„ჩვენ სამიწათმოქმედო ცივილიზაციის, გეორგიანული ერი ვართ, რომელიც მიწასთან მარადიულმა ურთიერთობამ გადაარჩინა“

„ჩვენ სამიწათმოქმედო ცივილიზაციის, გეორგიანული ერი ვართ, რომელიც მიწასთან მარადიულმა ურთიერთობამ გადაარჩინა“

„ეს დაბოლილი ფსევდოლიბერტარიანელები, ნეოტროცკისტები იძახიან, მიწა შენია და, რაც გინდა, ის გააკეთეო. მათ არ იციან, რომ აბსოლუტური საკუთრება მიწაზე არსად არ არის მსოფლიოში“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

ამასთან, მეცნიერი მიწასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაში აზრს ვერ ხედავს, თუკი ჩვენი ხელისუფლება მორატორიუმის პერიოდს არ გამოიყენებს მიწასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ხოლო, თუკი მორატორიუმს ამისთვის გამოიყენებენ, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ მორატორიუმი სწორად გამოუცხადებიათ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, უცხოელებზე მიწის გასხვისების მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც ილია ჭავჭავაძის ციტატებს იშველიებენ. ილიას მიაჩნდა: სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!“

- მიწის სტატუსის შეცვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უნდა შეიქმნას მიწათსარგებლობის მონიტორინგის სამსახური, რომელიც მიწაზე მონიტორინგს დააწესებს. 1978 წელს შეერთებულმა შტატებმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შესახებ კანონი მიიღო და მთელი ეს კანონი აგებულია მონიტორინგზე, თუ რას აკეთებ, რას აწარმოებ, რას ქმნი მიწაზე. ასე არ არის, ტუღუშები, ჭიაბერაშვილები, გოცირიძეები, ჯაფარიძეები რაღაცას რომ წამოისვრიან. ტელევიზიებში არ გვეძახიან იმ ხალხს, ვინც ეს სფერო იცის, რადგან სეირის ყურება უნდათ. ამას წინათ ვახო სანაიასთან საცოდაობას ვუყურე. სამწუხაროდ, ხელისუფლების პოზიციას წარმოადგენდა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც აგრარული განათლება არ აქვს. ასევე, ხელისუფლების მომხრეთა მხრიდან მიწვეული იყო ექიმი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. იქვე იყო გიორგი ახვლედიანი, თავისი ურაპატრიოტული ლოზუნგებით. მეორე მხრიდან ლიბერტარიანული შეტევები მიმდინარეობდა. ჭიაბერაშვილმა გადაფურცლა ილია ჭავჭვაძის მეექვსე ტომი, სადაც ნიკო ნიკოლაძისადმი ილიას მიწერ-მოწერა იყო ასახული. იქ ილია კითხვას სვამს, რა ვქნათ, რა მოვიფიქროთ, რაღაცაა მოსაფიქრებელი, რადგან, როდესაც გლეხთან დიდფულიანი ებრაელი მივა, გლეხი იმას მიწას მიჰყიდის, აბა, რას იზამსო. ამით ჭიაბერაშვილი ამტკიცებდა, ხომ ხედავთ, ილია რას ეუბნება, ამით აღიარებს მიწის გაყიდვასო. ამ დროს კი აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ილია არ იცოდა და გაამტყუნა ილია. ისიც იკადრა, ის სხვა დრო იყოო. ამ ადამიანებს ილია ჭავჭავაძე არ აქვთ წაკითხული. ეს სფერო ვინც იცის, იმათ გვმალავენ, რადგან ხომ უნდა იღადავონ მერე, ხომ უნდა ანახონ ხალხს ეს მასხარაობა. ჭიაბერაშვილი ფილოსოფოსია, იგი სრულიად პატარა ბიჭი, მე-10-11 კლასელი, საავიაციო ქარხანაში ჩატარებულ ერთ-ერთ მიტინგზე აღმოაჩინა ნოდარ ნათაძემ. ბატონ ნოდარს აქვს კარგი თვისება, თუ ვინმეში ნიჭიერებას დაინახავს, ხელს ჩაავლებს და სურს, ნიჭიერი ადამიანი გამოადგეს თავის ქვეყანას. ამ პატარა ბიჭსაც ჩაავლო ხელი და ნახევარი აკადემია და უნივერსიტეტი შეაწუხა, ოღონდ ამ ბიჭს ჩაებარებინა თსუ-ის ფილოსოფიის სპეციალობაზე. იქ მართლაც მოეწყო ჭიაბერაშვილი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ნოდარ ნათაძეს. ჭიაბერაშვილმა ეკონომიკა ისე იცის, როგორც მე ვიცი ჩინური გრამატიკა. დილეტანტის დონეზე რაღაც იცის. ბოლოს და ბოლოს, ქალაქის მერი იყო. მართალია, პირობა მოგვცა, რომ აეროპორტის გზაზე დაგებული ასფალტი 10-12 წელიწადში არ აიყრებოდა და ამ დროს მესამე წელს აიყარა, მაგრამ მერე ევროკავშირშიც იყო და ულტრალიბერალურ იდეებს ეზიარა. ახლა ჭიაბერაშვილი ამბობს იმას, რაც მას პოლიტიკურად აწყობს. მან არც კი იცის, რომ ურბანულ მიწაზე ფასთწარმოქმნის პროცესი სხვა არის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე სხვა არის. თბილისში ურბანული მიწის ერთი ჰექტარი შეიძლება, 100 მილიონადაც გაიყიდოს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი კი განისაზღვრება რენტისგან, ანუ იმ სარგებლისგან, რაც იმ მიწაზე მოდის. თუ ამ მიწაზე არის მაღალხარისხოვანი ვენახის ჯიში, მისი ფასი გაცილებით მაღალია და შეიძლება იყოს ათჯერ მაღალი, ვიდრე ერთწლიანი კულტურებისთვის დასათესი მიწის ფართობი. ასეთ მიწაზე, რომელიც მრავალწლიანი კულტურებითაა დაკავებული, მთელ მსოფლიოში ჰექტრის ფასი 10 ათასიდან 20 ათას დოლარამდე მერყეობს. საქართველოშიც კარგი ვენახის ფასი ის მაქსიმუმია, რაც დღეს მსოფლიოშია. ჩვენ სამიწათმოქმედო ცივილიზაციის, გეორგიანული ერი ვართ. თვითგამორკვევა ამ საკითხზე დიდი ხნის წინ დავასრულეთ და იმან გადაგვარჩინა, რომ მიწასთან მარადიული ურთიერთობა გვქონდა. ეს იყო სწორედ სათემო საკუთრება. როგორც კი ეს დალაგდება, პრობლემები აღარ გვექნება.

ხელისუფლებამ საზეიმოდ გვამცნო, რომ მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიწის გასხვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე შესაძლებელი არ იქნება. ქართულ მიწაზე მორატორიუმის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო?

- საერთოდ, კონსტიტუციაში ვის გაუგია აკრძალვების ჩაწერა? მორატორიუმის გამოცხადება წინგადადგმული ნაბიჯი არ არის. ამას მაშინ ექნებოდა აზრი, როდესაც შენ მორატორიუმის გამოცხადების პერიოდში საქართველოს მოსახლეობისთვის და ამ სფეროს აღორძინებისთვის შესაბამის ღონისძიებებს გაატარებ. ასე მშრალად, რომ კონსტიტუციის ამოქმედებამდე გამოვაცხადე მორატორიუმი, არაფერს ნიშნავს. რა იცვლება ამით? უბრალოდ, ვიღაცებს მოფხანეს გული, რომ უცხოელი ჩვენს მიწას ვერ იყიდის. მანამდე მილიონი პრობლემაა მიწასთან დაკავშირებით. ბევრი შესწორებაა შესატანი იმ კანონებში, რომლებიც მიწის საკითხს არეგულირებენ. შესატანია ცვლილება თუნდაც იმ კანონში, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეს უფლება მისცა, თავისი მიწა ერთი ხელის მოსმით, ერთი განცხადების საფუძველზე გადაიყვანოს არასასოფლო-სამეურნეო (ანუ ურბანულ) დანიშნულებაში. ეს უდიდესი შეცდომაა, რაც გაკეთდა სააკაშვილის დროს. არადა, თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რომ გადაგეყვანათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში, ამას უნდა გაევლო რამდენიმე ინსტანცია და ამის დასაბუთება უნდა მომხდარიყო. ჰექტარი მიწის გადაყვანისთვის 40 ათასი ლარი უნდა გადაგეხადათ. ის 40 ათასი ლარი მიდიოდა ახალი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ათვისების ფონდში. ანუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს არ უნდა მოჰკლებოდა მიწის რესურსი, რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უალტერნატივო სასიცოცხლო ბაზაა ნებისმიერი ხალხისთვის და მას გაფრთხილება სჭირდება. ამისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიწის დაცვის ტრიბუნალებია შექმნილი. თვით ისეთმა ქვეყნებმაც კი, როგორიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომელთაც არ იციან, მიწის ჭარბ რესურსს რა უყონ, მიწასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები დააწესეს. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ დადგენილებაში უნდა ჩაიწეროს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის სისტემის სრულყოფა იქნება ქვეყანაში. უნდა დაგვეწყო მიწის კადასტრის შესაქმნელად ღონისძიებების გატარება. გარდა ამისა, კანონში არსებობდა მუხლი, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელს უფლებას აძლევდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გადაეყვანა თავისი მიწა. ეს გაუქმებული მუხლიც უნდა აღდგეს. თითქმის ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც მიწების აღრიცხვას კატეგორიების, საკუთრების მიხედვით არ ახდენს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პრივატიზებული მიწების აღრიცხვას ახდენს. ამიტომაც იყო, რომ გაეროს უძრავი ქონების საბჭომ ჯერ კიდევ სააკაშვილის მთავრობას ოფიციალური წერილი მისწერა, თუ სად წავიდა 2 მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა, რომელიც არსად ჩანდა? მარტო გვაჩვენებთ 839 ათას ჰექტარს, ამ დროს ხომ თქვენ 3 მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა გქონდათო?! ამათ პასუხი არ გასცეს, რადგან 2004 წელს გააუქმეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. არ ვამბობ, რომ მე-20 საუკუნის სტრუქტურა გვჭირდება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება წელში გამართული სტრუქტურა, თანამედროვე სახელწოდებით, თანამედროვე ფუნქციებით. ასეთი სტრუქტურა იქნება მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ბაზის ეროვნული სამსახური, ან სააგენტო, რომელმაც ეს ფუნქციები უნდა შეითავსოს. საჯარო რეესტრი ვერ გააკეთებს ამას. რეესტრს თავისი ამოცანა აქვს და ეს არის საკუთრების რეგისტრაცია. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 70%-ზე მეტს მის საკუთრებაში არსებული მიწა დარეგისტრირებული არ აქვს. ამ დროს კი საჯარო რეესტრის შესაძლებლობა წელიწადში მხოლოდ 50 ათასი სარეგისტრაციო მონაცემის დარეგისტრირებაა. თავად მიწის რეფორმაა დასასრულებელი ქვეყანაში.

რახან აღრიცხვა არ გვაქვს და მიწის ყოველწლიურ ბალანსს არ ვაწარმოებთ, შესაბამისად, არც ის ვიცით, რამდენი მიწა დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენია მოსახლეობის საკუთრებაში. მართალია, მოსახლეობას აქვს მიწა საკუთრებაში, მაგრამ დარეგისტრირებული არ აქვს. ის უბედურებები, რაც ხდებოდა 2006 წლიდან მოყოლებული, იმით იყო განპირობებული, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ სოფელში დაურეგისტრირებელ ტერიტორიას თავის საკუთრებად აცხადებდა და ჰყიდდა ვიღაცაზე. დღემდე გრძელდება ეს დავები. რაც მთავარია, მთავრობას ამ დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორგანული კანონის-საქართველოს მიწის კოდექსის შექმნაზე იმუშავებდა. 15 ღია წერილი მაინც არის გაგზავნილი პრემიერ-მინისტრების სახელზე. ყველას, ვინც კი გვყავდა პრემიერ-მინისტრად, ვუგზავნიდით წერილებს, როგორც რამდენიმე კაცის ხელის მოწერით, ისე 50-კაციანი ხელმოწერით, მათ შორის 14 აკადემიკოსის ხელმოწერით. პასუხიც არ მიგვიღია, რადგან ამ სფეროში უვიცი და გაუნათლებელია, როგორც ეკონომიკის, ისე იუსტიციის სამინისტროები. ეს მათ მოსდევთ 2004 წლის შემდეგ. გამოჩნდებიან ტელევიზიით, სამებაში დაუჩოქებენ მის უმწინდესობას, ხელზე ეამბორებიან, ხალხი აღტაცებულია, ვაიმე, რა კარგი ადამიანია პრემიერ-მინისტრი, ხელზე კოცნის და უჩოქებს პატრიარქსო. ამ დროს კი სწორედ მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ნებისმიერს დავუჩოქებ, ოღონდ ამ ქვეყანას ეშველოსო. ასე რომ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ მიწა უცხოელზე არ იყიდებოდეს. ამას როგორ ჩავწერთ? ჯერ ერთი, უნდა დაიწეროს, ქართველი ხალხისთვის რას წარმოადგენს ქართული მიწა და რა ფუნქცია აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. როგორც კი კონსტიტუციაში ჩაწერ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ეს არის ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ბაზა, რომელსაც განუმეორებადი სოციალური და კულტურული ღირებულება გააჩნია, ამით ნათქვამია ყველაფერი. ეს გეუბნება, რომ სამეურნეო ბრუნვაში ამ მიწის გათანაბრება ჩვეულებრივ ნივთთან, საქონელთან თუ სხვა უძრავ ქონებასთან არ შეიძლება. ეს გეუბნება, რომ მიწასთან ხელმისაწვდომობა ასე ადვილად არ შეიძლება იყოს. აქვე უნდა ჩაიწეროს, რომ მიწის დაცვა და შეუმცირებლად მომავალი თაობისთვის გადაცემა სახელმწიფოს შეუვალი მოვალეობაა.

ალბათ, აუცილებელია, მიწის მესაკუთრის ცნების განსაზღვრაც.

- აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ მიწის მესაკუთრის ვალდებულება, რომელმაც მიწას უნდა მოუაროს, დაამუშაოს და იქ საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას. სწორედ ასე ჰქონდათ 1921 წლის კონსტიტუციაში ქართველებს ჩაწერილი. ასევე ჰქონდათ ჩაწერილი გერმანელებს. დღესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციით, მიწის საკუთრება მესაკუთრეს ავალდებულებს, იქ საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას. ამას ემატება ისიც, რომ მემკვიდრეობა ხელშეუვალია და კიდევ ერთი მუხლი იქნება, რომლის თანახმადაც, მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის საკითხები დარეგულირებული იქნება ორგანული კანონით. ეს ორგანული კანონი აუცილებლად უნდა იყოს მიწის კოდექსი. ევროპის ბევრ ქვეყანაში მიიღეს კონსტიტუციური კანონი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს. ბალტიის ქვეყნებს უწერიათ, რომ ეს საკითხები რეგულირდება კონსტიტუციური კანონით. შვეიცარიასაც აქვს ასეთი კონსტიტუციური კანონი, რომლის პირველ მუხლში წერია, რომ ამ კანონის უმთავრესი მიზანია, დაიცვას შვეიცარიული მიწა დაუცველობისგან. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მიწას ვერ იყიდი. რა თქმა უნდა, იყიდი, თუკი შესაბამის რეგულაციებს აკმაყოფილებ. თუმცა უმნიშვნელოვანესია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ აგროსამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ მიწის სხვაგვარად გამოყენება არ შეიძლება.

თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო მიწას არ უნდა ასხვისებდეს, მაგრამ, თუ გლეხს სოფლად სურს მიწის გასხვისება?

- თუ გლეხს სოფლად სურს მიწის გასხვისება, აქ კიდევ მთელი რიგი კანონები გვაქვს მისაღები. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს სოფლის მეურნის სტატუსის შესახებ კანონი. ამას მთელ მსოფლიოში ჰქვია ფერმერის შესახებ კანონი. ილია ჭავჭავაძე მიწათმოქმედს, ანუ მკვიდრ კაცს უწოდებდა ასეთ ადამიანს. სწორედ ამ სტატუსის მქონე პირებს შორისაა მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი. საქართველოს მოქალაქეც რომ იყოს, მანაც გარკვეულ რეგულაციებს უნდა უპასუხოს. მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლირებადია. ეს სტატუსი უნდა მოიპოვო, ამისთვის უნდა გქონდეს აგრარული განათლება, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ფული. ის კი არა, უცხოელები რომ ჩამოდიან საქართველოში მიწის საყიდლად და ამ დროს კრედიტებს ისევ საქართველოში ითხოვენ. გარდა ამისა, უნდა გქონდეს სპეციალური საინვესტიციო სამოქმედო გეგმა ამ მიწაზე, რომელიც დატვირთული იქნება აგროსამეურნეო ვალდებულებით, რომ მიწას გამოიყენებ მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის.

რა ბედი ელით იმ უცხოელებს, რომელთაც ქართული მიწა უკვე საკუთრებაში აქვთ?

- მათ აქვთ და საკუთრებაში ექნებათ კიდეც ჩვენი მიწა, მაგრამ ისეთი კანონმდებლობა უნდა მივიღოთ, სადაც ეწერება, რომ ასეთ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში მიწის მფლობელები არიან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების უფლება უცხოელებზე არ უნდა ჰქონდეთ. მათ უნდა ჰქონდეთ ამ მიწების გასხვისების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ ტიპის კანონმდებლობა ევროპულ გამოცდილებასა და ქართულ ტრადიციას ეფუძნება. ეს იქნება თანამედროვე გაგება, როგორიც არის საფრანგეთში, გერმანიაში. ჩვენი გლეხი მიწის გაყიდვას რომ გადაწყვეტს, ჯერ თავის სოფლის გამგეობის შენობაზე უნდა გამოაკრას, რომ „მე, რაჟიკუნა ცხვედიანი ვყიდი მიწას. ჩემს ძმას არ უნდა მიწა. თუ სხვა ვინმეს გინდათ, მოდით, იყიდეთ“. თუ მეზობელი ისურვებს, ის იყიდის. თუ მეორე მეზობელსაც ენდომება ყიდვა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდას, ანუ 35 წლამდე ასაკის მეურნეს. შემდეგ სოფლის კოოპერატივს ექნება მიწის შესყიდვის უფლება და ბოლო ეტაპი იქნება უცხოელი. თუ გლეხი გადაწყვეტს, მიწა გაყიდოს უცხოელზე, მივა უცხოელი და მიწას თავისი დანიშნულებით იყიდის, ვინ დაუშლის მის შეძენას? თავად სოფელი გადაწყვეტს ამას. ამიტომ ამათ მორატორიუმი კი არ უნდა გამოეცხადებინათ, არამედ ეს დრო უნდა გამოეყენებინათ, რომ მიწათსარგებლობის, მიწათმოწყობის სისტემა დაელაგებინათ ქვეყანაში. მიწა არის ქართველთა ვინაობისა და რაობის დამდგენი უმთავრესი ფაქტორი. ამ დროს კი ჩვენ არ გვაქვს მიწის კოდექსი. მაშინ, როცა ტყის, წყლის, წიაღის კოდექსები გაგვაჩნია.