სახალხო დამცველს აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, თუნდაც ის, რომ დღემდე გამოძიებას აგრძელებს შს სამინისტრო.
„ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
გადაეცემა თუ არა საქმე პროკურატურას, ძნელი სათქმელია, თუმცა მომხრეთა რაოდენობა, რომ ეს საქმე სხვა უწყებას გადაეცეს, სულ უფრო იზრდება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, რადგან ხარვეზი სახეზეა, - და ეს ეხება ვიდეოჩანაწერების წაშლის საკითხს.
„საქმე უნდა გამოიძიოს სხვა სტრუქტურამ, რადგან იყო განცხადებები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, უფრო მეტად დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქმეზე დადგეს რეალური ჭეშმარიტება და გაირკვეს ყველა დეტალი. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით გარკვეული ხარვეზები არსებობს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილის თქმით, მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალი დეტალი ომბუდსმენის აპარატისთვის არ არის ცნობილი.
აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაცია შს სამინისტროს მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.
საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ემხრობა იმ აზრს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ: „განათლების მინისტრი ჯეჯელავა, რაც უფრო მეტად გააგრძელებს ასეთ საკითხებზე ჩარევას და კომენტარს, მით უფრო მეტად გართულდება საქართველოს საკითხი ქვეყნის გარეთ და მით უფრო მეტად შეილახება მისი იმიჯი. სტრასბურგიც, ბუნებრივია, ძალიან ბევრ შეკითხვას დასვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ რამ გამოიწვია ესეთი გაუგონარი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ ვამბობთ, რომ „ევროპული საქართველოს“ აზრით, თუ რაიმემ შეიძლება მდგომარეობას მოფინოს ნათელი, ეს იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისია“.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობას უკვე ჰქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებდა კიდეც, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ნამდვილად ცუდად აისახებოდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
„განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმის დეტალური გამოძიების, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. თუ შედეგები არ იქნება დამაკმაყოფილებელი და კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კომისიის შექმნაზე მსჯელობა“, - აცხადებდა უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე.
მუხტარლის გატაცებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც პირველ დღეებში გახდა ცნობილი, სამართალდამცველებს არ გაუვრცელებიათ.
ექსპერტი, მამუკა არეშიძე თვლის, რომ კითხვები რასაკვირველია, არის.
„საქმე ისაა, რომ დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე, ცდილობენ მის შეგროვებას და მათ შორის, მეც, რადგან ვმუშაობ ეროვნული უმცირესობების საკითხებზე რეგიონალურ პოლიტიკაზე და ა.შ. უნდა გითხრათ, რომ კითხვები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის, არამედ თავად სიტუაციის მიმართაც შეიქმნა - იმ აზერბაიჯანული ჯგუფის მიმართ, რომელიც აქ იმყოფა“,- აცხადებს არეშიძე.
როგორც არეშიძე ამბობს, ეს განწყობა შეექმნა „ზოგიერთი სხვა ვითარების გამო“, რომელზეც ამ ეტაპზე არ სურს საუბარი.
„ჯერჯერობით არ მინდა ვისაუბრო, ამ მიმართულებით რა ტიპის ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ საკმაოდ ორაზროვანი სურათი იკვეთება, საიდანაც რთულია საბოლოო პასუხის ჩამოყალიბება, შეფასების მიცემა“, - ამბობს არეშიძე.
მისივე შეფასებით, სამართალდამცველებს უფრო მეტი საშუალებები აქვთ და ბევრად უკეთესი საინფორმაციო წყაროები.
„ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ და მიკვირს, რომ აქამდე რაიმე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებიათ ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - აცხადებს არეშიძე.
როგორც ექსპერტი განმარტავს, ასე ცალსახად არ ჩანს, რომ მაინც და მაინც აზერბაიჯანული სპეცსამსახურები მუშაობდნენ უშუალოდ იმ დღეს.
„თავისთავად ფაქტი იყო ძალიან მძიმე, ამას ემატება ისიც, რომ უკვე ამდენი დრო გავიდა და კითხვებზე პასუხი არ არის, ეს გარკვეულწილად საქართველოს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. რატომ იწელება დროში, ვარაუდი გამოვთქვა კი არა, შეიძლება, დარწმუნებითაც ვთქვა, რა არის მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესია, კომენტარისგან თავი შევიკავო, რადგან არ მინდა სიტუაციაში ზედმეტი ვნებათაღელვა შევიტანო - ანუ სხვაგვარად რომ გითხრათ, დაახლოებით ვხვდები, რაც ხდება, მაგრამ ამაზე ღიად ლაპარაკი ჯერჯერობით არ მსურს“,- აცხადებს არეშიძე.
რაც დრო გადის მუხტარლის საქმე რატომღაც, სულ უფრო ბურუსით მოცული ხდება და მით უფრო იზრდება საზოგადოების ინტერესი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ გვჯერა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ მუხტარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ევროპარლამენტში მუხტარლის საქმის განხილვის შემდეგ.
ერთადერთი სიახლე რაც გავრცელდა, ჯერჯერობით ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - მუხტარლის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმრის ჯამრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა საავადმყოფოში მაინც არ გადაჰყავთ და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც კი არ მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხტარლის შინაპატიმრობაზე უარი უთხრა. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, ჰასან ნაგიევმა განაცხადა, რომ თუკი მუხტარლის ციხიდან გაუშვებენ, არსებობს მისი ქვეყნიდან გაქცევის საფრთხე.
Meydan TV-ს ცნობით, აფგან მუხტარლი შეეწინააღმდეგა გამომძიებლის არგუმენტს, თუმცა მოგვიანებით, მოსამართლე ბაბეკ პანაჰოვმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.