ციანდის პროცესი სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს

ციანდის პროცესი სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს

ე.წ. ციანიდის საქმე 29 ივნისს დახურულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, სასამართლო პროცესის გახსნის მოთხოვნით სასამართლოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დეკანოზის ახლობლები სასამართლო პროცესის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა და სწორედ ამიტომ დაიხურა პროცესი.

მოთხოვნის მიუხედავად და დაცვის მხარის არაერთი საპროტესტო შუამდგომლობის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოში წლის ყველა სკანდალურო საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სასამრთლომ პროკურატურის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის, აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, დეკანოზის ორი მეზობელი და ბინის მეპატრონე.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროცესზე დაიკითხნენ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები. ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვაში. პროკურორის განცხადებით, მათი ჩვენებით დასტურდება, რომ ადვოკატების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს, დეზინფორმაციას ემსახურება.

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის, რაც დახურულ სასამართლოზე ხდება, აჩვენებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომების გახსნას მოითხოვს.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დახურულ სასამართლო სხომაზე დაიკითხა ის ბიზნესმენი, რომლის მოტყუებასაც ცდილობდა ბრალდებული მამალაძე, რათა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ თანხა ესესხებინა. საუბარია ბიზნესმენზე, რომელთანაც პროკუროის განცხადებით, დეკანოზი უსასყიდლოდ ცხოვრობდა, რომელსაც მამალაძემ 7 ათასი ევრო სთხოვა. როგორ გუბელაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ეს თანხა არ გადასცა, მამალაძემ 7 ათასი ევრო სესხის სახით აიღო.

„ამ ბიზნესმენის სახლში ბრალდებული მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა და 7 ათასი ევრო სთხოვა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში.

რეალურად, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 7 ათასი ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უარი უთხრა, მამალაძემ მოგეხსენებათ, ეს თანხა სესხის სახით აიღო“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

სკანდალური საქმის კიდევ ერთი პროკურორის, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“ თავსახურში ჰქონდა დამალული და სურდა, დაემალა, მაგრამ შემთხვევით დაუვარდა და ეს მოწმეებმაც დაინახეს. როგორც წიკლაური ამბობს, პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.

„პროკურატურაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი ჰქონდა. მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა.

კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, არსებობს აეროპორტში გაკეთებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ეხება და სადაც ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება. წიკალურის განმარტებით, ჩხრეკაც და დაკავებაც დეტალურადაა დასურათებული და არ გამორიცხავენ, რომ ეს მასალები გაასაჯაროვონ.

„ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამას ადასტურებს ფოტოსურათები. სურათები შეიძლება გასაჯაროვდეს და თქვენი თვალით ნახავთ, რომ ლუქი დაზიანებული არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ამას ბრალდებული და თავის ადვოკატი დააფიქსირებდნენ. ოქმში არ არის საერთოდ ამის შესახებ აღნიშნული“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამის მიუხედვად, მთავარ პროკურატურაში დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს ადვოკატი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის გახსნას ესწრებოდა. ადვოკატი რევაზ ფუტკარაძე, რომელიც მამალაძის პროკურატურაში ჩხრეკის დროს მის უფლებებს იცავდა, ამბობს, რომ ბრალდებულის ჩხრეკის დროს ოქმები სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევით იქნა შევსებული. მისივე ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესაძლოა, ბარგში ნივთიერება, რომელზეც გამოძიება ედავება, ჩაუდეს.

კითხვაზე, ნამდვილად გადმოვარდა თუ არა მამალაძის ბარგიდან ჩხრეკის დროს აეროზოლი, რომლის თავსახურშიც ციანიდი იყო დამალული, ადვოკატი რევაზ ფუტკარაძე განმარტავს, რომ მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ აეროპორტში ხელბარგის ამოღება, სამართალდამცავების მიერ ბარგის მიღება და დათვალიერება, საგამოძიებო უწყებას ვიდეოზე არ დაუფიქსირებია. კერძოდ, ხელბარგის ამოღება, მიტანა პროკურატურაში და დათვალიერება, ვიდეო კამერით არ ყოფილა გადაღებული და ამის გადაღება არც კი უფიქრია საგამოძიებო უწყებას.

„როდესაც მამა გიორგი მამალაძეს ეს ნივთიერება გადმოუვარდა, ის გაოცებული და გაკვირვებული იყო და ამას მოწმეები ადასტურებენ. შეუძლებელია ხელბარგში აღნიშნული ნივთიერება ყოფილიყო, რადგან მას გავლილი ჰქონდა შესაბამისი შემოწმება, რომელიც ყველა აკრძალულ ნივთიერებას აფიქსირებს. ამ ბარგის პროკურატურაში მიტანა და დათვალიერება მისი ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა.

ამასთან, მოწმეებს, ბარგთან, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, შემხებლობა არ ჰქონიათ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ამ ბარგის გახსნა უშიშროების სამსახურისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლებელია, რაიმე ნივთიერების მოთავსება მომხდარიყო ამ ბარგში. სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოხდა ბარგის დალუქვისა და დათვალიერების ვიდეოკამერით გადაღება, რაც საქმეს უფრო ნათელს გახდიდა“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ დეკანოზისთვის ციანიდი არავის ჩაუდია, ამ შემთხვევაში უნდა გასაჯაროვდეს ის ვიდეომასალა, თუ კი ასეთი არსებობს, რომელიც უშუალოდ დეკანოზის ბარგის ამოღების და დალუქვის ფაქტებს ასახავდა.

„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა აღნიშნულ მასალას, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ბრალდების მხარე ამბობს, რომ ბარგის ამოღებისას და დალუქვისას არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ აეროპორტის ადმინისტრაციას დეკანოზის ბარგის დალუქვის ამსახველი ვიდეომასალის გადაცემაზე, თუმცა ადმინისტრაციისგან უარი მივიღეთ.

თუ ბატონი ჯარჯი ლაპარაკობს არა ვარაუდის დონეზე, არამედ უტყუარად ადასტურებს, რომ დაილუქა და არაფერი ჩადებულა, მაგაზე მოუწევს აეროპორტის პატივცემული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პასუხის გაცემა, თუ რა ფორმით ხდება, როგორ მოხდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ასე უტყუარად არის დადასტურებული, მაშინ რატომ არ წარმოადგინეს კადრები? - საინტერესოა“, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.