ნატო–რუსეთის დაპირისპირება ბალტიის ნეიტრალურ წყლებში

ნატო–რუსეთის დაპირისპირება ბალტიის ნეიტრალურ წყლებში

7 ივლისს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰამბურგში გაიმართება, აშშ–ის და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება. დასავლელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებენ დიდი ოცეულის სამიტში და გამორიცხული არ არის, რომ ერთმანეთს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

დიდი ოცეულის შეხვედრამდე ამერიკა–რუსეთს შორის ვითარება იძაბება. აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები დააკისრა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. საპასუხოდ, რუსეთი არ აპირებს გააგრძელოს ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით წარმოებული ორმხრივი მოლაპარაკებები, რადგან მიზეზად ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციების გაფართოებას ასახელებს.

დიდი ოცეულის სამიტამდე, 23 ივნისს სანკტ–პეტერბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის უფროს მოადგილეს ტომას შენონის შეხვედრა უნდა გამართულიყო, რაც არ შედგება.

„ვაშინგტონის მხრიდან სანქციების გაფართოების შესახებ გუშინდელი გადაწყვეტილება საერთოდ უკარგავს ასეთ მოლაპარაკებებს აზრს. მით უმეტეს, ვაშინგტონს არც შემოუთავაზებია და არც გვთავაზობს ამ საკითხში რამე კონკრეტულს. ამერიკული მხარე არ გვიბრუნებს დიპლომატიურ საკუთრებას, რომელიც დეკემბერში ჩამოგვართვეს“, – აცხადებს სერეგი რიაბკოვი.

გარდა ამისა, ნატოს ავიაგამანადგურებლები მეორედ მიუახლოვდნენ ბალტიის ნეიტრალური წყლების თავზე მფრინავ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბორტს, რომელიც კალინინგრადიდან მოსკოვში მიემართებოდა.

შოიგუმ კალინინგრადში თავდაცვის უწყების კოლეგიის გასვლითი სხდომა გამართა, სადაც დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. კალინინგრადიდან გამოფრენილ ბორტის ესკორტს, რომელშიც მინისტრი იმყოფებოდა, გამანადგურებელი ბომბდამშენები Су-34 შეუერთდნენ. ბალტიის ნეიტრალური წყლების ცაზე მინისტრის თვითმფრინავს ნატოს მოიერიშეები მიუახლოვდნენ.

ნატო–ს ავიაგამანადგურებელმა F-16 რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბორტთან მიახლოვება მანამდეც სცადა, მაგრამ მას გზა რუსულმა Су-27–მა გადაუჭრა.

ამერიკულმა გამანადგურებლებმა შოიგუს ბორტის თანხლება სცადეს, რომელიც რუსეთის კალინინგრადის ოლქში მიემართებოდა. თვითმფრინავი, რომელშიც თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რუსეთის საზღვაო ავიაციის ავიაგამანადგურებლების ესკორტით მიფრინავდა.

სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ შამანოვი ამბობს, რომ ნატო-ს გამანდგურებელ F-16-ის მცდელობა, მიახლოებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს, სამხედრო უხამსობაა. ნატო-ს თვითმფრინავმა სამხედრო ეთიკა დაარღვია და ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა.

„სამხედროებს თავიანთი ეთიკა აქვთ. როდესაც ხედავ, რომ თვითმფრინავი ესკორტთან ერთად გადაადგილდება, აშკარაა, რომ თვითმფრინავში დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებიან. ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა ასეთ სიტუაციაში მიღებული არ არის. მე ამას სამხედრო უხამსობას ვუწოდებდი და სწორი გააკეთეს, რომ უკან დაახევინეს“, – აღნიშნა ვლადიმერ შამანოვმა.

რუსეთის საპასუხოდ კი, ნატო–ს შტაბ–ბინაში აცხადებენ, რომ ნატოს განმარტებით, ნატო–ს გამანადგურებელმა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინა. ნატოს–ს განმარტებით, F–16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში ნატოს ოთხი სამხედრო ბაზის განთავსების გამო შეშფოთებულია რუსეთი. სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ სიტუაცია რუსეთის ფედერაციის დასავლეთ საზღვართან ნატოს აქტივობის გამო გართულებულია, რაც დაკავშირებულია აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს აქტივობასთან. მისივე თქმით, რუსეთს ნატოს გააქტიურების გამო დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით სამხედრო შემადგენლობა სრულყოფაში მოყავს.

„პოლიტიკური, საინფორმაციო და ეკონომიკური ზეწოლის პარალელურად, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს სამხედრო ძალა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩვენი დასავლელი კოლეგების ამ ქმედებებს მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემის ნგრევამდე მივყავართ.

ეს ყველაფერი ზრდის ერთმანეთში უნდობლობის ხარისხს და იძულებულს გვხდის საპასუხო რეაგირება მოვახდინოთ პირველ რიგში დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით, სრულყოფაში მოგვყავს ჯარების საბრძოლო შემადგენლობა და მათი ბაზირების სისტემა. ამ დროისათვის რუსეთის დასავლეთით 30-ზე მეტ ბატალიონსა და დანაყოფში სწრაფი სამხედრო რეაგირებისთვის სრული მზადყოფნაა“, – აცხადებს სერგეი შოიგუ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთს აქვს მუდმივი ნეგატიური დამოკიდებულენა ნატოსთან, მით უმეტეს ვარშავის ხელშეკრულების შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპად მიჩნეული სოციალისტური ქვეყნები განთავისუფლდნენ სამხედრო ვალდებულებებისგან.

„მუდმივი საუბარი იმაზე, რომ რუსეთი არ დაუშვებს ნატოს მოახლოებას მის საზღვართან, წლების განმავლობაში იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება აშშ–ში გადაეცა რესპუბლიკელებს და კერძოდ, პრეზიდენტ ტრამპს, ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ ამერიკა დაინტერესებულია იმაში, რომ სიტყვის გამტეხი რუსეთისთვის სანქციები უნდა იყოს მკაცრი და ხანგრძლივი. ამიტომ, თვითმფრინავების ახლოს ჩაფრენა, ან შემთხვევით ჩამოტარება, შეიძლება გაგრძელდეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არც ერთ ქვეყანას, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს, არ ექნება სურვილი პირველმა გამოიყენოს ეს იარაღი, რადგან ძალიან მარტივად არის წარმოსადგენი, რა მოუვა ქვეყანას, რომელიც პირველი შეაზანზარებს მსოფლიოს.

„ახლა ჩვენს მიმართ არის შედარებით მდუმარე პერიოდი კრემლისგან. ცხადია, ისინი საკუთარ ხედვას არ შეცვლიან, მაგრამ ასე თავხედურად ნატოსთან არ საუბრობენ, რადგან შედარებით უკეთ გაიგეს და გააანალიზეს იმ ნატოს რეალობა, რომელიც არ ჰგავს რამოდენიმე წლის წინანდელ ნატოს და არა მხოლოდ შეშფოთებით და გულისწყრომით გამოირჩევა, არამედ მკაფიო და სრულიად ადეკვატური ქმედებებით მოქმედებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ერთი დღის განმავლობაში ორჯერ ნატოს ავიაგამანადგურებლების მიახლოვება ბალტიის ნეიტრალური წყლების თავზე მფრინავ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბორტს, დაემთხვა გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთმა აუკრძალა ამერიკულ თვითმფრინავებს იფრინონ იმ ზონებში, რომელიც მათი გავლენის სფეროში შედის.

„ანუ, სირაიში არსებულ უსაფრთხოების ზონებაზეა საუბარი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკელებმა ჩამოაგდეს სირიის სამხედრო ძალების ტაქტიკური ბომბდამშენები სუ–22 და ამავე დროს ამერიკის ავიაგამანდგურებელმა ჩამოაგდო ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავი.

უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავზე ხდება მსგავსი ქმედება. უკვე სერიოზულად საუბრობენ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის შეიძლება გაიმართოს სამხედრო კონფლიქტიც კი, რადგან ომის წარმოების მეექვსე ფაზის მიჯნაზე არიან.

ამერიკელი და რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ სიტუაციის ამგვარ განვითარებას, როგორც ჩანს, მხარეები მორალურად არიან მზად იმისათვის, რომ სამხედრო კუთხით მოხდეს დაპირისპირება, ანუ, გაცილებით უფრო მძიმე დაპირისირება იქნება, ვიდრე ცივი ომის პერიოდში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.