ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერა. როგორც ეპარქიაში აცხადებენ, სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პერიოდით შეუჩერდეს მღვდლობა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია იმედოვნებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს.
გადაწყვეტილება ეპარქიამ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას. თუმცა, როგორც ირკვევა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობმა ზიარებაზე ეპიტემია ისე დაადო, რომ გადაწყვეტილება მის უწმინდესთან არ იყო შეთანხმებული, რაც საეკლესიო კანონის მიხედვით დარღვევაა. ის, რომ გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიიღო, ამას ადასტურებს საპატრიარქოდან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განხორციელებული სატელეფონო ზარი.
რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ეპარქიაში აცხადებენ, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რადგან საპატრიარქოს მდივანმა დაადასტურა სატელევიზიო ეთერის საშუალებით, „რაც სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე“. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ეპისკოპოს იაკობს გადაწტვეყილების თვითნებურად მიღებაში ადანაშაულებს.
ეპარქიის პრეს-სპიკერი დეკანოზი იოანე გორელიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოვისმინეთ მამა მიქაელ ბოტკოველის სატელევიზო განცხადება, რომ მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია. მამა მიქაელ ბოტკოველი გახლავთ პრეს-სპიკერი და ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო საპატრიარქოს პოზიცია, ანუ მეუფე იაკობმა შეათანხმა პატრიარქთან. ეჭვი არ შეგვპარვია, რომ შეიძლება ასე არ მომხდარიყო. მაგრამ შემდგომში, მეუფესთან იყო განხორციეებული ზარი საპატრიარქოდან, სადაც გადასცეს პატრიაქის ლოცვა-კურთხევა. აი, სწორედ აქიდან მივხვდით, რომ ეს არ იყო პატრიარქთან შეთანხმებული. ჯერჯერობით ვერ ვხვდებით მეუფე იაკობმა თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ მამა მიქაელ ბოტკოველს შეეშალა და მეუფე იაკობი არაფერ შუაში არ არის. გაირკვევა, თუ მამა მიქაელმა დაუშვა შეცდომა, ასეთ შემთხვევაში თავად ისაუბრებს თავის შეცდომაზე, თუ მეუფე იაკობმა დაუშვა შეცდომა, სავარაუდოდ სინოდი მოსთხოვს ამაზე პასუხს. ჩვენ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
რაც შეეხება წმინდა ზიარების უფლებას, მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. როგორც დეკანოზი აცხადებს, საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანიებული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.
„ზიარების წინ ვაბარებთ აღსარებას, ვინანიებთ ცოდვებს, რის შედეგადაც გვაძლევენ ზიარების უფლებას, მაგრამ მამა გიორგი არ ფიქრობს, რომ დამნაშავეა, არ ცდილობს აღსარების ჩაბარებაზე და მოინანიოს თავისი შეცდომა. აქ არაა ლაპარაკი მკვლელობასთან დაკავშირებით. თავს არ თვლის დამნაშავედ თუნდაც იმაში, რა ჩანაწერიც გავრცელდა, სადაც იგინებოდა, სასულიერო პირებს აბრალებს რაღაცას, ეს არის ეკლესიის მტრობა.
როდესაც ეკლესიას ამხელა ზიანი ადგება და ამას თვითონ ვერ ხვდება, ციხიდან აცხადებს პრეტენზიებს, ნაცვლად იმისა, რომ სინანული გამოხატოს, რომ ეკლესია ჩემს გამო ასე გაილანძღაო, მაგრამ არა. აი, ეს მოტივაცია მას არ გააჩნია. არ თვლის თავს დამნაშავედ არაფერში. დაიწყო შიმშილობა, შევეცადეთ ხელი დაგვეფარებინა და ვთქვით, რომ შეიძლება მარხულობდეს, რადგან შიშმილობა სიკვდილის ტოლფასია, მღვდელი ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და ითხოვს ზიარებას.
თქვენ რომ მიხვიდეთ ეკლესიაში და უთხრათ მოძღვარს, რომ მე უდანაშაულო ვარ, როგორ ფიქრობთ, გაზიარებთ მოძღვარი? რა თქმა უნდა - არა, არ გაზიარებთ. ზიარება არის აღსარების სინანულის შედეგი, რაც მამა გიორგის შემთხვევაში არ არის და რანაიარად უნდა ვაზიაროთ? რომ ვაზიაროთ მამა გიორგი ადგება და იტყვის, რომ მე მართალი ვარო.
საზოგადოება ჩათვლის, რომ მამა გიორგი ეზიარა, რადგანაც მას არავითარი დანაშაული არ გააჩნდა. მარტივია, ის ამბობს, რომ მე მართალი ვარ და შენ კიდევ აზიარებ. საერთოდ, სიკვდილამდე ზიარება არავის არ აუკრძალია მისთვის. დამთავრდეს გამოძიება და თუ დაამტკიცებს თავის სიმართლეს, რაც ძალიან გვინდა, ეზიარება და სამღვდელოებასაც დაუბრუნდება. თუ ვერ დაამტკიცებს, მაშინ რომელ ზიარებაზეა ლაპარაკი, მაშინ სინანულს უნდა მიმართოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებს ეპისკოპოს იაკობის თვითნებურ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, უცნობია შეიკრიბება თუ არა წმინდა სინოდი ბოდბელი ეპისკოპოს იაკობის საკითხთან დაკავშირებით. დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პასუხი უნდა აგოს, როგორც მეუფე იაკობმა, ისე მიქაელ ბოტკოველმა, რადგან არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, პატრიარქის მდივანი მიზანიმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მამალაძისთვის ეპიტემიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან იყო შეთანხმებული. თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ ის განცხადებები, რომელიც ოჯახის წევრების მხრიდან, პატრიარქის არასწორ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულმა განცხადებამაც დაადასტურა.
„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ პატრიარქთან არასწორი ინფორმაციები მიდის, რომ მეუფე იაკობი უკრძალავს სასულიერო პირებს ჩემს ძმასთან შესვლას. გუშინ მეუფე დიმიტრიმაც დაადასტურა, რომ იაკობმა ეპიტემიის, ანუ სასჯელის დადების გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და პატრიარქი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
აქედან გამომდინარე, პასუხი უნდა აგოს, როგორც მეუფე იაკობმა, ისე მიქაელ ბოტკოველმა, რადგანაც მიქაელ ბოტკოველი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, რომ მეუფე იაკობის გადაწყვეტილება ვითომდა შეთანხმებული იყო პატრიარქთან“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.
რაც შეეხება დეკანოზისთვის სამღვდელო ხარისხის შეჩერების საკითხს, ამბობს, რომ კითხვები ჩნდება ხარისხის შეჩერების საკითხზეც. თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკანოზს შეჩერებული ხარისხი უმოკლეს ვადაში, სასამართლოს დასრულების შემდეგ აღუდგება.
„გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო სტატუსის შეჩერებას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ თუ ეს უფლება იმის გამო შეუჩერეს, რომ უდიდესი ბრალი აქვს წაყენებული, რატომ თავიდანვე არ მოხდა მისთვის სამღვდელო ხარისხის შეჩერება? მოგეხსენებათ, რომ ჩემს ძმას ბრალი თებერვლის თვეში წაუყენეს. დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი უმოკლეს ვადაში აღუდგება, რადგანაც ის სასამართლოში აუცილებლად გამართლდება და სიმართლეს დაამტკიცებს“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
ბოდბელი ეპისკოპოსის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის მხიდან შესაბამის რეაქციას ელოდება ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საპატრიარქოში არის ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც საეკლესიო სამართლის დარღვევით ახორციელებს ყველა მოქმედებას.
„მეუფე იაკობის შემთხვევა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას შემთხვევის ანალოგიურია. გამოვიდა ედიშერ ქარჩავა, ამბობდა, რომ საუბრობდა საპატრიარქოსა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. იქაც მოხდა გამიჯვნა და საპატრიარქომ თქვა, ჩვენ არაფრის საქმის კურსში არ ვიყავითო. ასე გამოდის მეუფე იაკობის სიტუაციაც. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მართლა არის გარკვეული ადამიანთა წრე, რომლებიც საეკლესიო სამართლის დარღვევით ახორციელებენ ყველა მოქმედებას“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხისა და ზიარების უფლების შეჩერების თაობაზე, ადვოკატის თქმით, ის ამ საკითხების შეფასებაში არაკომპეტენტურია.
„რაც შეეხება მეუფე დიმიტრის განცხადებას ამის თაობაზე, მე არაკომპეტენტური ვარ, არ ვიცი, რა რეაგირება ხდება შემდეგ, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილი. ვეცდები, უახლოეს ხანებში გავეცნო მათ სამართალს და ვნახო, რა ფორმით უნდა მომხდარიყო და რამდენად სამართლიანი იყო გადაწყვეტილება.
მან ძალიან მშვიდად და ნათლად თქვა - ისედაც მე ფორმალურად მაინც შეჩერებული მაქვს მღვდლობა, რადგან პატიმარი ვარ და ოფიციალურად სამღვდელო ხარისხის შეჩერება მისთვის წარმოუდგენელი რამ არ ყოფილა.
მამა გიორგი მიუთითებს საეკლესიო სამართლის მუხლებზე, რომლებიც საკუთარი ქმედებით მეუფე იაკობმა დაარღვია. მეუფე იაკობის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა საპატრიარქოს მოუწევს, რამდენად კანონიერი იყო მეუფე იაკობის გადაწყვეტილება. იარსებებს მექანიზმები, რათა მეუფე იაკობს დარღვევებზე პასუხი მოეთხოვოს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ბარლდებული დეკანოზი როგორც საპატრიარქოს, ასევე ეპარქიას წერილობით მიმართავს და მოითხოვს განმარტებებს მისთვის სასჯელის დადებასთან დაკავშირებით. მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან, საიდან გამომდინარეობდა პირველ რიგში მეუფე იაკობის მიერ სასჯელის დადება.
ასევე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან ითხოვს პასუხს, რატომ დაედო ორი სასჯელი, ვინაიდან მამა გიორგი აცხადებს, რომ კანონიკური სამართლით არ შეიძლება სასულიერო პირს ორი სასჯელი დააკისრო. მამა გიორგი ასევე მოხარულია, რომ მეუფე იაკობის არასამართლიან სასჯელზე რეაგირება მოხდა მისი ეპარქიის მხრიდან.