ევროპარლამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს. „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ - ევროპარლამენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია 6 პუნქტისგან შედგება, სადაც ევროპარლამენტარები როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით გაუჩინარებაში.
ამავე რეზოლუციით, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშსაფარს ითხოვენ და რომლებიც თავიანთ ქვეყნებში შესაძლო მკაცრი სასამართლო შედეგების წინაშე დგანან უფლებადაცვითი ან პოლიტიკური საქმიანობის გამო.
„ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს აფგან მუხთარლის დევნას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობისთვის. მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის, ვინც დაპატიმრებულია ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამო.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებაში მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა აფგან მუხთარლი თავის ოჯახს შეუერთდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა. ევროპარლამენტის წევრმა ჩარლზ ტენოკმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ძალიან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არსებობს ეჭვები საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ამ საქმეში.
„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ძალიან შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არსებობს ეჭვები საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ამ საქმეში. საგამოძიებო ჟურნალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცხოვრებაში და უზურნველყოფილი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოუხსნას ყველა ბრალდება აფგან მუხთარლის და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“, -განაცხადა ჩარლზ ტენოკმა.
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსმა შოკისმომგვრელს უწოდებს ფაქტს, რომლის მიხედბით აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის.
„ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტის წევრმა სორაია პოსტმა კი, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ.
„საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია.
მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ“, - განაცხადა სორაია პოსტმა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტარების მოწვევით იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე, რომლიც გამართულ დებატებს დაესწრო. ლეილა მუსტაფაევა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროპარლამენტის რეზოლუციის მკაცრ ტონს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ქვეყანაში არსებული ვითარება და ჟურნალისტებთან მიმართებაში არსებული დამოკიდებულება გაეუმჯობესებინა. მაგრამ მისი თქმით, ალიევის ხელისუფლებამ ეს დრო არ გამოიყენა და სიტუაცია ყოველდღიურად კრიტიკული ხდება.
„სტრასბურგში გამართულ ყველა შეხვედრაზე ევროპარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი მეუღლის გატაცებაში ფიგურირებდნენ ქართველებიც. ადვოკატის ინფორმაციით, გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულ ენაზე, ეცვათ ქართული სპეცსამსახურების ფორმები და ანგარიშს აბარებდნენ მათთვის უცნობ პირს, ამიტომ თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს, რომ რეზოლუციაში საქართველოს პასუხისმგებლობასაც გაესვას ხაზი“, - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საკმაოდ მკაცრია და ბევრ კრიტიკას შეიცავს. როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ნახსენებ ყველა შეკითხვას დროზე გაეცეს პასუხი, რისკენაც, მისი თქმით, იმთავითვე მოუწოდებდა საქართველოს პრეზიდენტი.
„ის ფრაზა, რომელიც რეზოლუციაშია აღნიშნული, სწორედ მოწოდებაა იქითკენ, რომ სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისათვის, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად იქნას აღნიშნული საკითხი შესწავლილი.
ყველასთვის ნათელი უნდა იყოს სურათი და თავიდან იქნას აცილებული არა მხოლოდ სკეპტიციზმი ამ საქმესთან დაკავშირებით, არამედ გათვითცნობიერებული იყოს ყველა ის ნაბიჯი, რამაც გამოიწვია მსგავსი კრიტიკა საქართველოს მიმართ, რათა მომავალში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ინციდენტები“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დროულად უნდა ჩაატაროს გამოძიება, იზიარებს ალექსანდრე ჯეჯელავა, რომლის განცხადებით, საქმის გამოძიების პროცესში არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს.
„არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს და სწორედ ამით არიან შესაბამისი სტრუქტურები დაკავებული. მე როგორც ვიცი, ასობით მოწმის დაკითხვაზე, ვიდეოკამერების მასალების შემოწმებაზეა საუბარი. მოკლედ პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პრემიერი ამბობს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს რეალურად რა მოხდა.
„საერთო ინტერესი გვაქვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რომელიც უნდა იყოს ობიექტური რეალობა თავისი დამაჯერებლობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ. რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ეს ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა, შესაბამისად, შემდგომი რეაგირება მოვახდინოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აღნიშნულ საქმეზე „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა დროული და მიუკერძოებული გამოძიება ჩატარდეს.
„პარლამენტში სუს-ის უფროსი და შს მინისტრი დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. როგორც ჩანს, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ამ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება დროულად და სწრაფად სჭირდება. ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ვაყენებთ, სადაც ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება, რადგან მტკიცების ტვირთი საქართველოს სახელმწიფოზეა.
ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან დამნაშავეების დასჯაა მოთხოვნილი და არანაირი ნდობა არ არსებობს იმ უწყებების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ გატაცემაში პირდაპირი ეჭვმიტანილები არიან. უმრავლესობას მოვუწოდებ, არ გახდნენ თავგასული ძალოვნების მძევლები და საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს გაუფრთხილდნენ და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
როგორც ცნობილია, აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის ზერბაიჯანში დააკავეს. აზერბაიჯანულმა მხარემ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს -კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. ჟურნალისტი ამჟმად სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე, შს სამინისტრომ გამოძიება ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა ამბობს, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე მიმართეს აზერბაიჯანულ მხარეს, აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნით. ხულორდავას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
„სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებობს თანამშრომლობა. საქართველო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, მიმართული აქვთ აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურისათვის, რათა მოხდეს აფგან მუხთარლის დაკითხვა ჩვენი საგამოძიებო უწყების მიერ. მე მგონია, რომ ეს კარგი და სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ მისი დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გამოძიება არის დაწყებული და რამდენადაც ჩვემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქმეზე რეალური სურათი მივიღოთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფგან მუხთარლის არ მოუმართავს როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის, ასევე ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, რაც სოზარ სუბარს აფიქრებინებს, რომ მის მიმართ დევნა არ არსებობდა. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, როცა ადამიანი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზეა და შემდეგ უცებ აღმოჩნდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ცხადია, კითხვები ყოველთვის არის.
„გამოძიება მუშაობს იმაზე, რომ ყველა ამ კითხვას გაეცეს პასუხი. აფგან მუხთარლი ორი წელი ცხოვრობდა საქართველოში ყოველგვარი პრობლემის და საფრთხის გარეშე. მის მიმართ თუ დევნა იყო მეზობელ ქვეყანაში, ან თუ რაიმე საფრთხეს გრძნობდა, მას შეეძლო მოემართა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი. ან, თბილისში არის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ამიერკავკასიის ოფისი და შეეძლო მიემართა მათთვის, იმ შემთხვევაში, თუ მას ან მის ოჯახს ჰქონდა ეჭვები, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა ხათრი გვქონოდა, გაერო-ს უმაღლესი კომისარიატი არის ის ორგანო, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ ხათრს რომელიმე ქვეყნის მიმართ. ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს ან საქართველოში ან რომელიმე ქვეყანაში.
ის, რომ მას ორი წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის და არც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ მსგავსი დევნა არ არსებობდა. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.