„მეუფე იაკობმა პატრიარქს უთხრა: „თუ მამა გიორგი ციხიდან გამოვა, მას მოკლავენ“

„მეუფე იაკობმა პატრიარქს უთხრა: „თუ მამა გიორგი ციხიდან გამოვა, მას მოკლავენ“

ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მეუფე იაკობის დავალებით მოქმედებდა. თორნიკე მამალაძის თქმით, „მეუფე იაკობი ჩართულია შავ საქმეებში და თავისი ნაცნობობით ცდილობს ეკელსიის გვერდის ავლით იშოვოს დიდი ფული“. ბრალდებულის ძმა იმასაც ამტკიცებს, რომ მეუფე იაკობმა ეკლესიის გვერდის ავლით შეძლო ძალიან დიდი ფულის შოვნა, ხოლო ამ მტკიცებულელებს მამა გიორგი მამალაძე წარადგენს.

for.ge თორნიკე მამალაძეს ესაუბრა.

მამა გიორგის ოჯახი თანახმაა, რომ მის უწმინდესობას ადვოკატების გარეშე შეხვდეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ადვოკატთან ერთად ითხოვდით შეხვედრას. რატომ შეცვალეთ პოზიცია?

თორნიკე მამალაძე: დიახ, თავდაპირველად ადვოკატებთან ერთად ვითხოვდით შეხვედრას, რაზეც უარი მივიღეთ, მაგრამ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ადვოკატების გარეშე არ შევხვდებოდით საქართველოს პატრიარქს. რადგან ადვოკატებთან ერთად ვერ შედგა შეხვედრა, შემდეგ უკვე დავთანხმდით ადვოკატების გარეშე შეხვედრას. მეუფე იაკობს და შორენა თეთრუაშვილს ეგონათ, რომ ჩვენ უარს ვიტყოდით ადვოკატების გარეშე შეხვედრაზე. მათი ინიციატივა იყო, რომ ადვოკატების გარეშე შევხვედროდით. შემდეგ რომ არ ეთქვათ, დეკანოზის უჯახი ამბობს უარს შეხვედრაზეო, დავთანხმდით, მაგრამ დღეს უკვე ოჯახის წევრებსაც არ გვახვედრებენ მის უწმინდესობას. მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის დავალებით გვატყუებდნენ, რომ უწმინდესი თბილისშია და იქ შეგვხვდებათო, მერე გვითხრეს, რომ ბობოყვათში შეგხვდებათო.

ბობოყვათში რატომ არ შედგა შეხვედრა?

- სამშაბათს უნდა შემდგარიყო შეხვედრა, მაგრამ ორშაბათს დამირეკეს და მითხრეს, რომ შეხვედრა ვერ შედგებოდა.

ვინ დაგირეკათ?

- საქართველოს პატრიარქის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დამირეკა და მითხრა, რომ შეხვედრა ვერ შედგებოდა.

შეგიძლიათ დაასახელოთ დაცვის წევრი, რომელმაც გითხრათ, რომ შეხვედრა ვერ შედგებოდა?

- ჩემგან არ იქნება სწორი, თვითონ დაასახელებენ. დაცვის წევრმა დარეკა და გვითხრა, რომ სამშაბათს 11 საათზე უწმინდესი მიგიღებთო. შემდეგ ორშაბათს გვიან ღამით დამირეკა და მითხრა, რომ უწმინდესი შეუძლოდ არის და ვერ შეგხვდებათო. ოთხშაბათს დავრეკე, მოვიკითხე უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მითხრეს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, ავაღ აღარ არის. ამის შემდეგ ვუთხარი, თუ კარგად არის, მაშინ შემახვედრეთ-თქო, რაზეც გამითიშა ტელეფონი.

ვინ გაგითიშათ ტელეფონი?

- დაცვის წევრმა. მერე დამირეკა და მითხრა, რომ მამა დავით ჭინჭარაულს უთქვამს, რომ ბობოყვათიდან თბილისში გაემგავრება და თბილისში შედგებოდა ჩვენი შეხვედრა. ისევ ველოდებით პასუხს, როდის შევხდებით კათოლიკოს-პატრიარქს. რადგან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას ვითხოვდი, ეგონათ, რომ ადვოკატების გარეშე უარს ვიტყოდი შეხვედრაზე. როდესაც უკვე დავთანხმდით, რომ ადვოკატების გარეშე შესახვედრად მზად ვიყავით დეკანოზის ოჯახის წევრები, ამის შემდეგ ხან გვეუბნებიან, რომ პატრიარქი თბილისშია, ხან ბობოყვათში, ხან კიდევ შეუძლოდაა. გვატყუებენ. სამწუხაროდ, ოჯახის წევრები ვერ ვახერხებთ შეხვედრას მის უწმინდესობასთან.

მეუფე იაკობი და შორენა თეთრუაშვილი ახსენეთ და ამბობთ, რომ ისინი ბლოკავენ თქვენს შეხვედრას უწმინდესთან. როგორ ფიქრობთ, რატომ გიშლიან შეხვედრას პატრიარქთან? მეუფე იაკობი არ იღებს ამ ბრალდებას...

- ცოტა შორიდან დავიწყებ, როდესაც მამა გიორგიმ პატრიარქის კურთხევით დაიწყო საპატრიარქოში აუდიტის ჩატარება, აღმოაჩინა ფინანსური დარღვევები, რომელიც გადიოდა კონკრეტულად მეუფე იაკობზე, შორენა თეთრუაშვილზე და ასევე, მათი კლანის დაჯგუფებებებზე. ამის შემდეგ მეუფე იაკობისგან რამდენიმეჯერ იყო მუქარა მამა გიორგის მიმართ. მამა გიორგი არ შეუშინდა მეუფე იაკობის, შორენა თეთურაშვილის და მათი შავ-ბნელი ძალების მუქარას, გააგრძელა თავისი მოღვაწეობა. სწორედ ამის საპსუხოდ შეუთითხნეს ეს ბინძური საქმე, რასაც სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა და მაღალჩინოსნებიც წამოეგნენ.

როგორ ფიქრობთ, იკვეთებოდა პროკურატურის ინტერესები იმ საქმეების უკან, რასაც მამა გიორგი სწავლობდა?

- ვერ გეტყვით მათი ინტერესებიც იმალებოდა თუ არა ამ საქმეშე, მაგრამ ფაქტია, რომ წამოეგნენ ამ ბინძურ თამაშს და მამა გიორგის დააბრალეს ის, რაც ყველამ ვიცით. მეუფე იაკობი იმიტომ უკრძალავს თითოეულ სასულიერო პირს მამა გიორგისთან შესვლას, რომ ყველა ის მღვდელი, რომელიც შევა ციხეში, გაიგებს მეუფე იაკობის და თითოეული იმ პიროვნების შესახებ, რომლებიც საპატრიარქოს ბინძური მოთამაშეები არიან და რომელთა ბინძური საქმეები ამოქექა მამა გიორგიმ. ჩვენ, ოჯახის წევრებს გვბლოკავს ეს ორი ადამიანი იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ პატრიარქმა ჩვენგან არ გაიგოს სრული სიმართლე.

რის საფუძველზე უყენებთ ბრალდებას მეუფე იაკობს და შორენა თეთურაშვილს, რომ სწორედ ისენი გიშლიან ხელს პატრიარქთან შეხვედრაზე? რამდენად სანდოა წყარო, რომელიც ამბობს, რომ ეს ორი ადამიანი ბლოკავს შეხვედრას?

- ამისთვის წყარო არ მჭირდება, რადგანაც მე, პირადად ვიცი მამა გიორგისგან, რომ მან დეტალურად შეისწავლა ფინანსური დარღვევების თემა და აგრძელებდა მუშაობას. როდესაც ყველაფერი დასრულდება, დამერწმუნეთ, რომ ყველა გაიგებს იმ პიროვნებების სახელს, ვინც ამ საქმის უკან იდგა. ეს სახელები ჩემი მოგონილი არ არის, მე როგორც ვიცი ეს სახელები საქმეში ჩანს.

შეხვედრის მთავარი მოტივი რა არის? არის ასეთი ინფორმაციაც, რომ თქვენ მისი უწმინდესობისგან ითხოვთ მამა გიორგის შეწყალებას...

- არა, არასოდეს არ გვითქვამს, რომ ჩვენ პატრიარქიგან ვითხოვთ მამა გიორგის შეწყალებას. ყოველთვის ვამბობდი, რომ შეწყალებას არასოდეს არავის არ მოვთხოვ, იმიტომ, რომ მამა გიორგის შესაწყალებელი არაფერი არ სჭირს, მას დანაშაული არ ჩაუდენია, მამაო უსამართლოდ არის დაკავებული. პატრიარქთან შეხვედრის მიზანია მხოლოდ ის, რომ ვუთხრათ რა ხდება, ვის ვუკავშირდებოდი ტელეფონით, ვის ვთხოვდით შეხვედრას და ვინ გვეუბნებოდა უარს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ პატრიარქი არიდებს ოჯახის წევრებთან შეხვედრას თავს? გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ შეხვდებოდა მამა გიორგის, მაგრამ საგამოძიებო უწყების ჩარევის შემდეგ ეს კომუნიკაცია ვერ შედგა...

- არა, ეს კითხვა არ მიჩნდება. რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ჩვენს სურვილზე და ამ შემთხვევაში ადვოკატებთან ერთად შეხვედრაზე უარს არ იტყოდა. ეს ყველაფერი მოდის არა პატრიარქისგან, არამედ იმ პიროვნებებისგან, ვინც ამ საქმის უკან დგაგნან - მეუფე იაკობი და შორენა თეთრუაშვილი. როდესაც მისი უწმიდესობა ჩამობრძანდა გერმანიიდან, ადვოკატები შეხვდნენ მის უწმიდესობას და ამ შეხვედრაზე პატრიაქრმა ბრძანა, რომ მამა გიორგის ცუდი საქმე არ სმენია, ენდობოდა ყველაფერში და თბილისში ჩამოყვანაც მისი ინიციატივა იყო. შემდეგ პატრიარქმა უთხრა ადვოკატებს, რომ მამა გიორგი ციხეშე არ უნდა იჯდეს, როგორმე უნდა გამოვიყვანოთ ციხიდანო და იქვე ადვოკატებს ჰკითხა იურიდიულად ეს როგორ მოხდებოდა, მაგრამ რატომღაც მეუფე იაკობმა პატრიარქს უთხრა, თუ მამა გიორგი ციხიდან გამოვა, მოკლავენო.

ამ შეხვედრაზე თქვა მეუფე იაკობმა, რომ თუ მამა გიორგი ციხიდან გამოვა, მას მოკლავენო?

- ადვოკატებთან ერთად ამ შეხვედრას ესწრებოდა 6-7 ეპისკოპოსი, მათ შორის იყო მეუფე იაკობი. ეს ხდებოდა წმინდა სინოდის შეკრებამდე. სწორედ ამ შეხვერდაზე თქვა, რომ მამა გიორგის მოკალვენო. პატრიარქი შეაშინეს და პატრიაქმა თქვა, რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მაშინ იყოს ციხეში, ხომ არ მოვკლავთ ადამიანსო. ასე მოატყუა პატრიარქი და პატიმრობაში დატოვეს მამაო. ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ისევ უნდა შეხვედროდნენ ადვოკატები უწმინდესს, მაგრამ ამის შემდეგ ადვოკატებისთვის დაიხურა საპატრიაქოს კარები. ვინც შუამდგომლობდა ამ შეხვედრას, ის პიროვნებაც გამოუშვეს საპატრიარქოდან. დამერწმუნეთ, რომ ედიშერ ქარჩავასავით არ ვავრცელენ ცრუ ინფორმაციას. რასაც ვამბობ, ეს არის მტკიცებულებით გაჯერებული.

ედიშერ ქარჩავას რომელ განცხადებას გულისხმობთ?

- ის, რომ თურმე 50 მილიონს ათეთრებდა მამა გიორგი, გნებავთ მეუფე პეტრეს წინააღმდეგ განცხადება, რასაც საპატრიაქრო გაემიჯნა. მისი ცრუ ბრალდებების საპირისპიროდ წარვადგინეთ დეტალური მტკიცებულებები, რომ ფულს კი არ ათეთრებდა, არამედ შემოჰქონდა საპატრიაქროში პატრიაქრის ხელმოწერით და მინდობილობით, დეტალურად იყო აღწერილი რაზე უნდა გახარჯულიყო თითოეული თეთრი. ყველა ბრალდება იქნა გაქარწყლებული, მაგრამ მაინც დატოვეს ქარჩავა საპატრიარქოში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ქარჩავას ვიღაცა მფარველობს და მისი ბრძანებით მოქმედებს.

ვინ მფარველობს?

- ეს არის შორენა თეთრუაშვილი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ თეთრუაშვილი არის ედიშერ ქარჩავას შვილის ნათლია. მათ აქვთ უამრავი ერთობლივი ბიზნესი.

მაგალითად?

- ამ წუთას მტკიცებულება არ მაქვს, იმიტომ, რომ ამ საქმეში არ ვარ ჩახედული, მაგრამ მამა გიორგი ითხოვს, შეიქმნას საეკლესიო სამართალი, წარსდგეს ყველა ის მღვდელმთავარი ვინც მას ადანაშაულებს, მამაო თავისი მტკიცებულებებით წარსდგება და, თუ იტყვიან, რომ მამა გიორგი არის დამნაშვე, მზად არის მოიხადოს სასჯელი. მაგრამ არ თანხმდებიან საეკლესიო სამართალს, რადგან იქ გამოჩნდება ვინ ათეთრებს ფულს და ვინ ცდილობს საპატრიაქროს გვერდის ავლით ფულის შოვნას და საპატრიარქოს დისკრედიატაციას.

როგორც თქვენ ამბობთ, თითქოს მეუფე იაკობის თქმით, გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, მამაოს სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ლიკვიდაციის მცდელობა შეიძლება კავშირში იყოს იმ ჩანაწერთან, რომელიც გავრცელდა? ვგულისხობ ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს.

- მეუფე იაკობი კარგად იცნობს მის უწმინდესობას, კარგად იცის როგორ გადააფიქრებინოს გადაწყვეტილება. პატრიაქის ბუნებიდან გამომდინარე მეუფე იაკობმა მოატყუა პატრიარქი, რომ თუ გაანთავისუფლებენ მამა გიორგის, მაშინ მოკლავენო. მეუფე იაკობი დარწმუნებული იყო, რომ უწმინდესი გადაწყვეტილებას შეცვლიდა, რადგან ადამიანის სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი. არანაირი ლიკვიდაციის საფრთხე არ არსებობდა, უბრალოდ, ამით ზეგავლენა მოახდინა უწმინდესზე.

თქვენ ამბობთ, რომ მამა გიორგის დაკავება პირდაპირ უკავშირდება მის საქმიანობას, ანუ საპატრიარქოს ფინანსების საკითხს, მამა გიორგი ამბობდა, რომ საფრთხის წინაშე იდგა? მას საკმაოდ მძიმე ბრალი აქვს წაყენებული.

- ბრალდება არის სრული აბსურდი. ბრალში წერია, რომ მამა გიორგი ანგარების მიზნით აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, თითქოს, მამა გიორგის უნდოდა საპატრიარქოში დაწინაურება და ამაში ხელს უშლიდა შორენა თეთრუაშვილი. თიტქოს, სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა პატრიარქის გერმანიაში მოკვლაო, რადგან ადვილად მიიმალებოდაო. ეს არის სრული აბსურდი. ისმის კითხვა - თუკი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შემდეგ გერმანიაში უნდა მიმალულიყო, მაშინ საპატრიარქოში როგორ დაწინაურდებოდა?

პროკურატურა უკვე თავის სპექტაკლში არის ჩაძირული, გაურკვევლობაში არიან. მამა გიორგისთან ყოველგავრი კომუნიკაცია გაწყვეტილია, მას არ აქვს ტელეფონით სარგებლობის უფლება. სასამართლო სხდომებიც დახურეს, თითქოს საქმეში არსებობს ინტიმური კადრები. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ არანაირი ინტიმური კადრები არ არსებობსო.

ამის შემედეგ თქვეს, რომ მამა გიორგი და ირაკლი მამალაძე ვიღაცა ადამიანზე საუბრობენ ცუდ სიტყვებს და ამის გამო დახურეს ასეთი რეზონანსული საქმე. ეს არის პირდაპირ მიმანიშნებელი იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მათ ეშინიათ სიმართლის გავრცელების საზოგადოებაში, რადგან ღია სასამართლო პროცესის შემთხვევაში, ყველა ნახავს რა ბინძურად შეკერეს მამა გიორგის წინააღმდეგ საქმე.

რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ირაკლი მამალაძემ, რომელიც დღესაც ამბობს, რომ მამა გიორგი პატრიაქის მკვლელობას გეგმავდა?

- ირაკლი მამალაძეზე ვერაფერს ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ მე პირადად არ ვიცნობ, არც არასოდეს არ შევხვედრივარ, ღმერთს მადლობა ამისთვის. მამა გიორგი იყო ირაკლი მამალაძის ძმის შვილის ნათლია. კონკრეტულად ირაკლი მამალაძე რატომ აირჩიეს და რატომ გაწირეს, ვერ გეტყვით. მიმაჩნია, რომ დღეს ირაკლი მამალაძე უფრო არის გაწირული, ვიდრე მამა გიორგი. მამა გიორგი დაადასტურებს თავის უდანაშაულობას.

როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძე ვინმეს დავალებით მოქმედებდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი. თუ ყურადღებას მიაქცევთ ბოლო ვიდეო ჩანაწერს, აშკარაა, რომ პროვოკაციას უკეთებდა ირაკლი მამალაძე.

ირაკლი მამალაძეს ვინ დაავალა ამის გაკეთება?

- ალბათ, გახსოვთ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომ სანამ პროკურატურაში მივიდოდი, მანამდე მოძღვართან ვიყავიო. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო, ვინ არის ეს მოძღვარი.

ვინ არის ის მოძღვარი, ვისთანაც მივიდა?

- ეს კითხვა უნდა დაუსვათ ირაკლი მამალაძეს. ასევე იმ იურისტებს, ვისთანაც იყო მისული. თქვან, ვინ იყო ის კონკრეტული მოძღვარი და ამის შემდეგ გაეცემა პასუხი კითხვას - ვინ ავალებდა ირაკლი მამალაძეს, რომ მამა გიორგი წამოეგო პროვოკაციაზე. თუკი ირაკლი მამალაძე დაასახელებს ვინ არის ეს მოძღვარი, ასეთ შემთხვევაში გაეცემა კითხვას პასუხი - ვისი შეკერილი არის ეს საქმე. სწორედ იმიტომ, რომ ამ მოძღვრის გამხელა არ უნდათ, დახურეს სასამართლო პროცესი.

ეს მოძღვარი მეუფე იაკობია?

- ეს კითხვა დაუსვით ირაკლი მამალაძეს.

ამ შემთხვევაში თქვენი პასუხია საინტერესო...

- მე ჩემი აზრი უკვე გითხარით.

ანუ, არ გამორიცხავთ, რომ ეს შეიძლება იყოს მეუფე იაკობი?

- მე, მეუფე იაკობისგან არაფერს არ გამოვრიცავ. იმიტომ, რომ მეუფე იაკობი არის ადამიანი, რომელიც ჩართულია შავ საქმეებში, რომელიც შექმნილია ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, რომელიც თავისი ნაცნობობით ცდილობს ეკელსიის გვერდის ავლით იშოვოს დიდი ფული და იშოვა კიდეც.

უმძიმეს ბრალდებას უყენებთ მეუფე იაკობს, გაქვთ მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მეუფემ ეკლესიის გვერდის ავლით იშოვა დიდი ფული?

- ამ მტკიცებულელებს წარადგენს მამა გიორგი მამალაძე. მოვა მაგის დროც.