ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. სასამართლო პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ღია საზოგადოებისთვის და დახურული იყოს მხოლოდ ის ნაწილი, სადაც შეიძლება გარკვეული ინფორმაცია იყოს გამოძიებისთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი.
გახმაურებულ სასამართლო პროცესზე დაიკითხა პროკურატურის მთავრი მოწმე ირაკლი მამალაძე. პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაში ასევე არის პატრიარქის მდივან–რეფერეტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც ამ გახმაურებულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული და ასევე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომლიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება.
როგორც ცნიბილია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.
საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა და სასამართლოს ის არგუმენტები გააცნო, რის საფუძველზეც ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავს. დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო და საქმის მთავრი მოწმეც დაკითხა. დეკანოზის ადვოკატი ამბობს, რომ პროცესზე, რომელიც დახურულია, ირაკლი მამალაძე უკანა შესასვლელიდან დაცვასთან ერთად შეიყვანეს. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ მოითხოვა 15-წუთიანი შესვენება იმისთვის, რომ მოწმე მამალაძე მოეყვანათ.
დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურის მხრიდან იყო მცდელობა იმისა, რომ მიმანიშნებელი კითხვებით მიეიღოთ ირაკლი მამალაძისგან ის ინფორმაცია, რაც მათთვის ხელსაყრელია.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი არ დაადასტურა.
„ბრალდების ბრალი გადატყდა ხერხემალში, მარტივი მიზეზის გამო, საქმის მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა. მე მეტ შინაარსობრივ განხილვაში შესვლის უფლება არ მაქვს, სხდომა არის დახურული, მაგრამ გეუბნებით, კონკრეტულ ბრალზე ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე, მტავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს უფლება, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ფანცულაია საქმის პროკურორებს მოუწოდებს ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.
„დადგება დრო და აღნიშნული სხდომის ოქმს გავასაჯაროებ, სადაც პირადად მე ირაკლი მამალაძეს ვუსვამ შეკითხვას და ის ვერ ადასტურებს ბრალს“, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.
ადვოკატის განცხადებას არ ადასტურებს საქმის პროკურორი. ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, საქმის მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება ადამიანის მკვლელობისთვის სჭირდებოდა. წიკლაურის თქმით, პროცესზე 6 ადვოკატი წარსდგა შესავალი სიტყვით და ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას.
„მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა მკვლელობისთვის. ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ის გარემოებები, რატომ ინტერესდებოდა ბრალდებული მსხვერპლის ორგანიზმში აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს ექსპერტიზა და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი.
მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის. ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა. ბრალდებული დაპირისპირებული იყო პატრიარქის მდივან–რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან, ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციისთვის და საწადელს რომ ვერ მიაღწია, აირჩია რადიკალულად გაუგონარი მეთოდი და დაგეგმა მისი მკვლელობა“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, იმ განცხადებების გამო, რომელიც ბრალდებულმა გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას.
„მეუფე იაკობის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი დადგება სასამართლო პროცესების შემდეგ. ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს. ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა.
როდესაც ადამიანს ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული, მან, როგორც მინიმუმ, უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში. ჩვენ ადამიანებს სიგარეტის მოწევაზე და ქცევაზე ვაძლევთ შენიშვნებს და შეიძლება უზიარებლობის ეპიტემიითაც დავსაჯოთ. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და სულ მინიმუმ, საკითხის გარკვევას დაველოდოთ“, – აღნიშნა მამა მიქაელმა.
ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულ დეკანოზს თავდებობაში არ დაუდგება საპატრიარქო, რადგან საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი დადგეს თავდებად. შესაბამისად, მამალაძის ადვოკატებთან პატრიარქის შეხვედრაც არ იგეგმება.
„თუნდაც მოვიდნენ ადვოკატები, პატრიარქს მოახსენონ საქმის ვითარების არსი, პატრიარქი რას იზამს ახლა, მიმართავს პროკურატურას, რომ ის უპირობოდ გაათავისუფლონ იქიდან? ეს ხომ წარმოუდგენელია! ამიტომ პატრიარქი ვერ მოისმენს, ვერ მიიღებს იმ იურიდულ კომენტარებს, რომელსაც ისინი აკეთებენ. მათ მიცემული აქვთ ამისთვის ასპარეზი, ისინი არიან მამა გიორგი მამალაძის დამცველები და მათ შეუძლიათ მოახდინონ პროცესების ისე წარმართვა, რომ თავიანთი დასაცავი პირი დაცულად გამოიყვანონ“, – განაცხადა მამა მიქაელმა.