„ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია“

„ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია“

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რაც მიზნად ავღანეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის და ალიანსის ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს.

პარალელურად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „იზვესტიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა ისეთ ფორმებს იძენს, რომ თბილისი ხდება რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილე.

„სამწუხაროდ, მეზობლებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემდგომი დაახლოებისთვის.

სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ“, - აცხადებს გრიგორი კარასინი.

კარასინი პრობლემად აღიქვამს იმ ფაქტსაც, რომ მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართო სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით.

„უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადჰყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსი დიპლომატის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა აქვთ გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ამბობს, რომ არ სურს დისკუსიაში შესვლა კარასინთან, რადგან რუსეთის მხარეს შეიძლება ჰქონდეს კითხვები და ეს მათი პრეროგატივაა.

„ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ორიენტირები - ეს არ არის ის თემა, რომელსაც ჩვენ პრაღაში განვიხილავთ, ეს ჩვენს მანდატს სცდება, ამიტომ არც დისკუსიის წარმოებას აქვს ამ შემთხვევაში გამართლება.

ცნობილია ჩვენი ურთიეთობა ნატო-სთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი სურვილი გაწევრიანებისა ევროსტრუქტურებში თუ ნატო-ში - ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს ჩვენთვის. რუსეთის მხარეს შეიძლება ჰქონდეს კითხვები, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინის განცხადება ცხადყოფს რამდენად თანმიმდევრულად, სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მეორე მხრივ, არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ევროპული საქართველო, ნატო-ში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოებისა და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

რუსეთის მიზანი, რომ საქართველოს შესუსტებაა და ამ გზით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ამის შესახებ საუბრობს საქართველოში ამერიკის ელჩი. იან კელის თქმით, რუსეთმა შეასუსტა საქართველოს მთლიანობა, მისი საზღვრები, რადგან ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების ნაწილი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებებს გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი. ამ მიზნით ხორციელდება მრავალი პროგრამა, რომ გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იმისთვის, რომ მოხდეს ამ აგრესიის შეჩერება. ამერიკის პროგრამები თავდაცვის სფეროში სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა იან კელიმ.

ამერიკელი დიპლომატი, დენიელ ფრიდი, რომელიც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ნატო-ს გაფართოებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელმძღვანელობდა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მთავარია, რა სურთ ქართველებს და არა ის, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის.

„საქართველოს თავს დაესხა მასზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობელი, ტერიტორიები ოკუპირებულია, ხალხი დევნილობაში. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება, რომ დასავლეთი საქართველოს არასდროს მიიღებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მთავარია რა სურს საქართველოს, მთავარია, რა სურთ ქართველებს და არა ის, თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის.

მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი, მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5 პროცენტზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა. მაგრამ ეს მოხდა. ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშირად წარმოგვიდგენია“, - აღნიშნა დენიელ ფრიდმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის განცხადებით, კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკამ, რეალაური შედეგი ვერ მოგვიტანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცების მხრივ.

მისი თქმით, კარასინის განცხადება, რომ საქართველოს მიერ თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნა არის მანიაკალური და აბსურდული მოთხოვნა, ადასტურებს, როგორი პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთი და რამდენად შეიძლება მასთან ორმხრივ მოლაპარაკეკებში რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევა.

„ერთადერთი საშუალება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. კარასინმაც აღიარა, რომ იზრდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ჩართულობა. სწორედ ნატოს ბოლოდროინდელი სამხედრო პოლიტიკა, მისი სამხედრო სტრატეგიის ცვლილება, აღმოსავლეთ ნაწილზე ნატოს ძალების განლაგება, წვრთნები როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ ქვეყნებში, იზრდება აქცენტები და ჩართულობა საქართველოს კუთხით - ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის მთლიანი ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის ნაწილი. სწორედ ასეთი ჩართულობის და ევროპული ძალისხმევით შეიძლება გაიზარდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩართვის შანსები. ორმხრივმა ფორმატმა რა მოგვიტანა ვხედავთ, თვითონ ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ დიამეტრულად განსხვავებული პოზიცები აქვთ“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

რაც შეეხება განცხადებას, რომ ნატოს ფლაგმანის გათვალისწინებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა შეიძლება რთულ პოლიტიკურ ურთიერთობაში შეიძლება, მუჩაიძე ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ნატოსთან ჩვენი ინტეგრაცია არ არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი.

„ამბობდნენ, რომ თითქოსდა ნატოსთან ინტეგრაცია აღიზიანებდა რუსეთს, მაგრამ რეგიონში ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა დაამტკიცა, რომ ასე არ არის. უკრაინა საერთოდ არ შედიოდა ნატოში, უბლოკო სტატუსი ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ არა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ ასოცირებაზეც კი ხელები გადაუგრიხა იანუკოვიჩს პუტინმა, ევროკავშირთან დაახლოების ნება არ მისცა.

ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობის წინააღმდეგია რუსეთი, რომელიც უზრუნველყოფს მისი მეზობელი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას, ფეხზე დადგომას, რის შემდეგაც რუსეთს აღარ ეძლევა საშუალება, რომ მისი მეზობელი ქვეყნები იყოს მისი ექსკლუზიური გავლენის ქვეშ. მისი მიზანია თვითონ დაადოს ფასი, ექსკლუზიური გავლენისა და შეზღუდული სუვერენიტეტის ქვეშ ამყოფოს მეზობელი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, არა მარტო ნატო, არამედ ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობის წინააღმდეგია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.