„ჩვენ, ჩვენი წასაგები ბრძოლა უკვე წავაგეთ, საინფორმაციო ომის გაშიშვლებული ხმლები გვაქვს“

„ჩვენ, ჩვენი წასაგები ბრძოლა უკვე წავაგეთ, საინფორმაციო ომის გაშიშვლებული ხმლები გვაქვს“

საზოგადოებასა და მედიაში კრემლის გავლენა იზრდება… რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში - ასეთია, მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით კი, საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპზე, წარმატებით უმკლავდება რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის ამ გამოწვევებს, რაც მკაფიოდ აისახა აპრილის გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 83%. ჯანელიძის თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობა მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელიც პროპაგანდის თუ დეზინფორმაციის სახით არსებობს.

ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ითვალისწინებს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორების სურვილია, საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ისეთი წინასაარჩევნო აგიტაცია და რეკლამა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის გარდა, ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხესაც შეიცავს. იურიდული კომიტეტი ფორმულირების დახვეწას აპირებს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უახლოეს მომავალში, პირველი მოსმენის რეჟიმში დაიწყება.

როგორია რუსული გავლენა საქართველოში და რას ცვლის საკანონმდებლო დონზე მიღებული ცვლილება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

სახელმწიფო უწყებებში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებები. მთავრობა თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ლიტვასთან, რათა გაუმკლავდეს იმ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს განვითარებული, ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა. საქართველოს შემთხვევაში რამდენად ჩანს რუსული პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხე?

რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც რაიმეზე უკან დაიხევს, მით უფრო პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომზე, მაგრამ ფაქტიურად რამოდენიმე მოტივი ხდის საინფორმაციო ომს უაზროდ რუსეთისათვის. ერთი ის, რომ პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა საერთოდ არ ლაპარაკობს იმაზე, მისაღებია თუ არა რუსეთი, იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკითაც იგი საქართველოს უკავშირდება. ოკუპაციის გამამართლებელი ფრაზა არც საჯაროდ მომისმენია და არც კულუარულად.

შეიძლება სადმე არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ასეთ სახიფათო მტერთან და ყველაზე ხშირად ეს ეპითეტი ფიგურირებს რუსეთთან დაკავშირებით, ფრთხილი უნდა იყო. გავაბრაზოთ თუ მოვერიდოთ, ეს უკვე სტრატეგიებია იმის მიხედვით, ძალას რაში გრძნობ.

საკითხის ასე დაყენება, ფრთხილი უნდა იყო, გავაბრაზოთ თუ მოვერიდოთ - ეს არ ნიშნავს რუსული პოზიციის გაზიარებას?

- არა, რა თქმა უნდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს მდგომარეობა გვაქვს იმ ფონზე, როდესაც რუსული არხები შეუფერხებლად მუშაობენ საქართველოში. იმ ფონზე, როდესაც გარკვეული სატელევიზიო გემოვნების მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ არ უყურებს ქართულ არხებს, უყურებს მარტო რუსულ არხებს.

ის, რომ რუსულ არხებს უყურებენ, აქ იგულისხმება პოლიტიკური მნიშვნელობა?

- არა, რა თქმა უნდა. ამ ნაწილში იგულისხმება მხოლოდ ის, რომ თავიანთი ჟურნალსიტური დონით და ხშირად მხატრული დონითაც, უფრო მისაღებია რუსული არხები, ვიდრე ქართული სატელევიზიო სივრცე. ამ ფონზედაც კი, ვერსად ვერ ნახავთ რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამომხატველ ფრაზას, იმ ფონზეც კი, როდესაც ქართული მედია თავისი ხარისხით აგებს რუსულ მედიასთან.

რაც შეეხება პროპაგანდას, თუ გინდა, რომ არ გქონდეს ამა თუ იმ ქვეყნის პროპაგანდა, უნდა აჯობო ხარისხიანი პროპაგანდით. ანუ, შენი საინფორმაციო საშუალებების ნდობის ხარისხი უნდა იყოს უფრო მაღალი და დამაჯერებელი. საკანონმდებლო დონეზე შეიძლება აკრძალო, მაგრამ აკრძალვა ხომ აკრძალული ხილის ფენომენს წარმოშობს.

მით უფრო იმ საზოგადოებაში რომელსაც აქვს დეფიციტი კარგი და ხარისხიანი სატელევიზიო გადაცემის...

- რა თქმა უნდა. რუსულ ეთერში მარტო პროპაგანდისტული გადაცემები არ არის. უზარმაზარი შრე არის, კულტურის, იუმორის, ფილმები და ა.შ. აკრძალვა რუსული არხებს მაყურებელთა ძალაუნებურ გაღიზიანებას გამოიწვევს ამკრძალავის მიმართ. თუკი ბრძოლა გვინდა რუსულ პროპგანდასთან, მაშინ იმავე იარაღით უნდა ვიბრძოლოთ, რითაც ეს პროპაგანდა იბრძვის, ანუ საინფორმაციო საშუალებებით.

საბჭოთა კავშირი კრძალავდა დასავლეთის პროპაგანდას - „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“, ვიცით, რომ აკრძალული იყო მათი მოსმენა, მაგრამ შედეგად რა მიიღო - ამ აკრძალულმა არხებმა აჯობეს საბჭოთა კავშირს. აკრძალვა არასოდეს არ იძლევა შედეგს, რაც ამკრძალავს მიაჩნია, რომ მიიღწევა.

საქართველოში შემთხვევაში რამდენად მწვავედ დგას რუსული პროპაგანდის საკითხი?

- მეეჭვება, რომ პროპაგანდა იყოს, იმიტომ, რომ საინფორმაციო ომი მოჰყვება ჩვეულებრივ საომარ მოქმედებას. დღეს, რუსეთის აგრესია საქართველოსკენ არ არის მომართული. მან უკვე მომართა ეს აგრესია საქართველოზე და თავისთვის საჭირო პოზიციაც უკვე დაიკავა ჩვენს ქვეყანაში. ცხივალიდან რომ დაძრას ტანკები, ნახევარ საათში შეუძლია ხელში აიღოს მთელი ქვეყნის კომუნიკაციები. აღარ ვლაპარაკომ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომელიც რუსი ბიზნესმენების ხელშია. საქართველოს შემთხვევაში, რუსეთს ეს რესურსები არ სჭირდება, უამრავი თემა აქვს.

იქ, სადაც იბრძვის საინფორმაციო ომის ხერხებით ეს არის - სირია, ირანთან და აშშ-თან ურთიერთობა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს რუსეთი იბრძვის არა მარტო პროპაგანდისტული მანქანით, საინფორმაციო ომის წარმოების არა მარტო ამ კლასიკურ მეთოდს იყენებს, არამედ საარჩევო სისტემაში რუსეთის ჩარევას უჩივიან ამერიკელები და ფრანგები. ანუ, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ერევა და ისე იწყებს პოლიტიკურ ზემოქმედებას ქვეყნის ბედ-იღბალზე.

ცოტა ღიმილის მომგვრელია, ანუ გრანტის მომგვრელია, გეშინოდეს ამ მასშტაბებით მომუშავე რუსეთის, რომ ჩვენც არ შეგვიტიოსო, როცა უკვე შემოტეულებიც ვართ და უბრალოდ, დაკონსერვებული აქვს ჩვენი საკითხი. ამიტომ ახლა არც ვახსენდებით.

რუსული პროპაგანდა არის ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი გამოწვევა. მილიარდებია გამოყოფილი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, დასავლეთი ებრძვის როგორც ფინანსებით, ასევე მოქმედებით, მაგრამ პრობლემა რჩება პრობლემად. საკითხის საკანომდებლო დონზე დაფიქსირება, შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ ამ შემთხვევაში მიზანი არის გრანტის მიღება, ვიდრე პრობლემის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების დასახვა?

- კი ბატონო, გრანტისკენ მივიწევთ, მაგრამ იქნებ გრანტი ცოტა სხვანაირად გამოვიყენოთ? მოვითხოვოთ, რომ შეიქმნას არხი, გაზეთი, რომელიც იქნება საპირისპირო, ამაში დაიხარჯოს გრანტი და არა ავკრძალოთ და აქ დავხარჯოთ გრანტი. ამ არხების აკრძალვით არსებითად ვერ გადავწყვიტავთ პრობლემას - თეფშებს იყიდიან და მაინც ნახავენ იმ არხებს, მაგრამ აგრესიას გამოვიწვევთ ამკრძალავის მიმართ. უყურებენ ადამიანები რუსულ არხებს, ოღონდ უყურებენ სპორტს და კულტურას.

მაგალითად, NDI-ის გამოკითხვაში - ვინ არის ნომერ პირველი მტერი? დასახელებულია რუსეთი და საკმაოდ მაღალი პროცენტით...

- კი ბატონო, მაგრამ რაში ვნახეთ, რომ რუსულმა პროპაგანდამ გაჭრა? ევროპისკენ ორიენტაცია შეიცვალა? - არა. როგორც კი ევროპამ გადადგა ნაბიჯი და ვიზა-ლიბერალიზაცია მოგვაკუთვნა, მაშინვე აიწია ევროპის რეიტინგმა. ჩვენ გვგონია, რომ არა რუსეთის პროპაგანდა, საქართველო ევროპაზე გადარეული იქნებოდა. არ არის ასე საქმე. თვითონ ევროპელი ექსპერტები საყვედურობენ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ პასიურობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საქართველოს მიმართ.

ანუ, საქართველოს მოსახლეობას რომ ევროპის მიმართ აქვს პრეტენზიები, ეს თვითონ ევროპის დამსახურებაა და არა რუსული პროპაგანდის?

- რა თქმა უნდა. რუსულ პროპაგანდაში ვერ მაჩვენებთ მასალას, სადაც საუბარია, რომ დასავლეთი საქართველოს არ ეხმარეობაო, ვერ ექნება ეს თემა. მაშინ რუსეთმა უნდა თქვას, რომ დასავლეთი საქართველოს ჩემს წინააღმდეგ არ ეხმარებაო. ამ მიმართულებით რუსული პროპაგანდა არ მუშაობს. მათ სხვა სტილი და მიმართულება აქვთ.

ამიტომ რას ვებრძვით იურიდიული კომიტეტისა და აკრძალვის დონეზე, გაუგებარია. ვიმეორებ, ჩვენ, ჩვენი წასაგები ბრძოლა უკვე წავაგეთ, საინფორმაციო ომის გაშიშვლებული ხმლები გვაქვს. არ გებრძვის ის რუსეთი, ჯერჯერობით შენთვის არ სცალია, როცა მოიცლის და ქართული თემა წამოიწევს წინ, აი, მაშინ უნდა დაისვას საკითხი. დეზინფორმაციასაც არ ავრცელებს, საერთოდ ინფორმაციასაც არ ავრცელებს საქართველოსთან მიმართებაში და გაუგებარია რას ვკძალავთ.

ჩვენ გვყავს ძალიან სუსტი დამოუკიდებელი მედია. ანუ, თითქმის ყველა მედია არის გავლენების ქვეშ. ქვეყანამ რეალურად რომ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის გავლენებზე, მან უპირველეს ყოვლისა უარი უნდა თქვას კომერციული მედიის მდგომარეობაზე. კომერციული მედია არის ქვეყნის პოლიტიკაში ყველაზე სუსტი წერტილი.

კომერციული ინტერესით თუ მოქმედებს მედია, მეზობელი და ამ შემთხვევაში რუსეთი, ყოველთვის მოძებნის ისეთ ფაცხას, რომლითაც ამ მედიას თავის ჭკუაზე ააჭიკჭიკებს. ასე რომ, თუ მიგვაჩნია, რომ უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას, მაშინ ასეთი ბრძოლის საფუძველი უნდა დავდოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა მოვამზადოთ დამოუკიდებელი, თუნდაც იგივე დასავლურ გრანტებზე დაფუძნებული მედია-საშუალებების ფონდი, რომელიც შექმნის ევროპული ორიენტაციის პროდუქციას. მიმაჩნია, რომ აკრძალვა არ არის სწორი მეთოდი.