილებები. საქართველოში ასქულიანი სისტემის დანერგვა დამატებით საჭიროებს ტექნიკური რესურსების განვითარებას, პროგრამული ნაწილის დახვეწას, უამრავი საკითხის მოგვარებას. ასქულიანი სისტემის ამოქმედებას იმ პირობით დავთანხმდით, რომ ეს სფერო მომავალში დაიხვეწება. ზოგადად, ქულათა სისტემა ბევრ ქვეყანაში მიბმულია კამერებთან. რაც შეეხება ნასვამ მძღოლებს, აქაც დასახვეწია სისტემა. მართალია, ნასვამი მძღოლის მიმართ კანონი გამკაცრდა, მაგრამ მეტი სიმკაცრეც შეიძლებოდა. ახლა ნასვამ მძღოლს მანქანის ტარების უფლება პირდაპირ ერთმევა, ხოლო იმ ადამიანს, ვინც გადასცა მას მართვის მოწმობა, აკლდება ქულები. თუმცა საგზაო უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია, მარტო აღსრულება არ არის საკმარისი, აქ მთავარია ინფრასტრუქტურის გამართვაც“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ახალ სისტემაზე გადასვლა თუნდაც იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ ადრე ჩვენ არ შეგვეძლო მძღოლის დიფერენცირება და იმის დადგენა, 15 კილომეტრით გადააჭარბა სიჩქარეს, თუ 40 კილომეტრით. ახლა პირველად შემოვიდა დიფერენცირების საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა. ადამიანი იმის მიხედვით უნდა დაჯარიმდეს, თუ რამდენად მასშტაბურად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. თუ ის ძალზე აგრესიული მძღოლია, უფრო მეტ ჯარიმას უნდა იხდიდეს. თუმცა ბევრ ქვეყანაში ფულად ჯარიმებს არ იყენებენ, უფრო მიმართავენ მართვის მოწმობის ჩამორთმევის მეთოდს.

„წინათ სიჩქარის გადაჭარბების 200 ათასი შემთხვევა გვქონდა და ამ 200 ათასის 20-30%-ს ის მძღოლები შეადგენდნენ, რომლებიც ხშირად არღვევდნენ მოძრაობის წესებს. ამიერიდან ისინი ვეღარ შეძლებენ თავისუფლად დაარღვიონ წესები და დროებით ჩამოშორდებიან საგზაო მოძრაობას. ეს სამართლიანიც იქნება, რადგან მხოლოდ ფულით არ უნდა ხდებოდეს სიჩქარის გადაჭარბების გამო დასჯილი მძღოლის თავდაცვა“.

განიმუხტება თუ არა დედაქალაქში მოძრაობა ასქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამის შესახებ გელა კვაშილავა აცხადებს, რომ, თუ ასქულიანი სისტემა შესრულდება, მაშინ შემცირდება სიჩქარის გადაჭარბების, ზებრა ხაზის, ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია უკონტაქტო პატრულირების შემოღება. მძღოლები ინფორმირებულნი იქნებიან, რომ, ვთქვათ, ვაჟა-ფშაველაზე მიმდინარეობს უკონტაქტო პატრულირება და ექნებათ იმის განცდა, რომ მათი ცუდი ქცევა, გადაჭარბებული სიჩქარე შეუმჩნეველი არ დარჩება.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 1-ლ ივლისს ძალაში შესული ახალი კანონი ძირითადად მიმართულია მძღოლების ქცევის გაუმჯობესებისკენ. მართალია, პარლამენტში მიმდინარე განხილვებისას პარლამენტარებმა გარკვეული რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ისეთი კანონი მივიღეთ, რომლის აღსრულების შემთხვევაშიც შემცირდება ავტოავარიები.

„ერთადერთი, რის გამოც ვშიშობ, ეს გახლავთ არასრულწლოვანი ბავშვების გადაადგილება ტრანსპორტით, რადგან სავარძლის ქონა არ არის კანონით მოთხოვნილი. აქ არის ალტერნატივა, ან კალათით, ან სავარძლით გადაადგილედეს სამ წლამდე არასრულწლოვანი, ან მიეცეს საშუალება, ზრდასრულმა კალთაში ჩაისვას არაუმეტეს ერთი არასრულწლოვნისა, მაგრამ ეს ზრდასრული უნდა იყოს ღვედშეკრული. ვფიქრობ, არასრულწლოვანის სავარძლის უქონლობა დიდი ხარვეზია, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამწუხაროდ, სავარძლის არქონა იმ მოტივით გაამართლეს, თითქოს ყველას არ აქვს სავარძლის შეძენის საშუალება, მაგრამ რეალურად, ყველა ადამიანს, ვისაც ჰყავს ავტომობილი, ნამდვილად აქვს იმის საშუალება, შეიძინოს ბავშვის სავარძელი. მით უმეტეს, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან არასრულწლოვანები და სპეციალური სავარძლის გარეშე მათი გადაადგილება ბავშვის გაწირვას ნიშნავს“, - მიიჩნევს ეკა ლალიაშვილი.

რაც შეეხება ნასვამ მძღოლებს, მართალია, ამისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა, ეკა ლალიშვილის თქმით, წინგადადგმულია, რომ კანონი სამი თვის განმავლობაში ნასვამ მძღოლს მოწმობის აღებას უკრძალავს. მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეეძლება მას ან გამოცდა ჩააბაროს, ან მიმართოს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და, თუ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება, მაშინ გადაიხდის 1000-ლარიან ჯარიმას და აიღებს მოწმობას.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ნასვამი მძღოლი იმდენად მაღალი რისკის შექმნელია, მას ბევრად მკაცრი სასჯელი ეკუთვნოდა. თუმცა ბევრად უარესი იყო ძველი კანონმდებლობა, რადგან, როგორც კი ჩამოერთმეოდა ნასვამ პირს მართვის მოწმობა, მეორე დღესვე შეეძლო მისი აღება.