არიფ ჰაჯილის განცხადებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კონკრეტულმა, დაინტერესებულმა პირებმა გაიტაცეს. ბაქოდან საგანგებოდ ჩამოსული ოპოზიციური პარტიის „მუსავატის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საქმის ობიექტური გამოძიებისთვის. ოპოზიცია კი, პარლამენტში აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ პარლამენტი გამოძიების პროცესში უნდა ჩაერთოს.
„პარლამენტი ამ პროცესში უნდა ჩაერთოს, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნიათ. ისინი პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ სამარცხვინო საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპარანტულობა იყოს უზრუნველყოფილი სწორედ ისე, როგორც ამაზე მოუწოდებს ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი ძალიან მწვავედ იყოს განხილული სხდომაზე“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
ტრადიციულად ხელისუფლებას დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს ამ დანაშაულის ან შერბილებას, ან საერთოდ პრობლემის მიჩუმათებას და დეაქტუალიზაციას.
„მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რადგან ღრმად შეტოპეს. ერთი - მოხდა დანაშაული და მეორე -ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დაწყებული და წამყვანი პოლიტიკური ფიგურებით დამთავრებული, ამ დანაშაულს ხელს აფარებენ და ხდებიან დანაშაულის თანამონაწილეები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
მუხტარლის საქმეზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ლილუაშვილი გამოძიების პროცესით უკმაყოფილოა და საპარალამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნას ემხრობა. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა აფგან მუხტარლის გატაცების საქმეში.
„არ გამოვრიცხავ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის მოთხოვნას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არ არის, უბრალოდ, საუბარი იყო, რომ გამოძიებისთვის განკუთვნილი დრო რაც იყო, გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, რათა ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.
არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით და ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა?! ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
მუხტარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შეიქმნას ემხრობა მამუკა მდინარაძე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დატოვოს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
კითხვაზე, თუ როგორია მისი პირადი პოზიცია, მდინარაძის თქმით, ის კომისიის შექმნის მომხრეა.
„მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ საკითხებზე აზრთა სხდავასხვაობაა და საბოლოოდ იმ აზრზე ვყალიბდებით, რომელიც უკეთესია საკითხის გადაწყვეტისთვის. ამ შემთხვევაშიც შევჯერდებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კოლეგებისგან განსხვავებით, მუხტარლის საქმესთან დაკავშრებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნევს სოფო კილაძე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაზარალებულის ინტერესი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არც სახელმწიფო ურთიერთობები უნდა შეილახოს. კილაძე თვლის, რომ ჯერ საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაველოდოთ, რადგან ჯერ არ გასულა იმდენი დრო, რომ გამოძიების არაეფექტურობაზე გამახვილდეს ყურადღება და, რომ მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა.
„ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაველოდოთ, რადგან იმდენი დრო არ არის გასული, რომ ჩვენ გამოძიების არაეფექტურობაზე ვისაუბროთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული და სხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. ამას არც არავინ არ უარყოფს. რაც შეეხება ჩანაწერებს, ამაზე შალვა ხუციშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შუალედურ შედეგებთან ერთად ეს ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული.
ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმეა, რომელიც ეხება როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, დაზარალებულის ინტერესი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არც სახელმწიფო ურთიერთობები უნდა შეილახოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაადრევი იქნება“, - ამბობს სოფო კილაძე.
მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. მმართველი გუნდი გამოძიების შუალედურ შედეგებს ელოდება. უმრავლესობა ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი თვითონ გამოძიებამ.
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, როდესაც იქნება სრული სურათი, გამოქვეყნდება შუალედური შედეგი. მისი განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული სხვადასხვა დანიშნულების და სხვადასხვა ხასიათის. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე შუალედური შედეგები არ დაიდება.
„გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. თუ როდის იქნება ინფორმაცია, ამაზე გუშინ გასაგებად გითხარით და დღესაც შემიძლია გავიმეორო, როდესაც იქნება სრული სურათი, გამოქვეყნდება შუალედური შედეგები. მაშინ იქნება უფრო დეტალური ინფორმაცია. ეს არის გამომძიებლების ტაქტიკის და ტექნიკის გათვალისწინებით მათი გადაწყვეტილების შედეგი. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ვიდრე სრული სურათი არ იქნება, შუალედური შედეგებიც არ იქნება“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
აფგან მუხტარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს საქართველოს პროკურატურა. ქართული მხარე აზერბაიჯანული მხარისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება. საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა. ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რის ფარგლებშიც დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
„საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხტარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ, რაც მოხდება მუხტარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე, კამრან ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად.
„ის დააკავეს, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ამ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. არის თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან? მე არ ვაწარმოებ გამოძიებას და არ შემიძლია ამ კითხვას ვუპასუხო. თუ საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, რადგან ის კვეთდა საზღვარს ქართული მხრიდან აზერბაიჯანში, შეიძლება გარკვეული კითხვები გაჩნდეს გამოძიების მსვლელობაში. კონფიდენციალური გამოძიებაა და მეტის თქმა არ შემიძლია“,- განაცხადა კამრან ალიევმა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სინამდვილეში თბილისში დააკავეს, ალიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია ყველანაირი შეიძლება იყოს, თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების საკითხია. ალიევი ასევე გამოეხმაურა მუხტარლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
„ჩვენ ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს, მათ შორის მათი, ვინც გამოძიების ქვეშ იმყოფება. თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ გვაქვს სამედიცინო სამსახური პენიტენციურ სისტემაში, რომელიც თვალყურს ადევნებს და არანაირი კითხვები მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუ რამე იქნება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვენ არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და დახმარებას აღმოუჩენს“, - აცხადებს კამრან ალიევი.
აფგან მუხტარლისა და აზერბაიჯანიდან დევნილი შვიდი ჟურნალისტის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველომ ყველა მათგანს ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ბინადრობის უფლებაზე უარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უთხრა. EMC ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან აზერბაიჯანიდან დევნილებისთვის საქართველოში ლეგალური ცხოვრებისა და უსაფრთხო საქმიანობის პირობების უზრუნველყოფას ითხოვს.
რეჟისორი, გოგა ხაინდრავას განცხადებით, სხვა და სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ქვყეანაში მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდებით არიან დაინტერესებული, არასამთავრობო ორგანიზაციებს „მეხუთე კოლონად“ აყალიბებენ.
„მუხტარლის საქმეზე ქალბატონი ლეილას ფიგურაა გააქტიურებული, რომელიც უშუალოდ და უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ერთმანეთს აპირისპირებს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს. თქვენ წარმოიდგინეთ – ის ამის უფლებას აძლევს თავს! მთელი პრესა, არასამთავრობოები აყოლილები არიან ამ ყველაფერს და მოკლედ, დიდი ბანი დაუყენეს. საინტერესო იცით რა არის? - პირველივე დღეს ხდება ცნობილი, რომ მოიტაცეს და არასამთავრობო ე.წ. ორკესტრმა შეუბერა, რომ მოიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც დაგეგმა იმათგან იცოდნენ და ავრცელებდენ იმ ინფორმაციას, რაც საჭირო იყო. ლეილა მუსტაფაევა აქედან ცდილობს ალიევთან ბრძოლას“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.