შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 25 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, 77 საქართველოს მოქალაქე კი უკან დააბრუნეს. ოფიციალურად, თუ რა მოტოვით ეთქვათ უარი ქართველებს შენგენის ზონის გადაკვეთისას უცნობია, თუმცა, მათი ნაწილი სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო არ შეუშვეს.
ევროკავშირის ზონაში უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა 29 ივნისს იწურება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საზღვარი 28 მარტის მდგომარეობით გადაკვეთეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როგორი იქნება საერთო სურათი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს შემთხვევაში საუბარია არა ტურისტებზე, არამედ ეკონომიკურ მიგრანტებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად ცდილობენ დასაქმებას, სავარაუდოა, რომ 90 დღიანი ვადების დარღვევა დაფიქსირდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, საქართველოდან შენგენის ზონაში საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, უკან მხოლოდ ერთეულები დააბრუნეს.
„ჯერჯერობით მხოლოდ პოზიტივი შემიძლია ვთქვა, გამომდინარე იქიდან, რომ ივნისის ბოლომდე სტატისტიკა სამთვიანი მიმოსვლის თაობაზე არ გვექნება, მაგრამ დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და უკან გამობრუნებულები არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის და არცოდნის გამო დააბრუნეს უკან. ჩვენმა კამპანიამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
რამდენად ვასრულებთ უვიზო რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია, რადგან 3-თვიანი პერიოდი ჯერ არ გასულა. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოდან გასულია 25 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
„ეს არის ოციალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს სასაზღვრო უწყებიდან. რაც შეეხება არშეშვების ფაქტებს, ასეთი 77 შემთხვევა გვაქვს. ბუნებრივია, რომ ეს 77 შემთხვევა არ ითვლება დეპორტაციად, რადგან შენ არ შედიხარ ქვეყანაში, პირდაპირ საზღვრიდან გაბრუნებენ.
ბუნებრივია, რა მიზეზით არ შეუშვეს, არავინ იცის, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც წინა სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო არ მოხდა შეშვება. ის ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ დარღვევები შენგენის ზონაში, მარტივად ვერ კვეთენ საზღვარს და ბუნებრივია, უვიზოდაც არ უშვებენ -მათ შესახებ მონაცემები არსებობს საზღვარზე.
აუცილებელია ვადების და იმ პირობების დაცვა, რასაც უვიზო რეჟიმი ითვალისწინებს. 28 მარტიდან მოყოლებული ჯერ სამი თვეც არ გასულა, ანუ, საფუძველი სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, არც ერთ ჩვენი მოქალაქე არ არის დეპორტირებული, რადგან, 90 დღიანი ვადა არ არის ამოწურული. 29 ივნისს გავა 90 დღიანი ვადა იმ ადამიანებისთვის, ვინც 28 მარტს გადაკვეთა საზღვარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ხულორდავა.
28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი - 73 ადამიანი გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა - ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელეს.
ქვეყნების მიხედით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: ესპანეთი - 16, საფრანგეთი - 12; ბელგია - 11; საბერძნეთი - 11; შვედეთი - 10; შვეიცარია - 10; იტალია - 9; პოლონეთი - 9; ავსტრია - 6; ლიტვა - 6; დანია - 5; პორტუგალია - 5; ნიდერლანდები - 4; ნორვეგია - 3.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, 28 მარტიდან, საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, 192 საქართველოს მოქალაქე, რომელთა დეპორტაციაც განხორციელდა არ შედის იმ სიაში, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლეს.
for.ge-სთან საუბრისას თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ეს დეპორტაციები ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირდება. მისივე თქმით, დეპორტაციის პროცედურა საკამოდ დიდ ვადებს მოითხოვს.
„დეპორტაცია მუდმივად ხორციელდება და არანაირი გაზრდილი რიცხვი ჩვენ არ გავქვს. დეპორტაციას ექვემდებარება საქართველის ის მოქალაქე, ვინც შეიძლება ძალიან დიდი ხნის წინ გავიდა ქვეყნიდან, უბრალოდ აქამადე არ დაფიქსირებულა, როგორც სავიზო რეჟიმის დამრღვევი იმ ქვეყანაში. დეპორტაცია შეიძლება მოხდეს როგორც სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის, ასევე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იმ ქვეყნებში იხდიან სასჯელს, ხოლო სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ ხდება მათი დეპორტაციას, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.
სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან აქამდეც ხდებოდა დეპორტაცია და ალბათ, მომავალშიც გვექნება ასეთი შემთხვევები. ფაქტის სახით შეძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ეს 192 ადამიანი ვინც 28 მარტის მონაცემებით მოხვდა დეპოტრაციაში, არც ერთი არ არის იმ ადამიანთა შორის, ვინც უვიზო რეჟიმით გავიდა ქვეყნიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ხულორდავამ.
ექსპერტი სოსო ცინცაძე ელოდება, რომ 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, გაცილებით დრამატული იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც გამოაძევებენ ევროპის ქვეყნებიდან და შეიყვანენ ე.წ. შავ კომპიუტერში.
„სულ მალე, რამდენიმე თვეში ვნახავთ რამდენად მომზადებული შეხვდა ჩვენი ხელისუფლება ამ რისკებს, რომელიც თავიდანვე არსებობდა და რომელიც მაშინ გამარჯვებულის ეიფორიით გადაიფარა, რაც პრობლემა აღმოჩნდება ქვეყნისთვის. ეიფორიის პერიოდმა გაიარა, ხელისუფლებამ თავისი ქულები ჩაიწერა აქტივში და ახლა იწყება პახმელია.
ხალხს ეგონა, რომ ევროპამ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა. არავითარი საჩუქარი ეს არ არის, ეს გახლავთ უდიდესი პასუხისმგებლობა. ევროკავშირი ჩეხეთს, უნგრეთს და რუმინეთს სასამართლოში უჩივის, რადგან ისინი უარს ამბობენ მიგრანტების მიღებაზე. ყველა ყველა, მაგრამ ქართველი არალეგალი მიგრანტი ტერორისტულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ეს არის ეკონომიკური მიგრანტები, რომელთა გამოძევება უპრობლემოა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება საქართველოს და 90-დღიან ვადას, ცინცაძე ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება ბუმერანგად გვექცეს და წინა პლანზე წამოიწიოს მიძინებულმა პრობლემამ, რასაც ჰქვია 90-იან წლებში საქართველოდან გასული მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა ქვეყნიდან ყალბი პირადობით არის გასული და მათი უმრავლესობა დღეის მდგომარეობით გერმანიაში იმყოფება.
„10 ათასობით თბილისელი გავიდა ყალბი მოწმობით ქვეყნიდან, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდნენ. მე ვიცი ადამიანი, რომელიც შევარდანაძის დროს მინისტრთა საბჭოში მუშაობდა და სახლში „პაჩკებით“ ეწყო ყალბი პასპორტები, რომ თითქოს ყველა ის ადამიანი კონფლიქტის ზონიდან იყო წამოსული.
ჩვენმა ხელისუფლებამ 2 წლის წინ ამ ადამიანებს უფლება მისცა, რომ თუ გარკვეულ ვადაში, ანუ 31 დეკემბრამდე თავიანთი ნებით დაბრუნდებოდნენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად აღიძრებოდა საქმე. ათასობით ქართველი, რომელიც ძირითადად გერმანიაშია, საქართველოში ავტომატურად, დე ფაქტო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მაგრამ საქმის წარმოება არც ჩვენს ხელისუფლებას არ აწყობს. იმიტომ, რომ მათი გამოძევების შემთხვევაში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმება ქვეყანაში.
ეს პროცესი სულ უფრო და უფრო დრამატულ სახეს მიიღებს ჩვენი მოქალაქეებისათვის. ევროპა ამკაცრებს კანონებს. არალეგალურ მიგრანტებზე, რომელზეც 5-8 წლის წინ თვალს ხუჭავდა ბერლინი, პარიზი და სხვა ქვეყნები, დღეს უკვე თვალს ვერ ხუჭავენ, ვინაიდან ამან შექმნა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური პრობლემა. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას და ამ სათანადო უწყებებს მოუწევთ სერიოზული მუშაობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.