„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეგვემუშავებინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც, მათ შორის, ბუკიკიოს განცხადებებიდანაც ჩანს. თუმცა მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ პროცესს არ ახლავს კონსენსუსი. კონსენსუსი გარკვეული კომპრომისების შედეგია - ხელისუფლებამ შეასრულა თავისი წილი იმ პროცესში, რაც კონსენსუსის მისაღწევად უნდა ყოფილიყო. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არაერთი კომპრომისული შეთავაზება იკვეთება, თუმცა სამწუხაროა, რომ მეორე მხრიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ანალოგიური დამოკიდებულება და განწყობა ვერ დავინახეთ“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი კახიანი.
რატომ ვერ შედგა კონსენსუსი და ვის რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს მთელ ამ პროცესში, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ოპოზიციამ ჯერ ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა თითქოს მოგვარებული იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც პრეტენზია ჰქონდათ. შემდეგ ჩამოვიდა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი და მისი პრეტენზიის თემა გახდა სწორედ კონსენსუსი. რა შეფასება შეიძლება გაუკეთდეს ამ ყველაფერს - რა მოვლენის მოწმენი გავხდით?
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ბარიერის დაწევის, მოგვარებული იყო, რაც ოპოზიციას შანსს აძლევს, შევიდეს პარლამენტში. ძირითადი უკმაყოფილება გამოთქვეს იმაზე, რომ დარჩა შერეული საარჩევნო სისტემა.
რაც საინტერესოა - ეს უკმაყოფილებაც არ ტოვებს რეალური მოტივის შტაბეჭდილებას, იმიტომ, რომ თუკი დავაკვირდებით, ოპოზიციას უფრო დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას. რეალურად მათი რეიტინგი 5%-საც ვერ ასცდება და ამ პირობებში პარტიული სიებით გამარჯვების მოპოვება ნაკლებად მოსალოდნელია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატების გაყვანას, შესძლებელია, რომ ერთი ადამიანი როგორმე გაეყვანათ და თუ კარგ მობილიზაციას გააკეთებდნენ, მანდატების ნახევარიც კი შეეძლოთ აეღოთ.
ასე რომ, შერეული სისტემის პროტესტში საკუთარი მოტივაცია გამოხატა ოპოზიციამ თუ რაღაც სხვა, საკითხავია. მე მგონია, რომ რაღაც სხვასთან უფრო გვაქვს საქმე...
თითქოს ეს ყველაფერი იყო დადგმული, განსაკუთრებით პროექტის პარლამენტში შეტანის შემდეგ იყო ეს თვალსაჩინო. თუმცა მთლიანობაში მთელი საკონსტიციო პროცესიც დაახლოებით ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდა...
- შეიძლება თქვენ ხელისუფლებაზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, მაგრამ ამას ვერ გავიზიარებ. თანაც ვერ ვხედავ მოტივს, რატომ უნდა დაედგათ ეს სპექტაკლი. რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, იქ მოტივს ვხედავ იმიტომ, რომ რაც უფრო დაბალია რეიტინგი, მიტ მეტია წინააღმდეგობის სურვილი.
ოპოზიციამ თავისი რეიტინგი გააკეთა ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირებით. ამ დაპირისპირებას დგამს - მას არ აწყობს კომპრომისი, კონსენსუსი, დაწყნარება სიტუაციის, რადგან ფიქრობს, რომ ეს მის რეიტინგს წაადგება. თუმცა, მე პირიქით მგონია.
ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის რეაქციას რაც შეეხება, იმედგაცრუების გარდა რა შთაბეჭდილება დატოვა?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა უკეთესი მოლოდინები მქონდა ისეთი წონიანი ორგანიზაციის თავმჯდომარისგან, როგორიც ვენეციის კომისიაა - როგორც წესი, ამ ტიპის ფიგურები, რომლებიც პროფესიულ ჭრილში განიხილავენ საკითხებს, ამ შემთხვევაში, იურიდიულ ჭრილში, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერევიან. მით უმეტეს, არ იღებენ ასეთ დაპირისპირებაში რომელიმე მხარეს. ანუ, როგორც დიპლომატი არ უნდა აღმოჩნდეს მხარედ, ანალოგიური კოდექსი აქვს ამ ორგანიზაციასაც. გამოვიდა, რომ ბუკიკიო ამ შემთხვევაში, მხარე აღმოჩნდა, ამიტომ გამიკვირდა მისი განცხადებები.
რა შეიძლება ამოძრავებდეს ბუკიკიოს?
- ერთადერთი, სუბიექტური მომენტი, რაც შეიძლება ამოძრავებდეს ამ რანგის ფიგურას, არის ის, რომ მას შეიძლება მოსწონდეს პროპორციული სისტემა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსს, იტალიელს. დოკუმენტში ნახა, რომ პროპორციული სისტემა იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან არ გადადიან...
მას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ის ბოლომდე არ არის ჩახედული პოლიტიკურ რეალობაში. ვფიქრობ, იმასაც ვერ ხვდება, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე. იმ სისტემაზე, რომლის გატანაც თავად პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სურდა.
ვერ გაიტანეს, იმიტომ, რომ მართლა ძლიერია მაჟორიტარების ჟინი და ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვა დროსაც იყო ამ თემაზე დაპირისპირება.
მაჟორიტარები არიან პრაგმატულები, პარტიული ნიშა მათ არ აინტერესებთ - თანაც მხარდამჭერებიც ჰყავთ საქართველოში. ასე რომ, მაჟორიტარებთან დაპირისპირება გაცილებით მძიმე პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა, ვიდრე ახლა ბუკიკიოს იმედგაცრუებაა. როგორც ჩანს, ის არ არის ჩახედული ამ რეალობაში და ალბათ, რაღაც იმედები აქვს.
შეიძლება, ამ სიტუაციას დავარქვათ საკონსტიტუციო პროცესის ჩიხში შესვლა?
- შეიძლება, შეიყვანონ ჩიხში - არ გამოვრიცხავ, რადგან საკონსტიტუციო პროცესით ძალიან ამაყობდა საკონსტიტუციო კომისია, რომ წინა საკონსტიტუციო კომისიაზე უკეთ გაართვა საქმეს თავი. შეიძლება პროცესი „გაჭედონ“, მაგრამ „გაჭედვის“ მექანიზმი არ აქვს ოპოზიციას - ერთადერთი, ბუკიკიოს პოზიცია თუ აღმოჩნდება სავალდებულო ხელისუფლებისათვის, მაგრამ რატომ უნდა აღმოჩნდეს სავალდებულო, გაუგებარია - რეკომენდაციაზეა საუბარი.
მოგებული და წაგებული ვინ იქნება მთელ ამ გაუგებრობაში ეს თუ შეგვიძლია განვსაზღვროთ, მაშინ ალბათ, გასაგები გახდება, ვის რისთვის აწყობს პროცესის ჩიხში შეყვანა...
- აწყობს ოპოზიციას - იმიტომ, რომ ჩიხში შეყვანით ყურადღებას მიიპყრობს, საზოგადოებას დაანახებს, რომ ხელისუფლება სუსტია და თვითონ - ძლიერი. თუ მოახერხებს ოპოზიცია ამ პროცესის ჩიხში შეყვანას და შემდეგ ჩატარდება სოციოლოგიური გამოკვლევა და შევხედავთ რეიტინგებს შეიძლება, ეს ვერსია დადასტურდეს.
თავისი პოლიტიკური მომავლისთის 3%-იანი ბარიერი უფრო მეტად არ აწყობს ოპოზიციას, ვიდრე პროცესის ჩიხში შეყვანა, რასაც, ისედაც წინასაწარ იცის, რომ ან მოახერხებს და ან ვერა?
- აწყობს, მაგრამ თუკი ეს პროცესი ახლა ჩაიშლება, მათ ექნებათ რეიტინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ანუ რეიტინგი, რომელიც ახლა სჭირდებათ. ამ პროექტს კი მერე შეიძლება დაუბრუნდნენ, რადგან დრო ჯერ კიდევ არის - იტყვიან, რომ ბუკიკიომ ურჩიათ.
ხელისუფლებისთვის მომგებიანი სვლა რა იქნებოდა?
- მისთვის უკეთესი იქნებოდა პრინციპულობის გამოჩენა. რაც შეეხება ქვეყნისთვის, ამას მე ნუ მკითხავთ, რადგან ვთვლი, რომ საქართველოსთვის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა არის შეცდომა, რადგან პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ სუსტია და საპარლამენტო რესპუბლიკის შემოტანით ერთპარტიულ მმართველობას ჩავუყრით საფუძველს.